კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა ქართველმა ააგო ირანში ორასოთახიანი ქარვასლა და რის გამო დასრულდა მისი კარიერა ცუდად

ალავერდი-ხანი პირველი იყო უნდილაძეთა გვარიდან,  რომელიც ირანის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა და დიდი გავლენა მოიპოვა შაჰ-აბას პირველის კარზე. თუ როგორ მოხვდა, აღზევდა, დამკვიდრდა და დაასრულა არსებობა ამ გვარმა უცხო დამპყრობლის კარზე, ამის შესახებ ჩვენს სტატიაში ვისაუბრებთ. 

შაჰ-აბას პირველი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეუდგა ახალი პოლიტიკის გატარებას, რომელიც მიზნად ისახავდა, ძველი, ყიზილბაშური ზედაფენა ჩამოეშორებინა მმართველობის ყველა სფეროდან, მათ შორის – ჯარიდანაც. ყიზილბაშები იყვნენ პატარა, მაგრამ, შეუვალი ფეოდალები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. სპარსეთს დიდი მიზნები ჰქონდა: მას ოსმალეთი უნდა დაემარცხებინა, რის შემდეგაც შაჰ-აბასი კავკასიაში პირველობისთვის ემზადებოდა და ეს მართლაც განახორციელა კიდეც იმით, რომ აბას პირველმა სახელმწიფო მოხელეების ყველა დონეს ჩამოაშორა ყიზილბაშები და დააწინაურა კავკასიური ელემენტები, რომლებიც ან მონები იყვნენ, ან პირადად მისი მორჩილები. ამ პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართულნი უნდილაძეებიც. 

შაჰმა დედაქალაქიც კი გადაიტანა ყაზვინიდან (ჩრდილოეთ ირანიდან, სადაც უფრო თურქმანული ტომები ბინადრობდნენ) ცენტრალურ ირანში – ისპაჰანში, სადაც უფრო ჭარბად იყვნენ სპარსული ელემენტები. ირანის მმართველმა ადრე არსებული ყორჩის ჯარის ნაცვლად, რომელშიც ყიზილბაშთა ზედა ფენას ეჭირა მნიშვნელოვანი ადგილები, შექმნა ახალი, ეგრეთ წოდებული „ყულის ჯარი“ („ყული“ ითარგმნება, როგორც „მონა“). ეს „მონათა” ჯარი სწორედ კავკასიური ელემენტებისგან იყო შექმნილი და პირადად შაჰს ემორჩილებოდა. შაჰის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ გაამართლა. მან, ასევე, შეცვალა ქალაქის თავები (ტარუღები) და გაზარდა მათი როლი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ნახევარ საუკუნეზე მეტხანს, ისპაჰანის ქალაქის თავის თანამდებობებს უმეტესწილად ქართველები იკავებდნენ. 

პირველი უნდილაძე, რომელიც ირანში გამოჩნდა, არის ალავერდი-ხანი. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ პირად წერილში, თავისი მოღვაწეობის პირველ წლებშივე, შაჰ-აბასი სწერს რომის პაპს, რომ ის ქრისტიანთა მფარველია. რა თქმა უნდა, ეშმაკი შაჰი ამას იმიტომ წერდა, რომ სჭირდებოდა ევროპის მომხრეობა ოსმალების წინააღმდეგ. ამ წერილში იგი აღნიშნავს: ჯერ ერთი, მე ერთი მეუღლე ქართველი მყავს, (გულისხმობს სიმონ-ხანის ასულს – ელენეს) და, ამავე დროს, დაწინაურებული მყავს ქრისტიანი ალავერდი-ხანიო. ასე რომ, ამ წერილში უკვე ჩანს პირველი უნდილაძე შაჰის გვერდით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ის სპარსეთში, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. ერთი ვერსიით, ის ბავშვობაში მოიტაცეს და ტყვედ წაიყვანეს, მეორე ვერსიით კი, საქართველოში უნდილაძეთა გვარის დამცრობა ნელ-ნელა ხდებოდა და, ბოლოს, იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილან, რომ ალავერდი-ხანი თვითონ წასულა ირანში კარიერის გასაკეთებლად.

ერთ-ერთი პირველი ბრძოლა, სადაც ალავერდი-ხანი გამოჩნდა, იყო ბრძოლა ვანის ტბასთან, 1605 წელს, სადაც, თურმე, ისეთი მძიმე შეტაკება გამართულა, რომ თვით შაჰ-აბასიც კი შემდრკალა. ამ დროს ჯარის მეთაურობა ხელში აუღია ალავერდი-ხანს და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოუპოვებია. ეს გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მას შემდეგ დაიწყო თვით შაჰის აღმავლობა. ამის შემდეგ ალავერდი-ხანიც დიდი ფიგურა გახდა შაჰის კარზე. სხვათა შორის, ვერაგი შაჰის ცინიკური გამოთქმაცაა ცნობილი: მთელი ირანი მე მემორჩილება და მე ალავერდი-ხანს ვემორჩილებიო. ამ გამარჯვების შემდეგ, უნდილაძე გახდა შაჰ-აბასის რეფორმების ორგანიზატორი, ის ყველაფერში გვერდში ედგა შაჰს და ირანის დიდებას ემსახურებოდა. 

თავდაპირველად უნდილაძეს საკმაოდ დაბალი თანამდებობა ეკავა, კერძოდ, იყო ოქრომჭედელთა უფროსი, ანუ, ზარგარბაში. აქედან მოყოლებული, მისი კარიერა იმდენად განვითარდა, რომ ბოლოს ცენტრალური ირანის პროვინციის – ფარსის ბეგლარბეგი, მოგვიანებით კი ყულის ჯარის უფროსი, ანუ, ყულარ აღასი გახდა. 

შაჰმა თავის კარზე ქართველთა მთელი დასი შექმნა. საერთოდ, სიმპტომატურია, რომ, ვინც ყველაზე დიდი მტერია ქართველების, სწორედ მის კარზე იქმნება ხოლმე ქართველთა დასი.  ამ დასში აღმოჩნდა ალავერდი-ხანიც, მის გარდა სააკაძეები, როსტომ-ხანი, ანუ, როგორც მაშინ მოიხსენიებოდა – სეფი მირზა, ცნობილი მხატვარი სიაუში, მაგრამ, ყველაზე გამორჩეული მათ შორის უნდილაძეები იყვნენ თავიანთი თვისებებით, პოპულარობით და, შეიძლება ითქვას, უფრო დიდი შეგნებით. როგორც შემდგომ დავინახავთ, ისინი ცდილობდნენ, საქართველოს საწინააღმდეგო არანაირ აქციაში არ მიეღოთ მონაწილეობა. 

უნდილაძეთა წარმომადგენელთაგან, ალავერდი-ხანის გარდა, ირანში ვხვდებით: იმამ ყული-ხანს, მის ძმას – დაუდ-ხანს, ალავერდი-ხანის შვილიშვილს – სეფი ყული-ხანსა და იმამ ყული-ხანის კიდევ ორ შვილს. არიან კიდევ მათი მეუღლეები, რომელთა ყველა სახელიც არაა ცნობილი. ალავერდი-ხანს ქართველი მეუღლე ჰყავდა, ისევე, როგორც იმამ ყული-ხანს. ეს ქალბატონებიც აქტიურ როლს თამაშობდნენ ქმრების მოღვაწეობაში. ყველა გამაჰმადიანებული იყო და სავარაუდოდ, მათი გამაჰმადიანება შაჰის ზემოთ ნახსენები წერილის გაგზავნის შემდგომ პერიოდში მოხდა. 

უნდილაძეებს ირანში აშენებული ჰქონდათ ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები, გზები. დღესაც კი შესანიშნავად გამოიყურება და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ ისპაჰანში აგებული ჯულფას ხიდი, ანუ, ჩაჰარ-ბაღი, რომელიც ამჟამადაც მოქმედებს. ცენტრალურ ირანში ძალიან ცუდი გადასასვლელი გზები ყოფილა და ალავერდი ხანის მეუღლის თაოსნობით გაუყვანიათ ეს გზები. არსებობს გადმოცემა, რომ უნდილაძეთა მიერ აშენებული ჩეჰერ სუთუნის სასახლეში, რომელიც ფრესკებით იყო მოხატული, ქართული წარწერებიც ყოფილა, მაგრამ, შემდეგ ეს, ალბათ, მოშალეს, ვინაიდან, ასეთი რამ ირანში მიუღებელი იყო.

ალავერდი-ხანი წყაროებში პირველად 1588 წელს იხსენიება – ეს არის მეორე წელი შაჰ-აბასის ტახტზე ასვლიდან. ეს არის წელი, როდესაც აბასმა თავიდან მოიშორა დიდი მოხელე მურშიდ ყული-ხანი, რომელიც მას ხელს უშლიდა. ამ საქმეში შაჰის გვერდით მოქმედებს ალავერდი-ხანიც. ნათელია, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰ-აბასის ხელისუფლებაში მოსვლიდან მის გვერდით დგას. სწორედ ამან შეუწყო ხელი, რომ ოქრომჭედლების უფროსობიდან  ძალიან მაღალ თანამდებობამდე ასულიყო.

საინტერესოა, რომ ბევრი მოგზაური თუ ისტორიკოსი ახსენებს თავის ჩანაწერებში ალავერდი-ხანს, იმამ ყული-ხანს, დაუდ-ხანს, მაგრამ, არც ერთი არ ამბობს მათ გვარს, მხოლოდ ქართული წყაროები იუწყებიან, რომ ალავერდი-ხანიც, დაუდ-ხანიც და იმამ ყული-ხანიც უნდილაძეები არიან. ჩვენც ნამდვილად უნდა ვენდოთ მათ, რადგან, ამას ამბობენ ვახუშტი ბაგრატიონიც, ბერი ეგნატაშვილიც, არჩილიც. თანაც, უნდა ითქვას, რომ ყველა დადებითად ახასიათებს მათ, გარდა სპარსოფილი ფარსადან გორგიჯანიძისა. ის ქართველი ისტორიკოსია, სხვებისგან განსხვავებულ საინტერესო დეტალებსაც ხედავს, მაგრამ, შაჰის პოლიტიკის  მომხრეა და, როდესაც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ უნდილაძეები მთლად ბოლომდე შაჰის ერთგულები არ ყოფილან, ის მათ აკრიტიკებს.

საქმე ისაა, რომ შაჰ-აბასის  გარდაცვალების შემდეგ დაუდ-ხანი და იმამ ყული-ხანი გადაუდგენენ ახალი შაჰის – სეფის პოლიტიკას. 

არის ცნობები, რომ 1614 წელს ალავერდი-ხანს შაჰი უხმობდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად (გიორგი სააკაძის მსგავსად), მაგრამ, ალავერდი-ხანმა როგორღაც მოახერხა და უარი თქვა საქართველოში ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვეულებრივ, ასეთ დროს ავადმყოფობას იმიზეზებდნენ ხოლმე. შემდეგ მისი შვილი, იმამ ყული-ხანიც ასე მოიქცა. ამის შემდეგ, ალავერდი-ხანი ძალიან მალე, მოულოდნელად გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ეს მკვლელობა შაჰმა ალავერდი-ხანს სწორედ ამ უარის გამო მოუწყო, თუმცა, არსებითად არ გვაქვს ამის შესახებ ზუსტი ცნობები. ამის შემდეგ, გარკვეული ხნით, ირანში მოღვაწეობას განაგრძობენ მისი ვაჟები: იმამ ყული-ხანი გახდა ფარსის ბეგლარბეგი, ანუ, უპირველესი მმართველი; დაუდ-ხანი კი, ჯერ ფარსის ხანი იყო, ხოლო მოგვიანებით  განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგობას მიაღწია. ალავერდი-ხანის შვილიშვილი, სეფი ყული-ხანი ლარის პროვინციის ბეგლარბეგი გახდა. 

იმამ ყული-ხანს განათლებული ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი ირანში. შირაზში არსებობდა კარმელიტების კათოლიკური რეზიდენცია და მათ აქვთ ძალიან საინტერესოდ აღწერილი, რაც იმხანად ირანში ხდებოდა. სწორედ ამ ქრონიკაში, ამ ორდენის ერთ-ერთი პრეფექტი, 1623 წელს წერს: იმამ ყული-ხანმა ჩვენგან მოითხოვა პლატონისა და არასტოტელეს წიგნები და, ამავე დროს, ბიბლიის არაბული თარგმანიო. საინტერესოა, რომ ის იმ დროს აღარ იყო ქრისტიანი, თუმცა, ბიბლია მაინც აინტერესებდა. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო იმამ ყული-ხანის მეუღლე; რაც შეეხება, მის ძმას, დაუდ-ხანს, მას ცოლად ჰყავდა თეიმურაზ პირველის და – ელენე. ასე რომ, უნდილაძეებს კავშირები მაინც ჰქონდათ საქართველოსთან. 

