როგორ გაუსწორდა მამაკაცი ბავშვობის მეგობარს და რატომ მისცა მის წინააღმდეგ ჩვენება საკუთარმა დამ
37 წლის ბესიკ ჭ-ძე საავადმყოფოში გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ორი ჭრილობით მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო – მამაკაცს დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები, თუმცა ფიზიკური ზემოქმედებისა და ცემის კვალიც აღენიშნებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც შეძლეს. დაჭრილი საავადმყოფოში ქუჩაში შემთხვევით გამვლელმა მიიყვანა. მას დაზარალებულთან და ამ ინციდენტთან საერთო არაფერი ჰქონდა. მოგვიანებით, მოწმის სახით დაკითხვისას, მან განაცხადა, რომ მამაკაცი შემთხვევით აღმოაჩინა: „გვიანი ღამე იყო, ხელოსანი კაცი ვარ და გვიანობამდე შემოვრჩი საქმეს, სახლში ვბრუნდებოდი. მანქანა გზად დაუსახლებელ ადგილას გავაჩერე, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გადავედი. გვიან შევნიშნე, რომ იქვე, სხვა მანქანაც იყო გაჩერებული, საიდანაც მამაკაცის კვნესა ისმოდა. ახლოს მივედი მანქანასთან და დავინახე, რომ საქარე მინა ჩამტვრეული იყო, გახსნილ კარს კი გასისხლიანებული მამაკაცი მიწოლოდა. მთხოვა: დაჭრილი ვარ, მიშველე, საავადმყოფოში წამიყვანეო. არც დავფიქრებულვარ, ისე მივეხმარე და ჩემს მანაქანაში გადმოვიყვანე. ერთი, რამაც გამაოცა, დაჭრილი მამაკაცი ტიტველი იყო. იქვე მისი ტანსაცმელიც შევნიშნე, მაგრამ ჩაცმას ვერ დავუწყებდი, მანქანაში ზეწარი მქონდა და ის მივაფარე. საავადმყოფომდე ხმა არ გაუღია, არც მე მიკითხვას არაფერი. ვჩქარობდი, რადგან მივხვდი, სისხლისგან იცლებოდა. არც საავადმყოფოში მივატოვე, სანამ პილიციელები არ მოვიდნენ. მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამიტომაც, რაც ვნახე, ის მოვყევი პოლიციელებთან, რომლებიც საავადმყოფოში მათი გამოძახებისთანავე მოვიდნენ”.
დაჭრილი მამაკაცის დაკითხვა სამართალდამცველებმა ქირურგიული ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. იქამდე, ოპეარტიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა მისი ვინაობა. 37 წლის მამაკაცი ერთ-ერთი ტოტალიზატორის თანამშრომელი იყო. ამიტომაც, ინციდენტის პირველი ვერსია, მის საქმიანობას დაუკავშირეს. თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცის შიშველ მდგომარეობაში ყოფნა, ვითარებას მეტად საეჭვოს ხდიდა. მოგვიანებით, დაზარალებულმა ბესიკ ჭ-ძემ განმარტა, რომ ტანსაცმელი იძულებით გახადა მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც ის ინციდენტის ადგილზე მოტყუებით მიიყვანა.
ოპერატიული სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულს, რომელსაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა გოგონასთან. საყვარლის ვინაობაც კი მისი წრისთვის გასაიდუმლოებული იყო. შესაბამისად, მის ვერსიას, რომ ის შემთხვევის ადგილზე მოტყუებით მიიყვანეს, შესაძლოა, რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო. გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი ქალთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, მით უფრო, რომ დაზარალებული ინტიმურ ვითარებაში ნახეს. გამოძიებას ნათელი თავად ინციდენტის კიდევ ერთმა მონაწილემ მოჰფინა. მან შემთხვევის ადგილზე მომხდარის დეტალები თავად შეატყობინა გამოძიებას – არც მეტი არც ნაკლები, ჩვენება საკუთარი ძმის წინააღმდეგ დამ მისცა. ფაქტის გახმაურების შემდეგ გაოცებას ვერც დაზარალებული მალავდა, რომელიც, როგორც განაცხადა, ამ ისტორიის დამალვას აპირებდა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. სამართალდამცველებმა დააკავეს 37 წლის მამუკა გ-ძე, რომელმაც სასამართლო პროცესზე შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება დამ მისცა. მას შემდეგ, რაც გამოძიებისთვის დანაშაულის დეტალები ცნობილი გახდა, დაზარალებული ბესიკ ჭ-ძეც იძულებული შეიქნა, სიმართლე ეღიარებინა, რომელიც მის გარდა, მხოლოდ ინციდენტში მონაწილე ორმა პირმა იცოდა. მათგან ერთ-ერთი, მამუკა გ-ძე ბავშვობის მეგობარი იყო, მისი და, ხათუნა გ-ძე კი – საყვარელი.
