სუიციდის ბნელი მხარე
ანუ, თუ თავს იკლავთ, ლაზათიანად მოიკალით
მართალია, სტატისტიკის ჩვენებურ სამსახურს თავის ოფიციალურ სააიტზე ჩაწიკწიკებული აქვს ციფრები, თუმცა, ვერსად მიაკვლევთ თვთიმკვლელობის ზუსტ სტატისტიკას. უფრო მეტიც, ჩვენს ქვეყანაში დანამდვილებით არც მოქალაქეთა გარდაცვალების მიზეზებია ცნობილი: თითქმის მესამედ შემთხვევაში უცნობია, რამ გამოიწვია ლეტალური შედეგი, არადა, სიკვდილიანობის მოტივების ცოდნა, წესითა და რიგით, ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა იყოს.
ასე თუ ისე, არც თვითმკვლელობის ზუსტი სტატისტიკა ვიცით და არც თვითმკვლელობის მიზეზები, სამაგიეროდ, ჩვენი კანონმდებლობა თვითმკვლელს, თუკი მისი გადარჩენა მოხერხდა, 500-ლარიანი ჯარიმის გადახდას აკისრებს.
ადვოკატები ამ სანქციის არათუ გაუქმებას, ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს გადარჩენილის რეაბილიტაციის ხარჯები (თუ, რა თქმა უნდა, არ ფიქრობს, რომ „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“). მათივე დაკვირვებით, თვითმკვლელობის მიზეზი ხშირად სწორედ მატერიალური სიდუხჭირეა, ხოლო 500-ლარიანმა ჯარიმამ კი, შესაძლოა, პირველ ჯერზე უშედეგო თვითმკვლელს თვითმკვლელობის გამეორებისკენ უბიძგოს – ამჯერად უფრო საფუძვლიანად.
ჩვენ არ ვიცით, თავის დროზე რამ უბიძგა თავად ქართველ კანონმდებელს ამ ნორმის შესაქმნელად, თუმცა, ის კი ცხადია, რომ კანონის ეს მოთხოვნა აპათიაში მყოფ მოქალაქეებს იმთავითვე აფრთხილებს: თუ თავს იკლავთ, ლაზათიანად, ანუ, ერთხელ და სამუდამოდ მოიკალით!