რა როლი ითამაშა ათმა სანტიმეტრმა ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰონსი მუბარაქის ცხოვრებაში და რატომ ჩაესმის მას ყურში ტყვიების ზუზუნი
ბოლო დროს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებმა, ძალაუნებურად, ჰოსნი მუბარაქის მმართველობის პერიოდი გაახსენა მსოფლიო მასმედიას. მაშინ, იმის მიუხედავად, რომ მუბარაქი დიქტატორად ითვლებოდა, დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით, ეგვიპტეში მშვიდობა სუფევდა, ტურისტებს პირამიდებით და საუცხოო კურორტებით იზიდავდა. სამწუხაროდ, „არაბული გაზაფხულისა” და მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ, ეგვიპტეში ნამდვილი ქაოსი დაიწყო. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ღიად დაიწყო ეგვიპტელი ქრისტიანების, კოპტების დევნა. კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობა მცირდება და ამერიკა, ევროპასთან ერთად, ურთიერთობის გადახედვას აპირებს. ეგვიპტეს სანატრელი გაუხდა დიქტატორ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის პერიოდი.
* მუჰამად ჰოსნი საიდ მუბარაქი დაიბადა მინუფიას გუბერნიის, შიბინ-ალ-ქუმის ოლქის, სოფელ კაფრ-ალ-მუსაილაჰში 1928 წლის 4 მაისს. მამა – საიდ იბრაჰიმ მუბარაქი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შიბინ-ალ-ქუმის სასამართლო სტრუქტურის თანამშრომელი იყო. 1952 წელს ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, იბრაჰიმი ქაიროში გადაიყვანეს – იუსტიციის სამინისტროში, ინსპექტორის თანამდებობაზე. დაწყებითი განათლება ჰოსნიმ კაფრ-ალ-მუსაილაჰის სკოლაში მიიღო. შემდგომ სწავლა შიბინ-ალ-ქუმის საშუალო სკოლაში გააგრძელა. ჰოსნის არაბული ენის მასწავლებელი იხსენებდა, რომ მომავალი პრეზიდენტი თავდაჯერებული ახალგაზრდა იყო და სერიოზულად ეკიდებოდა ნებისმიერ დაკისრებულ დავალებას. თანაკლასელებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ საშინაო დავალებების გაკეთება უადვილდებოდა. ჰოსნი სპორტსაც მისდევდა. ის ბალახის ჰოკეით, მაგიდის ჩოგბურთითა და სქვოშ რექეთსით (ერთგვარი თამაში) იყო გატაცებული.
* 1959 წელს ჰოსნი მუბარაქი სტაჟირებაზე საბჭოთა კავშირში გააგზავნეს, კერძოდ, ყირგიზეთში, ტოკმაკში. იქ მას უნდა გაევლო ბომბდამშენ „ილ-28-ის“ პილოტირების კურსები. სტაჟირებიდან ეგვიპტეში დაბრუნებული ჰოსნი საავაციო პოლკის მეთაურად დაინიშნა. 1964-1965 წლებში მუბარაქი საშტაბო სწავლებას გადიოდა მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. ასევე, ეუფლებოდა ბომბდამშენ „ტუ-16-ის“ პილოტირებასაც. ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში მუბარაქი ყვებოდა, რომ მოსკოვში ცხოვრების პერიოდში, ინტერესის გამო ფეხით შემოიარა მოსკოვის მეტროპოლიტენის ყველა სადგური. მისი უსაყვარლესი ადგილი მოსკოვში კი დღემდე ყოფილი გორკის, ამჟამად „ტვერსკაია ულიცაა”, რომელიც თანამედროვე მოსკოვის გართობისა და ღამის ცხოვრების ცენტრია.
* 10 სანტიმეტრი აშორებდა სიკვდილისგან ვიცე-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს 1981 წლის 6 ოქტომბერს, როდესაც სამხედრო აღლუმის დროს, მოკლეს ეგვიპტეს მაშინდელი პრეზიდენტი, ანვარ სადათი. ერთ-ერთ ინტერვიუში მუბარაქი იხსენებდა, რომ მას დღემდე ყურში ჩაესმის ტყვიის ზუზუნი, რომლითაც სადათი მოკლეს. მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე, 52 წლის მუბარაქი ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა.
* ეგვიპტის ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს შესრულებული აქვს სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის როლი, 1949 წელს გადაღებულ უცნობი დასახელების, ეგვიპტურ შავ-თეთრ მხატვრულ ფილმში. მუბარაქი ფილმის რამდენიმე ეპიზოდში ჩნდება და მისი პერსონაჟი მხოლოდ პილოტებისთვის მითითებების მიცემით შემოიფარგლება. ცნობისთვის, იმ დროისთვის მუბარაქს არ ჰქონდა გადაწყვეტილი რომელ სამხედრო სტრუქტურაში დაეწყო სამსახური და საჰაერო ძალების გენერლის როლი სრულიად შემთხვევითი იყო. ფილმის რამდენიმე კადრი ვიდეოპორტალ „იუთუბიზეა” განთავსებული.
* ეგვიპტის ექსპრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიო ლიდერთაგან, რომელთანაც სატელეფონო საუბარი გამართა 2008 წლის ნოემბერში, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. რით იყო ეს განპირობებული და რა საკითხები განიხილეს პოლიტიკოსებმა, დღემდე უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი საუბარი საკმაოდ დიდხანს, თითქმის 40 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ იმავე საღამოს ბარაკ ობამა კიდევ 15 მსოფლიო ლიდერს ესაუბრა, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, ბრიტანელ პრემიერს გორდონ ბრაუნს, იაპონიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ტარო ასოს, ავსტრალიის პრემიერს ქევინ რადს და საუდის არაბეთის მეფეს აბდალას. თუმცა, ყველაზე ხანგრძლივი საუბარი ობამას სწორედ მუბარაქთან ჰქონდა, რომლის გადაყენაბასა და დაპატიმრებას შემდეგში ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა.
* ჰოსნი მუბარაქმა ჯერ კდიევ 2009 წელს დაკარგა რეიტინგი „მსოფლიოს ყველაზე საშიში დიქტატორების” სიაში. ამერიკული ჟურნალი „პარადის” 2009 წლის მონაცემებით, რომელიც ყოველწლიურად ადგენს „ყველაზე საშიში დიქტატორების“ რეიტინგს, ჰოსნი მუბარაქი პირველი ოცეულის ბოლო საფეხურზე იყო. მის წინ კი ისეთი ქარიზმატული დიქტატორები იყვნენ, როგორებიც არიან: ჩრდილოეთ კორეის უკვე გარდაცვლილი ლიდერი კიმ ჩენ ირი, ჩინეთის ექსპრეზიდენტი ჰუ ძინ ტაო, ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ლიბიის ექსლიდერი მუამარ კადაფი და ფიდელ კასტროს ძმა, კუბის ამჟამინდელი მმართველი რაულ კასტრო.
* პრეზიდენტობის პერიოდში ჰოსნი მუბარაქის სიცოცხლის ხელყოფის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე ცნობილია: 1995 წელს ეთიოპიაში მომხდარი ტერორისტული აქტი, როდესაც მუბარაქის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს ისლამისტმა ექსტრემისტებმა. ეგვიპტის პრეზიდენტი არ დაზარალებულა, სამაგიეროდ დაიღუპა ორი ეთიოპიელი პოლიციელი; მეორე შემთხვევა 1999 წელს ქაიროში მოხდა, როდესაც დანით შეიარაღებული უცნობი ბოროტმოქმედი, თავს დაესხა მუბარაქს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მაგრამ არასასიკვდილო.
* თავის დროზე ირანის ეროვნული მილიციის „ბასიჯას” ხელმძღვანელობამ ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მოკვლისთვის მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. „რევოლუციური სტუდენტების” („ბასიჯას” ერთ-ერთი ქვედანაყოფი) წევრებმა სპეციალური აქცია გამართეს, სადაც გაცხადდა ამ ჯილდოს შესახებ. ირანელების აზრით, ჰოსნი მუბარაქი მუსლიმანური სამყაროს მოღალატეა და სიკვდილით დასჯას იმსახურებს. ირანელების მუქარა იმით იყო განპირობებული, რომ მუბარაქმა რამდენიმე წლის წინ მხარი დაუჭირა ამერიკელების შესვლას ერაყში და ასევე, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ებრაელ პოლიტიკოსებთან.
* ჰოსნი მუბარაქის ოჯახის ქონება სხვადასხვა მონაცემით, 70 მილიარდამდე დოლარს შეადგენს. ძირითადად, საუბარია მსოფლიოს სხვადასხვა ბანკში არსებულ საიდუმლო ანგარიშებზე. დღემდე უცნობია თუ ვინ განაგებს ამ თანხას, ასევე, უცნობია რეალურია თუ არა ამ თანხის არსებობა, რადგან ის ორჯერ აღემატება ეგვიპტის საგარეო ვალს. ცნობისთვის, მუბარაქის გადაყენების შემდეგ, ბარაკ ობამა გამოვიდა ინიციატივით, რომ ეგვიპტისთვის ეპატიებინათ ერთი მილიარდი დოლარის ვალი.
* 2007 წელს, აზერბაიჯანის ქალაქ ჰირდალანში მთავრობამ ჰოსნი მუბარაქის ძეგლი დადგა. 2011 წელს, მას შემდეგ, რაც ჰოსნი მუბარაქი გადააყენეს თანამდებობიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ძეგლის დემონტაჟის ბრძანება გამოსცა.
* 2011 წლის 11 თებერვალს, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ჰოსნი მუბარაქი შინაპატიმორბაში იმყოფებოდა. იმავე წლის აპრილში მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე ეგვიპტის პროკურატურაში. მუბარაქს რამდენიმე მძიმე დანაშაულში, მათ შორის, კორუფციაში ედებოდა ბრალი. 2012 წლის 2 ივნისს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 2013 წლის 15 აპრილს ჰოსნი მუბარაქი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან.