როგორ ცდილობდა საკუთარი სიკვდილის ინსცენირებას და ნაძარცვი ფულით მიმალვას, კრიმინალი მეტსახელად „ნოსა“
გვამი
წყნეთის ტყეში სასიყვარულოდ ასული წყვილი წიწვნარს შეუყვა და ხშირ, უეკლო ბუჩქებთან შეჩერდა. ის იყო, ხვევნა-კოცნა დაიწყეს, რომ საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიადაგი ჩარეცხა და მიწიდან ადამიანის ხელი გამოჩნდა, რომელსაც თითები ჰქონდა მოკვეთილი.
– ღმერთო ჩემო, ეს რა არის, გიზო? – იკივლა გოგონამ და კავალერს მიეკრა, რომელიც ამ საშინელ აღმოჩენას თვალებგადმოკარკლული უყურებდა.
– ტრუპია, თალიკო, ვერ ხედავ?
– ტრუპი? რა ტრუპი, ტრუპი რას ნიშნავს?
„შენი სოფლელი დედაც!“ – გაიფიქრა გიზომ და გოგონას უთხრა:
– მოკლული ადამიანის სხეულია და სასწრაფოდ მილიციას უნდა შევატყობინოთ.
– რა, მილიციას, ხომ არ გაგიჟდი? – იკივლა თალიკომ, – მაგის მკვლელობა ჩვენ არ დაგვაბრალონ. წავედით აქედან.
– აუცილებლად უნდა შევატყობინოთ, თორემ, ეს რომ არ ვქნათ და გაიგონ, აქ ვიყავით, შეიძლება, მართლა დაგვაბრალონ მკვლელობა.
ქალ-ვაჟი წყნეთის მილიციის ქვეგანყოფილებაში მივიდა და მორიგე მილიციელს ტყეში ნაპოვნი ადამიანის ხელის შესახებ შეატყობინა.
– მარტო ხელი იყო, თუ გვამიც? – იკითხა მორიგემ.
– არ ვიცი, ამხანაგო უფროსო. მიწიდან მხოლოდ ხელი მოჩანდა. ეს რომ ვნახეთ, აქეთ გამოვიქეცით, რომ თქვენთვის შეგვეტყობინებინა, – უთხრა გიზომ მილიციელს.
წყნეთის მილიციის ქვეგანყოფილებაში სასწრაფოდ შეიქმნა ოპერჯგუფი და ქალ-ვაჟთან ერთად შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. მიწა ამოთხარეს და უცნობი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ორი ტყვიით იყო მოკლული. შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებმაც გამოიკვლიეს და სურათები გადაიღეს. გვამი პროზექტურაში წაიღეს გასაკვეთად. ორჯონიკიძის რაიონის მილიციის განყოფილებაში კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით.
„შლეგი“
ექსპერტიზის დასკვნამ წინასწარი ვარაუდი დაადასტურა და მამაკაცი ორი ტყვიით მოკლული აღმოჩნდა. ჭრილობები „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტით ჰქონდა მიყენებული შუბლისა და გულის არეში და ორივე სასიკვდილო იყო. მოკლულის სხეულიდან ამოღებული ტყვიის გულები ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაიგზავნა და გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მკვლელობის იარაღი – „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კარტოთეკაში არ იყო რეგისტრირებული. გვამის გაკვეთამ კი უჩვენა, რომ სიკვდილის წინ მოკლულ მამაკაცს ალკოჰოლის საკმაო დოზა ჰქონდა მიღებული. აღწერილობის მიხედვით, უცნობი მამაკაცი 40-45 წლის იყო, საშუალო სიმაღლის, ათლეტური აღნაგობისა და მარჯვენა ხელზე ბოლო ორი თითი აკლდა. ყურადღებას იქცევდა მისი ტატუირებით დაფარული სხეულიც, რაც ეჭვს არ იწვევდა, რომ ის კრიმინალურ სამყაროს ეკუთვნოდა. ამიტომ, გამოძიება ამ კუთხით წარიმართა და იდენტიფიკაციის შედეგად დადგინდა, რომ წყნეთში მოკლული მამაკაცი იყო 44 წლის მირიან გოგუაძე, მეტსახელად „შლეგი.“ გოგუაძე ოთხჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის და ციხეში 17 წელი ჰქონდა გატარებული. უკანასკნელად ის ლენინგრადში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისთვის გაასამართლეს – მან და კიდევ მისმა სამმა მეგობარმა შემნახველი სალაროს ინკასატორებს 110 ათასი მანეთი წაართვეს და მიიმალნენ. თუმცა, სამი დღის შემდეგ მათ მილიცია დააჯდა კუდზე, ერთ-ერთ კერძო სახლში მოიხელთეს და ორი ადამიანი აიყვანეს, მათ შორის შლეგიც. ერთი კი მოკლეს და ერთიც უკვალოდ გაქრა, თუმცა მოკლულად ითვლებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ გატაცებული 110 ათასი მანეთი ვერსად აღმოაჩინეს. როგორც საქმის ძიებამ დაადგინა, ფული ურთიერთსროლისას დაიწვა. საქმეში ექსპერტიზის დასკვნა იდო, რომელიც ადასტურებდა, რომ აყვანის ოპერაციის დროს სახლში აღმოჩნდა ფულის დასტების ნამწვავები. ამგვარად 110 ათასი მანეთი ჩამოიწერა, ხოლო დაპატიმრებულ ანტონ კარპინის და მირიან გოგუაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც დახვრეტას ითვალისწინებდა, რადგან შეიარაღებული თავდასხმა ინკასატორებზე სისხლიანი აღმოჩნდა – ამ შემთხვევამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. სასამართლომ კარპინს და გოგუაძეს დახვრეტა მიუსაჯა და კარპინი სიკვდილით დასაჯეს, გოგუაძემ კი ციხიდან გაქცევა მოახერხა. ამგვარად, მოკლული შლეგი რომ აღმოაჩინეს, ის უკვე ექვსი თვის ძებნილი იყო.
ინკასატორებზე თავდასხმის საქმეში, კარპინთან და გოგუაძესთან ერთად, იური კამსკი და ნოდარ ხურციაც მონაწილეობდნენ. კამსკი აყვანის დროს მოკლეს, ხოლო ხურცია, რომელიც აყვანის ოპერაციის დროს მოკლულად ითვლებოდა, ვერ აღმოაჩინეს. მოკლულად კი იმიტომ ჩათვალეს, რომ კერძო სახლის საკუჭნაოში, სადაც ხურცია იმყოფებოდა, მჟავების საწყობი იყო. ცეცხლი რომ წაეკიდა, ძლიერმოქმედი მჟავები დაიღვარა და სანამ მეხანძრეები არ მივიდნენ, მილიცია იქაურობას ვერ მიეკარა. როცა ხანძარი ჩაქრა და შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, გამომძიებლებს მჟავათი შეჭმული ცარიელი ადგილი დახვდათ და ივარაუდეს, რომ ხურციას ცხედარი მჟავამ გაანადგურა.
ჩახლართული საქმე
წყნეთის ტყეში აღმოჩენილი შლეგის საქმეს კაპიტანი გივი მელაძე იძიებდა, რომელიც მკვლელობის გახსნის დიდოსტატად ითვლებოდა და ყველაზე ჩახლართულ საქმეებს მას ანდობდნენ. მისი საგამოძიებო ჯგუფი კი საუკეთესო იყო უწყებაში.
კაპიტანმა მელაძემ ჩვეული გულმოდგინებით მოჰკიდა საქმეს ხელი და დაადგინა, რომ 5 თვის განმავლობაში შლეგი ზემო ვერაზე, ვინმე ალინა გობოზოვას კერძო სახლში იმალებოდა. გობოზოვა მელაძემ დაკითხა. ქალმა კი მას უთხრა:
– შლეგი ნამდვილად გიჟი იყო და ამ კლიჩკას ტყუილად როდი ატარებდა. მე რომ ის მილიციაში დამებეზღებინა და მეთქვა, ჩემთან იმალება-მეთქი, აუცილებლად მომკლავდა. მეშინოდა და იმიტომ არ დაგაჭერინეთ.
– რომ დაგეჭერინებინა, როგორ მოგწვდებოდა, ციხიდან ხომ ვერ შეძლებდა ამას? – კითხვა შეუბრუნა ქალს მელაძემ.
– ციხეში არ გეჯდათ, დახვრეტა რომ ჰქონდა მისჯილი და გაგექცათ? კიდევ რომ გაქცეულიყო, ან, რომ ვერ დაგეჭირათ? მე რა, გიჟი გგონივართ? ორი თავი კი არ მქონდა. ამიტომ, მერჩივნა, ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე მიწაში ჩავეწვინე.
– კარგი, კარგი, – გაეცინა მელაძეს, – მოყევი, როგორ წავიდა შენგან და ბოლოს რომ ნახე, რაიმე უცნაურობა ხომ არ შეგიმჩნევია?
– ჩემგან რომ წავიდა, თან „ტეტე“ ჰქონდა. თავის პისტოლეტს ჩემთან ინახავდა და პაბეგში რომ იყო, იარაღს გვერდიდან არ იცილებდა. უცნაურობა კი ის იყო, რომ იმეორებდა: ცოტაც, ცოტაც, ალინა, და დედოფალივით გაცხოვრებო. საცოდავს ძალიან ვუყვარდი და ჩემთან ერთად სადმე ზღვისპირეთში აპირებდა ცხოვრებას.
– მერე და, უცნაური რა არის ამაში?
