რატომ არის ქეთი ორჯონიკიძისთვის სიყვარული „მიდი-მოდი“ გრძნობა და რა დააწყებინა მას მოწოლილმა იდეებმა
ის, რომ ქეთი ორჯონიკიძე კარგად მღერის, ეს უცხო არავისთვისაა, მაგრამ, ის, რომ რომანების წერა დაიწყო და თანაც, რუსულ ენაზე, ალბათ, ბევრისთვის გასაკვირი იქნება. ქეთი ბავშვობიდან წერს ლექსებს, ჩანახატებს და ეს საკმაოდ კარგად გამოსდის. როგორც თავად ამბობს, იდეა, რომ რომანზე დაეწყო მუშაობა, ერთ წამში მოუვიდა, ჩაუჯდა და გამოუვიდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, თავად კმაყოფილია და იმედი აქვს, ფართო მკითხველი, სულ მალე იხილავს მის წიგნს.
ქეთი ორჯონიკიძე: ყველას უკვირს, რომ ვამბობ, რომანის წერა დავიწყე, თანაც რუსულ ენაზე-მეთქი, მაგარი ფაქტია (იცინის). სახლში შუქი ჩაქრა, ავანთე სანთელი. მიმოვიხედე, ირგვლივ სიჩუმეა, ინტერნეტიც არ მაქვს და გამიჩნდა იდეა, წერას დავიწყებ-მეთქი. მივყევი, მივყევი და გამომივიდა.
– ესე იგი, ხანდახან ბლოკადაც საჭირო ყოფილა, შენი ფიქრების რეალიზება რომ მოახდინო?
– ასე გამოდის (იცინის). სიბნელე არ მიყვარს, მაგრამ სანთლები რომ ავანთე და კარგად მოვეწყვე, დავიწყე წერა. ჯერ არც კი ვიცი, როგორ დავასრულებ.
– და რატომ რუსულ ენაზე?
– არც კი ვიცი. უბრალოდ, რუსულად დავიწყე წერა და აზრადაც არ მომსვლია, ქართულად გადმომეთარგმნა. მეტაფორები, ვფიქრობ, რუსულ ენაში უფრო მეტია. თან, ქართულად კი არა, რუსულად ვაზროვნებ და თარგმნას ხომ არ დავიწყებ? რა ენაზე დაწერო წიგნი, შენ კი არ წყვეტ. ეს გულის ტალღებიდან წამოსული ემოციის ბრალია. მეხუმრებიან ხოლმე, რა არის გოგო, რუსულ ენაზე რომ წერ, წინა ცხოვრებაში ციმბირელი ხომ არ იყავიო (იცინის). ეს წიგნი კი უფრო დეტექტივ-ფანტასტიკა გამოდის, ვიდრე რომანი, მაგრამ ძალიან საინტერესო წასაკითხია. აზრი კი ის დევს, რომ ყველაფერი იყიდება, სიკვდილის გარდა.
– ამბავი რომელ დროში ხდება?
– ეს უფრო ძველი დროა, თუმცა კონკრეტული დრო არ ჩანს რომანში. მინდა, ვინც წაიკითხავს, ის დრო წარმოიდგინოს, რომელშიც თავად სურს ეს ისტორია ხდებოდეს. ჩემთვის კი ეს ძალიან ძველი დროა.
– ანუ, რამდენი საუკუნით უკან დაიხიე?
– ალბათ, ერთი საუკუნით უკან. ჯერ ასეა და ნელ-ნელა, უკან-უკან ვიხევ (იცინის). სხვათა შორის, რასაც ვწერ, კადრებად ვხედავ. ჩემთვის ეს კინოა, რომელიც ფურცლებზე გადამაქვს. იცით, როგორი შეგრძნება მაქვს წერის დროს? რომ, ეს არის ემოცია, ზღვა, რომელსაც ყელსა და გულს შორის ვგრძნობ და იმას გადმოვცემ.
– და ეს ზღვა, რომელიც ყელსა და გულს შორისაა, როდის აღელდება? თუ უკვე ღელავს?
– ჯერ დაწყნარებულია ზღვა, შტორმს არ ველოდები (იცინის). მირჩევნია, წყნარად ილივლივოს ყელსა და გულს შორის ამ ემოციის ზღვამ და მომცეს საშუალება, საღად ვიაზროვნო და ზღაპრებში არ გადავარდე. დამიჯერეთ, როცა წერას ვიწყებ, აბსოლუტურად ვწყდები გარემოს. იმ გრძნობას კი, რომ შენ რაღაცას ქმნი, არაფერი შეედრება.
– ამ წიგნის დაბეჭვდას როდის გეგმავ?
– მალე მოვრჩები წერას და მინდა, ლიტერატორის ხელში მოხვდეს, რადგან მკითხველს ვერ ვაკადრებ წიგნს, სადაც რაიმე შეცდომა იქნება გაპარული. მერე, კი თამამად დავბეჭდავ.
– წიგნის სათაური უკვე მოფიქრებული გაქვს?
– ჯერ ვფიქრობ, რა დავარქვა. რომ მოვრჩები, მერე დავარქმევ სახელს.
– ხომ არ ერქმევა „ზღვა ყელსა და გულს შორის”?
– (იცინის). კარგი იდეა, ისე უცბად დავიწყე წერა – მინდოდა მომესწრო ის, რაც თავში ტრიალებდა და თვალწინ კადრებად მიდიოდა ფურცელზე გადმომეტანა, არც წიგნზე ვფიქრობდი იმ მომენტში, არც კორექტურულ შეცდომებზე, არც მის დაბეჭვდაზე და პრეზენტაციაზე, მით უმეტეს. ისე შემაწუხა იდეებმა, ოთხ დღეში, რომანის თითქმის ნახევარზე მეტი დავწერე. „ფეისბუქის” გვერდზე დავდე რომანიდან ამონარიდები და კარგი გამოხმაურება ჰქონდა. თუმცა, არ მიყვარს, ნაწილ-ნაწილ რომ კითხულობენ და მირჩევნია, დასრულებული ვარიანტის შეფასება მოვისმინო. ახლა, იდეაში მაქვს მეორე, ფანტასტიკური რომანის დაწერა. დაწყებულიც მაქვს. რამდენიმე დღის წინ კი, გონებაში გამიელვა ინგლისურმა ფრაზამ და ამ ენაზეც დავიწყე წერა. მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკაში ვიყავი „გადაშვებული”, ახლა კი მივხვდი, რომანების წერამაც „გადამითრია” მორევში. სადამდე გავუძლებ მუზების შემოტევას, ვერ გეტყვით (იცინის).
– საქმეების გადამკიდე, როგორც მივხვდი, დასვენებას ვერ ახერხებ?
– ასე გამოდის. ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ და წლით დრაკონი. როგორც ამბობენ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოგზაურობა უყვართო და არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა, ისე გამოდის, რომ საქმის გამო დასასვენებლად ვერ ვახერხებ წასვლას. წელს ძალიან მინდოდა კანში წასვლა და დასვენება, მაგრამ ჯერჯერობით ესეც არ გამოდის. 13-14 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა მოსავლელი. ასე რომ, ოცნებები ჯერ ასახდენი მაქვს და იმედია, ამასაც მოვახერხებ. მიყვარს მეგობრებთან ერთად მოგზაურობა და მათთან ერთად გართობა. უფრო ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნახვა მხიბლავს, ვიდრე უცხო ქვეყანაში დასვენება და გარუჯვა. სხვათა შორის, ამ ზაფხულს, რამდენიმე დღით ფოთში მომიწია წასვლა. იქაურმა ქვიშამ ისეთი ალერგია მომცა, ისე გავსივდი, ერთ დღეში ასი კილო გავხდი (იცინის). მივხვდი, შავი ზღვის სანაპირო ცუდად მოქმედებს ჩემზე და მასუქებს, უფრო სწორად მასიებს (იცინის).
– თუ არის ისეთი ნივთი, რომელიც სულ თან დაგაქვს დასასვენებლად?
– ადრე, სულ დამქონდა პატარა სათამაშო, ახლა კი ჩემს ფუმფულა დათუნიასთან ერთად დავდივარ, რომელსაც დავარქვი გიორგი. კომფორტი გვიყვარს მე და გიორგის და ექსტრემს ვერიდებით. ცოცვა-ხოხვა არ გვიზიდავს (იცინის).
– პირად ცხოვრებაში არ არის სიახლე?
– პირად ცხოვრებაში არაფერიც არ ხდება და ამ მხრივ დასვენებული ვარ. საქმეზე ვარ გადართული და სად მცალია სიყვარულისთვის? თუმცა, თუ მოვა, უარს ხომ ვერ ვეტყვი (იცინის)? არც სიყვარულის ნაკლებობა მაწუხებს და არც უსიყვარულობის. ცხოვრებაში სიყვარულის ნაკლებობას არ განვიცდი. ჩემ გვერდით უამრავი ადამიანია, ვისაც გულით ვუყვარვარ და იმედია, ის ერთადერთიც გამოჩნდება (იცინის). სიყვარული ისეთი გრძნობაა, სულ მიდი-მოდის.