რა სირთულეებს გამოიწვევს, თუკი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და ახალი პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წევრები იქნებიან
საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და სავსებით ბუნებრივია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებიც ჩაებნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. ხოლო, რაკი ყველაზე მეტს იტყუებიან ომის შემდეგ, ნადირობისას და არჩევნების წინ, ჩვენებური კანდიდატებიც ცდილობენ ამომრჩევლის მოხიბვლას უხვ-უხვი დაპირებით. თუმცა 2013 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა საპარლამენტო მოდელზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტი „ის თამრო“ ვეღარ იქნება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებების თვალსაზრისით). რადგან ვეჭვობთ, რომ ამომრჩევლის ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს მომავალი პრეზიდენტის უფლებების შესახებ, ამ ვაკუუმის ამოვსებას იურისტ ირაკლი კობახიძის დახმარებით შევეცდებით, რაც იმის გარკვევაშიც დაგვეხმარება, დაპირებების რა ნაწილი უნდა დავუჯეროთ პრეზიდენტობის მსურველებს.
– რა უფლებმოსილებით იქნება აღჭურვილი ადამიანი, რომელიც 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტი გახდება?
– მოქმედი კონსტიტუციისგან განსხვავებით, ახალი რედაქცია, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში უნდა ამოქმედდეს, თვისებრივად ზღუდავს პრეზიდენტის სტატუსს და უფლებამოსილებებს. თუ დღეს მოქმედ პრეზიდენტს, მოქმედი კონსტიტუციით, აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი ლიდერის ფუნქცია, ნოემბერ-დეკემბრიდან ახალ პრეზიდენტს აღარ ექნება ეს სტატუსი და ჩამოშორდება ძირითადი აღმასრულებელი კომპეტენციები. ახალი პრეზიდენტი აღარ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და ის დაემსგავსება საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელ პრეზიდენტს, რომელსაც მეტწილად მიკუთვნებული აქვს სიმბოლური და ხშირად ანტიკრიზისული უფლებამოსილებები.
– უფრო კონკრეტულად?
– დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი დომინირებს მთავრობაზე. მთავრობა არის მისი ხელქვეითი, რომელიც ვალდებულია, აასრულოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები, ანუ ერთგვარი სუბორდინაცია მოქმედებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ასეთი სუბორდინაცია მთლიანად მოიხსნება არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს აღარ დაექვემდებარება მთავრობა და მთავრობა დამოუკიდებლად იქნება პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაზე. ანუ მთავრობა პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად მიიღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. გარდა ამისა, თუ დღევანდელი კონსტიტუციით, მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელნი არიან პრეზიდენტის წინაშე, ახალი რედაქციით, ასეთი პასუხისმგებლობა აღარ იარსებებს. კიდევ ერთი საკითხი: დღეს პრეზიდენტი უშუალოდ იღებს მონაწილეობას მთავრობის ფორმირების პროცესში და აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, საკუთარი ინიციატივით, გადააყენოს მთავრობა. ახალი რედაქციით, ასეთი უფლებამოსილებები პრეზიდენტს აღარ ექნება: ის მხოლოდ ფორმალურად მიიღებს მონაწილეობას მთავრობის ფორმირებაში – მთავრობის გადაყენების უფლება კი საერთოდ არ ექნება. ანუ მთავრობა აღარ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და ეს ვალდებულება მას ექნება მხოლოდ პარლამენტისადმი.
– ცნობილია, რომ საპარლამენტო მოდელი ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტის გვარიც არ ვიცით, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა. რა საჭიროა პრეზიდენტი, ანუ დამატებითი ხარჯი, როდესაც ის გინდ ყოფილა, გინდ – არა?
– ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აღჭურვილი იქნება სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ფუნქციით. თუნდაც, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს ამ სტატუსს, პრაქტიკაში მას მაინც აქვს გარკვეული დადებითი ეფექტი. სისტემურად თუ შევხედავთ საკითხს, ვნახავთ, რომ საპარლამენტო სისტემები შედარებით ნაკლებადაა მიდრეკილი ავტორიტარიზმისკენ: პრემიერ-მინისტრებს აღარ უჩნდებათ ცდუნება, რომ იყვნენ სახელმწიფოს ბელადები და ერთპიროვნული მმართველები.
– კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც პრეზიდენტი რჩება მთავარსარდლად. კიდევ რა უფლებები რჩება მას, თუნდაც, როგორც სიმბოლოს?
– სიმბოლური მახასიათებელი აქვს მომავალი პრეზიდენტის სტატუსს და გარდა მთავარსარდლის სტატუსისა, მას ამ რანგში გარკვეული უფლებამოსილებებიც ენიჭება. მაგალითად, საომარ მოქმედებებს აცხადებს პრეზიდენტი. გარდა ამისა, ის ერევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაში: შესაბამის აქტს პრეზიდენტი გამოსცემს. ამასთან, ახალ პრეზიდენტს მთელი რიგი ანტიკრიზისული უფლებამოსილებებიც ექნება. მაგალითად, მას შეეძლება წარმომადგენლობითი ორგანოების დათხოვნა როგორც თვითმმართველობის, ისე ავტონომიური რესპუბლიკების დონეზე, თუ დადგება შესაბამისი გარემოებები. რაც მთავარია, რჩება უშიშროების საბჭოს ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელიც პრეზიდენტი იქნება და, მეტიც, ის დანიშნავს უშიშროების საბჭოს წევრებს. საერთოდ, ასეთი ინსტიტუტი, უშიშროების საბჭო, არ არის დამახასიათებელი საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის და თავის დროზე ჩვენი თუ უცხოელი ექსპერტები აკრიტიკებდნენ ამ ინსტიტუტის შენარჩუნებას. თუმცა, პარლამენტმა ეს კრიტიკა არ გაითვალისწინა 2010 წელს, ეს ინსტიტუტი ძალაში დატოვა ახალ მოდელშიც და პრეზიდენტს, ამ კუთხით, გარკვეული ბერკეტები მიენიჭა.
– იმ უფლებებით აღჭურვილი პირი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, აშკარაა, ვერ შეძლებს იმ დაპირებების ასრულებას, რასაც ჩვენი კანდიდატების უმეტესობა უკვე ჰპირდება ამომრჩეველს. ხომ არ მეშლება შეფასება?
– ისეთი დაპირებები ისმის სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატისგან, მათ შორის, სოციალური ტიპის დაპირებებიც არის, რაც შეუთავსებელია იმ სტატუსთან და უფლებამოსილებებთან, რითაც აღჭურვილი იქნება ახალი პრეზიდენტი. მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტს აღარ ექნება აღმასრულებელი უფლებამოსილება, შესაბამისად, ის გავლენას ვერ მოახდენს ვერც სოციალურ და ვერც ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ამდენად, დაპირება, რაც მომავალ პრეზიდენტს შეუძლია, მისცეს მოსახლეობას, არის ის, რომ ის იქნება კონსტიტუციის დაცვის გარანტი და ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი. ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში მომავალი პრეზიდენტი ვერ იქნება ჩართული. ამის საშუალებას მას არ აძლევს კონსტიტუციის ის რედაქცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
– კანდიდატთა ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ მათ დაპირებებს გავიხსენებ: სამართლიანობის აღდგენა, მავანთა თანამდებობებიდან გათავისუფლება, ეს ვეღარ იქნება, არა, მომავალი პრეზიდენტის პრეროგატივა?
– რაც შეეხება თანამდებობიდან გათავისუფლებას: ახალ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მიმართ საკმაოდ ფართო უფლებები რჩება. თქვენ იცით, რომ უახლოეს წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლოს მთელ რიგ წევრებს შეუწყდებათ უფლებამოსილება და პრეზიდენტი იქნება ის სუბიექტი, რომელიც წარადგენს მოსამართლეთა ახალ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, სასამართლო რეფორმის კუთხით, შეზღუდულ ფარგლებში, მაგრამ ახალ პრეზიდენტს მაინც შეეძლება მნიშვნელოვანი როლის შესრულება უახლოესი წლების განმავლობაში. ახალ პრეზიდენტს, ასევე, რჩება ვეტოს უფლება, თუმცა, ახალი რედაქციით, საქართველოს პარლამენტს გაუმარტივდება ვეტოს გადალახვა. აგრეთვე, პრეზიდენტს რჩება შეწყალების უფლება. ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და, ამ კუთხით, გარკვეული ზემოქმედება შეეძლება შესაბამისი სისტემების ფუნქციონირებაში.
– მოქმედი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ, მათ შორის არის დაპირისპირება და ეს აფერხებს უამრავ პროცესს. ახალ მოდელში, თუ პრემიერი და პრეზიდენტი ისევ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წევრები იქნებიან, ამ თუ სხვა არჩევნებში, არსებობს მსგავსი კრიზისული სიტუაციების შექმნის ალბათობა? ექნებათ საშუალება, ისევ შეუშალონ ხელი ერთმანეთს საქმიანობაში, როგორც ეს ახლა ხდება?
– ეს შესაძლებლობა, ახალი რედაქციით, ბევრად უფრო შეზღუდულია დღეს არსებულ ვითარებასთან შედარებით. ერთი მაგალითი მოვიყვანოთ: ახალი რედაქციით, ელჩების დანიშვნის უფლება ისევ პრეზიდენტს ექნება, უბრალოდ ამისთვის მთავრობასთან შეთანხმებაა საჭირო. პრეზიდენტს შეუძლია, ერთგვარი დესტრუქციული როლი შეასრულოს იმ სახით, რომ არ დანიშნოს ის ელჩები, რომლებსაც მას წარუდგენს საქართველოს მთავრობა. არადა, რეალურად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზეც მთავრობა იქნება პასუხისმგებელი და, ლოგიკურად, პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მთავრობის მოთხოვნები. თუმცა, ახალი რედაქციით, პრეზიდენტს შეუძლია, არ დააკმაყოფილოს მთავრობის მოთხოვნა და ელჩად თუ სხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე არ დანიშნოს ის პირები, რომლებიც სასურველი იქნება საქართველოს მთავრობისთვის. ანუ, ამ კუთხით, ახალ პრეზიდენტს შეუძლია, ხელი შეუშალოს მთავრობას საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოებასა და განხორციელებაში. ასეთი ელემენტები ჩადებულია კონსტიტუციის ახალ რედაქციაში და უცხოელი ექსპერტები განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებდნენ საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამ დებულებებს. ისინი ამბობდნენ, თუ არსებითად საპარლამენტო მოდელზე გადადის ქვეყანა, პრეზიდენტს მთლიანად უნდა ჩამოშორდეს აღმასრულებელი უფლებამოსილებები.
იგივე ეხება გაერთიანებული შტაბის უფროსისა და სხვა სარდლების დანიშვნას.
– მათაც პრეზიდენტი დანიშნავს, ანუ ეს ფუნქციებიც რჩება?
– დიახ, ოღონდ ზუსტად იმავე სახით არის შეზღუდული, როგორც ელჩების შემთხვევაში: მთავრობის თანხმობაა აუცილებელი. თუმცა, რადგან თავდაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მთავრობაა, ლოგიკური იქნებოდა, რომ პრეზიდენტმა მარტივად დააკმაყოფილოს ის წარდგინება, რომელსაც განახორციელებს მთავრობა, მაგრამ, ახალი რედაქციით, პრეზიდენტს აქაც შეუძლია, შეასრულოს დესტრუქციული როლი და არ მოიწონოს ის კანდიდატურა, რომელსაც მას საქართველოს მთავრობა შესთავაზებს. ასეთი ელემენტები არის ჩადებული, თუმცა სასურველი იყო, რომ ამისგან მთლიანად დაცლილი ყოფილიყო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რასაც გვირჩევდნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები. მაგრამ, როგორც გითხარით, 2010 წელს პარლამენტმა ეს შენიშვნები არ გაითვალისწინა.
– ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედი პრეზიდენტი, სხვადასხვა მიზეზით, არ იყენებს ბოლომდე იმ განუზომელ უფლებებს, რასაც მას ანიჭებს მოქმედი კონსტიტუცია, მაგრამ მაინც ახერხებს დისონანსის შეტანას.
– ის ვითარება, რაც საპარლამენტო არჩვენების შემდეგაა შექმნილი, მთლიანად სცილდება კონსტიტუციის ფარგლებს, იმიტომ რომ, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთლიანადაა პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაზე. კონსტიტუციით, მას ეკისრება აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერის ფუნქცია და ეს არის მისი არა მხოლოდ უფლება, არამედ – ვალდებულება. რეალურად, პრეზიდენტი არ ახორციელებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას. მართალია, ეს ერთგვარად პოლიტიკური მიზეზებითაა ნაკარნახები, მაგრამ არსებითად სცილდება კონსტიტუციის ფარგლებს.
– თქვით, რომ საპარლამენტო მოდელში პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლურობას აქვს ავტორიტარიზმისგან დაცვის ფუნქციაც, რომ პრემიერ-მინისტრს არ გაუჩნდეს ბელადობის სურვილი, მაგრამ, ახალი რედაქციით, ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გვეყოლება, თითქმის იმპერატორის უფლებებით ისარგებლებს. შესაბამისად, ისე ხომ არ მოგვივა, რომ სუპერსაპრეზიდენტო მოდელიდან, როგორიც ახლა არის, სუპერსაპრემიერმინისტრო მოდელამდე მივალთ? ანუ, უფლებების თვალსაზრისით, ხომ არ მივიღებთ ისეთსავე პრემიერს, როგორიც მანამდე პრეზიდენტი გვყავდა?
– ამის რისკი არსებობს და თავის დროზე მკაცრად ვაკრიტიკებდი კონსტიტუციის იმ ახალ რედაქციას. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მეტისმეტად ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები, რასაც განაპირობებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის რამდენიმე ძირითადი დებულება. მათ შორის, ის პროცედურები, რომლებიც უკავშირდება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაყენებას, ანუ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. 2012 წელს არჩეული პარლამენტი მუშაობდა ამ საკითხებზე, თუმცა იმ ძირითადი დებულების, საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის, რედაქციაზე პარლამენტს არ უმუშავია. არადა, თუ კონსტიტუციის ეს დებულება არ შეიცვალა, რისკები ძალაში დარჩება. თუმცა გარდა ამ მუხლისა, ბევრი სხვა დებულებაცაა შესაცვლელი: არსებით გადასინჯვას საჭიროებს ის დოკუმენტი, რომელიც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მივიღეთ. ამისთვის საჭიროა, შეიქმნას ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც იმუშავებს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე.