კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹12-34(660) 

 

მოულოდნელობის ეფექტი

ლევანს ცოლის დანახვა არ გაჰკვირვებია, მაგრამ, არც აღფრთოვანება გამოუხატავს. მშვიდად და უემოციოდ შეხვდა. მხოლოდ თავი დაუქნია და პირდაპირ ჰკითხა.

– რამე საქმე გაქვს თუ ფულისთვის შემოიარე?

ლიზა წამოენთო:

– როგორ მელაპარაკები? რას ნიშნავს „შემოიარე“? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ამ რესტორნის და შენი ყველა ბიზნესის ოფიციალური მოწილე ვარ? სრული უფლება მაქვს, როცა მინდა, მაშინ მოვიდე!

კაცს გაეღიმა:

– ჰმ, საინტერესო ლოგიკაა... შენ ჩემი მოწილე მარტო იმიტომ ხარ, რომ ამის უფლება თავად მოგანიჭე, როცა შენზე ოფიციალურად ვიქორწინე. ახლა რა გინდა, ყველაფერი შუაზე გაგიყო?

– მოიცა, ეგ რას ნიშნავს?! – დაიძაბა ქალი – გაყრა გადაწყვიტე? ლევან, პირდაპირ მითხარი, რა ხდება, მეყრები?

კაცმა თავი გადააქნია:

– ჯერ არ ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. თუმცა, არ დაგიმალავ, ვფიქრობ ამაზე.

ლიზა გაშრა:

– რა?! ფიქრობ?! იმაზე, რომ უნდა გამეყარო? მერე, მე არაფერს მეკითხები?

ლევანს გაეღიმა:

– რა უნდა გკითხო, ლიზა? ბავშვი ხარ და ვერ ხვდები, რომ, თუ გადავწყვეტ, ოჯახი დავანგრიო, შენს აზრს ნაკლებად ექნება მნიშვნელობა?! ცოლად რომ მომყვებოდი, მაშინ ხომ გკითხე, გინდოდა თუ არა ჩემთან ერთად ცხოვრება. გაყრას რაც შეეხება, ნუ გეწყინება, ჩემო ძვირფასო, მაგრამ, ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტია. აი, შვილები რომ გვყავდეს, ასე არ იქნებოდა.

– ეგოისტი ხარ შენ და უსინდისო! – იფეთქა ლიზამ, – ძალიან კარგი, გავიყაროთ! არ გეგონოს, შეგეხვეწო. ვინ ხარ საერთოდ, რას წარმოადგენ? გგონია, რადგან სხვებთან შედარებით ცოტა მეტი ფული გაქვს, ამიტომ, ყველა ქალი შენი იქნება? ის ვიღაც, ვინც ასე აგაცუნცრუკა, მალე მიხვდება, რა შეცდომა დაუშვა და თავისით მიგატოვებს. დიდხანს არავინ გაგიჩერდება. ერთგულებას ფულით ვერ იყიდი!

ლევანმა საყვედურით და უცნაური სინანულით შეხედა ცოლს: 

– მაგაში გეთანხმები. შენ ამ საქმეში რაღაც ნამდვილად გაგეგება. 

ქალი შეცბა:

– რას გულისხმობ? ძალიან გთხოვ, თემას ნუ ცვლი, მე შენთვის არ მიღალატია.

– თუ არ მჯერა? 

– „თუ არ მჯერა”!.. – გამოაჯავრა ლიზამ ირონიულად, – აქამდე ხომ გჯეროდა,  ახლა რაღა მოხდა? არ მითხრა, რომ მაგიტომ მეყრები. მეც არ დავიჯერებ მაგას. ლევან, არ გინდა, ჩემგან თავის დახსნა ადვილი არ იქნება. ყველაფერს წავიღებ, რაც მეკუთვნის და რაც არ მეკუთვნის. მოვრჩეთ ამ სულელურ კინკლაობას. მე მინდა, ჩემი შვილის მამა შენ იყო. 

– მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა და ეგ სიტყვებიც ცოტა ადრე რომ გეთქვა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა. მაგრამ, ახლა... – წამოსცდა ლევანს და ამით თავი გაყიდა. ლიზა წამოხტა:

– უსინდისო! კიდევ გაბედავ და იტყვი, რომ არავინ გყავს? კარგი, თუ ომი გინდა, ომი იყოს. დღესვე გადავალ შენგან და ინანებ, რომ ასე მომექეცი. ადვოკატს ავიყვან და გაგანადგურებ.

– მე არ მითქვამს შენთვის, რომ გადაწყვეტილება უკვე მივიღე და, არც ის მინდა, სახლიდან წახვიდე. 

– ფეხებზე მკიდია, შენ რა გინდა! 

– ყოველთვის ასე არ იყო? – მწარედ ჩაიცინა ლევანმა, – მაგრამ, მედალს მეორე მხარეც აქვს და, ზოგჯერ, შეჩვეული ჭირი უნდა ამჯობინო. არ მინდა, შეცდომა დავუშვა. ამიტომ, ჯერჯერობით ვიყოთ ერთად. თუმცა, ბავშვზე აღარ დამელაპარაკო, სანამ რაღაცაში არ გავერკვევი. 

– რაში უნდა გაერკვე? რებუსებით ნუ მელაპარაკები! რამდენად ღირებულია ის კახპა შენთვის? – ლიზა უკვე ცეცხლებს ყრიდა თვალებიდან. კაცმა რაღაც მომენტში ისიც კი იფიქრა, ალბათ მომვარდება და სახეს თავისი გრძელი ფრჩხილებით დამაკაწრავსო, მაგრამ ქალი ერთბაშად ჩაცხრა და, ჩვეულ ტემბრში, თითქოს არაფერი მომხდარა, მშვიდად თქვა:

– კარგი. იმის შემოწმება გინდა, მე მიყვარხარ, თუ არა და ვიბრძოლებ, თუ არა შენი გულისთვის? ფრთხილად, ლევან, მართლა არ დაუშვა ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მერე შეუძლებელი იქნება. დარწმუნებული ვიყავი, რომ განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული ქმარი მყავდა. მწყინს და გული მტკივა, რომ შენში ჩვეულებრივი კაცუნა დავინახე. არსადაც არ წავალ, უბრალოდ, დაველოდები რა მოხდება. მაინტერსებს, ბოლომდე გამიცრუებ იმედს თუ... – ლიზა უცებ შებრუნდა და ოთახიდან გავიდა. კაცი ერთხანს გაუნძრევლად იჯდა, მერე ტელეფონი აიღო და დარეკა:

– მაპატიე, დღეს, ალბათ, ვერ შევხვდებით... გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და რამდენიმე დღით ქალაქიდან უნდა გავიდე. როგორც კი დავბრუნდები, დაგირეკავ. კიდევ ერთხელ გთხოვ, მაპატიო...

ქეთისთვის მძიმე გამოდგა ის რამდენიმე დღე, როცა ქმარს არ ელაპარაკებოდა. ჩვეულებრივ, ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ ძლებდა ხოლმე – მაქსიმუმ, ორი-სამი საათი, მაგრამ, ამჯერად ძალიან იყო გაბრაზებული და, მიაჩნდა, რომ ამის სრული საფუძველი ჰქონდა. თავის მხრივ, არც ვახო იყო ნაკლებად გულმოსული ცოლზე. ზოგადად, სიმკაცრეს იშვიათად იჩენდა. პრინციპში, ამის აუცილებლობა არც იყო: ქეთი ჭიჭყინებდა, კაპასობდა, შენიშვნას შენიშვნაზე აძლევდა, მაგრამ ყოველდღე ერთნაირი დღის რეჟიმი ჰქონდა: სახლი – სამსახური. დაქალთანაც კი არასდროს შეივლიდა. ერთი-ორი მეგობარი ზოგჯერ სახლში აკითხავდა და სულ ეს იყო. ვახომ ზეპირად იცოდა ცოლის მარშრუტიც და დღის განაწესიც, ამიტომ ქეთის ცხოვრების წესის მიმართ პრეტენზია არასდროს გასჩენია, ეჭვი – მით უმეტეს. ახლა კი, ეს ვიღაც ლიზა გამოჩნდა და ყველაფერი აურია. მასთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ვახოს სიმშვიდე. ქეთიმ ანგარიში არ გაუწია ქმრის თხოვნას და ახლად გამოჩეკილ ნაცნობს, რომელსაც მეგობრის სტატუსს ვერაფრით მიანიჭებდი (მეგობრობაზე ვახოს საკუთარი მოსაზრება ჰქონდა) ოჯახის სიმყუდროვე ანაცვალა. ვახო დუღდა. ცოლს მდუმარედ უვლიდა გვერდს და, მტკიცედ გადაწყვიტა, მანამდე არ დალაპარაკებოდა, სანამ ქეთი თავის დანაშაულს არ აღიარებდა და არ მოინანიებდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დამშვიდებული  სინდისით იცვამდა ცოლის გაუთოებულ პერანგებს და არც იმას კითხულობდა, ვინ ახვედრებდა სადილ-ვახშამს.  ქმრისთვის სრული და ფართომასშტაბიანი ბოიკოტის გამოცხადება  ქეთიმ ვერ გაბედა – კონფლიქტის გაღრმავებას მოერიდა, მაგრამ, ვახოს საქციელს წონასწორობიდან გამოჰყავდა.

ქეთიმ ხელსაწყოები სასტერილიზაციოდ გაამზადა და სამზარეულოში გავიდა. 

– ყავა მეც გამიკეთე, რა, – სთხოვა ნატას და სიგარეტს მოუკიდა. 

– დღევანდელი სამუშაო დღეც დამთავრდა, – გაუცინა ნატამ, – ხვალ კვირაა. ეს ერთი დასვენების დღე გადამრევს. სანამ აზრზე მოვალ, უკვე ორშაბათია და სამსახურში მოვრბივარ. შაბათს მუშაობას რატომ არ ვაპროტესტებთ, ვერ გამიგია. ყველა ნორმალური ადამიანი კვირაში ორ დღეს ისვენებს.

– შაბათს, კი არა, ნეტავი კვირა დღესაც ვმუშაობდეთ, – ნაფაზს ოხვრა ამოაყოლა ქეთიმ და ყავა ხმაურით მოხვრიპა, – რა უყურებს მთელი დღე ვახოს მოჟამულ სიფათს!..

– ისევ არ ელაპარაკები? – გაეცინა ნატას.

– არა, საშინლად ვარ გაბრაზებული. შენ კი, რა გაცინებს, ვერ გამიგია.

– ის მაცინებს, რომ, ვიცი შენი გაბრაზება – გიყიდის ერთ ყვავილს და ეგრევე გადაგივლის. თანაც, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო. სულ ტყუილად იშლი ნერვებს. მოეშვი მაგ ვახოს, არ არის ცუდი ბიჭი.  რატომღაც ასე მგონია. 

– ჰმ, არ არის ცუდი... ანუ, არც კარგია, ხომ? აი, ხედავ? შენც თითქმის აღიარე. 

– მე რა უნდა ვაღიარო, ჩემი ქმარი კი არ არის! – მხრები აიჩეჩა ნატამ, – ნეტავი იმდენი შემაძლებინა, ვინმე ნორმალურთან დამალაგებინა ურთიერთობა. სახლში მარტო ყოფნას, ისევ ქმართან ჩხუბი ჯობია. 

– არც იცი, რას ამბობ. ეგ სისულელე აღარ გაიმეორო. ვახოსთან კინკლაობაც კი მანგრევს, ჩხუბზე რომ აღარაფერი ვთქვა. მაგრამ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მაინც მიყვარს. ამაზე რომ ვფიქრობ, ლამისაა, გულზე გავსკდე. არ იმსახურებს ამ სიყვარულს! – ქეთიმ ბრაზით დასრისა სიგარეტი საფერფლეზე. ნატამ თავი გააქნია:

– მე კი მაინც მგონია, რომ სიყვარული არ გაქვს საკმარისი, თორემ, ეს პრობლემებიც არ გექნებოდა. კი არ გეწყინოს ამას რომ გეუბნები. ხომ იცი, შენ მიმართ როგორი დამოკიდებულება მაქვს. შეეცადე, მშვიდად გააანალიზო ყველაფერი. ეგრევე მიხვდები, რომ სიმართლეს ვამბობ. ძალიან რომ გიყვარდეს, ანუ, საკუთარ თავზე მეტად, მაშინ მის ბევრ ნაკლს ვერ დაინახავდი და არც მის პრივიჩკებს მიაქცევდი ყურადღებას.

– ეგრე მარტივადაც არ არის საქმე. ზოგჯერ ისეთი აუტანელია, ვერანაირი სიყვარული ვერ გიშველის. შეიძლება, გაგაფრენინოს. თვითონ არ იცის, რა უნდა და მერე ჩემთან აქვს პრეტენზიები.

– ეეჰ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანები სულ ტყუილად ვირთულებთ ისედაც პრობლემებით დაგრუზულ ცხოვრებას. დაუთმე ხოლმე და, ნახავ, შენ თვითონ როგორ მოგეშვება. ბებიაჩემი იტყოდა, ხოლმე: კაცი და ძაღლი ერთია. ძაღლს წვრთნიან, თავის ჭკუაზე ატარებენ და, კაცის გაწვრთნა როგორ უნდა გაუჭირდეს ჭკვიან ქალსო. 

ქეთიმ ხელი ჩაიქნია:

– ან უჭკუო ვარ, ან მწვრთნელად არ ვვარგივარ. ფაქტია, რომ ოჯახში სკანდალი ვერ გამოვლიე. ვერ წარმოიდგენ, როგორი საზიზღარია. ხომ არ ველაპარაკები,  არ იმჩნევს, გესმის შენ?! ვითომ არც ვარსებობ და არც ვჭირდები. რა ენაღვლება, მაინც ყველაფერი უკეთდება და, შეიძლება, უხარია კიდეც, ჩუმად რომ ვარ.

– შენც, ნუ გაუკეთებ.

– ეგეც ვცადე. პერანგი არ დავუუთოვე და შარვალი არ გავურეცხე. უთო აიღო და თვითონ დააუთოვა, შარვალი კი ახალი იყიდა. ასე ჯიბრით მიკეთებს ყველაფერს, ნერვები დამაწყვიტა!

– ცოტა ხანს თუ გაუძლებ, სიტუაცია შენს სასარგებლოდ შეიცვლება. რომ ნერვიულობ და ამას ანახვებ, ხვდება, რომ გაუვიდა. ყურადღება არ მიაქციო და, ნახე, როგორ ხელად მოგიჩოჩდება. ოღონდ, შეეცადე კარგ გუნებაზე იყო. 

– ლამის ოჯახი დამენგრეს და, როგორ უნდა ვიყო კარგ გუნებაზე? ვერა, ვერ შევძლებ. 

– მოიცა, რა, ნუ გაართულებ. რა უნდა მაგას? ბავშვს ეთამაშე, ნამცხვარი გამოაცხვეთ ერთად, მოკლედ მოიფიქრებ რამეს. დაეჭვდება და დაიძაბება, მაგრამ, შენ არ შეიმჩნიო. აუცილებლად გაჭრის. ეჰ, თეორიაში ვანგრევ, პრაქტიკა მაკლია, თორემ, ნაშრომს დავწერდი სტანდარტულ ცოლქმრულ ურთიერთობაზე, – გადაიკისკისა ნატამ და ქეთის თვალი ჩაუკრა.

ნინიმ ფრთხილად დადგა მაგიდაზე ყავით სავსე ფინჯანი და ლიზასკენ გააჩოჩა, თვითონ კი ფანჯარასთან მივიდა და რაფაზე ჩამოჯდა. 

– მიყვარს პარასკევი: სამუშაო კვირა დასრულდა და, შეგიძლია, ის გააკეთო, რაც მოგესურვება – მაგალითად, შუადღემდე იძინო. გიყვარს შუადღემდე ძილი? ლიზა, შენ გეკითხები! 

– არა, – მოკლედ მიუგო ლიზამ. ჩაფიქრებული და მოღუშული იჯდა და საკუთარ ფრჩხილებს დასცქეროდა. არც ყავისკენ გაუხედავს. ნინიმ მხარზე დაადო ხელი:

– არ შემიძლია, ასეთს გიყურო. მე მხიარული, სიცოცხლით სავსე ლიზა მომწონს. შენ არ მარიგებდი, ყველაფერი აუცილებლად მოგვარდებაო?

– ჰო, მოგვარდება, პრობლემა ეს არ არის. უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა მზღუდავენ. ასე მგონია, ვიხრჩობი. ჰაერი არ მყოფნის. დიდხანს, ალბათ, ვერ გავძლებ ასე.

– ლევანი გზღუდავს? ეჭვიანობს, ხომ?

– არა, აქ სხვა ამბავია – განქორწინებაზე ფიქრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად შეეცდება, იპოვოს მიზეზი, რასაც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებს. ისე არ იზამს, რომ მე მომცეს საბაბი. ხვდები, რას ვგულისხმობ? მითუმეტეს, თუ ვიღაც ჰყავს. 

– მე მაინც მგონია, რომ შენზე ეჭვიანობს. არავინაც არ ყავს. 

ლიზამ მხრები აიჩეჩა: 

– ვითომ? მე რომ ინტუიცია სხვას მკარნახობს?! ასეა, თუ ისე, სხვა რეჟიმში მომიწევს ცხოვრება. ლევანი ძალიან ჯიუტია და პრინციპული. დარწმუნებული ვარ, ჩემს ყველა ნაბიჯს შეამოწმებს. კაფეშიც კი ვერ გავდგამ ფეხს. თუმცა, მეც არ ვაპირებ, შტერივით დავჯდე და ველოდო, რა მეთოდებით მომიშორებს თავიდან. მე ვაჯობებ! ეგ კიდევ არ მიცნობს! 

ნინიმ გამამხნევებლად გაუღიმა, ფანჯრიდან გადაიხედა და უცებ, დაფეთებულივთ ჩამოხტა რაფიდან.

– უჰ, ესღა მაკლდა! ლიზა, უნდა მიშველო, ეს დეგენერატი ახლა აქ ამოვა! 

– რა დაგემართა, რატომ გაფითრდი? ხელებიც როგორ აგიკანკალდა. . .

– გიგია მოსული და ქვემოთ დგას. ალბათ, მე მელოდება – თხუთმეტ წუთში ხომ სამუშაო დღე მთავრდება. ეტყობა, იმედი აქვს, რომ მნახავს. პირდაპირ შემოსასვლელის წინ დგას და სიგარეტს ეწევა. 

– გიგი? დარწმუნებული ხარ? – გულგრილად იკითხა ლიზამ. 

– რა თქმა უნდა! ორ თვეში ხომ არ დამავიწყდებოდა. გადაიხედე და დარწმუნდები.

– მე? არასდროს მინახავს, მხოლოდ სურათით როგორ ვიცნო?

– ეგ სულ დამავიწყდა... ვაიმე, ლიზა, რა ვქნა? ეგ რადგან აქ მოვიდა, არ წავა. 

– იდგეს, მერე, რა გენაღვლება? ბოლოს და ბოლოს, გვერდს აუვლი და ეგ იქნება. 

– არ გამოვა. მე ხომ ახლა სხვანაირად გამოვიყურები. თმა ქერა მაქვს, თვალებში ფერადი ლინზები ჩავიდგი. ჩაცმითაც სხვანაირად ვიცვამ და, საერთოდაც, დაგავიწყდა, რა თამაში წამოვიწყეთ? ძალიან არ მინდა, გიგიმ  გაიგოს, რომ მე და ის გოგო, რომელსაც ონლაინ რეჟიმში აქტიურად აბამს, ერთი და იგივე პიროვნებაა. 

– მაშინ, საერთოდ ნუ ჩახვალ, ეგ სულაც არ არის პრობლემა. 

– არის. შენ გიგის არ იცნობ, არაფრით მოისვენებს, სანამ არ მნახავს. ვაიმე, რა ვქნა? – ნინიმ მუდარით შეხედა, – ლიზა, ჩადი, რა, მასთან?

– რა, გაგიჟდი? მე რა მინდა მასთან?

– დაელაპარაკე და აუხსენი, რომ რამდენიმე დღე სამსახურში არ ვიქნები. უთხარი, სტაჟირებაზე გააგზავნესო. ან, უმჯობესია, უთხრა, რომ აქ საერთოდ აღარ ვმუშაობ.

– მოიცა, მოიცა, ეგრე არ გამოვა. მე მასთან ვერ ჩავალ, ახლა ეგ ჩემთვის სერიოზული რისკია. 

– რისკი რატომ?

– იმიტომ. წეღან რაზე გელაპარაკე? შეიძლება, ჩემმა ქმარმა ვინმე მომიჩინა და, რომ უთხრას, ვიღაცას შეხვდაო?! იქნებ, სურათიც გადამიღოს მასთან მოსაუბრეს. ნინი, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, მაგრამ, რისკზე ვერ წავალ, მაპატიე. . 

– აუ, დავიღუპე და ეგააა... თან, იცი, რისი მეშინია?! უცებ გული არ ამიჩუყდეს და ყველაფერი არ ვაპატიო.. – აწუწუნდა ნინი... 

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3