დაისის ეშხით
ანუ, „მე შაირი არ მინდოდა“
შესაძლოა, იმიტომ, რომ დაისი უახლოვდება (საპერზიდენტო სკამზე ჯდომის დაისი მაქვს მხედველობაში), ჟურნალისტებს უკვე იმაზე მეტჯერ შეხვდა, ვიდრე მთელი 9-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში (რადგან, გამოცდილება მაშინ მოდის, როცა აღარ გვჭირდება) . თუმცა (რაკი „იქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს“), შეხვედრის რეჟიმი, ძირითადად, მონოლოგურია და, ჩვეულებისამებრ, არა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, არამედ, იმის მოყოლაზე, რაც პრეზიდენტს სულს უფორიაქებს.
ასე და ამრიგად, ბ-ნი სააკაშვილი მედიის წარმომადგენლებს გასულ კვირასაც გაესაუბრა და, არც აცია, არც აცხელა და თავის დროზე ტელეკომპანია „იმედის“ დახურვაში დამნაშავეებად მაშინ „იმედის“ თანამშროლები და აწ ქდმ-ს ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოაცხადა.
თავის მხრივ, ბუნებრივია, ოდნავ მოგვიანებით, დადანაშაულებულმა და, იმავდროულად, პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ბ-ნმა თარგამაძემ, მთელი პასუხისმგებლობა ძველი „იმედის“ ვანდალურ დარბევასა და დახურვაზე ბ-ნ სააკაშვილს დააკისრა. იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს მოვლენები ექვისოდე წლის წინათ განვითარდა, მაყურებლისთვის სავსებით აშკარაა, ვისკენ იხრება სამართლის პინა.
თუმცა, თუ გავიხსენებთ ბ-ნი თარგამაძის მეორე შეფასებას: „ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ამგვარ საუბარს ბედავს, პროკურატურის დამსახურებაცაა“, ლოგიკურად იბადება კითხვა: იქნებ, იმის, „იმედის“ დახურვიდან რამდენიმე თვეში ბ-ნი თარგამაძის მიერ შექმნილმა ქდმ-მ რაღაც მანქანებით რეიტინგი რომ აკრიფა და უცბად საპარლამენტო პარტიად მოგვევლინა?!