როგორ უთავსდება ერთმანეთს შიდა დასავლური დემოკრატია და ჩრდილოური ორიენტაცია და ნიშნავს თუ არა ქვეყნის დეგრადაციას ევრაზიულ კავშირში გაერთიანება
მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ, იდეის ავტორთა წარმოდგენით, ევრაზიული კავშირი (რომლის გეოგრაფიულ არეალად ბალტიისპირეთგამოკლებული ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცე იგულისხმება) პირობითსაზღვრიანი ერთიანი ეკონომიკურ-პოლიტიკური სივრცე უნდა იყოს. უშუალოდ საქართველოში ამ სამომავლო გაერთიანებისადმი კეთილ განწყობას თითქმის არავინ გამოხატავს, საქართველოს უშიშროების ექსმინისტრი კი ევრაზიული კავშირის იდეას მიესალმება. ამ კავშირისადმი თავისი დადებითი განწყობის მიზეზებს ვალერი ხაბურძანია თავად განგვიმარტავს.
– ევრაზიული კავშირის იდეა ეფუძნება უსაზღვრებო სივრცის შექმნას. როგორ ხედავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ამ გაერთიანების ფარგლებში?
– ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, რა იქნება ეს ევრაზიული კავშირი. იცით, რომ ჯერ იდეის დონეზეა, მაგრამ, ჩვენ გვაქვს მაგალითი ევროკავშირის სახით და, ვფიქრობთ, რომ, თუ ქართველი საზოგადოების რაღაც ნაწილი იდეოლოგიური დამუშავების შედეგად მიილტვის „ნატოსა“ და ევროკავშირისკენ, რატომ არ შეიძლება, მივილტვოდეთ მომავალი, შესაძლო ევრაზიული კავშირისკენ?!
– ოღონდ, ჩვენ ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა არის ეს ევრაზიული კავშირი, რომ ლტოლვა გაჩნდეს.
– ეს იქნება ისეთივე ტიპის გაერთიანება, როგორიც არის ევროკავშირი, ანუ ეს უნდა იყოს სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანება რეგიონულ კავშირში. ვინც რა უნდა ილაპარაკოს, საზღვრების არარსებობა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საზღვრები აღარ იარსებებს, საზღვრები უნდა დაიშალოს იმ დონეზე და იმ ფარგლებში, როგორც ეს არის ევროკავშირში. თორემ, რა თქმა უნდა, საზღვრები იქნება და ქვეყნები დამოუკიდებლები იქნებიან. ევრაზიულ კავშირში შესვლა ჩვენთვის არ ნიშნავს საბჭოთა კავშირის ტიპის გაერთიანებაში შესვლას და საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას, პირიქით, ეს ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებას და, ამადვროულად, ქვეყანაში უკეთესი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების დაწყებას.
– ეს თქვენი აზრია თუ ასეთია ევრაზიული კავშირის ოფიციალური კონცეფცია? გისაუბრიათ ამ იდეის ავტორებთან და იქიდან ასკვნით, თუ, თქვენი წარმოდგენით უნდა იყოს ასე?
– ეს ჩემი წარმოდგენაა.
– და, რომ არ დაემთხვას რეალობას თქვენი წარმოდგენა?
– დღეს სხვა ტიპის გაერთიანებები და კავშირები არ შეიძლება, არსებობდეს. ბელორუსიისა და რუსეთის ურთიერთობა სხვა მიმართულებით მიდიოდა, მაგრამ, იქაც ვერ მოახერხეს უფრო მჭიდრო სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების შექმნა. ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირის ტიპის კავშირში, რა თქმა უნდა და, არ ვისურვებთ საქართველოს სხვა ტიპის კავშირში გაწევრიანებას.
– აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ევრაზიული კავშირის იდეის ავტორებისთვის, მე მათთან მისაუბრია და ამას ადასტურებენ, საქართველო განიხილება სამ დამოუკიდებელ სუბიექტად. ისინი ამბობენ, რომ, თურმე, ეს სამივე უნდა შევიდეს ცალ-ცალკე ამ ევრაზიულ კავშირში, მათ შორის იქნება პირობითი საზღვრები და ასე აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენთვის ეს მიდგომა მისაღებია?
– ძალიან ძნელია იმის კომენტირება, ვინ რას ამბობს.
– ამას ამბობენ ევრაზიული კავშირის იდეის ავტორები: დუგინი, კოროვინი; იმეორებენ შევჩენკო, ლეონტიევი…
– დუგინი საზღვრების ისეთ პირობითობაზე ლაპარაკობს, როგორი პირობითი საზღვრებიცაა დღეს გერმანიასა და საფრანგეთს შორის. ეს არ არის მავთულხლართი, რომელსაც ახლა ცხინვალის რეგიონს აკრავენ. ლაპარაკია იმაზე, რომ ევრაზიულ კავშირში სახელმწიფო საზღვრებზე არ იქნება მავთულხლართები. რაც შეეხება ჩვენს იქ ყოფნას აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ერთად: მე ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ და რამენაირად დავასწროთ მათ იქ შესვლა. ჩვენ უნდა დავბლოკოთ მათი შესვლა ჩვენ გარეშე და, თუ მაინც შევლენ ევრაზიულ კავშირში, უნდა შევიდნენ საქართველოსთან გარკვეული ასოცირების ფორმით. მე არ ვიცი, ასოცირების რა ფორმა იქნება ეს: ფედერაციული თუ კონფედერაციული, მაგრამ, ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს. მე კონკრეტულად ამ მიზანს დავსახავდი და, სხვა საქმეა, ვინ რას ფიქრობს. ჩვენი მსჯელობა იმას ჰგავს, ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო.
– თუ შევედით, რაღა დროის იქნება მსჯელობა? იმიტომაც ვმსჯელობთ, რომ გავიგოთ, რა გველის.
– მე ჩემი ხედვა მოგახსენეთ და, მიმაჩნია, რომ მხოლოდ ამ ფორმით შეიძლება ლაპარაკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სხვა გზა – იქნება ეს ევროკავშირსა თუ „ნატოში“ შესვლა – ამ ტერიტორიების დაბრუნების თეორიულ შანსსაც კი გვიკარგავს. ევრაზიულ კავშირში შესვლა უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, ხოლო, თუ ევრაზიული კავშირი იმ ფორმის იქნება, რომ გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენ ასეთ კავშირში არ შევალთ.
– ამბობთ, რომ უნდა დავასწროთ ჩვენს განდგომილ რეგიონებს ევრაზიულ კავშირში შესვლა, არადა, იმ ევრაზიული კავშირის მთავარი მოთამაშე, ყველაზე დიდი, ბირთვული იარაღის მქონე და ასე შემდეგ, არის რუსეთი, რომელსაც აღიარებული ჰყავს ეს ორი რეგიონი. რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს, რომ რუსეთი საქართველოს დაეკითხება, მიიღოს თუ არა ევრაზიულ კავშირში ჩვენი სეპარატისტული რეგიონები?
– თუ ჩვენ ვიქნებით ევრაზიის კავშირის ერთ-ერთი წევრი, ჩვენთან ერთად იქნებიან სხვა წევრებიც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არაღიარების პოლიტიკას: ყაზახეთი, ბელორუსია, უკრაინა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი.
– აზერბაიჯანს ჯერ არ უთქვამს თანხმობა, რატომ მიათვალეთ?
– არც ჩვენ გვითქვამს ჯერ თანხმობა, ვალერი ხაბურძანია რასაც ამბობს, ეს ხომ თანხმობას არ ნიშნავს?! თან, ეს გაერთიანება არ არსებობს. ეჭვი გეპარებათ, რომ აზერბაიჯანში გამოჩნდებიან ვიღაცეები, რომლებიც იტყვიან, ხომ არ შევიდეთ ევრაზიულ კავშირშიო?! აზერბაიჯანი, ამ თვალსაზრისით, მოზომილ პოლიტიკას ატარებს. ლაპარაკია იმაზე, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცე რაღაც ფორმით უნდა აღდგეს, იმიტომ რომ, ეს არის რეგიონული ტიპის გაერთიანება და რეგიონული ურთიერთობები დღევანდელ მსოფლიოში არის გადარჩენის შანსი. თუ გვინდა, ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ცხოვრების მაღალი დონე გვქონდეს, რაღაც რეგიონულ გაერთიანებაში უნდა ვიყოთ. ხომ ვხედავთ, რომ ვერ ვხვდებით ევროკავშირის წევრი?! ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ იმ ლიგაში, რომელშიც თამაშობენ ჩვენი დონის გუნდები. ხომ ვხედავთ, ვერ გავიდა ჩვენი გუნდი ევროპულ ლიგაში, ამიტომ, უნდა ვითამაშოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ლიგაში, რომ ავიმაღლოთ კლასი და მივაღწიოთ რაღაც დონეს. რისთვის გვინდა ევროკავშირი? კარგი ცხოვრებისთვის, თორემ, თვითმიზანი კი არ არის ევროკავშირში ყოფნა.
– მაგრამ, ჯერჯერობით კარგი ცხოვრება მხოლოდ ევროკავშირშია.
– ევროკავშირში შესვლა კი არ იძლევა კარგ ცხოვრებას, არამედ, ჯერ კარგ ცხოვრებას უნდა მიაღწიო და მერე მიგიღებენ ევროკავშირში.
– აბა, გაღლეტილებს რატომ მიგიღებენ?
– თუ კარგი ცხოვრება გვექნა, რაღა გვინდა ევროკავშირში, სადაც, გარდა ხარჯისა, რომელიც საერთო სიტუაციისთვის უნდა გაიღო, არაფერია?! ხვალ რუსეთს ექნება უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი დასათვლელია. თუ ჩვენ კარგ ცხოვრებას ევროკავშირის გარეშეც მივაღწიეთ, მაშინ, გარდა შენი რეგიონული გაერთიანებისა, სხვაგან რატომ უნდა იყურებოდე?! ჩვენ უნდა ვიყოთ იმ გეოგრაფიულ ზონაში, რომელშიც ისტორიულად და ღვთის ნებით ვარსებობთ, სხვანაირად ვერ ვხვდებით ვერანაირ ეკონომიკურ ზონაში.
– თქვენ ფეხბურთის მაგალითი მოიყვანეთ და, არ შემიძლია, არ მოვიყვანო ალტერნატიული მაგალითი: ცნობილია, რომ განვითარების საწინდარია შენს შესაძლებლობებზე დიდი ამოცანის დასახვა; თუ შენი შესაძლებლობების ტოლ ან მასზე დაბალ ამოცანას დაისახავ, განვითარების ნაცვლად დეგრადირდები.
– მაგრამ, არ გვიღებს არავინ არც ევროკავშირში და არც „ნატოში“. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გვითხრან, რა კრიტერიუმებია?! ამასაც არ გვეუბნებიან. ამბობენ, რომ ვერ ვაკმაყოფილებთ „ნატოს“ სტანდარტებს. იცით, რა არის „ნატოს“ სტანდარტები?!
– თქვენი ევრაზიული კავშირისა არ იყოს, მეც ჩემი წარმოდგენა მაქვს „ნატოს“ სტანდარტებზე.
– თქვენი წარმოდგენა კი არ უნდა იყოს, არამედ, ეს უნდა იყოს ჩამოწერილი. თუ ჩვენ მივედით გერმანიისა და საფრანგეთის განვითარების დონეზე, ისმის კითხვა, გვინდა ამის შემდეგ გერმანიასთან და საფრანგეთთან შემდგომი ვალდებულებების წარმოშობა?! ჩემი აზრით, უნდა გვქონდეს შიგნით დასავლური ღირებულებები და გარეთ – ჩრდილოური ორიენტაცია.
– არც ერთ სახელმწიფოს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ყველამ თავისი საქმისა თვითონ იცის, მაგრამ, ჩვენ რაღაც სფეროებში მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ჯერ არ მიუღწევია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, ევრაზიული სივრცის პოტენციურ წევრებს.
– ძალიანაც ნუ იამაყებთ. ბელორუსიაში არსად არ არის კორუფცია; იქაც არის ჩვენი პატრულის მსგავსი „გაი“, რომელიც არ არის კორუმპირებული; იქაც არსებობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპი.
– ბელორუსიაში ისევ დგას ცენტრალურ მოედანზე, სხვაგანაც, ლენინის ძეგლი და მას ამკობენ ყვავილებით; ქუჩებში აკრავენ ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მისალოც პლაკატებს.
– ლენინის ძეგლი არ ნიშნავს, რომ გამორიცხო კორუფცია „გაიში“.
– ლენინის ძეგლი ჩრდილავს კორუფციის არარსებობას. მე მენტალურ განსხვავებულობაზე ვლაპარაკობ.
– ჩვენთან არ იდგა ლენინის ძეგლი, მაგრამ, ერთი კაცის ძეგლი იდგა, რომელიც შუადღეს იღვიძებდა და, რა ხასიათზეც გაიღვიძებდა, იმ ხასიათზე უნდა ყოფილიყო მთელი ქვეყანა.
– ეს არ მოეწონა საზოგადოებას და ამიტომ შეცვალა არჩევნებზე.
– მე იმის თქმა მინდა, ძალიან ნუ ვიამაყებთ რაღაც-რაღაცეებით, თორემ, იმას კი არ ვამბობ, რომ, რაც გაკეთდა ჩვენთან, ცუდია. მათ ლენინის ძეგლი შეუთავსეს იმას, რითაც ჩვენ ვამაყობთ. ჩვენ კი შევუთავსეთ ვოლუნტარიზმსა და ავტოკრატიას.
– ჩვენ დავასრულეთ ეს ორი ვადის შემდეგ, მათ კი, ჩემი გათვლებით, დიდხანს ედგებათ ლენინის ძეგლი.
– მათ განვითარების თავიანთი გზა აქვთ.
– მეც მაგას ვამბობ, როგორ შევუთავსდებით ერთმანეთს?
– თუ მათ მოსწონთ ის რეფორმები, რაც საქართველოში განხორციელდა და ბევრი ილტვის ჩვენკენ, ხომ შეიძლება, ჩვენ გავხდეთ მოწინავენი ევრაზიულ კავშირში?! ხომ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ თამაშის წესის შემქმნელები შიდა დემოკრატიის თვალსაზრისით?! რატომ უნდა ვიყოთ ჩამორჩენილები ევროკავშირში და არ ვიყოთ მოწინავეები ევრაზიულ კავშირში?!
– ეს ძველი დილემაა: რომელი ჯობია, მკვდარი ლომი თუ ცოცხალი ძაღლი?
– ჩემი აზრით, ცოცხალი ძაღლი ჯობია.
– მე ლომისკენ ვიხრები. არ მგონია, აფხაზები და ოსები, თუნდაც რუსეთი დათანხმდეს ფედერაციზე, უფრო, ალბათ, კონფედერაციაზე იქნება საუბარი. კონფედერაცია იშლება მაშინვე, როგორც მისი ერთი წევრი ამბობს უარს. თქვენ ეს საფრთხე არ გგონიათ?
– შვეიცარია კონფედერაციაა.
– ვიცი და გერმანიაც, მაგრამ, ის სრულიად სხვა სამყაროა.
– სახელმწიფო მოწყობის სხვა ფორმა ჯერ არ მოუგონიათ.
– რატომ? ხომ არსებობს უნიტარული სახელმწიფოებიც?
– თქვენ როგორ გგონიათ, მმართველობის უნიტარულ ფორმაში შემოვა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი?!
– თუ კონფედერაციაში შემოვა, ეს მათ საბოლოოდ გასვლას ნიშნავს, მაშინ, რა აზრი აქვს ასეთ კონფედერაციას?
– თუ პირველ მიზნად აღარ ვისახავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაშინ, ვთქვათ.
– არ ფიქრობთ, რომ კონფედერაციაზე თანხმობა ტერიტორიულ რღვევაზე თანხმობაა?
– მაგრამ, რაღაც ფორმები ხომ უნდა შევთავაზოთ?! არსებობს ფედერაციული და კონფედერაციული ფორმა, მესამე ფორმა, რასაც თქვენ ამბობთ – უნიტარული, გამორიცხულია. მე მესმის, რომ კონფედერაცია მყიფე გაერთიანებაა, მაგრამ, ჩვენ ამით უნდა დავიწყოთ, ხოლო ის, თუ რა სახეს მიიღებს სახელმწიფოთა გაერთიანებები და მსოფლიო 10 თუ 20 წლის შემდეგ, არც თქვენ იცით და არც მე. მერე რა იქნება, ვნახოთ; დღეს, როდესაც სახელმწიფოები ამ ფორმით არსებობენ, ჩვენ ეს ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი. ამიტომ, ჩვენგან უნდა წამოვიდეს შეთავაზება, ოსები და აფხაზები ხომ არ შემოგვთავაზებენ?! ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, თორემ, მათ, როგორც თავად ჰგონიათ, თავიანთ მიზანს მიაღწიეს. თავიანთ თავს დამოუკიდებლად მიიჩნევენ და ამგვარ ნახევრად ცოცხალ მდგომარეობაში იქნებიან წლების და, შეიძლება, საუკუნეების განმავლობაში. ამდენად, ეს ჩვენი პრობლემა უფროა.