კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაატარა ოცი წელი ამერიკულ ციხეში ბექა სიხარულიძემ და რატომ „ამუღამებდა“ ამისთვის ის სპეციალურ ქურდულ ქცევებს

ბექა სიხარულიძე, უკვე 16 წელია, ამერიკაში ცხოვრობს. მან საქართველოდან შორს, კარიერა ჩოგბურთის თამაშით დაიწყო. როგორც მწვრთნელი, ის ჰოლივუდის არაერთ ცნობილ ვარსკვლავს და მათ შვილებს ავარჯიშებდა, შემდეგ საკუთარი საჩოგბურთო აკადემიაც გახსნა. სამსახიობო კარიერაშიც მოსინჯა ძალები და ახლა, საკუთარი ფილმის გადაღებასაც გეგმავს. რეჟისორიც და სცენარის ავტორიც თავად იქნება. ბექა, სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა თბილისში. ჩვენ, რასაკვირველია, შანსი ხელიდან არ გავუშვით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

ბექა სიხარულიძე: უკვე თექვსმეტი წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ყოველთვის ყოველ წელს ვახერხებ ჩემს საყვარელ თბილისში ჩამოსვლას. სადაც არ უნდა ვიყო, მე სისხლითა და მენტალიტეტით, ქართველი ვარ და ეს არასდროს მავიწყდება. ვარ აზიატი და საქართველოს გარეშე არ შემიძლია. ბატარეასავით ვარ, რომ დავიცლები, აქ ჩამოვდივარ, „ვიტენები” და ისევ უკან მივდივარ (იცინის). ახლა, მოვისიყვარულე ჩემიანები, „დავიტენე” და იტალიაში ვაპირებ დასასვენებლად წასვლას. იტალია ძალიან მიყვარს, მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა კი არა, ერთი დიდი მუზეუმია. ამერიკიდან რომ მოვდივარ, დაგეგმილი მაქვს, ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა. ანუ, საქართველოშიც ჩამოვდივარ და ევროპაშიც ვასწრებ დასვენებას. თან, რეჟისორობას ვაპირებ და მინდა, ყველა ქვეყანა კარგად შევისწავლო, ბევრი ადგილი მოვინახულო. ამისთვის მარტო წიგნი არ კმარა, თვალთახედვის არე უნდა გაიფართოო კაცმა. ევროპაში რომ ჩავდივარ, ვხვდები, ყოველ ჩასვლაზე რაღაც მემატება. წელიწადში ორ-სამჯერ ვახერხებ ევროპის მონახულებას და ამით კმაყოფილი ვარ. ხშირად მეკითხებიან, რომელმა ქვეყანამ მოგხიბლაო. ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან, როგორც ვერ იტყვი, რომელ ქვეყანაში უფრო ლამაზი ქალები დადიან, ასევეა ქვეყანაც. ყველა ქალს თავისი შარმი და მიმზიდველობა აქვს, შეიძლება, შეუხედავი იყოს, მაგრამ თვალებით მოგხიბლოს. ამას ბევრი ვერ ხედავს. ამიტომ, ვერ იტყვი, რომელი ქვეყანა და რომელი ქვეყნის ქალებია უფრო მომხიბვლელი. თუმცა, მთელი მსოფლიო მოვიარე და ვატიკანი რომ ვნახე, მიქელანჯელოს ეპოქაში გადავვარდი, სრული შოკი მქონდა. ერთი კვირა გონზე ვერ მოვდიოდი. პარიზიც მომწონს, მაგრამ უფრო ზღვისპირა ქვეყნები მხიბლავს.

– ახლა ვისთან ერთად ხარ ჩამოსული საქართველოში?

– ახლა მარტო ჩამოვედი და ვმუშაობ სცენარზე, რომლის გადაღებასაც საქართველოში ვგეგმავ. მინდა, რეჟისურაშიც გამოვცადო ჩემი ძალები. ამერიკაში ჩოგბურთელი ვიყავი, შემდეგ საკუთარი ჩოგბურთის აკადემია გავხსენი, სადაც არაერთ ცნობილ ვარსკვლავს და მათ შვილებს ვავარჯიშებდი. თან, რინგზეც ვიდექი და ვჩხუბობდი. ახლაც ვვარჯიშობ კინგბოქსინში, საკუთარი მწვრთნელიც მყავს. მინდა, ფორმაში ვიყო. ასე რომ, შემოსავლიანი  ბიზნესიც ავაწყვე ამერიკაში, ვჩხუბობ, ვჭიდაობ, ჩოგბურთსაც ვთამაშობ, რამდენიმე ფილმშიც გადამიღეს და ახლა რეჟისორობის ამბიციაც მაქვს (იცინის). 

– არაერთ ჰოლივუდურ ფილმში ხარ გადაღებული. თუმცა, როგორც ვიცი, ყველა შენი გმირი შავი სამყაროს წარმომადგენელია. როგორ მოხვდი გადასაღებ მოედანზე და კარგად აეწყო შენი სამსახიობო კარიერა ამერიკაში?

