ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 45 წლის მამაკაცი. დამისვეს დიაგნოზი – კატარაქტა. მითხრეს ოპერაცია ნაადრევიაო და მკურნალობა დამინიშნეს. რატომ არ არის ამ ასაკში ოპერაცია მიზანშეწონილი?
პასუხი: კატარაქტის საწყის სტადიაში მიზანშეწონილია კონსერვატიული მკურნალობა, რადგან ზოგიერთი ფორმის დროს შემღვრევა შესაძლოა, გაიწოვოს. ანტიკატარაქტული პრეპარატები, ჩვეულებრივ, თვალის წვეთებია, რომლებსაც დღეში 3-5-ჯერ იწვეთებენ. მათი დიდი ნაწილი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, ბიოგენურ სტიმულატორებსა და არაორგანულ მარილებს. როდესაც დაავადება შორს არის წასული და მედიკამენტურ მკურნალობას სასურველი შედეგი არ მოაქვს, მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ქირურგიული ჩარევა მიიჩნევა.
კითხვა: სამსახურიდან გამომდინარე, მთელი დღე მიწევს ფეხზე დგომა და ვატყობ, რომ ფეხებზე წვრილად კაპილარები დამეტყო. ვარ 25 წლის და რა ვქნა?
პასუხი: ჩვეულებრივ, ასე ვლინდება ვენების ქრონიკული დაავადება. ატარეთ ფეხსაცმელი 3-4 სანტიმეტრის ბრტყელი ქუსლით. გამოიყენეთ ელასტიკური წინდები და მიმართეთ ანგიოლოგს.
კითხვა: გადადის თუ არა მამაკაცზე პაპილომავირუსი? რას იწვევს მამაკაცებში ეს ვირუსი და რამდენად ეფექტურია მკურნალობა?
პასუხი: ინფიცირება შესაძლებელია, რადგან პაპილომავირუსი გადადის სქესობრივი გზით. მამაკაცების უმრავლესობას პაპილომავირუსით ინფიცირების შემთხვევაშიც კი, სიმპტომები არ უვლინდებათ და აქედან გამომდინარე, არც ჯანმრთელობის მხრივ ექმნებათ პრობლემა. მაგრამ პაპილომავირუსის ზოგიერთ ტიპს შეუძლია, გენიტალური კონდილომების პროვოცირება. პაპილომავირუსის ონკოგენური ტიპები კი ზოგ შემთხვევაში იწვევს სასქესო ასოს და სწორი ნაწლავის კობოს. თუ შეამჩნევთ, რომ კონდილომები გამოგივიდათ, აუცილებლად მიმართეთ ვენეროლოგს. თუ გაინტერესებთ, ხართ თუ არა ინფიცირებული პაპილომავირუსით, მაშინ უნდა მიმართოთ ვირუსოლოგს.
კითხვა: თუ მოწმდება საქართველოში დონორთა სისხლი? შესაძლებელია თუ არა, რომ სისხლის ბანკმა გასცეს შეუმოწმებელი სისხლი?
პასუხი: შეუმოწმებელი სისხლის გაცემა დანაშაულია. წესით, ყველა სისხლის მოწმდება.
კითხვა: მიშუპდება სახე, არა მარტო თვალები, არამედ მთლიანად სახე. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სახის შეშუპებას არაერთი პათოლოგიური მდგომარეობა უდევს საფუძვლად. ამიტომ, პირველადი გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის მიზნით, უნდა მიმართოთ თერაპევტს, რომელიც განსაზღვრავს, რომელი პროფილის სპეციალისტის კონსულტაციას საჭიროებთ.