ცნობილია, რომ, მამის მსგავსად, იმამ ყული-ხანიც გაურბოდა საქართველოს წინააღმდეგ აშკარა მოქმედებას. ერთხელ, როდესაც შაჰის ბრძანებით, ფარსის ჯარი, რომლის ბეგლარბეგიც თვითონ იმამ ყული-ხანი გახლდათ, საქართველოში უნდა წასულიყო, მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და თავის მოადგილეს გადააბარა ჯარის წინამძღოლობა. 

იმამ ყული-ხანის შირაზის ბეგლარბეგობის პერიოდში მოხდა ქეთევან დედოფლის წამება. არსებობს საინტერესო ცნობა, რომ შაჰ-აბასს შეუთვლია იმამ ყული-ხანისთვის: თუ ქეთევანი მიიღებს მუსლიმანობას, დაანებე თავი და, თუ არა – მაშინ, უნდა მოვკლათო.  მას შეუბედავს და შაჰისთვის პასუხად შეუთვლია: „ეს ბერი დედაკაცი არის, არაფრით არ შეიცვლის რწმენას და თავი დაანებეო”. მისი კარიერის ძალიან ცუდ მომენტად უნდა ჩათვლილიყო ის, რომ მისი ბეგლარბეგობის დროს ეწამა შირაზში ქეთევან დედოფალი, მაგრამ, წარმოიდგინეთ, როგორც ჩანს, მან მართლაც ყველაფერი გააკეთა ქართველი დედოფლის გადასარჩენად, დანარჩენი კი მასზე აღარ იყო დამოკიდებული. ეს იქიდან ჩანს, რომ თეიმურაზ პირველი, ქეთევანის ვაჟი, აქებს იმამ ყული-ხან უნდილაძეს თავის ისტორიულ პოემაში და ამბობს: იმამ ყული-ხანის ქებას ენა ვერ იტყვისო. 

1633 წელს, როდესაც თეიმურაზ პირველმა მოაწყო აჯანყება ახალი შაჰის წინააღმდეგ, იმამ ყული-ხანმა მონაწილეობა მიიღო ამ აჯანყებაში, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს.

რაც შეეხება დაუდ-ხანს, ის მრავალ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. მისი აშენებულია ირანში რამდენიმე ბაზარი, ორასოთახიანი ქარვასლა, ციხესიმაგრეები და ასე შემდეგ. დაუდ-ხანიც 1633 წლამდე დარჩა ყარაბაღის ბეგლარბეგად. იმამ ყული-ხანის დასჯის შედეგ მასზეც მიდგა ჯერი. როგორც ჩანს, დაუდ-ხანს ძალიან შეეშინდა, ოჯახი მიატოვა და გაიქცა, შაჰმა კი ირანში დატოვებულ მის ცოლ-შვილზე იძია შური; ასევე, სიკვდილით დასაჯა იმამ ყული-ხანის სამი ვაჟიც. საინტერესოა, რომ უნდილაძეთა გვარის დასჯაში არა მარტო შაჰი აქტიურობდა, არამედ, ქართველი ხოსრო მირზა, შემდეგში საქართველოს მეფე – როსტომ-ხანი. მათ თავიდანვე კონფლიქტი ჰქონდათ – როგორც ჩანს, პირველობაში ეცილებოდნენ ერთმანეთს.

 ასე დასრულდა უნდილაძეთა უძლიერესი და უდიდესი ოჯახის ისტორია ირანში. თუ დავუჯერებთ ცნობილ იტალიელ მისიონერ პიეტრო დელა ვალეს, უნდილაძეებს ბოლო მომენტში უთქვამთ: შაჰმა მოგვატყუა. ახლა რომ ცხოვრება თავიდან იწყებოდეს, ირანის კარზე აღარ წამოვიდოდითო. ეს, ალბათ, სიმპტომატურია:  ყოველთვის ასე მთავრდება უცხო და, თანაც, მტრის კარზე აღზევებული  ქართველის ბედი.  

скачать dle 11.3