ამუშავებენ თუ არა თბილისის ზღვაზე ჩინური ქალაქის მშენებლობაზე ჩინელ პატიმრებს
ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ ჩინურ სავაჭრო-სამრეწველო კომპანია „ჰუალინგთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რის მიხედვითაც, ამ უკანასკნელმა, სულ მცირე, 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინური ქალაქის ასაშენებლად (რომელიც მოიცავს სავაჭრო ცენტრს, სარეკრეაციო ზონას, საცხოვრებელ სახლებსა და ვილებს). რაკი ინვესტორი უპირველესია, ამიტომაც ჩინური კომპანია 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება გადასახადებისგან, უფრო მეტიც, მას 420 ჰექტარი მიწის ფართობი მერიამ 1 ლარად გადასცა, მაშინ, როდესაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 1კვადრატული მეტრი მიწის ფართობის ფასი 25-50 აშშ დოლარია. სხვა მონაცემებით, თითქოს ჩინელმა ინვესტორმა 420 ჰექტარი მიწა 12 ათას ლარად იყიდა. ასეა თუ ისე, ჩინური მხარისთვის გარიგება სარფიანი უნდა იყოს.
ეს კონკრეტული ხელშეკრულებაც გასაიდუმლოებულია, როგორც თითქმის ყველა დანარჩენი (მაგალითად, დღემდე უცნობია, რა პირობებით გადაეცა თბილისის წყალმომარაგების სისტემა შვეიცარიულ კომპანიას). ხოლო, რაკი ასეა, ბუნებრივია, მხოლოდ თვითმხილველთა ნაამბობებითა და იმ ვიდეორგოლით გვიწევს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, რომელიც ინტერნეტსივრცეში გაჩნდა.
ვიდეორგოლი, მართლაც, შთამბეჭდავია, თუმცა, თუ ამჟამად თბილისის ზღვაზე მიმდინარე სამუშაოების მოცულობასა და ტემპს გავითვალისწინებთ, არც ისაა გამორიცხული, რეალურ ჩაინა-თაუნს ვირტუალურთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
ექვსიოდე თვის წინათ ჯონდი ბაღათურიამ საზოგადოებას აუწყა, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების მიზანია საქართველოში 126 000 ჩინელის ჩამოსახლება და ჩინელი ინვესტორიც სწორედ მათთვის აშენებს ქალაქს თბილისის ზღვაზე. რაკი უბრალო მოკვდავთ ხელშეკრულებას სათოფეზე არავინ აკარებს, ცხადია, ვერაფერს ვიტყვით, რამდენად შეესაბამება ბ-ნი ბაღათურიას ეჭვები რეალობას. საჯაროდ მხოლოდ ის ითქმება, რომ 2015 წელს ჩინურმა ქალაქმა უნდა უმასპინძლოს ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილეებს.
ოცდამეერთე საუკუნის ინვესტიცია – ნიჩბით
იმ მიზეზით, რომ ოლიმპიადამდე ორ წელზე ცოტა დრო დარჩა, თბილისის ზღვაზე ავედით და მშენებლობა დავათვალიერეთ. ტერიტორიას ღობე ნაწილობრივ აქვს შემოვლებული, შლაგბაუმიც მხოლოდ ცალ მხარეს დგას – თბილისის ზღვის მხრიდან. მეორე მხრიდან შემოსასვლელი ღიაა და ნებისმიერს შეუძლია ტერიტორიაზე მოხვედრა: არც ამკრძალავი ნიშანია და არც ძეხორციელი ჭაჭანებს შემმოწმებლის სახით. ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, რომელზეც სავაჭრო კომპლექსი უნდა აშენდეს, რამდენიმე შენობაა დასრულებული და აქა-იქ რამდენიმე ჩინელი ეროვნების მუშა ნიჩბებით მუშაობს. სავაჭრო კომპლექსის უკვე აგებული შენობები გვარიანად განსხვავდება იმ ფოტოთვალსაჩინოებებისგან, რომელიც ღობეზეა გაკრული. 12 პავილიონის აშენებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა, მაგრამ კომპლექსი საბოლოოდ არ დასრულებულა.
100-200 მეტრში საცხოვრებელი კორპუსები შენდება (რომლებშიც ოლიმპიადის მონაწილეები უნდა განთავსდნენ). სულ 11 მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმეს მშენებლობაა დაწყებული: ოთხი კორპუსი მეექვსე-მევშიდე სართულამდეა აყვანილი, რამდენიმე – მხოლოდ მეორე-მესამე სართულამდე, დანარჩენების მშენებლობა კი არც დაწყებულა. გეგმით, ისინი დაზამთრებამდე უნდა აშენდეს, თუმცა, თუ ჩინელი მუშების მშენებლობის იმდღევანდელი ტემპით ვიმსჯელებთ, მხოლოდ ჯადოსნური ჯოხის აქნევა თუ დაასრულებს მშენებლობას დათქმულ ვადაში.
