რომელი „მაფიის” წევრია მარინა ბერიძე და როგორ „მონათლა” ის დოიმ
მარინა ბერიძეს „ტაიმ-აუტი“ აქვს – დღეს პარტერიდან, მაყურებლის როლში უყურებს იმ პროექტებს, რაც წლების განმავლობაში მის სახელთან იყო დაკავშირებული. ოფიციალურად, მისი დისლოკაციის ადგილი ისევ კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტია. კიბეზე ასვლა-ჩასვლის ჩვეული ცხოვრების მორიგ რთულ პერიოდს ისე გადის, მისი „ორბიტიდან“ ბევრი ხალხი დაიკარგა, თუმცა ამაშიც უკვე ისე „გამოწრთო“ ცხოვრებამ, რომ „სიურპრიზებიც“ კი აღარ უკვირს.
მარინა ბერიძე: ჩემს ცხოვრებაში ეს უკვე მეოთხედ მოხდა და ასეთ ცვლილებებს თითქოს შეჩვეული უნდა ვიყო, მაგრამ, მაინც რთულია, როცა დღეს ვიღაცას მოსწონს ის, რასაც აკეთებ, ხვალ კი – არა; დღეს მოსწონხარ ადამიანებს, ხვალ – აღარ; დღეს გთვლიან შენი საქმის პროფესიონალად და უცებ, აღარ ხარ პროფესიონალი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამაში გაიარა ცხოვრებამ, რაც, ჩემი აზრით, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ადამიანები იმით ფასდებიან, რაც გაუკეთებიათ და არა პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე. მე კარგად ვიცი, როგორ გავუმკლავდე ასეთ ეტაპებს, ეს ოთხჯერ მაქვს გავლილი: პირველ ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა ეძებო, რა შეცდომა დაუშვი. მე მიყვარს ფიქრი და ანალიზი, მაგრამ, დროს არ ვკარგავ ფიქრში: „ვაიმე, დედა, რატომ აღარ მოვწონვარ ამათ? რატომ მიწერენ „ფეისბუქზე,“ რომ მე არაფერი მეკითხება?“ არა, მე ვეთიშები რეალობას და ვიწყებ ფიქრს, რა შეიძლება გააკეთო ისეთი, რაც იქნება განსხვავებული. მინდა გითხრათ, ყველაფერი, გია ყანჩელის პროექტით დაწყებული, „ანა-ბანათი“ და „ჯეოსტარით“ დამთავრებული, ასეთ რთულ პერიოდებში მაქვს გაკეთებული. გარემოებები ისე გაჯანჯღარებს, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, მაგრამ, ხომ შეიძლება, რაღაც ასაკში აღარ გჭირდებოდეს იმის დამტკიცება, რომ ეს შეგიძლია?! თუმცა, რას ვიზამთ, ჩვენ ხომ უნიკალურ ქვეყნაში ვცხოვრობთ. მინდა გითხრათ, რომ მე არასდროს არც ერთი მთავრობა არ მერჩის, მე მერჩიან მთავრობას მოყოლილი პატარა ადამიანები, რომლებიც ამ 25 წელიწადში არ იცვლებიან და მოსვლისთანავე იმის ფიქრს იწყებენ, ამ ქალს როგორ ვერ მოვუღეთ ბოლოო.
– თქვენ გარეშე ჩატარდა რამდენიმე მუსიკალური პროექტი. როგორ შეაფასებთ მათ?
– თავიდან, როცა ძალიან რთული პერიოდი მქონდა, უფრო მტკივნეულად აღვიქვამდი ამ პროცესს, მაგრამ, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. როგორც არასდროს, ახლა მქონდა ბევრი თავისუფალი დრო, დავმჯდარიყავი და მენახა ყველა მუსიკალური პროექტი ყველა არხზე. შემიძლია კატეგორიულად ვთქვა, რომ „რუსთავი 2-ის“ მუსიკალური პროექტები აღმოჩნდა ძალიან რეიტინგული. ამ ტელევიზიას აქვს პროფესიონალიზმის უდიდესი ნიშა, სხვაგან ასეთი მაღალი დონის პროექტები ვერ ვნახე. ყველა „ტელევიზიონშჩიკმა” კარგად იცის, რომ, თუ პროექტს არ აქვს რეიტინგი, რაც არ უნდა ვიძახოთ, ეს ღირებული და მნიშვნელოვანი პროექტიაო, აზრი არ აქვს. იმის მიუხედავად, რომ აქებდნენ ყველა კონკურსანტს, შემიძლია, გითხრათ, რომ „საქართველოს ვარსკვლავის” ფინალში დარჩა სამი უნიჭიერესი გოგონა და გაიმარჯვა ღირსეულმა – ნინა სუბლატმა. მე მას თავიდანვე დავადგი თვალი. ნუკა გვალიაც ძალიან ნიჭიერი გოგონაა, მაგრამ, ნინა სუბლატი არის ახალი ფენომენი, ახალი სახე. მე არანაირად არ მიმიწვდებოდა ხელი ამ პროექტზე, მაგრამ, ძალიან მინდოდა, რომ მას გაემარჯვა.
