გასათხოვრად გამზადებული ქეთინო და მსოფლიოს ჩემპიონის სახელით ჩადენილი ძარცვა
იყო ასეთი მითქმა-მოთქმები, – მძიმედ დაიწყო თხრობა ფალავანმა – მე ამჯერად რამდენიმე ისტორიას გავიხსენებ:
ისტორია 1. წარმატების ზენიტში ვარ – უკვე მსოფლიოს ჩემპიონი. ერთ ახლობელ კაცთან ერთად მსუბუქად ვსვამთ თბილისის ერთ-ერთი რესტორნის მყუდრო კუპეში. ეს კაცი დიდი ხნის უნახავი მყავდა და გაცხარებით ვიხსენებთ იქითურ-აქეთურებს.
– ჩემო რომან, ერთი რაღაცა უნდა გკითხო, მაგრამ მერიდება. თან, თუ მართალი გამოდგა ეს ამბავი, ძალიან გამიხარდება, წინასწარ გეუბნები.
– მაინც რა? – დავინტერესდი.
– ქეთინო კ-ს თუ იცნობ? ახალგაზრდა გოგოა. 17-18 წლის, ლამაზ-ლამაზი.
– არა... ასეთ გოგოს არ ვიცნობ, – ვთქვი ალალად.
– ო, რა ხარ შენ! როგორ, კაცო, ქეთინო კ-ს მართლა არ იცნობ? ნუ მიმალავ, ბიჭო, თქვი, გაამხილე... ნათესავია ჩემი.
– არა, ნამდვილად არ ვიცნობ.
– ბიჭო, ქალზე დაქორწინებას აპირებ და მე მიმალავ? მე, მის ნათესავს?
– სულ გამოვედი მოთმინებიდან.
– რას გიმალავ, თუ ძმა ხარ, ნამდვილად არ ვიცნობ, ბიჯოს!
– ქეთინო მეუბნება, რომან რურუამ ცოლობა მთხოვა და როგორ მოვიქცეო, – მითხრა და...
მოულოდნელობისგან სულ დამება ენა, – „რი ატამი, რა ატამი?“
– მაშინ შემახვედრე ეგ შენი ნათესავი და მოვრჩეთ საქმეს-მეთქი, – გავუადვილე, ხელი ხელს დავკარით და მეორე დღეს, დათქმულ ადგილზე მომიყვანა იმ კაცმა თავისი ნათესავი ქეთინო კ.
– აი, ესაა ჩემი ქეთო, – მეუბნება...
– სასიამოვნოა, – ხელი ჩამოვართვი ერთთავად შემცბარ-გაკვირვებულ გოგონას.
– ესაა, ხომ? – ეკითხება გოგოს ჩემზე. ქეთომ თავი გააქნია, – ნწუ! ეგ არაა, ის უფრო მაღალია და გამხდარი.
– ცუდი ხომ არაფერი უკადრებია იმ ყმაწვილს? – ფრთხილად შეეკითხა ჩემი მეგობარი.
– როგორ გეკადრება, ბიძია, – გოგომ, – მხოლოდ იმას მეუბნებოდა, მსოფლიოს ჩემპიონი რომან რურუა ვარ, წამომყევი ცოლად, შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს ჩემს ხელშიო.
– სადაა ახლა ის შენი რომან რურუა? – ახლა მე ვეკითხები.
– ერთი კვირით ტურნეში მივდივარო, ასე მითხრა.
რომ ჩამოვა შემახვედრე-მეთქი, ვუთხარი და კიო, დამპირდა.
ის ჩემი „სეხნია“ საერთოდ აღარ გამოჩენილა მას მერე. ან შეიძლება, გოგო ეშმაკია და დამიმალა. ასე მოკლე ფეხი აღმოაჩნდა იმ ტყუილს.
ისტორია II. ერთ მშვენიერ დღეს მოკრძალებულად დამიბარეს მილიციაში. არ ვიცი, ჯერ რა ხდება. მივედი.
– რა იკადრეთ, ბატონო რომან, მოგვჭერით თავი პირდაპირ. ამას რას მოვესწარი, კაცო! – შინაურულად მეუბნება მილიციის უფროსი.
– ამიხსენით, რაშია საქმე?
– ორმა მოქალაქემ მოგვმართა წუხელ ერთდროულად, მსოფლიოს ჩემპიონმა რურუამ ფული შეგვაწერა, ჭიდაობის „პრიომებს“ გასწავლითო. წაიღო ფული, დაგვიტოვა ტელეფონი და აღარ გამოჩენილაო. რაში დაგჭირდათ, ბატონო რომან, ეს ამბავი?
კინაღამ გავგიჟდი, რას მეუბნებით, კაცო, ასეთი რამ აზრად არასდროს მომსვლია, დამაპირისპირეთ იმ დაზარალებულებთან-მეთქი.
მეორე დღეს მოიყვანეს ორივე განყოფილებაში. ორი ჩია, ერთმანეთზე გამხდრები, ძლივს იხედებიან თვალებში. რა ეჭიდავებათ, ამ უბედურებს...
– ვინაა ეს კაცი? – ეკითხება მილიციის უფროსი.
– რო არ ვიცი?! – შეწუხდა ერთ-ერთი. მეორემ თავი გააქნია, – არ ვიცი, არა-არაო!
– ესაა რომან რურუა, – აუხსნა უფროსმა. ამან შეგაწერათ ფული?
– როგორ გეკადრებათ, ბატონო. ის ძალიან სქელი იყო. თან – რიჟა, – აყვირდნენ ერთდროულად. თან, ის უფრო ღონიერი ჩანდა.
სქელი და რიჟა „რომან რურუა“ ოცდაოთხ საათში გასკვანჩეს ოპერმუშაკებმა. ვიღაც ნახალოვკელი თაღლითი სოსო აღმოჩნდა, რომელსაც ორი ძარცვაც მოესწრო ამასობაში. ყველაფერი აღიარა. ასე ცხოვრობდა თურმე თავის დღე და მოსწრება. რა თქმა უნდა, ჩააყუდეს და მე ბოდიში მომიხადეს, მაგრამ ნათქვამია: „გატეხილ გულს ბოდიში ვერ გაამთელებსო. მართლაც ძალიან მეტკინა გული, რომ ზოგიერთები, ადამიანურ ღირსებას ასე იოლად სვრიან ლაფში.