ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორია გამოძალვის დანაშაულის სამართლებრივი განმარტება, ანუ, რა სახის მოქმედება ჩაეთვლება პირს გამოძალვად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ გამოძალვა არის სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების, ანდა, მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც, შეიძლება, არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ისჯება თუ არა ადამიანი იმგვარი ტყუილისთვის, რომელმაც მის ბიზნესპარტნიორს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მოუტანა, თუმცა, თვითონ ტყუილის მთქმელს არავითარი სარგებელი აქედან არ მიუღია?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის თაღლითობის დანაშაულის ნიშნები, ასევე, ისჯება სისხლისსამართლებრივად და ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 120-დან 180 საათამდე; ან, გამოსასწორებელ სამუშაოს, ვადით 1 წლამდე, ანდა, თავისუფლების აღკვეთას, ვადით 2 წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი სამეწარმეო ბიზნესსაქმიანობაში უცხო პირის ისეთი უკანონო ჩარევის გამო, რომელმაც ბიზნესი არსებითად დააზიანა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის ხელის შეშლისთვის, კერძოდ: დაუსაბუთებლად უარის თქმა საწარმოს რეგისტრაციაზე, ნებართვის ან ლიცენზიის გაცემაზე; ანდა, მისი ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, საწარმოს საქმიანობაზე კონტროლის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება; აგრეთვე, მის საქმიანობაში ჩარევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე, ანდა, თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1 წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს ცრუ მეწარმეობა და რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი ცრუ მეწარმეობისთვის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ცრუ მეწარმეობა, ესე იგი, საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების, ანდა, აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე; თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში და როგორ ისჯება პირი დიდი ოდენობით გადასახადის გადაუხდელობისათვის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე. ამასთან, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახადის თანხა აღემატება 50 000 ლარს, ხოლო, განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება 100 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა, ან, მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის სასჯელს ითვალისწინებს რეკეტულ დაჯგუფებებში მონაწილეობა და რეკეტული საქმიანობა ზოგადად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად რეკეტული დაჯგუფების საქმიანობის წარმართვა ან სხვაგვარი მონაწილეობა რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში, აგრეთვე, დავების უკანონოდ გადაწყვეტა ან მონაწილეობა დავების უკანონოდ გადაწყვეტაში რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირს შორის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე. იურიდიული პირი კი ამგვარი ქმედებისთვის ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.
კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ მაცნობოთ გაუქმდა თუ არა ურთიერთსაწინაარმდეგო ჩვენებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ამგვარი ქმედების დეკრიმინალიზაცია არ მომხდარა და დღესაც, მართლმსაჯულებისთვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატება მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1-დან 3 წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, თავისუფლდება თუ არა შეურაცხადი ადამიანი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ჩადენილი დანაშაულის გამო?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა, ეხელმძღვანელა მისთვის.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანს ჩადენილი დანაშაულის გამო, როდესაც იგი დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, ხოლო შემდეგ, პატიმრობისას, შეურაცხადი გახდა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო, სამკურნალო დაწესებულებაში.