– ზარიც ხომ არ გაგიშვიათ მის მხარდასაჭერად?
– არა, მე ხომ ეს წლების განმავლობაში მქონდა აკრძალული და ამას მივეჩვიე. მე ვიყავი მაყურებელი, რომელიც პროფესიონალური თვალით უყურებდა ყველა დეტალს. ათი წლის წინ, როცა ჩვენ ამ პროექტების გაკეთება დავიწყეთ, ეს იყო ახალი ხილი. მაშინ პროექტების ლიცენზიების მფლობელებმა ჩვენ დაგვაყენეს ულტიმატუმის წინაშე: თუ რომელიმე კონკურსში გაიმარჯვებს არაღირსეული კანდიდატი, ჩვენ აღარ მოგყიდით პროექტებსო. მათი მოთხოვნა იყო საუკეთესო კონკურსანტის გამარჯვება არა ბიძაშვილ-მამიდაშვილობის ხათრით, არამედ, ხალხსა და მაყურებელს უნდა გაეკეთებინა სწორი არჩევანი. იმისთვის, რომ პროექტები ყურებადი გამხდარიყო და „წამოგვეყვანა” მაყურებელი აღზევებული ცუდი ქალაქური, ცუდი ინგლისური სიმღერიდან მაღალ სტანდარტამდე, ბრძოლა და კრიტიკა იყო საჭირო. ბრძოლა იმისთვის, რომ რაღაც ვარგოდა, რაღაც – არ ვარგოდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ წლებში მაყურებელი ისე გაიზარდა, რომ ის სწორ არჩევანს აკეთებს. „ახალი ქართული ხმა” უფრო რთული პროექტი იყო ფსიქოლოგიურად, ვიდრე „საქართველოს ვარსკვლავი”, მით უფრო რთული იყო ჩემთვის „საბავშვო ახალი ხმა”. მე ვიცი, რასაც ნიშნავს ბავშვებთან ურთიერთობა, ამიტომ, ამ პროექტის ყურება ჩემთვის ემოციურად იყო რთული. რაც შეეხება „მაგთიფანს,“ შესაძლოა, „მაგთიფანში” იყო საინტერესო მომენტები, მაგრამ პროექტი არ იყო ყურებადი. როცა პროექტის ყურებადობა არის დაბალი, რაც არ უნდა პროფესიონალები აკეთებდნენ ამ პროექტს, მისი ფასიც ძალიან დაბალია. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს საპროდიუსერო სკოლა. ჟიურის წევრები ყველა ქვეყანაში არიან პროდიუსერები – ეს დიდი პლუსია ჟიურისთვის.
– ახლა რომ რომელიმე მუსიკალური პროექტის ჟიურის წევრი ყოფილიყავით, კვლავ ისე განაგრძობდით კონკურსანტების ხისტ კრიტიკას, როგორც ეს ადრე იყო?
– მე არასდროს არ გამოვსწორდები, რაღა დროს ჩემი გამოსწორებაა?! მე თუ ვაკრიტიკებდი ვინმეს და ორას კაცში ვეუბნებოდი ჩემს სათქმელს, ამას ვაკეთებდი კონკურსის მაღალი სტანდარტისთვის და თავად მათთვის, მონაწილეთათვის. რა ჯობია – ბავშვს რომ ეუბნები, მაგარი ხარ, მაგრამ, არ მჭირდებიო, თუ, ის, რომ უთხრა – ვერ იმღერებ ამის და ამის გამო? „ვგიჟდები შენზე, რა საყვარელი ხარ, სახლში წაგიყვან, მაგრამ, წადი,“ – ამას ვერ ვიგებ. მე მართლაც ვარ მკაცრი და მომთხოვნი, არ მაქვს იოლი ხასიათი. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და ეს ბევრად უფრო ადვილია ჩემთვის, ვიდრე ის, რომ სხვა ვიფიქრო, სხვა ვთქვა და სულ სხვა რამ ვაკეთო. ალბათ, ამის გამო, მთელი ჩემი ცხოვრება არის გაუთავებელი ბრძოლა. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც ძალიან უნდათ, ჩემგან მტრის ხატი შექმნან. მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს: ბოლო 25 წელია, ამას აკეთებენ, მაინც ცოცხალი ვარ და ცხოვრება მიხარია! ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ტყუილად ირჯებიან? მაინც მოვიფიქრებ ისეთ რამეს, რაც არავის მოუფიქრებია. არასდროს გამიმეორებია ერთი და იგივე, ყოველთვის შემიძლია, მოვიფიქრო ისეთი რამ, რაც არ არის ბაზარზე.
– და, ფიქრობთ, რომ თქვენთვის ტელევიზიების კარი ღია იქნება?
– ისეთი რამ უნდა მოიფიქრო, რაც მათთვის იქნება კარგი და რისი გაკეთებაც ძალიან მოუნდებათ. ეს ყოველთვის ასეა – უნდა გააკეთო ის, რაც სხვას არ გაუკეთებია. ვიცი, რომ რაღაც პერიოდი ჩემი თავი და ჩემი პროექტი არ მოუნდებათ, გააკეთებენ ბევრ ივენთს, კონცერტებს, მაგრამ, სადღაც გაიჭედებიან და მაინც მოვლენ ჩემთან. მე ყოველთვის რამდენიმე ადგილზე ერთად ვმუშაობდი, ახლა ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ ერთ სამსახურში ვარ. იცი, რამდენი დრო მრჩება ახალ პროექტებზე ფიქრისთვის?! ყველა ეს პროექტი „თაროზეა” შემოდებული და ერთ დღეს მათი „გადმოლაგების” დროც მოვა.
– იყო დრო, როცა ყველა მუსიკალური პროექტი თქვენს სახელთან იყო დაკავშირებული. ახლა როცა არაფერს გეკითხებიან, რთულია?
– მაყურებლის როლში ვარ, შესაძლოა, პარტერშიც აღარ ვზივარ, მაგრამ, არაა პრობლემა. მე ბევრი მივლია ამ კიბეზე მაღლა-დაბლა. ზოგს ჰგონია, ავიდა კიბეზე და არასდროს აღარ ჩამოვა დაბლა. ყველაზე მაგარი, იცი, რა არის? კიბიდან ქვემოთ ჩამოსული ისევ მაღლა რომ უნდა ახვიდე. მე ეს გავლილი მაქვს. მგონი, ბევრად საინტერესოა, ვმოქმედებდე, ვიდრე ისე, უმოქმედოდ ვიჯდე. მე მიყვარს ჯანსაღი ანალიზი – ვიცი, თუ რამ ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ბრალი იყო, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და არავის არაფერს ვაბრალებ. ამ პრინციპით უნდა იცხოვრო, თუ გინდა, რომ კიდევ ახვიდე კიბეზე. თუ დაჯექი ბოლო საფეხურზე და იძახე, რა საზიზღარია ყველა, მარტო მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელიო, დარჩები იმ კიბეზე. არასდროს არავის ბოღმით და ჯიბრით არ უნდა გააკეთო არაფერი. ამ თვეებში ადამიანების არმია დაიკარგა ჩემი ორბიტიდან, დაიკარგნენ უგზო-უკვლოდ. აქ ხომ არ არსებობს კოლეგიალობა – ორი კაცი რომ დადგება ერთად, მათაც სძულთ ერთმანეთი. აქ ვერ გამოდის გუნდი ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, თუნდაც რუსეთში.
– იქ გუნდი მაფიად იქცა.
– აქ რომ არც ეგ გამოდის?! მაფიაც კი ერთიანობის პრინციპზეა დამყარებული, რაც ჩვენში არ არსებობს.
– თქვენ რომელი „მაფიის” წევრი ხართ?
– ახლა მე ვარ „ვოლკ ადინოჩკა” (იცინის). მე სხვანაირი ხასიათი მაქვს: როცა ვინმეს უჭირს, თუ ის ჩემიანია, ყველა წყენა მავიწყდება და მისკენ მივექანები. არავის არაფერი არ უნდა მოსთხოვო. მაგრამ, როცა შენ ასე იქცევი, სხვა კი – სხვანაირად, გწყინს. მაგრამ, იმ წყენიდანაც შენთვის სასარგებლო დასკვნა უნდა გამოიტანო და კიდევ უნდა სცადო. ერთ დღეს ყველა ერთად წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ბევრი რამ დაიშალა ერთად, მათ შორის – ჩემი გუნდიც. ის არჩევანი, რაც ჩემმა გოგონებმა გააკეთეს, იყო მათი არჩევანი. არ ვიცი, რას შეეწირა ჩვენი ურთიერთობა, შეიძლება, დავღალე ისინი. მე საერთოდ ასე ვარ – ვღლი ადამიანებს, არ ვიცი, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და თანამშრომელი თანამშრომელია, მეგობარი კი – მეგობარი. თუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევ, ბევრად უფრო გაგიადვილდება ცხოვრება. ჩემმა შვილმა მითხრა: რით ვერ დაიმახსოვრე, რომ ერთი შვილი გყავს და, ნუ ცდილობ, იყო სხვისი შვილების დედა – როგორც დოი მეძახის, „დეიდა ნატო” (იცინის).
