სად მიიღო პირველი დიდი გამოცდილება თამთა შედანიამ და როდის იყო ის დაბნეული და შეშინებული გოგონა
სულ მალე „მის საქართველო“ და წარმატებული მოდელი თამთა შედანია „მის მსოფლიოზე“ გაემგზავრება. მისი სამოდელო კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო, რასაც დღეს თამთა სიამაყით იხსენებს და ფიქრობს, რომ განვლილმა ყველა ეტაპმა მის ცხოვრებაში სერიოზული გარდატეხა მოახდინა. ყველაზე რთული ეტაპი მისთვის ახალგაზრდა მამის გარდაცვალება იყო. ამ ამბავს თამთა დღემდე დიდი გულისტკივილითა და ცრემლით იხსენებს.
თამთა შედანია: ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ჩემი დამრიგებელი და მეც მინდოდა, მასწავლებელი გავმხდარიყავი. მეორე კლასში ვსწავლობდი და სახლში რომ მოვდიოდი, დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი, სია მქონდა გაკეთებული, კლასელების სახელები, გვარები მეწერა და სხვადასხვა საგანში ნიშნებს ვუწერდი. თან‚ ცარიელ სივრცეს ჩემთვის ვესაუბრებოდი. მესამე თუ მეოთხე კლასში ვიყავი, „ფეშენ-ტივიზე“ მოდელების შესახებ გადაცემა რომ ვნახე. ძალიან მომეწონა მათი ცხოვრება – როგორ გამოდიოდნენ პოდიუმზე და მასწავლებლობა მაშინვე გადავიფიქრე. ამის მერე‚ ყოველდღე სარკის წინ ვიდექი, მაკიაჟს ვიკეთებდი, ქუსლებით დავკაკუნობდი ოთახში და საკუთარ თავს დეფილეს ვუწყობდი. მახსოვს‚ გარშემო ყველა მეუბნებოდა: შენ პატარა სინდი კროუფორდი ხარო. მერე‚ როცა ცოტა წამოვიზარდე‚ უკვე ოჯახის წევრებს ვუტარებდი დეფილეს. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ბისერებისგან სხვადასხვა აქსესუარის გაკეთება, თოჯინებს ვუკერავდი კაბებს, ესკიზებს ვხატავდი.
– ამ კუთხით ხომ არ აპირებ მომავალში რამის გაკეთებას?
– ვფიქრობ. საკუთარი თავის შეფასებებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ‚ როდესაც დამიხატავს ესკიზი, ბევრს მოსწონებია. ხშირად ჩემი დახატული ესკიზებით ვიკერავ კაბას, პიჯაკს და მერე ლამაზად ვაფორმებ. ამიტომ‚ ვფიქრობ, სამომავლოდ ამ კუთხით მოვსინჯო ძალები. ბევრი იდეა მაქვს. ეს საქმე‚ ალბათ‚ უფრო ჰობის დონეზე იქნება. უფრო მინდა, პიარის მენეჯმენტის კუთხით წავიდე, საკუთარი კომპანია გავაკეთო.
– რა გახსოვს კიდევ ბავშვობიდან ყველაზე კარგად?
– ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. თბილი ოჯახი მაქვს, სულ მეფერებოდნენ, ყველაფერს მისრულებდნენ. განებივრებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ ეს ცუდად არასდროს გამომიყენებია.
– სამოდელო საქმიანობაში ჩართვამ სერიოზული გარდატეხა მოახდინა შენს ცხოვრებაში.
– მაღალ კლასებში ძირითადად სწავლაზე ვიყავი კონცენტრირებული. მაგრამ პარალელურად, სულ მინდოდა‚ სამოდელო სფეროში მომესინჯა ძალები. 2007 წელს ამიტომაც გამოვედი „ელიტ მოდელ ლუქის“ კონკურსზე. გავიმარჯვე და როგორც გამარჯვებული „მსოფლიო ელიტზე“ წავედი.
– ვფიქრობ, სწორი არჩევანი გააკეთე.
– მე ვარ ადამიანი, რომელიც, რასაც აკეთებს, იმას არასდროს ნანობს. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, მანამდე ბევრს ვფიქრობ. ყველაფერმა ისე მალე გაიარა, მგონია‚ გუშინ, გუშინწინ იყო. თუმცა‚ ჩემს წარსულს, გამოცდილებას რომ გადავხედავ‚ თან ჩემს ასაკს ვიხსენებ, საკუთარი თავით ვამაყობ. საკმაოდ პატარა ასაკში შევძელი გავზრდილიყავი, როგორც მოდელი და პიროვნება. ვისწავლე დამოუკიდებელი ცხოვრება და იმის კეთებაც, რაც დღეს ბევრს არ შეუძლია საქართველოში, თუნდაც დამოუკიდებლად ცხოვრება. ამას ბევრი ქალი და კაციც კი, ვერ ახერხებს. მე კი 14 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ და შევძელი‚ ჩემი ოცნება ამესრულებინა – მოდელი გავმხდარიყავი. ამისთვის ყველაფერი გავაკეთე, გამოვიყენე ჩემი მიზანდასახულობა, არ დამიხევია უკან და ბევრი სირთულეც გადავლახე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, მაინც მარტო მივდიოდი ბევრ ქვეყანაში. პირველად 14 წლის ასაკში წავედი იაპონიაში, სამი თვე ვცხოვრობდი იქ და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ვისწავლე: როგორ მემუშავა, როგორ მომევლო საკუთარი თავისთვის, გავიაზრე ის პასუხისმგებლობები‚ რაც ჩემს წინაშე იდგა. ასევე‚ ვიცოდი, რომ უნდა მეზრუნა ჯანმრთელობაზე. იყო მომენტი, არ მქონდა კარგი სეზონი, სერიოზული სირთულეებიც შემხვდა, მაგრამ ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობ მომავალზე და წარსულიდან მხოლოდ – კარგზე. რადგან, ხელი რომ ჩავიქნიო და ერთი სირთულის გამო ყველაფერი, რაც აქამდე ყოფილა, წყალში ჩავყარო – ეს არ იქნება სწორი.
– ახლანდელი თამთა დიდად განსხვავდება 14 წლის თამთასგან?
– 14 წლის თამთა გამოუცდელი იყო, შეშინებული პატარა გოგონა, რომელიც ამ ასაკში იწყებდა კარიერას, თან, უცხოეთში. არ იცოდა, საიდან რა უნდა დაეწყო. დღეს კი შემდგარი მოდელი ვარ: პროფესიონალი, გამოცდილი და უშიშარი საქმის მიმართ. ამდენმა დაბრკოლებამ, წინააღმდეგობამ, რაც ამ წლების განმავლობაში საქმეში შემხვდა, უფრო მეტი თავდაჯერებულობა და რწმენა მომცა. ახლა, როცა საკუთარ ფოტოებს ან ვიდეოებს ვუყურებ, მეცინება, ეს მე ვარ-მეთქი... ძალიან გავიზარდე და შევიცვალე.
– როგორც მოდელი, ბევრ ქვეყანაში ძალიან წარმატებულად მუშაობდი.
– ვმოგზაურობდი და მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში ვარ ნამყოფი. შეიძლება ითქვას, ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა პარიზში გატარებულმა სამმა თვემ. იქ ძალიან გავიზარდე და პირველი დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ გამოვყოფდი სინგაპურს, სადაც ვმონაწილეობდი „რობერტო კავალის“ ჩვენებაში და თავად კავალიც გავიცანი. შემდეგ იყო ჰონკონგი, სადაც ცნობილ ბრენდებთან ვმუშაობდი: „ქელვინ ქლაინი,“ „პრადა,“ „ქლოე.“ ეს ერთი წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო, ტოპ-მოდელი ვიყავი, გავხდი „ჯორდანოს“, ასევე, „შანხაი ტანგისა“ და სხვა ცნობილი ბრენდების სახე.
– უკვე დიდი ხანია, საქართველოში ხარ. არ აპირებ უცხოეთში სამოდელო კარიერის გაგრძელებას?
– ლოს-ანჯელესიდან მქონდა შემოთავაზება, უნდა წავსულიყავი, მაგრამ იმ დროს ლას-ვეგასში „მის უნივერსზე“ გავემგზავრე. ამიტომაც, გადაიდო ეს კონტრაქტი, მაგრამ, ახლა მივდივარ ინდონეზიაში „მის მსოფლიოზე“ და კიდევ გადაიდება. აღარ ვაპირებდი სილამაზის კონკურსში მონაწილეობას, მაგრამ, გარკვეული პირობების შემდეგ, გადავწყვიტე, ბედი მეცადა. თან, როცა ამდენი წელი შრომობ, ცდილობ, რაღაცას მიაღწიო, მერე, არ გინდა, საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: რატომ არ ვცადე? ეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კონკურსია და მინდა, ბედი ვცადო. 3 სექტემბერს გავემგზავრები, 28 სექტემბერს კი ჯაკარტაში იქნება ფინალი.
– რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას, ვიცი, ყველაფერი კარგად გაქვს. შენ და ერეკლე ხომ არ აპირებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას?
– კი, კარგად არის ყველაფერი. შემოდგომაზე ჩატარდება „მის საქართველო“ და მერე სერიოზულად ვიფიქრებთ ხელმოწერაზე.
– პირად ცხოვრებაში რომ ყველაფერი ასე კარგად გაქვს, დარწმუნებული ვარ, ეს უფრო მეტ სტიმულს გაძლევს.
– ხშირად ინტერნეტში ვკითხულობ ცნობილი ადამიანების ინტერვიუებს, როგორ ვითარდებოდა მათი კარიერა, ცხოვრება. არ ვიცი, მე მხვდება ასეთი რაღაცეები თუ, უბრალოდ, დამთხვევაა, ხშირ შემთხვევაში, ცნობილი ქალები აღნიშნავენ, რომ კარიერას უფრო კარგად იწყობენ, ვიდრე პირად ცხოვრებას, უფრო სწორად, ერთმანეთს ვერ უთავსებენ. მე გამიმართლა და ჯერჯერობით ვახერხებ ორივეს აწყობას.
– ალბათ, ეს ყველაფერი გარკვეული დათმობების ხარჯზე ხდება.
– რაღაც უნდა დათმო, რომ მერე რაღაც მიიღო. ამიტომ ჯობია, პატარ-პატარა რაღაცეები დათმო, ბედნიერი იყო, ვიდრე ეს ყველაფერი დაკარგო. ამიტომაც, შემიძლია, დათმობებზე წასვლა, ისევე‚ როგორც ერეკლეს. ურთიერთობაში მთავარი ურთიერთგაგებაა. ჩვენ კი‚ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ამიტომაც ურთიერთობაში სერიოზული სირთულეები არ გვქონია, პატარა კინკლაობა არც ითვლება: ერთი საათით რომ გაიბუტები და მერე ვეღარ ითმენ, შერიგება გინდა.