– უცნაური ისაა, რომ შლეგი არასდროს მელაპარაკებოდა თავის საქმეებზე. იმ საღამოს კი მითხრა, რომ დიდი მაყუთის დასათრევად მიდიოდა და სწორედ ამის გამო მპირდებოდა დედოფალივით ცხოვრებას.
– რა, ბანკი უნდა გაეძარცვა?
– რა უნდა ექნა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მითხრა და მე ეს უცნაურად მომეჩვენა.
– ის არ მოგჩვენებია უცნაურად, რომ ერთი კვირა არ გამოჩნდა? რა იფიქრე მაშინ?
– რა ვიფიქრე და ის, რომ, ალბათ, მაყუთი დაითრია და საგულაოდ წავიდა, მე კი დამიკიდა-მეთქი.
– ხომ არ იცი, სად მიდიოდა იმ ღამეს?
– სად მიდიოდა, არ ვიცი, მაგრამ გარეთ რომ გავიდა, ჩაილაპარაკა: ხომ გაგშიფრე, „ნოსა“, მიფრთხილდიო. იცით, ეს ფრაზა შლეგმა მას შემდეგ თქვა, კარი რომ გაიხურა და არ ეგონა, ვინმე თუ გაიგებდა. მე კი იქვე ვიდექი და გავიგონე.
– ესე იგი, ნოსა, ხომ?
– დიახ, ამხანაგო გამომძიებელო, ნოსაო, – დაუდასტურა მელაძეს ალინა გობოზოვამ და ჰკითხა, – რამდენს მომისჯიან?
– არაფერს. თავისუფალი ხარ. წადი, წადი და წესიერ ცხოვრებას მოჰკიდე ხელი. სამსახური დაიწყე, გათხოვდი და ბავშვი გააჩინე.
გობოზოვა თვალცრემლიანი გავიდა კაპიტნის კაბინეტიდან, მელაძემ კი საგამოძიებო ჯგუფის წევრები შეკრიბა.
– მე მგონი, შლეგის მკვლელის კვალს მივაგენით. სასწრაფოდ მოძებნეთ ხურცია, იგივე ნოსა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ლენინგრადში მომხდარი ინკასაციაზე თავდასხმა თბილისში გაიხსნება.
„ნოსას“ ნაამბობი
კაპიტანი მელაძე ვარაუდობდა, რომ ლენინგრადში აყვანის ოპერაციის დროს გამქრალი და მოკლულად ცნობილი ნოსა, ცოცხალი იყო. ამიტომაც თავის ხელქვეითებს მან ხურციას თბილისური კავშირების დადგენა დაავალა და შედეგიც მალე მიიღო. ნოსა სოფელ წყნეთში, ერთ-ერთი ნათესავის სახლში აიყვანეს, გაძარცვულ ფულთან ერთად, რომელსაც ის საწოლის ქვეშ ინახავდა. ნოსა თბილისის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს. მას მხოლოდ 850 მანეთი ჰქონდა დახარჯული და 109 ათას 150 მანეთი ხელუხლებელი იყო.
ხურცია გააოგნა დაპატიმრებამ. სულ იმეორებდა: „გამორიცხულია, შლეგი არ ჩამიშვებდა“.
– სწორედ რომ შლეგმა ჩაგიშვა, მაგრამ შემთხვევით, – უთხრა ნოსას მელაძემ.
კაპიტანმა ნოსას უამბო გობოზოვას მონათხრობი და ჰკითხა:
– თავადვე მოგვიყვები დეტალებში როგორ მოკალი შლეგი და საერთოდ, რაც მოხდა, თუ დაგეხმარო?
– მე თვითონ მოვყვები, – თქვა ნოსამ, სიგარეტი გააბოლა და დაიწყო, – ინკასატორები კარპინმა და შლეგმა დაბრიდეს. მე კი მხოლოდ ფეხში დავჭერი ერთ-ერთი. ძაღლებს მე შევატყობინე ბანდის ამბავი და თავად იქიდან მაშინ მოვტყდი, როცა იქ ოპერები მოვიდნენ. ყველაფერი წინასწარ მქონდა მომზადებული და ექსპერტიზამ რომ დამწვარი ფულის დასტები აღმოაჩინა პადვალში, ვადაგასული იყო. მჟავების პონტიც მე მოვიგონე და ისე სუფთად იყო ყველაფერი მოწყობილი, რომ არა შლეგის ფრაზა, ვერასოდეს მომაგნებდით.
– შლეგმა ხომ მოგაგნო, ხომ მიხვდა, რომ ყველაფერი შენი მოწყობილი იყო, ესე იგი, ჩვენც მოგაგნებდით.
– მიხვდა და მიიღო ტყვიები, – კბილებში გამოსცრა ნოსამ, – ამდენი ფული ერთ ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს და არა ბევრს.
– ჰოდა, სიხარბემ დაგღუპა, წაიყვანეთ! – თქვა მელაძემ და ნოსა საკანში წაიყვანეს.
ნოსა გაქცევის მცდელობისას მოკლეს.