რამდენ მილიონ დოლარს შეადგენს ჯენიფერ ენისტონის ჰონორარი და რატომ დაშორდა ის ბრედ პიტს
„ჩვენ ვართ მილერების” კინოეკრანებზე გამოსვლისთანავე კინოკრიტიკოსებმაც და რიგითმა კინომოყვარულებმაც აღიარეს, რომ ჯენიფერ ენისტონი ზესექსუალურ ფორმაშია და 44 წლის ასაკში არაფრით ჩამოუვარდება 20 წლის „ვიქტორიას სეკრეტის” მოდელებს. ენისტონს კარიერაში ახალი პერიოდი დაუდგა და, საინტერესო იქნება, ამ მსახიობის ცხოვრების საინტერესო დეტალებს გავეცნოთ.
* ჯენიფერ ენისტონი დაიბადა 1969 წლის 11 თებერვალს, ქალაქ შერმან-ოუქსში, კალიფორნიის შტატში. მისი მშობლები, ჯონ ენისტონი და ნენსი დოუ პროფესიით მსახიობები არიან. ჯენიფერის მამა წარმოშობით ბერძენია, კუნძულ კრეტადან და მისი ნამდვილი სახელი და გვარია იანის ანასტასაკისი, ხოლო დედა იტალიელი და შოტლანდიელი ემიგრანტების შთამომავალია. ჯენიფერს ჰყავს ორი ძმა: ჯონ მელიკ და ალექს ენისტონები. ცნობისთვის, ჯენიფერის ნათლია იყო ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჯეიმს ბონდის მოწინააღმდეგის როლის შემსრულებელი გახმაურებულ „ბონდიანაში” და ვესტერნ „მაკენას ოქროში” უარყოფითი პერსონაჟის როლით განთქმული ტელი სავალასი.
* როდესაც ჯენიფერი 9 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. ჯენიფერი დედასთან დარჩა, თუმცა, ხშირად ჩადიოდა სტუმრად მამასთან ლოს-ანჯელესში, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა სერიალში „ჩვენი ცხოვრების დღეები”. 11 წლის ასაკში ჯენიფერმა რუდოლფ შტაინერის დრამატულ წრეში დაიწყო სამსახიობო კარიერა, ხოლო 1987 წელს სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის „ლა გუარდიას” ხელოვნების სკოლაში, რასაც მოჰყვა დებიუტი ბროდვეის სცენაზე. იმ პერიოდში ჯენიფერი კურიერად და სატელეფონო მარკეტოლოგად მუშაობდა, რათა სწავლის საფასური გადაეხადა.
* 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანის დასაწყისში ენისტონი ჰოვარდ სტერნის პოპულარული რადიოგადაცემის მუდმივი სტუმარი იყო. 1990 წელს ის ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო კიდეც კინოკარიერა, თავდაპირველად დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ჟანრის ფილმებში, „ლეპრეკონსა” და სხვა და ტელესერიალებში. წარუმატებლობის გამო ჯენიფერი კინოკარიერის დასრულებაზე ფიქრობდა და, 1994 წელს, როგორც თვითონ ამბობს, თავის უკანასკნელ ქასთინგზე წავიდა და უარის შემთხვევაში სახლში დაბრუნებას აპირებდა. ქასთინგს ტელეარხი „ენბისი” ატარებდა და მსახიობების შერჩევა მიმდინარეობდა ტელესერიალისთვის „მეგობრები”. ამ სერიალით ჯენიფერ ენისტონი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. „მეგობრები” 1994-2004 წლებში გადიოდა ეთერში და მას მილიონობით მაყურებელი ჰყავდა, ენისტონის გმირს კი – თაყვანისმცემელთა მთელი არმია. მსახიობი რამდენჯერმე იყო წარდგენილი პრესტიჟულ „ემის” ჯილდოზე, ხოლო ბოლო ორ სეზონში ერთ სერიაში ჰონორარის სახით ერთ მილიონ დოლარს იღებდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი ანაზღაურება იყო.
* წარმატებული ტელეკარიერის პარალელურად, ჯენიფერ ენისტონი ჰოლივუდის ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, 2000-იან წლებში მის ფილმოგრაფიაში რამდენიმე – წარმატებული პროექტი ფიგურირებს, ძირითადად კომედიები ან მელოდრამები: „მარლი და მე”, „განქორწინება ამერიკულად”, „აი, პოლიც”, „თავებზე მონადირეები”, „უვარგისი ბოსები” და სულ ახლახან კინოეკრანებზე გამოსული – „ჩვენ ვართ მილერები”, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება და დადებითი რეცენზიები დაიმსახურა.
* სხვადასხვა დროს ჯენიფერ ენისტონის პარტნიორები გადასაღებ მოედანზე იყვნენ ჰოლივუდის ნომერ პირველი მამაკაცი მსახიობები: კოლინ ფარელი, ოუენ ვილსონი, ბენ აფლეკი, ჯერარდ ბატლერი, კევინ სპეისი, ჯეისონ ბეიტმენი.
* ჯენიფერ ენისტონის პირველი აგენტი, მსახიობის თქმით, მომთხოვნი იყო, ის მუდმივად აკონტროლებდა თავის კლიენტს. ერთხელ მას აგენტმა აიძულა, დაეკლო 10 კილოგრამი, რათა როლი მიეღო ტელესერიალში.
* თავისი გმირის, რეიჩელ გრინის მსგავსად, ტელესერიალში „მეგობრები”, ჯენიფერ ენისტონი გარკვეული პერიოდი ოფიციანტად მუშაობდა მანჰეტენზე ერთ-ერთ რესტორანში.
* ჯენიფერ ენისტონის თქმით, სერიალ „მეგობრების” რამდენიმეწამიანი შესავლის გადაღება შადრევანთან 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
* ყველაზე მეტად ჯენიფერ ენისტონს არ უყვარს საუბარი თავის სხეულსა და ვარცხნილობაზე. ცნობილია, რომ, ვარხნილობა, რომელიც მას სერიალ „მეგობრებში” აქვს და რომელსაც უამრავი მიმბაძველი აღმოუჩნდა, შემთხვევით გაიკეთა – მის სტილისტს, უბრალოდ, ხელი აუცურდა და ელექტროსაპარსით თმა გადაპარსა.
* ბავშვობისას ჯენიფერს კლასიკური ბერძნული (კეხიანი) ცხვირი ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით მან რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.
* ჯენიფერ ენისტონი ანტიკვარიატის კოლექციონერი და მოყვარული მხატვარია. ის 11 წლის ასაკიდან ხატავს აკვარელით.
* მსახიობს ყველაზე მეტად ფრენის შიში აქვს და ცდილობს, თვითმფრინავებით არ ისარგებლოს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც, თუკი მატარებელი ან ხომალდი დანიშნულების ადგილზე არ მიიყვანს დანიშნულ დროს.
* ჯენიფერს არ ჰყავს საკუთარი შვილი. ბრედ პიტთან ცხოვრების პერიოდში ის ორჯერ იყო ფეხმძიმედ, თუმცა, ორივეჯერ უშედეგოდ.
* ჯენიფერ ენისტონმა და ბრედ პიტმა ერთმანეთი 1998 წელს წვეულებაზე გაიცნეს. არსებობს ვერსია, რომ შეხვედრის ორგანიზატორი ჯენიფერის აგენტი იყო. მათი რომანი 1999 წელს დაიწყო და 2000 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა. ბრედისა და ჯენიფერის ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ ვარსკვლავურ ოჯახად ითვლებოდა, სანამ 2005 წელს ბრედმა არ გაიცნო ანჯელინა ჯოლი ფილმ „მისტერ და მისის სმიტების” გადასაღებ მოედანზე. ოფიციალურად ბრედი და ჯენიფერი 2005 წელს გაიყარნენ და მიზეზად ხასიათების შეუთავსებლობა დასახელდა, თუმცა, სინამდვილეში, ჯენიფერმა აღიარა, რომ არ აღმოჩნდა მზად საოჯახო ცხოვრებისთვის, ხოლო ბრედს შვილები უნდოდა.
* ჯენიფერ ენისტონს მხოლოდ ერთი ტატუირება აქვს – ფეხზე თავისი ძაღლის სახელი „ნორმანი” აწერია. ძაღლი 2011 წელს მოკვდა და მსახიობმა მძიმედ განიცადა საყვარელი ცხოველის დაკარგვა.
* სხვადასხვა დროს ჯენიფერ ენისტონი ხვდებოდა მუსიკოს ადამ დიურიცას, მსახიობ ტეიტ დონოვანს. 2011 წლიდან ჯენიფერი მსახიობსა და რეჟისორ ჯასტინ ტერუს ხვდება.
* 1997 წელს ჯენიფერ ენისტონი ჯეიმს კამერონის ფილმ „ტიტანიკში” როუზის როლზე ისინჯებოდა, თუმცა, საბოლოოდ როლი ქეით უინსლეტს შეხვდა.
* ჯენიფერი ტრანსცედენტური მედიტაციის მიმდევარია.
* ჯენიფერ ენისტონის ჰონორარი ერთი ფილმისთვის 6-10 მილიონ ამერიკულ დოლარს შორის მერყეობს.
* ვარსკვლავის საუკეთესო მეგობარია მისი პარტნიორი სერიალში „მეგობრები” – კორტნი კოქსი.
* ცნობილია, რომ ბრედ პიტთან გაყრის შემდეგ ჯენიფერ ენისტონი დეპრესიაში ჩავარდა და ფსიქოანალიტიკოსთან მკურნალობდა. დაშორებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად, ჯენიფერი დღემდე გაურბის ანჯელინა ჯოლისთან შეხვედრებს. ცნობილია, რომ რამდენიმე ხნის წინ ჯენიფერს ლონდონის მიმართულებით ვიპ-რეისით უნდა ემგზავრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ბორტზე ანჯელინა ჯოლიც უნდა ყოფილიყო, სასწრაფოდ გადაცვალა ბილეთი და ჩვეულებრივი რეისით გაფრინდა. ამბობენ, რომ ჟურნალ-გაზეთებში ბრედისა და ანჯელინას საერთო შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოს ნახვის შემდეგ ჯენიფერ ენისტონის თვალებზე ცრემლი ჩნდება.