კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აირჩიეს 2013 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატებმა ამომრჩევლის გაბიაბრუების ტაქტიკა და რომელი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონი ლარის მიღების ეშხით

საპრეზიდენტო კანდიდატებმა ხალხში გასვლის ეტაპი დაიწყეს და საქართველოს სხვადასხვა სანახებში ამომრჩევლებსაც ხვდებიან, მართალია, იმ კონკრეტულ შეხვედრებზე კონკრეტულ ადამიანებს ძალიან კონკრეტულ რამეებსაც ჰპირდებიან: იქნება ეს კოაბიტაციის დასრულება თუ სამართლიანობის აღდგენა; საქართველოს საბოლოო გაბრწყინება თუ „ნაცმოძრაობასთან“ ანგარიშის საბოლოოდ გასწორება; სოციალური ფონის მკვეთრად გაუმჯობესება თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა. შ. მაგრამ ვერც მათ ოფიციალურ ვებსაიტებსა თუ „ფეისბუქის“ გვერდებზე წამლადაც ვერ იპოვით ამა თუ იმ საპრეზიდენტო კანდიდატის შავით თეთრზე დაწერილ წინასაარჩევნო პროგრამა რაა, თეზისებსაც კი. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამას აქვს თავისი მიზეზი: 2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველო წინამორბედებისგან სრულიად განსხვავებულ პრეზიდენტს აირჩევს: მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება და ვერანაირ მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც მთავრობის მუშაობაში, ვერც საკადრო პოლიტიკაში და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობაში. შესაბამისად, ყველა მათი დაპირება (მე მათ აქ არ ჩამოვთვლი), რასაც ისინი საჯარო გამოსვლებისას იძლევიან, არც მეტი, არც ნაკლები, მკვდრადშობილია,  რადგან კანონი ახალ პრეზიდენტს ასეთ უფლებამოსილებებს არ ანიჭებს. „ჯეპრას“ მთავარ კონსულტანტ სოსო გალუმაშვილთან ერთად მიმოვიხილავთ წინასაარჩევნო პერიოდს და იმის გარკვევასაც შევეცდებით, რატომ ცრუობენ ასე აშკარად ეს ჩვენი პრეზიდენტობის მსურველები.

– საპრეზიდენტო კანდიდატთა დიდი ნაწილი პროფესიით იურისტია და შეუძლებელია, არ იცოდნენ, რომ ვერ შეძლებენ თავიანთი დაპირებების ასრულებას, რაც უნდა დიდი სურვილი ჰქონდეთ, თუმცა ამ დაპირებებს მაინც აძლევენ ამომრჩეველს. რატომ იქცევიან ასე და რატომ არ აქვთ არჩევნებამდე ორი თვით ადრე წინასაარჩევნო პროგრამები? იმიტომ ხომ არა, რომ დაწერილი უკვე საბუთია და არ უნდათ, ტყუილი დაპირებები დოკუმენტურად დააფიქსირონ? თავს იცავენ უპროგრამობით?

–  წელს ძალიან განსხვავებული საპრეზიდენტო არჩევნები მივიღეთ. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს ყველაზე მშვიდი არჩევნებია: არანაირი წინასაარჩევნო ციებ-ცხელება არ შეიმჩნევა. კანდიდატები არ ჩქარობენ არც თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას და არც სარეკლამო და საპრომოუშენო აქტივობას. გავიხსენოთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები: არჩევნებამდე 6-7 თვით ადრე იყო ცნობილი ყველა პოლიტიკური პარტიის საპროგრამო პლატფორმის ძირითადი ნაწილი. ბევრს საუბრობდნენ, კამათობდნენ.

– იმ ტიპის კამათიც მახსოვს: ეს დაპირება ჩემია და მომპარესო.

– არჩევნებამდე 6-7 თვით ადრე იმართებოდა ცხარე დისკუსიები, სოციოლოგები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები, პოლიტიკოსები არჩევდნენ ამ პროგრამების ამა თუ იმ პუნქტებს და მათ შესაბამისობას რეალობასთან. ასეთი რამ, სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში არ ხდება. ფაქტობრივად, არც ერთ კანდიდატს, ცნობილია თუ უცნობი, არათუ არ გამოუქვეყნებია თავისი პროგრამა, არამედ ძირითადი გზავნილიც კი არ გაუცნია თავისი ამომრჩევლებისთვის, თუნდაც, ეგრეთ წოდებული, სლოგანის სახით.

– წინასაარჩევნო ტემპერატურა წლევანდელი ზაფხულივით გრილია, თუმცა ამ საპრეზიდენტო არჩევნებს დანარჩენებისგან ის განასხვავებს, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატი თუ კანდიდატები, რომლებიც ხმების 10 ან მეტ პროცენტს დააგროვებენ, ბიუჯეტიდან მილიონ ლარს მიიღებენ. ანუ მატერიალური მოტივიც არსებობს მაშინაც კი, თუ ვერ გაიმარჯვებ.

– სათითაოდ განვიხილოთ კანდიდატები  და ვნახოთ, ვის შეიძლება, აინტერესებდეს ეს მატერიალური მხარე და ვის –  არა, ანუ ვისთვისაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება. ამ ნიშნით, რასაკვირველია, მმართველი პარტიისთვის ეგრეთ წოდებული ჯილდო არ არის ისე მომხიბვლელი, როგორც ეს შეიძლება, იყოს, ვთქვათ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის ან კობა დავითაშვილისთვის, თუნდაც, შალვა ნათელაშვილისთვის. ანუ კანდიდატებს სხვადასხვა მიზანი ამოძრავებთ. მაგალითად, თუ გიორგი მარგველაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება, შესაძლებელია, გიორგი თარგამაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყოს მეორე ან მესამე ადგილი. იგივე შეიძლება ითქვას ქალბატონ ნინო ბურჯანაძეზეც –  მისთვის ეს არის გარკვეული რეაბილიტაცია გერეთ წოდებული „ნაციონალური“ წარსულისგან და, ამას გარდა,  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან სერიოზული განაცხადის გაკეთება. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მეორე ადგილი ან გამარჯვება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ერთადერთმა და ყველაზე ძლიერმა ოპოზიციურმა პარტიამ. შალვა ნათელაშვილისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მისი შეწყვეტილი პოლიტიკური აქტივობა განახლდეს და კვლავ შემოვიდეს პოლიტიკურ სივრცეში, როგორც ძლიერი ფიგურა.

რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატმა მშვენივრად იცის ახალი კანონმდებლობა, ახალი კონსტიტუცია, რომ ახალი პრეზიდენტი აბსოლუტურად სიმბოლური ფიგურა იქნება, მართალია, გარკვეული ძალაუფლების მატარებელი სხვა საპარლამენტო მოდელის პრეზიდენტის მსგავსად, მაგრამ მისი სიმბოლურობა კონსტიტუციაში თითქმის პირდაპირაა მინიშნებული. ამდენად, ყველა კანდიდატი კონკრეტულ მიზანს ისახავს გამარჯვების პარალელურად.

– დავაზუსტებ: ამ კონკრეტულ მიზანში იგულისხმება კონკრეტული პოლიტიკოსის პოლიტიკური მიზანი და არა კონკრეტული მიზანი ამომრჩევლის გასაბედნიერებლად.

–  კონსტიტუციაში ძალიან ნათლად წერია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ნებისმიერი წინასაარჩვენო დაპირება, თუ გამარჯვებული არ იქნება მმართველი პარტიის კანდიდატი, დარჩება ქაღალდზე. მეორე მხრივ, საპრეზიდენტო კანდიდატებმა, დაპირებები რომ აშკარა ტყუილი არ გამოუვიდეთ, შეიძლება, ასეც თქვან: შეიძლება, ბევრი ვერაფერი გავაკეთო, იმიტომ რომ მმართველმა პარტიამ ამისი საშუალება არ მომცეს, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უფრო მეტს გავაკეთებ. თორემ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არანაირი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენა, ჩვენი კონსტიტუციით, ახალ პრეზიდენტს ვეღარ ექნება.

– ერთადერთი შეუძლია, ხელი შეუშალოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და დიპლომატების დანიშვნისას.

– თუ ის არაპატრიოტი იქნება, შეუძლია, დაამუხრუჭოს ეს პროცესები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბევრი რამ შეიძლება, გადაიქცეს ვაჭრობის საგნად მომავალ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

– იმას ამბობთ, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანია კანდიდატების უმეტესობისთვის ერთგვარი სტარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც 2014 წლის გაზაფხულზე ჩატარდება?

