შეიძლება თუ არა, დიდი სიყვარული ქალისთვის ღალატის მიზეზად იქცეს
სიყვარულისთვის, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნისთვის, ზოგჯერ უდიდეს მსხვერპლს გავიღებთ ხოლმე; მივდივართ ტყუილზეც, მერე კი ვიმართლებთ თავს და სინდისს ვიმშვიდებთ იმით, რომ არსებობს „წმინდა ტყუილიც,“ ანუ, ტყუილი გადარჩენისთვის; რომ არის სიტუაციები, როცა ტყუილი ერთადერთი გამოსავალია... თუმცა, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ტყუილს მაინც არ აქვს გამართლება, ის ყოველთვის საფრთხის შემცველია, უპირველესად – ტყუილის მთქმელისთვის. მას ელის იმედგაცრუებაც და გულის ტკენაც და, რაც მთავარია, ვიღაცის „გადასარჩენად“ ნათქვამი ტყუილი არასდროს ტოვებს კმაყოფილს და მადლიერს თვით „გადარჩენილს“.
არსებობს დიდი რისკი იმისაც, რომ თავად დაიჯერო საკუთარი ტყუილი – როცა „კეთილი ტყუილის“ მთქმელი ატყუებს საკუთარ თავსაც და საყვარელ ადამიანსაც.
ნატალია (31 წლის): ამ ამბავს იმიტომ არ გიყვებით, რომ ვინმეს წინაშე თავის გამართლება მინდა. მიმაჩნია, რომ ჩემს სიტუაციაში სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. მოსახდენი მოხდა! არსებობს დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება „მდე“ და „შემდეგ“ გაყო და უკან ვეღარაფერს დავაბრუნებ. რომც დავაბრუნო, მეეჭვება, რამე შევცვალო. ჩემთვის საშინელებაა იმაზე ფიქრი, რაც გავაკეთე. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს და, როცა ყველაფერს ამ მეორე მხრიდან ვუყურებ, ყველა ღალატი ღალატი აღარ არის. უფრო სწორად, მასაც აქვს გამართლება.
– თქვენ არ ხართ გამონაკლისი. მოღალატეები, ზოგადად, ცდილობენ, გაამართლონ თავიანთი საქციელი.
– ეს ის შემთხვევა არ არის. მე არ ვცდილობ, გავამართლო საკუთარი საქციელი, არაფერში მჭირდება. მთავარია, საკუთარ თავთან ვიყო მართალი და, კიდევ, იმ ადამიანის წინაშეც, ვის გამოც ეს მსხვერპლი გავიღე. შეიძლება, მან ვერ გამიგოს, ან, ისე არ გაიგოს, როგორც საჭიროა და, გული რომ არ ვატკინო, სიმართლეს არ ვეუბნები, რადგან, მართლა ძალიან მიყვარს, სიყვარული კი, თურმე, ბევრ რამეზე მოგაწერინებს ხელს.
– ღალატზეც?
– უკვე ვთქვი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივივი ღალატი. არც ავხორცი ვარ და არც თავგადასავლების მაძიებელი. მიყვარს მხოლოდ ქმარი და, რაც გავაკეთე, მისი სიყვარულით გავაკეთე.
– ქმრის სიყვარულით გაიჩინეთ საყვარელი?
– საყვარელი არ გამიჩენია, ფული მჭირდებოდა და სპონსორი ვიპოვე. თუმცა, ესეც ძალიან უხეშად ნათქვამია. ალბათ, რთულია, ზუსტად გადმოვცე საქმის არსი, ის ყველაფერი, რასაც მე ვგრძნობდი და ვგრძნობ. ექვსი წელია, გათხოვილი ვარ და ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, ჩემი არჩევანი მენანოს. პირიქით, მუდმივად ვრწმუნდებოდი, რომ გვერდით ის ადამიანი მყავდა, რომელზეც ვოცნებობდი. ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, სერიოზულად არასდროს გვიკამათია. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცოცხლა ჩემი ქმრის გარეშე, ერთი დღეც ვერ ვძლებდი მის უნახავად. რაც გავთხოვდი, მეგობრის დაბადების დღეზეც არ წავსულვარ მარტო. ღამით მშობლებთანაც კი არ დავრჩენილვარ.
– თვითონაც ასე იყო?
– დიახ. ცალმხრივი რომ ყოფილიყო, მალე გამივლიდა, როგორც ამას ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ. ამიტომ, როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, რომ, შეიძლებოდა, ერთ დღესაც, ქმრის გარეშე დავრჩენილიყავი, მივხვდი, რომ ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდ კი ეს არ მომხდარიყო. ექიმმა მისი დიაგნოზი განაჩენივით მითხრა. ჩემი ქმრისთვის არ გამიმხელია – არ მინდოდა, სულით დაცემულიყო. ფული მჭირდებოდა, თანაც – სასწრაფოდ. რა უნდა მექნა? დავლოდებოდი, როდის გამომეცლებოდა ხელიდან ჩემი ჯანმრთელი, ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ქმარი? თუ, ყუთით ხელში ქუჩა-ქუჩა მევლო ფულის შესაგროვებლად? ვერც ერთს ვიზამდი და ვერც მეორეს. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ფული ნებისმიერ ფასად უნდა მეშოვნა.
– ქმარს რატომ დაუმალეთ სიმართლე? არ ჯობდა, ერთად გემოქმედათ? ან, იქნებ, სხვა გამოსავალი მოგეძებნათ?
– დავუმალე იმიტომ, რომ დრო ცოტა მქონდა და წუთის დაკარგვა არ შემეძლო. კაცები სუსტები არიან. ისინი გამოსავალს ადვილად ვერ პოულობენ. თან, ჩემი ქმარიც არ არის ისეთი, ქვას რომ წვენს გამოადენს. მე გაცილებით ძლიერიც ვარ და ამაყიც. როგორც გენებოთ, ისე გამიგეთ, მაგრამ, მათხოვრობა, წუწუნი და ტირილი არ შემიძლია. ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ საკმაოდ დიდხანს გაიჭიმებოდა თანხის შეგროვების პროცესი.
– საყვარლისგან თანხის მიღება უფრო სწრაფი და უპრობლემო საშუალება აღმოჩნდა?
– საკითხს სწორად არ სვამთ: „საყვარლისგან თანხის მიღება“ ცოტა სხვა რამეა. მე არ მყავდა საყვარელი, რომ მივსულიყავი მასთან და ფული მეთხოვა; არც „პანელზე“ დადგომა მიფიქრია. არსებობდა ადამიანი, რომელთანაც მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა მქონდა. ანუ, ვეკონტაქტებოდი მხოლოდ საქმიანი მიზნებით. არ ვიტყვი, სად ვმუშაობ – ზედმეტად ვერ გავიხსნები და ვერც ვხედავ ამის საჭიროებას. ადამიანი, რომელმაც დახმარების ხელი გამომიწოდა, არ არის ქართველი. ვამჩნევდი, რომ ჩემ მიმართ არ იყო გულგრილი – საკმაოდ კორექტულად და თავაზიანად იჩენდა ყურადღებას... გულახდილად გეტყვით, თავიდან იმის წარმოდგენამ, რომ უცხო მამაკაცს უნდა ჩავწოლოდი ლოგინში, შემაძრწუნა. მაგრამ, ჩემი ქმრის სიკვდილი ან ინვალიდის სავარძელში ჩაჯდომა უფრო დიდი ტრაგედია იქნებოდა ჩემთვის. ამიტომაც გავიღე ეს მსხვერპლი.
თქვენს ქმარს თუ უღირდა თავისი ჯანმრთელობა ამ ფასად? თუ, მისი აზრით არ დაინტერესებულხართ?
– არ დავინტერესდი, იმიტომ, რომ ლაპარაკი იყო არა მის ჯანმრთელობაზე, არამედ, სიცოცხლეზე – ეს არის მთავარი და გადამწყვეტი. არ მინდოდა დაქვრივება, ვერც მე ვიცოცხლებდი მის გარეშე. არ მინდოდა, შვილი მამის გარეშე გაზრდილიყო. სასწორზე ბევრი ისეთი რაღაც იდო, რომ ვეღარ ვიყოყმანე. ყველაფერს გეფიცებით, არასდროს ფიქრადაც კი არ გამივლია ქმრის ღალატი. უკეთ რომ გამიგოთ, ერთ შედარებას მოვიყვან მაგალითისთვის: ხომ არსებობენ სუროგატი დედები, რომლებიც ცხრა თვე მუცლით ატარებენ ბავშვს და ამაში იღებენ ფულს, რომ თავიანთი საკუთარი შვილები გადაარჩინონ შიმშილს?! დაახლოებით ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი. თქვენ მეტყვით, რომ ეს ერთი და იგივე არ არის და მეც გეთანხმებით, თუმცა, იმასაც ბევრი იტყვის, რომ ის დედები ამორალობას სჩადიან, ყიდიან შვილს და ცოდვაში არიან ჩავარდნილნი. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არსებობს, ხომ მართალია? იმ ქალებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, სხეული მხოლოდ ჭურჭელია და მთავარი სულის მდგომარეობააო (სხვათა შორის, რელიგიაც ამას გვასწავლის). მეც ამ მიმართულებით წავედი. სულშიც და გულშიც მხოლოდ ჩემი ქმარი მყავს და ყოველთვის ასე იქნება. ჩემი ტვინი ციებცხელებიანი ადამიანის ტვინივით მუშაობდა. ფიქრები მატერიალურია და ისინი ხშირად მექანიკურად გვკარნახობენ პირობებს, როგორ მოვიქცეთ. ჩემი უცხოელი პარტნიორი აქ ხელშეკრულებით, კონტრაქტით მუშაობს და სურვილი აქვს, რომ მუდმივი პარტნიორი ჰყავდეს. მითხრა, რომ მე მოვწონვარ და, მზად არის, ჩემთან „იმეგობროს“ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. პირდაპირ ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ფული ქმრის ოპერაციისთვის. 45 წლის არის, ძალიან გამგებიანი და თბილი ადამიანია. ყველაფერი რომ მოვუყევი, მითხრა, კიდევ უფრო მომწონხარ, მოხიბლული და გაოცებული ვარ შენი ასეთი ერთგულებითო. წარმოგიდგენიათ? იმან გაიგო ჩემი საქციელის ჭეშმარიტი არსი. აქაური ვერავინ გამიგებს. ისეთები გამლანძღავენ, სიამოვნებისთვის უყოყმანოდ რომ უღალატებენ ქმრებს და შეიძლება, უღალატიათ კიდეც. ხომ იცით, როგორც ხდება: მორალურად მტკიცე ადამიანები ჩუმად არიან, სხვებს კი ისინი განსჯიან, თავად უარესი რომ აქვთ გაკეთებული. ქმარი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე მიყვარდა. ბოლომდე მაქვს გაცნობიერებული ის, რომ, შეიძლებოდა, სამუდამოდ დამეკარგა. სწორედ ასეთ მომენტში გრძნობ საყვარელი ადამიანის ჭეშმარიტ ფასს. მე გადავარჩინე ის, ვისთვისაც ვცოცხლობ.
– თუ თქვენი ქმარი მაინც გაიგებს ამას, რა მოხდება?
– არ უნდა გაიგოს. ამით ყველაფერი გაფუჭდება და დაინგრევა. არ უნდა გაიგოს – ეს უსამართლობა და სისასტიკე იქნება.
– იმ კაცს ისევ ხვდებით?
– ასე უცებ ვერ გავწყვეტ მასთან ურთიერთობას, დავალებული ვარ მისგან. თუმცა, ხვდება, რომ მხოლოდ მოვალეობას ვიხდი და, ალბათ, მალე ყველაფერი დასრულდება. გავაფრთხილე, რომ არ უნდა შევუყვარდე. იცის, რომ ქმარი ჩემთვის ერთადერთი მამაკაცია.
– მიუხედავად იმისა, რომ მასთანაც წევხართ?
– დიახ, მიუხედავად ამისა. გრძნობა რომც ჰქონდეს, მაინც არ მეტყვის. ძალიან შეგნებული და თადაჭერილი ადამიანია. პატივს მცემს – სულ ეს არის. ქმარი ჩემი ცხოვრებაა, ჩემი სიხარული და სიცოცხლის არსია... ძალიან მაწუხებს ის, რომ მოვატყუე, მაგრამ, ვიცი, ეს ტყუილი მეპატიება – ამით სიცოცხლე გადავარჩინე... ამიტომ, ბევრ ქალზე პატიოსანი ვარ.