რატომ არ იღებდა არანაირ ანაზღაურებას ნანა ყეინიშვილი, როგორც „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტი და რა უძრავ ქონებას ფლობს ის თბილისსა და ბეთანიაში
ნანა ყეინიშვილი
აწ ხალხის რჩეული ნანა ყეინიშვილი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა. იგი ახმეტაშია დაბადებული, უმაღლესი განათლება კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მიიღო. სპეციალობით მეხილეობა-მებოსტნეობის და მევენახეობის სწავლული აგრონომია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1987 წელს იწყება, როდესაც 1990 წლამდე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამოქალაქო თავდაცვის კათედრაზე მუშაობდა ლაბორანტად. თუმცა 1993 წელს შპს „მურომეტის“ დირექტორი გახდა და 2000 წლამდე დაყო ამ თანამდებობაზე. 2001 წლიდან 2012-ის ჩათვლით კი, ვიდრე მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდებოდა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას პრეზიდენტობდა.
ჯერჯერობით პირველი დეკლარაცია 2012 წელს შეავსო, საიდანაც ვიგებთ, რომ მარტო ცხოვრობს. მისი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი შემდეგნაირია: საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიდ დიღომში, 80 კვადრატული მეტრი ფართობის; საცხოვრებელი სახლი ზემო ბეთანიაში, 250 კვადრატული მეტრი ფართობის; ასევე, მიწის ნაკვეთი ზემო ბეთანიაში, 2 700 კვადრატული მეტრი ფართობის და 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი ნახშირგორაში. „თი ბი სი ბანკის“ დეპოზიტზე 2 258 აშშ დოლარს ინახავს და, თუმცა „საქართველოს ბანკში“ სახელფასო ანგარიშიც ჰქონდა გახსნილი, რომელზეც დეკლარაციის შევსების მომენტში 5 786 ლარი ერიცხებოდა, დეკლარაციაში არ მიუთითებს, რა ანაზღაურებას იღებდა, როგორც „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტი, რაც, ლოგიკურად, ნიშნავს, რომ არანაირი ანაზღაურება არ აუღია. ეს კი ბადებს კითხვას: როგორ ახერხებდა არსებობას?!
ფატი ხალვაში – ნუგზარ ყურშუბაძე
იმავე კითხვას ბადებს ხალხის რჩეულ ფატი ხალვაშის დეკლარაციაც, მანამდე კი გეტყვით, რომ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი ქ-ნი ხალვაში ქობულეთშია დაბადებული, უმაღლესი განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში მიუღია, სპეციალობით კი ინჟინერი-ელექტრომექანიკოსია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1979 წელს იწყება ჩაქვის შემფუთავ ქარხანაში, სადაც 1988 წლამდე მუშაობდა მუშად. 1988-დან 1990 წლამდე ჩაისუბნის საშუალო სკოლის ლაბორანტი იყო, 1990-1998 წლებში – ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მასწავლებელი. შემდეგ მის შრომით ბიოგრაფიაში 2012 წლამდე წყვეტაა.
2012 წელს შევსებულ დეკლარაციაში პარლამენტტს წევრი ოჯახის წევრებად მიუთითებს: მეუღლეს, ნუგზარ ყურშუბაძეს და შვილს, 1986 წელს დაბადებულ ზვიად ყურშუბაძეს. უძრავი ქონება წყვილს შორის შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ფატი ხალვაშის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა ბათუმში, 35 კვადრატული მეტრი ფართობის და იმავე მისამართზე მდებარე იმავე ფართობის არასაცხოვრებელი ფართი. იქვე ფლობს საცხოვრებელ ბინას (ოღონდ 50 კვადრატული მეტრი ფართობის) ნუგზარ ყურშუბაძეც და, ასევე, იმავე ფართობის არასაცხოვრებელ ფართსაც. ამას გარდა, ნუგზარ ყურშუბაძის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში – 4 000 კვადრატული მეტრი ფართობის, საცხოვრებელი სახლი ჩაისუბანში – 360 კვადრატული მეტრი ფართობის და 3 000 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი. ავტომანქანა მხოლოდ ზვიად ყურშუბაძეს ჰყავს – 2004 წლის „ფოლკსვაგენ პასატი“, ნუგზარ ყურშუბაძეს კი – ორი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მოტორიზებული ტექნიკა.
დეკლარაციის შევსების დროს, ფატი ხალვაშს ნაღდი ფულის სახით 17 000 აშშ დოლარი ჰქონდა, მის მეუღლეს – 3 000 ლარი, ხოლო მათ ვაჟს – 2 000 ლარი. დეკლარაციაში არ არის მითითებული, რა შემოსავალი მიიღო ოჯახმა. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც უცნობია, როგორ ახერხებდნენ თავის გატანას.