რომელი აფრიკელი პრეზიდენტები ამყარებენ თანამდებობაზე ყოფნის რეკორდებს
ბოლო დროს აფრიკის კონტინენტი მსოფლიო ყუარდღების ცენტრში მოექცა. ეგვიპტე, ტუნისი, ლიბია – ამ ქვეყნებში, ეგრეთ წოდებული „არაბული გაზაფხულის” ფარგლებში, დიქტატორებად გამოცხადებული მმართველები შეიცვალნენ და ამჟამად ეს ქვეყნები გარდამავალი პოლიტიკის პერიოდში იმყოფებიან. ამ ქვეყნების გარდა, აფრიკაში კიდევ უამრავი რესპუბლიკაა, სადაც, დიდი ხანია, არ შეცვლილა პოლიტიკური ლიდერი. ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე მმართველების ტოპ-11-ს ჟურნალის ამ ნომერში გაიცნობთ.
ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში – ანგოლა
ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში 1979 წლიდან არის ანგოლის პრეზიდენტი. ის გახლავთ ანგოლის სახალხო გამათავისუფლებელი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს – სახალხო ასამბლეის თავმჯდომარე. ანგოლის კონსტიტუციის თანახმად, მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, პირდაპირი წესით აირჩიონ პრეზიდენტი. ეკონომიის გამო, ქვეყანაში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები ტარდება და შემდგომ დეპუტატები ირჩევენ უმაღლეს თანამდებობის პირს. 2012 წელს სანტუში ხმათა 73 პროცენტით კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად.
ტეოდორო ობიანგ ნგუემა მბასოგო – ეკვატორული გვინეა
ეკვატორული გვინეის მოქმედი პრეზიდენტი, ტეოდორო ობიანგ ნგუემა მბასოგო, 1979 წლიდან მოღვაწეობს ამ თანამდებობაზე. მბასოგო სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩამოაგდო თავისი ბიძა – ფრანსისკო მასიასა ნგემა და შემდგომ სიკვდილით დასაჯა. 1996 და 2012 წლების არჩევნებში ტეოდორომ ხმათა 97 და 97,5 პროცენტით გაიმარჯვა.
პოლ ბია – კამერუნი
კამერუნის პრეზიდენტი პოლ ბია შვიდჯერ არის არჩეული ამ თანამდებობაზე. გარდა ამისა, 1975-1982 წლებში იგი კამერუნის პრემიერ-მინისტრიც გახლდათ. ბია 1982 წლიდან არის კამერუნის პრეზიდენტი და უკანასკნელად 2011 წელს ის მოსახლეობის 77,99 პროცენტმა აირჩია.
იოვერი კაგუტა მუსევანი – უგანდა
იოვერი მუსევანი 1986 წლიდან არის უგანდის პრეზიდენტი. პირველი არჩევნები მისი მმართველობის პერიოდში 1996 წელს გაიმართა და მან ხმათა 75 პროცენტით გაიმარჯვა. 2001 წელს მუსევანმა 69 პროცენტით მოიგო არჩევნები. ხოლო 2006 წელს – 57 პროცენტით. 2011 წელს მუსევანმა მოსახლეობის ხმათა 68 პროცენტი მიიღო და კვლავ გახდა პრეზიდენტი. საგულსიხმოა, რომ ბოლო სამ არჩევნებში მუსევანის მეტოქე ოპოზიციონერი კიზა ბესიჯეა.
რობერტ მუგაბე – ზიმბაბვე
რობერტ მუგაბე 1987 წლიდან არის ზიმბაბვეს პრეზიდენტი, 1980 წლიდან ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2013 წლის 3 აგვისტოს 89 წლის რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. ამგვარად, მუგაბე მეშვიდედ აირჩიეს პრეზიდენტად. ჯამში კი, 33 წელია, რაც ის ზიმბაბვეს სათავეში იმყოფება. ზიმბაბვეს ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა ორი ხუთწლიანი ვადით დადგინდა და რობერტ მუგაბეს 99 წლის ასაკამდე შეუძლია მშვიდად იპრეზიდენტოს ამ აფრიკულ სახელმწიფოში.
ბლეზ კომპაორე – ბურკინა-ფასო
ბლეზ კომპაორე 1987 წლიდან უდგას სათავეში ბურკინა-ფასოს საპარლამენტო რესპუბლიკას, ანუ, მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა. 1991 წელს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის თანახმად, განისაზღვრა ორი შვიდწლიანი ვადა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის. კომპაორემ 1991 და 1998 წლების არჩევნებში გაიმარჯვა, 2000 წელს შესწორება შეიტანა კონსტიტუციაში – საპრეზიდენტო ვადა შვიდიდან ხუთ წლამდე დაიყვანა და კვლავ იყარა კენჭი. ჯერჯერობით უკანასკნელად ბურკინა-ფასოს საპრეზიდენტო არჩევნებში ბლეზ კომპაორემ 2010 წელს გაიმარჯვა.
იდრის დები – ჩადი
რესპუბლიკა ჩადის ხელმძღვანელი 1990 წლიდან იდრის დებია, რომელმაც თავი თვითნებურად გამოაცხადა პრეზიდენტად. 1996 წლის მრავალპარტიულ არჩევნებში დების თანამდებობა ლეგიტიმური გახდა – ის მოსახლეობის 69 პროცენტმა აირჩია. 2001 წელს დებიმ კვლავ იყარა კენჭი და ამჯერად ხმათა 63 პროცენტით გაიმარჯვა. 2004 წელს ჩადში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, თუმცა, დებიმ მოახერხა კრიზისის გადალახვა და იმავე წელს კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება, რომლის თანახმად, უვადოდ შეუძლია, იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. 2006 წელს დებიმ ხმათა 64 პროცენტით გაიმარჯვა, ჯერჯერობით ბოლო არჩევნებში კი, 2011 წელს, ჩადის მოსახლეობის 88 პროცენტმა დაუჭი რა მას მხარი.
დენი სასუ-ნგესო – კონგო
1997 წლიდან კონგოს პრეზიდენტია დენი სასუ-ნგესო, რომელიც მანამდე 1979-1992 წლებში იმყოფებოდა ქვეყნის სათავეში. 2002 წელს სასუ-ნგესო კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად ხმათა 90 პროცენტით. ჯერჯერობით ბოლო არჩევნებში კონგოში ისევ სასუ-ნგესო გახდა პრეზიდენტი.
ისმაილ ომარ ჰელე – ჯიბუტი
ისმაილ ომარ ჰელე 1999 წლიდან არის ჯიბუტის პრეზიდენტი. 2005 წელს, ჰელე, კანდიდატების არყოფნის გამო, ხმათა 100 პროცენტით გადაირჩიეს პრეზიდენტად. იგივე განმეორდა 2011 წლის არჩევნებშიც, თუმცა, ამჯერად მან 79 პროცენტი მიიღო.
ისაიას აფევორკი – ერითრეა
ისაიას აფევორკი ერითრეის პრეზიდენტია 1993 წლიდან. მაშინ მან არჩევნებში მოსახლეობის ხმათა 99,83 პროცენტი მიიღო. 1997 წელს აფევორკიმ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება: საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება სამუდამოდ გააუქმა და თავი მუდმივ პრეზიდენტად გამოაცხადა.
ომარ ჰასან აჰმად ალ-ბაშირი – სუდანი
ომარ ალ-ბაშირი 1993 წლიდან არის სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ამჟამად მას ბრალად ედება მძიმე დანაშაულების ჩადენა დარფურის კონფლიქტის დროს. ალ-ბაშირმა 1996, 2000 და 2010 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი პროცენტული მაჩვენებლით გაიმარჯვა. კონსტიტუციის თანახმად, შემდეგი არჩევნები 2015 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა, ალ-ბაშირის თქმით, იგი აღარ აპირებს, იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში.