რატომ იზრდება კრიტიკულ ზღვრამდე ყარაბაღში ომის განახლების პერსპექტივა და რა სახით მოუწევს საქართველოს მასში ჩაბმა
სულ ახლახან რუსეთის საბაჟო სამსახურმა უკრაინიდან პროდუქციის იმპორტი შეაჩერა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არცთუ მალე გაუხსნის თავისი ბაზრის კარს. აშკარაა, რომ ეს ეკონომიკური ბერკეტი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა, რაც უკრაინის საბაჟო კავშირში შეტყუებასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩაშლასთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, უკრაინელი ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს უკრაინა-რფ-ს შორის საომარ მოქმედებებსაც (რაც, ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა). ამის პარალელურად კი, ვლ. პუტინმა ბაქო მოიარა და ილჰამ ალიევთან ერთად ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის დეტალები განიხილა. რა მიზანს ისახავს დსთ-ს სივრცეში რუსეთის გააქტიურება და როგორ აისახება ის საქართველოს მომავალზე, – თემას რუს სამხედრო ექსპერტ (ომების ერთგვარ წინასწარმეტყველთან, თუმცა მისი პროგნოზი მხოლოდ ერთხელ ახდა, მაგრამ ჩვენთვის საბედისწეროდ) პაველ ფელგენგაუერთან ერთად განვიხილავთ.
– უკრაინა დათანხმდა რფ-ს საბაჟო კავშირში დამკვირვებლის სტატუსით შესვლაზე, თუმცა რუსეთმა მაინც შეაჩერა უკრაინული პროდუქცია თავის საზღვარზე. რამე მეტი უნდა კრემლს?
– უკრაინას არ უნდა საბაჟო კავშირში შესვლა და ეს არის პრობლემა. ამიტომ ეს ქმედება არის მისი იძულება ამისთვის, როგორც თავის დროზე საქართველოს აიძულეს მშვიდობა. ეს არის შანტაჟი. ფორმალურად, რაღაც ქაღალდებზე ედავებიან. ჩვენთან ასეთი მიდგომაა: კანონი მეგობრებისთვის გაგებითაა, მტრებისთვის – სხვანაირად. საერთოდ კი, ჩვენ ისეთი კანონები გვაქვს, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლება: თუ კანონით იხელმძღვანელებ, ბავშვებსაც ვერ გააკეთებ. იგულისხმება, რომ მეგობრებთან მიმართებაში კანონი მთლიანად ვერ ამოქმედდება, მტრებისთვის კი – მთელი ძალით. ეს პუტინის დიდი ხნის პრაქტიკაა.
– ეს ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ.
– უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებს და ამით მას აჩვენებენ, რა შედეგით შეიძლება, დასრულდეს მისი ეს მცდელობა. უკრაინას საბაჟო კავშირში შესვლა არ უნდა და ამიტომ ისეთ ფორმულებს იგონებს, რაც მიუღებელია რუსეთისთვის: უკრაინას უნდა, რომ საბაჟო კავშირშიც იყოს და ევროკავშირთანაც. მართალია, უკრაინულ ელიტაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინა რუსეთზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება იანუკოვიჩის დაყოლიება. ამიტომაც რეპრესიები ტარდება უკრაინულ კანფეტებთან მიმართებაში, რათა დაფიქრდნენ და უარი თქვან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე.
– გავრცელდა უკრაინელი ექსპერტის მოსაზრება, რომ იკვეთება რუსულ-უკრაინული ომის საშიშროება. თქვენ რას ფიქრობთ?
– ეს შეუძლებელია, რომც მოინდომონ, რადგან არც ერთი მხარე არ არის მზად ამ ომისთვის. ასე რომ, ეს ფანტაზიის სფეროა. უკრაინა არ არის საქართველო, იქ საჭირო გახდება არა 20 000 ჯარისკაცი, არამედ, მინიმუმ მილიონი, რომლებიც ჩვენ არ გვყავს. ფართომასშტაბიანი ომისთვის არც რუსეთია მზად და არც უკრაინა, საზღვარზე სროლები კი უაზრობა იქნებოდა. ომი ტექნიკურად შეუძლებელია, იმისდა მიუხედავად, მოუვა თუ არა ვინმეს თავში მისი დაწყება.
– თუ ვერ მოხერხდა აი, ამ საბაჟო სანქციებით უკრაინის მოტეხვა, კიდევ რა ბერკეტები აქვს ზემოქმედებისთვის რუსეთს?
– რთული გასაგებია, როგორ იღებენ მოსკოვში ასეთ გადაწყვეტილებებს. პროცესი იმით დაიწყო, რომ თითქოს საბაჟო სამსახურმა თავისით იმოქმედა და ზემოდან არაფერი უბრძანებიათ. შემდეგ გაიმართა მოლაპარაკებები პუტინსა და იანუკოვიჩს შორის. თავის დროზე, ამხანაგმა სტალინმაც უთხრა ორჯონიკიძეს ჩხრეკის გამო, მათ შეუძლიათ, მეც გამჩხრიკონ, ვერავინ დაუშლითო და ამის შემდეგ ორჯონიკიძემ თავი მოიკლა. მე არ ვიცი, რას გააკეთებს იანუკოვიჩი, მაგრამ პუტინმა უთხრა მას, რომ რაღაც კომისია უნდა შეიქმნას პრობლემის მოსაგვარებლად, ანუ ამოქმედდება კარგი და ცუდი პოლიციელის სქემა.
– ცუდი რუსი მებაჟეები და კარგი პუტინი.
– თუმცა ამასობაში საზღვარზე ჩინოვნიკები უამრავ სისაძაგლეს ჩაიდენენ, რაც უკრაინული საქონლის იმპორტს რუსეთში არათუ არახელსაყრელს, თითქმის შეუძლებელს გახდის. ითქვა, რომ, თუ უკრაინა ვილნიუსში ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, ცუდი რამ მოხდება. მაგრამ ის, თუ რა მოხდება მომავალში, პუტინის გადასაწყვეტია.
– ვილნიუსში არა მხოლოდ უკრაინასთან, სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, მათ შორის, საქართველოსთანაც, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში სხვა ტაქტიკა აქვს რუსეთს: პირიქით, პროდუქცია შეუშვა.
– ჯერ ერთი, საქართველოს პირდაპირ არავინ ითრევს საბაჟო კავშირში, ეს არ არის დღევანდელი დღის წესრიგის თემა; მეორე, ევროპაში არის ძლიერი ლობი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საჭირო არ არის, პარაფირებაც საკმარისია, იმიტომ რომ ვანო გისოსებში ზის. როგორც ჩანს, მოსკოვში შიშობენ, რომ ევროკავშირი სწორედ უკრაინასთან გააფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას. ამასთან, უკრაინასთან გაცილებით სერიოზული ვაჭრობა გვაქვს, ვიდრე საქართველოსთან და საერთოდაც, სახელმწიფო იდეოლოგიის თვალსაზრისით, უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იქ სლავები ცხოვრობენ. ქართველები კი სლავები არ არიან, ამიტომ ისე მწვავედ არ დგას ეს საკითხი, როგორც ბელორუსთან და უკრაინასთან მიმართებაში.
– გადმოვინაცვლოთ კავკასიაში: ქართველი ექსპერტების ნაწილმა აშშ-ის სამხედრო ხომალდის ბათუმში შემოსვლა შეაფასა, როგორც საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გაბმის გამო გაფრთხილება. თქვენ ხედავთ კავშირს ამ ფაქტებს შორის?
– დღეს საქართველოს პრობლემა პირველ ადგილას არ დგას კრემლისთვის. მავთულხლართების საკითხი დაბალ დონეზე მიიღეს: ის 100 მეტრი კრემლისთვის არაფერს ნიშნავს, საერთოდ, საქართველო პრიორიტეტი არ არის. ჩვენ გვაქვს შიდა პრობლემები, პრობლემებია ამერიკასთან, ახლა – უკრაინასთან, საქართველო მეათეხარისხოვანია. ამერიკელების ვიზიტის გაშუქებისას მეტი ყურადღება მიაქციეს ბატონი სააკაშვილისა და ბატონი ივანიშვილის შელაპარაკებას.
– ჩვენ ხომ ვიცით, რომ მთავარი იყო არა შელაპარაკება, არამედ ამერიკული ხომალდის შემოსვლის ფაქტი.
– მაგრამ შელაპარაკების ფაქტი მოხვდა ახალ ამბებში და პუტინმა ეს გაიგო. ჩემი აზრით, მავთულხლართების გაბმა ადგილობრივი ინიციატივა იყო და შეიძლება, კრემლიდან ახლა უთხრეს, აღარ გააგრძელოთო. დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს ბატონი ივანიშვილი. მას აქვს თავისი ინტერესები, შეიძლება, საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან და გასაგებია, რომ მას უნდა პოლიტიკიდან წასვლა: თავისი საქმეები აქვს მოსაგვარებელი.
– ახსენეთ პრობლემები აშშ-სთან. მხოლოდ სნოუდენის ინციდენტმა მისცა პრეზიდენტ ობამას საფუძველი ეთქვა, რომ აუცილებელია აშშ-რფ-ს ურთიერთობების გადახედვა? და როგორ აისახება ეს შეჩერებული გადატვირთვა კავკასიაზე?
– ურთიერთობები დიდი ხანია, ფუჭდებოდა. მაისში პენტაგონიდან დელეგაცია ჩამოვიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად. მე მათ ვუთხარი, ჩვენი პოლიტიკა ასეთია, თქვენთან არავინ იმეგობრებს, უამრავი ფულია გამოყოფილი იმისთვის, რომ მოემზადონ ამერიკასთან ომისთვის და არავინ აპირებს ამ ფულზე უარის თქმას-მეთქი. მათ მიპასუხეს, თუ თქვენ ასე განაგრძობთ, ობამა საერთოდ შეწყვეტს რუსეთის შემჩნევას, დაგივიწყებთ და დამთავრდებაო. ახლა უკვე ოფიციალური პოლიტიკა გახდა ურთიერთობის შეჩერება, მაგრამ, როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაცია ამ შესაძლებლობას სნოუდენამდე განიხილავდა. ანუ ურთიერთობა ისედაც მიდიოდა გაყინვისკენ. ისე მოხდა, რომ დღეს ამერიკაში კონსენსუსია „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის იმის შესახებ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება არ ღირს და ამიტომ დროებით გაყინეს. ალბათ, ასე გაგრძელდება მომავალ ამერიკულ არჩევნებამდე, თუ რაღაც სერიოზული არ მოხდება. აქედან კი კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ამის გათვალისწინებით, არც კავკასიაში მოხდება არაფერი კარგი, თუმცა საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივების ალბათობა ნულის ტოლია.
– ყარაბაღის ომის განახლება უფრო რეალურია ამ ეტაპზე?
– ყარაბაღი უკვე სერიოზული საკითხია. კონფლიქტი შეიძლება, აფეთქდეს და მაშინ მოსკოვიც და ვაშინგტონიც კავკასიას მიაპყრობენ ყურადღებას. ახლა კავკასიისთვის როგორღაც არავის სცალია. მაგრამ შეიძლება, ყველამ მოიცალოს. მაშინ აშშ და რფ სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებენ ქმედებას და ეს კარგს არაფერს მოიტანს კავკასიაში.
– ცნობილია, რომ აზერბაიჯანულ ოპოზიციას, წარმოდგენილს ძალიან მდიდარი ადამიანებით, უნდა ილჰამ ალიევის ჩამოგდება, რასაც მხარს უჭერს კრემლი. პუტინი ბაქოში ამის სათქმელად შეხვდა ალიევს?
– არ მგონია, პუტინი მზად იყოს რაღაც რევოლუციისთვის.
– რატომ რევოლუცია? აზერბაიჯანში ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს?
– მოსკოვში გვყავს ძალიან ძლიერი სომხური ლობი, მაგრამ, ასევე, გვყავს ძალიან ძლიერი აზერბაიჯანული ლობი. ისინი ერთმანეთს ებრძვიან გავლენისთვის. ორივე მხარეს არიან მილიარდერები და მუდმივად დაპირისპირებაა, სომხეთს დაუჭიროს უფრო მხარი მოსკოვმა თუ აზერბაიჯანს. მოსკოვი კი, როგორც წესი, ლავირებს. პუტინს აზერბაიჯანიც სჭირდება და სომხეთიც, ამიტომ ჯერ ერთს მივადგებით და კარგ სიტყვებს ვეტყვით, შემდეგ – მეორეს და იმავეს ვეტყვით. იარაღსაც ორივე მხარეს მივყიდით. აი, ასეთი დაბალანსებული პოლიტიკაა, რომელიც ასახავს მოსკოვში სომხური და აზერბაიჯანული ლობების ბალანსს.
– და მოსკოვის აზერბაიჯანული ლობი ალიევს უჭერს მხარს? მე ილჰამ ალიევის შესახებ გკითხეთ.
– ეს აზერბაიჯანული ლობი აზერბაიჯანს უჭერს მხარს, ერთმანეთთან რა პრეტენზიები აქვთ, სხვა საკითხია. მაგრამ არ მგონია, პუტინი მზად იყოს, მხარი დაუჭეროს „არაბულ გაზაფხულს“ ბაქოში. მას რევოლუციები არ უყვარს.
– ფუნდამენტურად რომ დაეუფლო სამხრეთ კავკასიას, ან აზერბაიჯანი უნდა მოიქციო გავლენის ქვეშ, ან საქართველო, ორივეზე ზეწოლა არც გჭირდება, ერთ-ერთიც საკმარისია. მხოლოდ კეთილი სიტყვების სათქმელად ჩავიდა პუტინი ბაქოში?
– დიდი ზეწოლა არ არის, დაბალანსებული პოლიტიკაა. სხვათა შორის, აზერბაიჯანიც საკმაოდ დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს, სომხეთიც იყურება უკან, ირანს ემეგობრებიან, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანელები არ ემეგობრებიან.
– სამაგიეროდ, აზერბაიჯანი ემეგობრება თურქეთს, რომელიც არ მეგობრობს ირანთან.
– მაინც რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა მოსკოვი ამ დაბალანსებული პოლიტიკით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეჩერებას. მოსკოვს, როგორც საბჭოთა დროს იყო, აღარ აქვს პირდაპირი გავლენის საშუალება, ამიტომ არსებობს რეგიონში ვითარების გამწვავების საშიშროება. ირანის გარდა იქ არის თურქეთი, ამერიკა, საკმაოდ რთული და სახიფათო სიტუაციაა, რადგან ყარაბაღი შეიძლება, აფეთქდეს. თუ რუსეთი პირდაპირ ჩაერევა სომხეთ-აზერბაიჯანის ომში, მაშინ შესაძლოა, ჩაებას თურქეთიც. თურქეთს კი სამხედრო შესაძლებლობები გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე რუსეთს. ბირთვული იარაღიც აქვს: თურქულ ავიაგამანადგურებლებზე არის ამერიკული ბირთვული რაკეტები. სომხეთი ნერვიულობს, იმიტომ რომ, სამხედრო თვალსაზრისით, ჩამორჩება აზერბაიჯანს არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ ხარისხითაც და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო თვალშისაცემია ეს ჩამორჩენა, რაც სიტუაციას მყიფეს ხდის. სამხედრო ძალის ბალანსი ირღვევა და ამან შეიძლება, ორივე მხარეს უბიძგოს ძალის გამოყენებისკენ. აზერბაიჯანმა შეიძლება, გადაწყვიტოს, რომ საკმარისად ძლიერია, რათა გადაჭრას ყარაბაღის პრობლემა, სომხეთმა კი შეიძლება, გადაწყვიტოს, თუ ომია, ჯობია ახლა ვიომოთ, სანამ აზერბაიჯანი უფრო გაძლიერდებაო. ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე არანაირი დამკვირვებლები არ არიან. უბრალოდ არის სანგრები სანგრების წინააღმდეგ და მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ესვრიან, რაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გადაიზარდოს კონფლიქტში.
– თქვენი არგუმენტები მითხარით, რაც გაფიქრებინებთ, რომ საქართველოში ომის ალბათობა ნულის ტოლია.
– პირდაპირი ომის ალბათობა ნულის ტოლია, მაგრამ, თუ ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყება, რუსეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება სამხედრო ტრანზიტი საქართველოს გავლით. ასე რომ, ეს შესაძლოა, შეეხოს საქართველოს.
– ყარაბაღში ზამთარში ომის დაწყების ალბათობა არის?
– ყარაბაღში ზამთარშიცაა შესაძლებელი ომი: იქ არ არის კავკასიონი, ამდენად, ომი შემოდგომაზეც შეიძლება და ზამთარშიც.