– ეს პირდაპირ იკითხება კანდიდატების მოქმედებაში და ძალიან კარგად ჩანს მათ გამოსვლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებისას. გადავხედოთ ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს: პირველი ხუთი პუნქტიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღევანდელ ამომრჩეველს: უმუშევრობა, ეკონომიკური აღმავლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, განათლების სისტემის შეცვლა, ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება, საპრეზიდენტო კანდიდატები ვერც ერთის შესრულებაზე ვერ მისცემენ დაპირებას. ეს იქნება აშკარა ტყუილი, თუ საპრეზიდენტო კანდიდატი მმართველ პარტიას არ ეკუთვნის, იმიტომ რომ 27 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სიმბოლურ პრეზიდენტს და თუ კარგად დავაკვირდებით, ამ საპრეზიდენტო კანდიდატების გამოსვლებს, მათ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ისინი, ფაქტობრივად, ერიდებიან კიდეც ასეთი ტიპის განცხადებებს და, ძირითადად, პოლიტიკური განცხადებები კეთდება. ოპოზიციური ფლანგიდან ძირითადი მესიჯია სამათლიანობის აღდგენაზე აპელირება, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კი იმის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტის ფუნქცია იქნება ხალხთან ერთად მთავრობისა და ხელისუფლების გაკონტროლება.

– რასაც ვერ გააკეთებს.

– ეს მესიჯი: „ვაკონტროლოთ მთავრობა“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის გადმოტანა საპრეზიდენტო არჩევნებში ელექტორატის შეცდომაში შეყვანაა, რადგან მომავალ პრეზიდენტს აღარ ექნება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქცია.

– მართალია, კანდიდატებს არ აქვთ ქაღალდზე დაწერილი წინასაარჩევნო პროგრამა, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრებზე ამბობენ, რომ ამას მოხსნიან, იმას დაიჭერენ, დანარჩენებს ჩამოახრჩობენ. ვთქვათ, გახდა პრეზიდენტი ამის დამპირებელი, იმ ამომრჩეველს ხომ ახსოვს, ვინც დაჰპირდა. ანუ ჩვენთან უკვე არაფრად აღარ მიიჩნევა ამომრჩევლის ასე უტიფრად მოტყუება?

– ყველა კანდიდატს ხელში აქვს კვლევები, რომლებიც ასახავს ელექტორატის ძირითად მოთხოვნებს და, ალბათ, ამაზე დაყრდნობით ხდება ამ შეხვედრების ორგანიზება, გზავნილების მიწოდება და იქიდან გამომდინარეც, რომ არსებობს გარკვეული სტერეოტიპი პრეზიდენტის ფიგურასთან დაკავშირებით: საზოგადოება კვლავ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელი შტოს ყველაზე მაღალი ფიგურაა.  სწორედ ამაზე შეიძლება, ითამაშონ საპრეზიდენტო კანდიდატებმა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი, რომ მან ამომრჩევლამდე მიიტანოს ზუსტი ინფორმაცია, რის უფლება ექნება და რის – არა მომავალ პრეზიდენტს. ჩვენ ვხედავთ შეხვედრებზე, რომ ამომრჩეველი ეთანხმება ამა თუ იმ საპრეზიდენტო კანდიდატს ამა თუ იმ დაპირებაში, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია, შეძლებს თუ არა ეს კანიდატი ამ დაპირებების შესრულებას. ამდენად, ძალიან კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორი პარალელურ კამპანიას დაიწყებს იმისთვის, რომ ამომრჩეველი ინფორმირებული გახდეს.

– ერთია, რომ ამომრჩეველი არ არის ინფორმირებული და მეორე, რომ პოლიტიკოსი ასე აშკარად იყენებს ამას სათავისოდ. ვიცით, ჯერ კიდევ მაკიაველიდან მოყოლებულია ცნობილი, რომ პოლიტიკოსი მატყუარა უნდა იყოს, მაგრამ მთლად ასეთიც?!

–  რასაკვირველია, ეს ძალიან ცუდია და გვაჩვენებს, თუ რამდენადაა შესაძლებელი ნებისმიერი საშუალების გამოყენება საკუთარი მიზნისთვის, მაგრამ ეს არ მეტყველებს მხოლოდ კანდიდატებსა და ელექტორატს შორის ურთიერთობაზე, ეს, ასევე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სუსტია და ის სექტორი, რომელიც უნდა მუშაობდეს ამომრჩევლისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე, ამას არ აკეთებს. და არ ვგულისხმობ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს: ის პიროვნებები, რომლებიც პოლიტიკასთან ახლოს არიან და რომლებსაც აზრის ლიდერებს ვუწოდებთ, არ აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას და ამ პერიოდში ჩრდილში გადასვლას ამჯობინებენ. ესეც პრობლემაა. შევიტყვეთ, რომ წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი და რჩევა-რეკომენდაციის სახით მინდა, ვუთხრა: სწორედ ის უნდა გახდეს ინფორმაციის მიმწოდებლი საზოგადოებისთვის, თუ რის უფლება აქვს და რის –  არა. მან უნდა დაუჭიროს მხარი ასეთ პარალელურ კამპანიებს, რომ პოლიტიკოსებმა ასე აშკარად ვერ მოატყუონ საზოგადოება.

მეორე მხრივ, შეიძლება, კანდიდატები ფიქრობენ, პრეზიდენტი რომ ვიქნები, მაინც გარკვეული სტატუსი მექნება და, აქედან გამომდინარე, ჩემი გავლენით, ჩემი სტატუსით, საზოგადოებრივი მხარდაჭერით, იქნებ მოვახდინო ირიბი გავლენა.

– საპრეზიდენტო კანდიდატების ეს შესაძლო კეთილშობილური ფიქრები არ ჯდება ახალ მოდელში.

– მე ეს ტყუილის ალტერნატივად მიმაჩნია. ვლაპარაკობ არაფორმალურ გავლენებზე, როდესაც პრეზიდენტი საზოგადოებრივი სექტორის მხარდამჭერი ხდება. რასაკვირველია, დალაგებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ეს აბსოლუტური ნონსენსი იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა, კანდიდატები ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივ მხარდაჭერას გამოიყენებენ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისთვის. არ ვიცი, ვცდილობ, ასეთ აშკარა ტყუილიდან გამოვიყვანო ეს კანდიდატები, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ახასიათებს მათ მორალურ მხარეს, თუ ისინი ასე აშკარად იტყუებიან. შეიძლება, პირიქით, მოვუწოდოთ ყველა კანდიდატს, რომ ამ დაპირებების გაცემა ამორალური საქციელია.

საკმაოდ რთული ვითარებაა: წინასაარჩევნო ინტენსივობა ძალიან დაბალია, მხოლოდ აქა-იქ გამოკრთება ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრების შესახებ; არც დებატებია. ამიტომაც ვთქვი, ყველა დანარჩენი არჩევნებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. კარგი იქნება, ამომრჩეველს მივაწოდოთ ინფორმაცია, რა უფლებები ექნება ახალი მოდელით ახალ პრეზიდენტს, რომ შეხვედრების დროს მათგან წამოვიდეს შემხვედრი შეკითხვები და ყველა კანდიდატმა შეწყვიტოს ამომრჩევლის გაბიაბრუება.

– მილიონი ლარის გადაცემა ხმების 10 პროცენტის დამგროვებელი კანდიდატისთვის პროცესის გასააქტიურებლად ხომ არ გადაწყდა? 

– შეიძლება: ეს გადაწყვეტილება კონკურენციის გასაზრდელად მიიღეს. იყო პერიოდები, როდესაც მხოლოდ ორი-სამი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან დანარჩენებმა იცოდნენ რა, რომ ვერ დააგროვებდნენ პირველი თუ მეორე ადგილის დასაკავებელ პროცენტებს, აღარ ებმეოდნენ წინასაარჩევნო ბრძოლაში. 10 პროცენტის დამგროვებელი კანდიდატისთვის მილიონიანი დაფინანსების მიცემა გარკვეულწილად მოტივაციას უქმნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის არა მარტო კერძო პირს, არამედ –  პარტიებსაც და ეს მილიონი შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. 

– რამ შეიძლება, გააცოცხლოს ჯერჯერობით ტყუილებით გაჯერებული ეს მდორე წინასაარჩევნო პროცესი?

– შესაძლოა, ერთ-ერთმა კანდიდატმა აწარმოოს, ვთქვათ, ბოიკოტის კამპანია, რომელიც ჯერჯერობით არავის დაუწყია, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს შალვა ნათელაშვილი. ბოიკოტის ფაქტი უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს სხვა კანდიდატებისგან, რადგან რეალურად არსებობს ნიჰილიზმი თვითონ საპრეზიდენტო არჩევნების თუ საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ.

скачать dle 11.3