პოტენციალის ამმაღლებლები
ვინ უნდა დაეტიოს საკუთარ კაბინეტში
მართალია, ძირითადად, სხვების ბედნიერება გვაბედნიერებს, რის გამოც, მრავლად მოგვეპოვებიან სხვადასხვა საფეხბურთო გუნდების ფანები (მსოფლიო ჩემპიონატებისას ხომ ლამის თავგანწირულთა ჯგუფებს ვქმნით ამა თუ იმ ქვეყნის გუნდის საგულშემატკივროდ), მაგრამ, ლამის ჩვენს ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული.
კერძოდ, ცოტა არ დააკლდა იმ სასიხარულო ფაქტს, რომ გორის „დილამ“ საკუთარი დროშები აგვაღებინა ხელში, მაგრამ, ზღაპრის ბოლო არცთუ კეთილი აღმოჩნდა.
თუმცა, სანამ ეს გაირკვეოდა, მაგალითად, დანიაში გასვლით მატჩზე „დილელებს“ (სავარაუდოდ, პრინციპით: ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა) გაჰყვნენ: გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის თანამშრომლები და თვით მაჟორიტარი დეპუტატი (ტყემლით, ანუ დეპუტატით მაინც სულ სხვაა). სავარაუდოდ, ამ ამბის გახმაურების გამო აი, უკვე ვენაში გორელ ფეხბურთელებს მხოლოდ გამგებელი პაპუნა კობერიძე გაჰყვა (აღმოჩნდა, რომ „სულ სხვა“ მაინც გამგებლითაა). შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ გამგებელი საკუთარი ხარჯით მგზავრობს (თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩვენებას სამომავლოდ გვპირდება).
ჩვენ არ ვიცით, რატომ გადაწყვიტეს გორელმა ჩინოვნიკებმა, რომ საფეხბურთო მუზები გამხდარიყვნენ, ან, აუმაღლეს თუ არა საკუთარი სიახლოვით თამაშის პოტენციალი გორელ ფეხბურთელებს, მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ წასვლა-მოსვლას თავიანთი ჯიბით აფინანსებენ, მაინც აქტუალურია კითხვა: ისინი ფეხბურთელთა სტიმულირებისთვის დანიშნეს თუ რაიონის პრობლემების გადასაწყვეტად?!