როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ჯმუხაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯმუხა.
ჯმუხაძეები ასურეთში საცხოვრებლად გადავიდნენ 1941 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდიდან.
1873 წლის აღწერით, სოფელ ღოლოვანის ტერიტორიაზე მოიხსენიებიან გაბრიელ, ბესარიონ და მიხეილ ჯმუხაძეები.
საქართველოში 810 ჯმუხაძე ცხოვრობს: თბილისში – 438, ამბროლაურში – 110, ქუთაისში – 62. არიან სხვაგანაც.
ქაცარავა-ქაცარიძე
გვარის ფუძეა ქაცარი. ქაცარი მეგრულად იგივეა, რაც თიკანი.
სამეგრელოში გვხვდება გვარი ქაცარავა.
მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს ხონის საყვირის მებეგრე ქრისტესია ქაცარავა და ხუცესი ქაცარავა ხონში დასახლებულან.
მეთვრამეტე საუკუნის საბუთებში გვხვდება გიორგი (ხუცესი) ქაცარავა.
საქართველოში 260 ქაცარავა ცხოვრობს: თბილისში – 129, ხობში – 33, ბათუმში – 25. არიან სხვაგანაც.
80 ქაცარიძე: ზესტაფონში – 54, თბილისში – 19, ქუთაისში – 3. არიან სხვაგანაც.
ყირიმელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყირიმი, ყირიმია.
ბესო ყირიმელაშვილი მოიხსენიება 1843 წელს დიდ თონეთში, მოსახლეობის აღწერის დროს.
1885 წელს სვიმონ მჭედლიძის თავმდებად მოიხსენიება ბერუა ყირიმელაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ყირიმელი, ყირიმლიშვილი, ყირიმელიშვილი.
საქართველოში 47 ყირიმელაშვილი ცხოვრობს.
126 ყირიმელი.
დევლახაშვილი
მცირერიცხოვანი გვარ-სახელია. ის მხოლოდ თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ მუხათში გვხვდება.
1781 წელს მოიხსენიება სახელები: მურადა, ახუა, მონადირევა, დევოლახია, დევლახა.
1817 წლის კამერული აღწერის მასალებში ჩნდება გვარები: მურადაშვილი, ახუაშვილი, მონადირაშვილი, მონადირიშვილი, დევლახაშვილი.
საქართველოში 27 დევლახაშვილი ცხოვრობს.
ჩომახაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩომახი.
ამავე ძირისაა გვარები ჩომახიძე, ჩომახია, ჩომახიშვილი.
„ღოუბნელი ნინია ჩომახაშვილი 1818 წელს ნათლავს შიოს ვაჟს. მიმრქმელია პეტრე გოგოლაშვილი”.
ჩომახაშვილები ქვემო ქართლში მემამულე აზნაურები იყვნენ და ორბელიანთა შტო-გვარად მიიჩნევიან.
საქართველოში 455 ჩომახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 172, გურჯაანში – 111, თეთრი წყაროში – 105. არიან სხვაგანაც.
69 ჩომახიშვილი.
ბეკარიშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბეკურა.
1860 წელს ბეკურიშვილები ახალგორის რაიონის სოფელ წირქოლადან გადმოსულან. მარაბდის ბატონს, ყორღანოვს, იგივე ყორღანაშვილს, ყმები უყიდია ახალგორის რაიონის სოფელ წირქოლში და მის მეზობელ სოფლებში. ესენი იყვნენ ბეყორაშვილები, ანუ, ყორას შთამომავლები: ბეკარაშვილები, მახარაშვილები, ხრიკულები, ტიკურიშვილები და წითლაურები. ისინი ბატონს გოლთეთას მიწაზე დაუსახლებია, თვითონ კი თბილისში დასახლებულა. სოფლის გამგებელი მოურავი ყოფილა, რომელიც ბატონის დავალებებს ასრულებდა.
საქართველოში 43 ბეკარიშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 16, თბილისში – 14, ახმეტაში – 13.
თამაზაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი თამაზი, რომელიც ირანული წარმოშობისაა და ქართულად „ძლიერ ცხენს” ნიშნავს.
თამაზ ბარათაშვილი მოიხსენიება 1689 წელს, ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილისთვის მიცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.
გვარი თამაზაშვილი ბევრი თავადური საგვარეულოდან იღებს სათავეს.
საქართველოში 1 532 თამაზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 418, საგარეჯოში – 204, ქობულეთში – 196. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით