როგორ გეგმავდა მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ღამის კლუბში ივენთებს დიმიტრი ჩხეიძე და როგორ აცნობს ის უცხოელებს ქართველებს NewYorkFashionLife-ის დახმარებით
„დღემდე მახსოვს, როგორ ჩავედი პირველად იბიცაზე. ძალიან მომეწონა: ამდენი ხალხი, ხუთიათასიანი კლუბები, კლუბის წინ დიდი რიგები, ან შეგიშვებენ, ან არა. როდესაც პირველად დავაპირე Pacha Ibiza-ში შესვლა, საშინლად ვნერვიულობდი: შემიშვებდნენ თუ არა. რა თქმა უნდა, შემიშვეს. მაგრამ, მაშინ არ მიფიქრია იმაზე, რომ ოდესმე თავად გავხდებოდი ამ კლუბის ჯერ მარკეტინგის მენეჯერი, შემდეგ კი არტმენეჯერი. თუმცა, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი: აუცილებლად ვიქნებოდი წარმატებული. მე ის ტიპი ვარ, რომელსაც ლიდერობა უყვარს, სურს იყოს გამორჩეული. ამიტომაც, ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა და ოჯახშიც სყველაზე დაუმორჩილებელი არსება ვიყავი,“ – ეს არის ამონარიდი დიმიტრი ჩხეიძის ინტერვიუდან. ის წლების განმავლობაში, მსოფლიოში ცნობილ და ყველაზე წარმატებულ ღამის კლუბებში მუშაობდა, შემდეგ FashionTV-ზე – 7 წლის განმავლობაში, ახლა კი ის NewYorkFashionLife-ის წარმომადგენელია ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
დიმიტრი ჩხეიძე: დედაჩემი პროფესიით ექიმია, ბებიაც. ძალიან უნდოდათ, მეც სამედიცინოზე მესწავლა. სკოლა ექსტერნად დავამთავრე, პირველივე წელს მოვხვდი სამედიცინოზე. იმავე წელს მამამ საჩუქარი გამიკეთა – ანტალიაში გამიშვა დასასვენებლად. იქ ვნახე, ანიმაციური ჯგუფები, რომლებიც სტუმრებს ართობდნენ. ეს ჩვენთვის მაშინ ახალი იყო. ბავშვობიდან ვცეკვავდი ლათინო-ამერიკულ ცეკვებს, პიანინოზე ვუკრავდი, ხელოვნება სულ მაინტერესებდა, მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი. მოკლედ, ტურიზმში ვიპოვე საკუთარი თავი. დავბრუნდი თბილისში, თუმცა, მეორე წელს ისევ წავედი ანტალიაში, ოღონდ ისე, რომ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. რამდენიმე თვე ვიყავი სპორტ-ანიმატორი, ვაკეთებდი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებას, ვმონაწილეობდი ღამის ანიმაციაში, შოუებში. კარგი ანიმატორი გავხდი. პარალელურად, ვსწავლობდი ენებს. ჩემებმა რომ გაიგეს: ანტალიაში ვიყავი, ანიმაციაში, გადაირივნენ. მამაჩემმა „გაჭედა“: შვილო, იმისთვის გაგზარდეთ, რომ „კლოუნი“ ყოფილიყავიო?! მაშინ ამ ყველაფერს ჩვენთან სხვაგვარად აღიქვამდნენ. მოკლედ, ჩამომიყვანეს, მაგრამ უკვე ბევრი კონტაქტი მქონდა. თან, გერმანელი გერლფრენდი მყავდა, მანუელა. თბილისში მეორე კურსის პირველი სემესტრი დავხურე და ზამთრის არდადეგებზე გერმანიაში წავედი მანუელასთან. ვისწავლე ტურიზმის აკადემიაში, იქიდან იყო ესპანეთი, მერე ბელგია და ასე გაგრძელდა ჩემი კარიერა. გავხდი სასტუმროში სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი, შემდეგ გადავედი კლუბურ ორგანიზაციაში. როცა ახალგაზრდა ხარ, სისხლი გიჩქეფს, უფრო მეტად აქტიური და ემოციური სამსახური გინდა. საბოლოოდ, აღმოვჩნდი Pacha House-ში, Ministry Of Sound-ში...
– ყველაზე ცნობილი ღამის კლუბების ქსელში, სადაც საუკეთესო დიჯეები უკრავენ...
– მალიორკაზე ვმუშაობდი და როგორც კი დამიმთავრდა კონტრაქტი, მაშინვე გადავედი იბიცაზე, ოღონდ როგორც MC. ჰობი მაქვს: მიკროფონზე ვაკეთებ ვოკალ-ჰაუზს, თავისი ეფექტებით. მომღერალი არ ვარ, უბრალოდ, ჰაუზ-მუსიკა მიყვარს. ვქმნი ელექტრონულ მუსიკას და შემდეგ ამ მუსიკაზე ვაკეთებ გარკვეულ ვოკალს. მოკლედ, პირდაპირ „პაჩაში“ მივედი, გასაუბრება გავიარე და მომცეს საშუალება, „ემსი“ გამეკეთებინა. იმხელა ემოცია მივიღე პუბლიკისგან, რომ აღარც მახსოვდა, რას ვყვიროდი და რას ვიძახდი. ყველა „გასწორებულში“ იყო და მეც „გასწორებულში“ ვიყავი. მოკლედ, მუშაობა დავიწყე, როგორც ემსიმ და შემდეგ მარკეტინგში გადავინაცვლე. მალე მარკეტინგის მენეჯერი გავხდი. ზოგადად, ძალიან მშრომელი ბიჭი ვარ, სულ ვმუშაობ, არ შემიძლია, გავჩერდე. მალევე „პაჩა იბიცას“ არტმენეჯერი გავხდი და უკვე მე ვგეგმავდი: რომელი დიჯეი უნდა ჩამოსულიყო, როგორი დეკორაცია ყოფილიყო და რა სახის. ბევრჯერ მიმუშავია დევიდ ვენდეტასთან, დევიდ გუეტასთან, ტიესტოსთან – ძალიან ბევრთან. მე ვაკეთებდი „ლაინ აპს“: რა ფართი უნდა ყოფილიყო, როდის, რის და ვის შემდეგ ვინ უნდა გამოსულიყო, დრო როგორ უნდა დაყოფილიყო... გარდა ამისა, მათ ვეკონტაქტებოდი: ამა და ამ საათზე აქ უნდა იყო, რადგან უკრავ... სხვა ბევრი საქმეც იყო. როდესაც ბრენდი ჩამოდის, მაგალითად, „ტიესტო“ ან „ვენდეტა“, მათ უგეგმავ პრესკონფერენციებს, ინტერვიუებს. ჟურნალისტები კი შენი დახმარებით უკავშირდებოდნენ მათ. მოკლედ, ბევრი სამუშაო მქონდა, მაგრამ საკმაოდ დიდ ჯგუფი მყავდა, მეხმარებოდნენ და ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებდი. იბიცა ძალიან ლამაზია, კარგია, მაგრამ ისეთი სწრაფი ცხოვრებაა, ისე აქტიურად მიდის ყველაფერი, რომ ძალიან დამღლელია. 2-3 წელი „გავქაჩე“, თან, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა. ზოგჯერ 18 საათზე მეტს ვმუშაობდი. მივხვდი: ცოტა სიწყნარე მინდოდა და თავად ვითხოვე გადასვლა. თან, იბიცაზე მუშაობა სეზონურია, 6 თვე მუშაობს, დანარჩენ დროს კლუბები იკეტება, სტუმრებიც ხშირად აღარ დადიან, წვიმს. მე ძალიან მიყვარს მზე, ზღვა, ვარსკვლავები, ამიტომაც გადავედი, თან, 12-თვიანი სამსახური მექნებოდა. „პაჩა შარმშიც“ ისევ არტმენჯერად ჩავედი. პლუს ამას, ვიყავი მარკეტინგის მენეჯერიც, მყავდა დიდი ჯგუფი, რომლებიც ჩემზე მუშაობდნენ და მაქსიმალურად ვაკონტროლებდი მათ. „პაჩა“ ერთი დიდი ქსელია და ყველგან ერთი სისტემით მუშობენ. მაგრამ, მე, რადგან ანიმატორის გამოცდილებაც მქონდა, თან, იბიცაზე სულ სხვა გამოცდილება შევიძინე, ჩავიტანე ახალი სტილი – უფრო გაევროპელებული. სწორედ „პაჩა შარმში“ გავაკეთე „ფეშენ-ტივის“ პირველი ივენთი. გარდა ამისა, ჩამოვიყვანე „საჰაერო აკრობატები“, „ცეცხლოვნი შოუ“. მაგრამ, მერე ტერორისტული აქტი მოხდა, ხალხი აღარ ჩამოდიოდა და იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. თუმცა, ამის შემდეგ მუშაობა გავაგრძელე Ministry Of Sound-თან, მალაიზიაში.
– როგორ დაიწყე „ფეშენ-ტივისთან“ მუშაობა?
– როგორც გითხარი, „პაჩაში“ ვიმუშავე პირველად „ფეშენ-ტივისთვის“ და მომეწონა: მოდელები, დიზაინერები, კამერები... ბევრი ემოციური მომენტი იყო. შემდეგ უკვე ხშირად ვაკეთებდი „მის ბიკინის“, „მის პაჩას“, ვიგონებდი სხვადასხვა კონკურსს, ჩამომქონდა წარმატებული დიზაინერების კოლექციები, ვაწყობდი ჩვენებას, თან, ვაშუქებდი. Pacha House, Ministry Of Sound – ისეთი ბრენდებია, იქ მოხვედრა და ივენთის გაკეთება, ყველასთვის წარმატებას ნიშნავს – დიდი პრესტიჟია. როცა ასეთი ბრენდის არტმენეჯერი ხარ, ბევრი უფლებაც გაქვს და თან აკეთებ იმას, რაც გინდა. მთავარია, პატრონს მოეწონოს იდეა. მას კი, შვილივით ვუყვარდი, რადგან ბევრს ვმუშაობდი და ამას ძალიან აფასებენ. ახლა ვარ „ნიუ-იორკ ფეშენ-ლაიფის“ წარმომადგენელი ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში ვცდილობ, ვიპოვო ლამაზი გოგონები, ბიჭები, საინტერესო დიზაინერები, ნიჭიერი ფოტოგრაფები და წარვადგინო ისინი სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ბრენდთან. 4 წელია, ვმუშაობ და კიდევ გავაგრძელებ, რადგან, ძალიან კარგ ჯგუფთან მიწევს მუშაობა. ჩვენი ბრენდი აკეთებს ნიუ-იორკში „ფეშენ-ვიქებს,“ და „მერსედეს ბენც ფეშენ-ვიქებს“ ასევე, ცნობილი მოდელებისთვის, მომღერლებისთვის კლიპებს, ფოტოსესიებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ. თან, ყველა ქვეყანაში დიდი მხარდაჭერა მაქვს იქ არსებული ამერიკული საელჩოებისგან. რაც მთავარია, თბილისში მყავს ძალიან კარგი ჯგუფი.
– ახლო მომავალში საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– მე, მამუკა ლიპარტელიანმა და ეკა ანდრონიკაშვილმა გავხსენით „ბი სი პროდაქშენი“ და ვაკეთებთ 4 სატელევიზიო პროექტს: 1. „ცხოვრების სტილი“, 2. „ნაით-ლაიფი“ – ეს არის იმისთვის, რომ ქართველებმა ისწავლონ ღამის ცხოვრება, ასევე, საქართველოში ჩამოვიდნენ ცნობილი ბრენდები: Pacha House, Ministry Of Sound, FashionTV... ეს უცხოელებს კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს. სხვადასხვა ქვეყანაში დავდივართ, ვიღებთ იქაურ ფეშენებელურ, კლუბურ ცხოვრებას და შემდეგ ვაჩვენებთ. 3. ეს არის ჯეო-ტური, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს, ვაჩვენებთ აბსოლუტურად ყველაფერს. და 4: „დღის შოუ“, რომელიც სხვა შოუებისგან განსხვავებული იქნება თავისი სტუმრებით, ჩართვებით, რუბრიკებით. გარდა ამისა, ვაკეთებთ საქველმოქმედო კონცერტს ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მკურნალობენ პენტაგონში. საქართველოდან მიგვყავს მომღერლები, მიგვაქვს ნობათი, საჩუქრები. ამ ყველაფერს კი ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“, რომლის დამფუძნებელია მამუკა ლიპარტელიანი. ჩვენი წასვლა იგეგმება 16 სექტემბერს. ყველა ჯარისკაცის მშობლებს ვერ დავუკავშირდით, ამიტომ, ვისაც სურს, შეუძლიათ, თავად დაგვიკავშირდნენ და გაგვატანონ შვილებთან რაიმე მნიშვნელოვანი: ფოტო, წერილი ან სხვა რამ.