ამონაწერი ხათუნა გ-ძის ჩვენებიდან: „ნახევარ წელზე მეტია, ბესიკ ჭ-ძესთან ინტიმური ურთიერთობა მაქვს, რაც ჩემმა ძმამ არ იცოდა. ბესომ თავიდან მოტყუებით დაამყარა ჩემთან კავშირი, მპირდებოდა, ცოლს უნდა გავშორდე და შენ მოგიყვანოო. როცა მივხვდი, რომ მისი დაპირებები ტყუილი იყო, დავემუქრე, ჩემს ძმას ყველაფერს ვეტყვი და არ გაპატიებს-მეთქი. მაშინ მითხრა: მე და შენი ძმა ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთს მოსაკლავად ნუ გაგვამეტებინებო. შეშინებულს ამ საკითხზე ხმა აღარ ამომიღია, მალულად ვხვდებოდი ბესოს, რომ ჩემს ძმას არაფერი გაეგო. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, შევნიშნე, რომ ჩემი ძმა ბესოს მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. მაშინვე ვუთხარი ბესოს, ნეტავ, მამუკამ რამე ხომ არ გაიგო-მეთქი. არაო, – დამამშვიდა. რამე რომ გაეგო, მამუკას ისეთი ხასიათი აქვს, ამას არ დამალავდაო. ძალიან მრცხვენოდა ჩემი ძმის, მაგრამ ბესოც მიყვარდა და მასთან ურთიერთობაზე საკუთარ თავს უარს ვერ ვეუბნებოდი. იმ დღეს, როცა ჩემმა ძმამ ბესო დაჭრა, მამუკა დილიდან ცუდ ხასიათზე იყო. მივხვდი, რაღაც ხდებოდა. გვიან გავიგე, ბესოს ცოლს დაურეკავს მამუკასთვის და იმას უთქვამს ყველაფერი. ჩვენ არაფერი ვიცოდით. საღამოს ბესომ დამირეკა, ერთმანეთს შევხვდით და იმ ადგილისკენ წავედით, სადაც ერთად ბევრჯერ ვყოფილვართ. ალბათ, ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ უცებ ვიღაცამ მანქანას ლამის კარი გამოგლიჯა. ჩვენ შიშვლები ვიყავით – ძალიან ბნელოდა, მაგრამ დავინახე, როგორი შეშლილი სახე ჰქონდა ჩემს ძმას. ბესო მანქანიდან გადაათრია და წიხლებს ურტყამდა. დავაპირე გადასვლა, მაგრამ მეც დამარტყა. მესმოდა, ბესო როგორ ეუბნებოდა: დამნაშავე ვარ, ვიცი, არ მომკლაო. დავინახე მამუკამ როგორ ამოიღო დანა და ბესოს ორჯერ დაარტყა. ბესო ძირს დავარდა – შიშველი ტანი სისხლით დაეფარა, მაგრამ მამუკა კიდევ ურტყამდა წიხლებს. მერე ქვა აიღო და მანქანას დაარტყა რამდენჯერმე. მე მანქანიდან გადმოვედი, მამუკას ვთხოვე: დაანებე თავი, ან მეც მომკალი-მეთქი. მამუკამ მეც დამარტყა, თავის მანქანაში ძალით ჩამაგდო. დაჭრილი ბესო იქვე მივატოვეთ და წავედით. მეორე დილით მამუკას მეგობარმა მოაკითხა. გავიგე როგორ უთხრა: წუხელ ბესო იპოვეს დაჭრილიო. მამუკას ხმა არ ამოუღია. ჩემი ძმის მიმართ სიძულვილი ვიგრძენი. ორი დღე ვფიქრობდი, პოლიციაში წასვლასა და სიმართლის მოყოლაზე. ვიცოდი, ჩემს ძმას ციხე არ ასცდებოდა, მაგრამ მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება“.
ხათუნა გ-ძის ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა მამუკა გ-ძე დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული თავიდანვე აღიარა და თქვა, რომ საკუთარი ფეხით აპირებდა პოლიციაში მისვლას და მომხდარის შესახებ განცხადებას. მას არც დანაშაულის იარაღი დაუმალავს, რომლითაც ბავშვობის მეგობარს ორი ჭრილობა მიაყენა. ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან: „მე და ბესო სკოლის პერიოდიდან ვმეგობრობთ. მასზე ერთგული არავინ მეგონა. ამიტომ, ეს ამბავი ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ხათუნა ჩვენზე ხუთი წლით უმცროსია. დედა ადრე დაგვეღუპა – დეიდამ გაგვზარდა ორივე გაჭირვებით. უმცროსი და ჩემთვის ყველაფერი იყო და მის შეურაცხყოფას ვერავის ვაპატიებდი, მით უმეტეს, ბავშვობის მეგობარს. ხათუნა მის თვალწინ გაიზარდა და ეს არ უნდა ეკადრა. მე არ ვიცოდი, ერთმანეთს თუ ხვდებოდნენ. ორი დღით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, ბესოს ცოლი დამიკავშირდა და იმან მითხრა. თურმე, ყველაფერი იცოდა, ჩუმად დაჰყვებოდა მათ უკან. ის ადგილიც კი მითხრა, სადაც ყველაზე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმ საღამოს, როცა ხათუნა სახლიდან გავიდა, ბესოს დავურეკე, ლუდი დავლიოთ-მეთქი. არ მცალიაო – მითხრა. მე ცოტა ნასვამი ვიყავი, გადავწყვიტე, თავზე დავდგომოდი ბესოს და ჩემს დას. ფიზიკურად ბესოზე ძლიერი ვარ, მისი ცემა ჩემთვის არაფერი იყო. დანა არასდროს მიტარებია, იმ დღეს ჩუმად ავიღე და მანქანაში ჩავდე. შორიდანვე დავინახე ბესოს მანქანა, ჩუმად ახლოს მივადექი. შოკში ჩვვარდი, როცა დავინახე, რაც ხდებოდა მანქანაში. არაფერი მახსოვს, როგორ გადმოვაგდე ბესო მანქანიდან, როგორ დავარტყი დანა, ინსტინქტურად ვიქცეოდი, მთლიანად გათიშული ვიყავი. სახლში მისული გონს მოვედი. ჩემს ცოლს არ გამოპარვია, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ არც იმას ვუთხარი რამე. მერე მითხრა, რომ ხათუნას თვითონ მოუყოლია ყველაფერი. არც დამალვას ვაპირებდი და არც გაქცევას, რაღაც საქმე მქონდა მოსამთავრებელი. ვიფიქრე, მოვათავებ ამ საქმეს და ჩემი ფეხით მივალ პოლიციაში-მეთქი, მაგრამ იქამდე პოლიცია მოვიდა ჩემთან” – აღიარა მამუკა გ-ძემ საკუთარ ჩვენებაში.
დაზარალებულ ბესო ჭ-ძეს, რომელმაც თავიდან სიმართლე დამალა და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა, სასამართლომ ყალბი ჩვენების მიცემისთვის პირობითი მსჯავრი შეუფარდა. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამუკა გ-ძეს – იმის მიუხედავად, რომ მისი ინტერესების დამცველი ბრალდებულისთვის შეფარდებული მუხლის შეცვლას ცდილობდა, მამუკა გ-ძე ამტკიცებდა, რომ მეგობრის მოკვლა ჰქონდა განზრახული. სასამართლომ გაიზიარა შემამსუბუქებელი გარემოებები, ბრალდებულის წარსული, რეპუტაცია და აფექტური მდგომარეობა, რომელშიც ის აღმოჩნდა, როცა დისა და მეგობრის ინტიმური ურთიერთობის შესახებ შეიტყო და მას ჩადენილი დანაშაულისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.