– შემთხვევით მოვხვდი გადასარებ მოედანზე. მეგობარს გავყევი და მის მაგივრად მე დამამტკიცეს. შემდეგ, კიდევ მივიღე სხვა ქასთინგში მონაწილეობა, დამამტკიცეს როლზე და რამდენიმე ფილმში ვითამაშე. რაც შეეხება შავ სამყაროს, ერთ-ერთ ფილმში, რომელსაც ჰქვია „კარაგანდა”, ვითამაშე ქურდის როლი. სულ „ნაკოლკებში” ვიყავი და ქცევებიც ქურდული მქონდა (იცინის). როგორც ამბობენ, კარგად მოვირგე ქურდის როლი. სხვათა შორის, სცენარი, რომ წავიკითხე, ეგრევე ვთქვი, ეს ჩემი როლია-მეთქი.  კარგა ხანს „ვამუღამებდი” ქურდულ ქცევებს. ციხეში ოცი წელი უნდა ვმჯდარიყავი, რუსი ვიყავი, ოღონდ კავკასიური აქცენტით და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ვემზადებოდი ამისთვის (იცინის). მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ მაიას, რომელიც ყოველდღე, 2-3 საათი, გვერდით მეჯდა და მამეცადინებდა. ასე რომ, ჩემი ქურდად ჩამოყალიბებაში, მას დიდი წვლილი მიუძღვის (იცინის). მე კმაყოფილი დავრჩი ჩემი თამაშით. ახლახან კი მორჩა ამერიკული ფილმის,  „დაკარგული ანჯელესის” გადაღება, რომელიც სულ მალე გამოვა ეკრანზე. ამ ფილმში კი მაფიოზი გავხდი, ნარკობიზნესმენი. 

– ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობებთან თუ მეგობრობ?

– გადასაღებ მოედანზე არაერთ ცნობილ თუ ოსკაროსან მსახიობს, რეჟისორსა და ოპერატორს შევხვედრივარ. მათთან მისაუბრია და მათ გვერდით მითამაშია კიდეც. საოცრად თბილი და გულღია ადამიანები არიან. სხვათა შორის, ტომ კრუზი და კამერონ დიასი დაინტერესდნენ ჩემით. ვიჯექი, წიგნს ვკითხულობდი, მომიახლოვდნენ და გამომკითხეს: რა წიგნს კითხულობ, ვინ ხარ, საიდან ხარ, აქ როგორ მოხვდიო. კარგა ხანს ვისაუბრეთ. რომ გაიგეს, სარეჟისოროზე ვსწავლობ და გეგმაში მაქვს ფილმის გადაღება, ძალიან გაუხარდათ.

– ფილმის გადაღებას საქართველოში აპირებ. ჰოლივუდელი მსახიობების მოწვევას გეგმავ?

– ვნახოთ, ჯერ არ მაქვს დაგეგმილი. ახლა მინდა სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება, რომლის ოპერატორიც იქნება ცნობილი ოსკაროსანი, წარმოშობით ბერძენი – ფრედონ პაპა-მიხაელი. ამის შემდეგ კი დაიწყება სრულმეტრაჟაინი ფილმის გადაღება, რომელიც ქართველ ექიმზეა. მოქმედება 90-იან წლებში ხდება. მინდა, ის ხალხი, ვინც ამ ფილმს ნახავს, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, ცრემლი მოერიოს და გაიხსენოს წარსული, რომელიც გაიარა. მე მსოფლიოს ატირებას არ ვაპირებ ამ ფილმით, უბრალოდ მინდა, ამით ჩემი ქართველები ვასიამოვნო.

– ძირითადად, კარიერაზე მესაუბრები, პირად ცხოვრებაზე კი არაფერი გითქვამს.

– 35 წლის ვარ და დროა, პირად ცხოვრებაზეც ვიფიქრო. მინდა, ქართველი გოგონა მოვიყვანო ცოლად, ჩვენს ტრადიციებზე აღზრდილი. მეხუმრებიან ხოლმე, შენ მგონი, ქართველ კამერონ დიასს ეძებო (იცინის). ქართველი კამერონ დიასი სად ვიპოვო, მაგრამ კარგ გოგოს რომ ვიპოვი, მასთან ერთად ოჯახს შევქმნი და შვილებს გავზრდი, ეს ნამდვილად ვიცი (იცინის). სხვათა შორის, ჩემს სამსახიობო კარიერაში დიდი როლი მამაჩემმა, გივი სიხარულიძემ და ბატონმა თემურ ბაბლუანმა ითამაშეს. არ დამავიწყდება, „უძინართა მზეს” რომ იღებდა ბაბლუანი, პატარა ვიყავი, „მასოვკაში” მათამაშა და ავიღე პირველი ხელფასი. დღეს ჩემი შემოსავლის წყარო ჩოგბურთის აკადემიაა, მსახიობობა – გატაცება, რეჟისორობა კი ჩემი დიდი გეგმა. ერთხელ მკითხეს, რამდენი გინდა, გქონდეს ფულიო. ვუპასუხე, მინდა უმდიდრესი კაცი გავხდე-მეთქი. რად გინდაო. იცით, რისთვის მინდა მილიონები?

– ნამდვილად არ ვიცი. რისთვის გინდა მილიონები?

– იმისთვის, რომ ბევრი საქველმოქმედო საქმე გავაკეთო. პირველი ნაშოვნი ორი მილიონით კი საქართველოში გავხსნი უდედმამო ბავშვთა სახლს და მათ მოვუვლი. ეს ჩემი დიდი ხნის გეგმა და ოცნებაა. 

скачать dle 11.3