მშენებლობის მეტად დინჯ და უხმაურო რიტმს (ტექნიკა, როგორც ასეთი, მშენებლობის პროცესში მონაწილეობას არ იღებდა, მუშები ხელით ლა ნიჩბებით მუშაობდნენ) შიგადაშიგ სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა არღვევს, რომელთა მძღოლების უმეტესობა ადგილობრივია (როგორც ამბობენ, ხელშეკრულებით, ინვესტორი ვალდებულია, დასაქმებულთა 70 პროცენტი ადგილობრივი იყოს, თუმცა, საქმეში ჩახედული ადამიანების მტკიცებით, ეს ბალანსი მკვეთრადაა დარღვეული, რაც მშენებლობის დათვალიერებისთანვე გეცემათ თვალში).
სარეკრეაციო ზონის გაშენება არც დაწყებულა: კვლავაც მიმდინარეობს მიწის გასწორების სამუშაოები, თუმცა ერთი, ათმეტრიანი მთა უკვე მოჭრილია.
პროექტის განხორციელების დასაწყისში „ჰუალინი“ ხუთიოდე ქართულ სამშენებლო ფირმასთან თანამშრომლობდა, თუმცა შემდეგ ეტაპობრივად ისინი გაუშვა და ამჟამად მხოლოდ ერთი ქართული სამშენებლო ფირმა „მიქსორი“ დაიტოვა.
იმავე ტერიტორიაზე ბარაკებიცაა განლაგებული, რომლებშიც ჩინელი მუშები ცხოვრობენ. ისინი ყოველ დილით ღია სატვირთო ავტომანქანებით (რატომღაც ძარაზე ჩაცუცქულები) მიჰყავთ სამშენებლო ობიექტებზე და საღამოს ექვსი საათისთვის იმავე წესით აბრუნებენ ბარაკებში. ბარაკებთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ მოგვეცა, მაგრამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩინელი მუშების საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისია და მათი ანაზღაურებაც მხოლოდ ყოველდღიურ კვებასა და თავზე ჭერს გულისხმობს.
საშუალო დონის მომსახურე პერსონალს მშენებლობის სიახლოვეს საცხოვრებელ კორპუსებში ბინები აქვთ ნაქირავები, სადაც ჯგუფურად ცხოვრობენ – ერთოთახიან ბინებში 7 და 10 ადამიანიც კი. ზედა ეშელონის წარმომადგენლები კი სასტუმრო „ფანდში“ ცხოვრობენ. აწ უკვე სასტურო „ფანდი“ ყოფილი საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ის ახლა უკვე ჩინელი ინვესტორის საკუთრებაა, ისევე, როგორც იქვე განლაგებული ოფისი, სადაც მშენებლობის ხელმძღვანელობა მუშაობს.
ქართული სამშენებლო ფირმების წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოაშორეს პროექტს, ერიდებიან საჯარო საუბარს, თუმცა პირად საუბრებში არ მალავენ, თუ რატომ მიუწევს გული ჩინელ ინვესტორს თავისი თანამოქალაქეების დასაქმებისკენ (აქვე კი გეტყვით, რომ ჩინურ კომპანიაში მფლობელის შემდეგ ყველაზე დიდი თანამდებობის პირი პარტკომი ყოფილა): „მფლობელი სიიაფეზეა ორიენტირებული. თვალის ასახვევად ჰყავთ ათიოდე ქართველი მძღოლი, არც ქართველები ითხოვენ ბევრს, მაგრამ ინვესტორს მაინც ჩინელები ურჩევნია, იმიტომ რომ მათ უმეტესობას არაფერს უხდის. ჩვენამდე მოაღწია ხმებმა, რომ პატიმრებს ამუშავებენ. ისინი, ვისაც ჩინეთში ალტერნატიული სასჯელი აქვს მისჯილი, აქ ჩამოჰყავთ და უფასოდ ამუშავებენ: ბარაკებში აცხოვრებენ და აჭმევენ. თქვენც ნახეთ, რომ მშენებლობისას ტექნიკურ საშუალებებს არ იყენებენ. ბარებით მუშაობენ და ერთ დღეს უნდებიან ერთი ჭის ამოთხრას, იმიტომ რომ არაპროფესიონალები არიან.“
საეჭვოა, ამ მუშა-ხელით კომპანია „ჰუალინგმა“ ის სამოთხე მოაწყოს, რასაც ვიდეორგოლში გვპირდება და არც მშენებლობის შენელებული ტემპი იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩინურ ქალაქად წოდებული დასახლება 2015 წლისთვის აშენდება, მაგრამ ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას მთავარ კითხვას: ვინ იქნება ამ მინი-ქალაქის 126 000 ბინადარი? საქართველოს დემოგრაფიული პოტენციალისა და მოქალაქეთა შეძლების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, ჩაინა-თაუნი საქართველოს მოქალაქეებმა აითვისონ.
რაც შეეხება ინვესტიციით მიღებულ ხეირს: ჩინური კომპანია გადასახადებისგან 10 წლის განმავლობაშია თავისუფალი, ესე იგი, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ვერაფერი შემოსავლის პერსპექტივა აქვს ამ პროექტიდან; ვერც ადგილობრივთა დასაქმება მოხერხდა, რაც ნიშნავს, რომ ეს ინვესტიცია უფრო ჩინურ ეკონომიკას წაადგება, ვიდრე ქართულს.