– რთული პერიოდი გაქვთ პირად ცხოვრებაშიც, მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდით. მარტო ცხოვრება გაგიჭირდათ?
– კი, გამიჭირდა. მე ხომ ძალიან მაქვს განვითარებული ფანტაზიის უნარი და, მარტოდ დარჩენილმა თავიდან წარმოვიდგინე, რომ ჩემი სახლი თითქოს სასტუმროა; მერე ვიფიქრე, თითქოს სხვაგან ვარ. რთულად, მაგრამ, გადაგაქვს ეს განცდა. მაგრამ მე შემიძლია, მოვჭრა – ისიც შეგიძლია, მოჭრა, რაც შენთვის ღირებულია – გამოსავალი მხოლოდ ესაა. ჩემს ცხოვრებაზე ერთი წიგნი დაიწერება, ერთი სქელტანიანი წიგნი.
– თუმცა, იმას, რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით.
– ცხოვრება უცნაური ამბებით არის სავსე, თურმე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ეს არაა ტრაგედია. არ მინდა გადავიმტერო ქართველი კაცები, მაგრამ, ოცდამეერთე საუკუნეში კაცს და ოჯახს დაეკარგა ფუნქცია: როდესაც კაცი დაუშვებს, რომ ქალმა უფრო მეტი უნდა იშრომოს, ის ოჯახი ან გადარჩება, ან – არა. მე გავიზარდე ოჯახში, სადაც მამაჩემს თავში არ მოსვლია აზრად, რომ დედას მასზე ბევრი უნდა ეშრომა. ჩვენ რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, ქალი ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მამაკაცი, მაგრამ, კაცს იმის თავი მაინც უნდა გქონდეს, რომ ამაზე აღარ გაგიჟდე – ეს ჩემი ცოლი რა ამბავშიაო. ქალი ფიგარო ხომ არაა, ყველაფერი ერთად შეძლოს?! მერე გამოჩნდება ვიღაც, პუწუ-პუწუო, – ეტყვის ამ კაცს და, მორჩა, იქ მთავრდება ყველაფერი. მე ვერ ვიქნებოდი შტერი ქალის როლში. ვინც ბავშვობიდან მიცნობს, იცის, რომ მე ვიყავი მხიარული, ნებიერა, ტუტუცი გოგო. იმის გარდა არაფერი მეკითხებოდა, რომ უნდა დამეკრა ექვსი საათის განმავლობაში და წავსულიყავი უცხოეთში. იმის გამო, რომ არავინ აღმოჩნდა ჩემ ირგვლივ ისეთი, ვინც ამდენ რამეს ერთად გაართმევდა თავს, მე ავიღე ყველაფერი საკუთარ თავზე. თან გააკეთო და თან ჩრდილში დარჩე – არ გამოდის ასე. უფალი ყველაფერს ხედავს, ყველას ყველაფერი წინ გვხვდება – ცუდიც და კარგიც და, მჯერა, რომ ეს ის თეზაა, რომელიც არ ირღვევა. არასდროს არ იცი, სად რა დაგხვდება წინ. საბედნიეროდ, არის ხალხი, ვინც ჩემს ცხოვრებას ალამაზებს. ისინი ცდილობენ, რომ ჩემი ცხოვრება მაინც მხიარული იყოს და მე მადლიერი ვარ მათი. მიყვარს ნიჭიერი ადამიანები – ნაცრისფერ ადამიანებთან მიჭირს ურთიერთობა. ღამის 2 საათზე მოულოდნელად რომ დაგადგება დოი და ორმოცდაათ სისულელეს დაგაყრის თავზე, აუცილებლად მოხვალ ხასიათზე. ღამით ბევრს ვმუშაობ, მიყვარს ღამე მუშაობა. მე ძალიან ცოტა მძინავს – ხუთი საათი ძილი საკმარისია ჩემთვის. ბოლო თვეებში ბევრი ისეთი რამის გაკეთება დავიწყე, რაც ადრე არ მიკეთებია. დღეს განსხვავებულია ჩემი ურთიერთობა ბავშვებთან, ჩემს შვილიშვილებთან. მე ვერასდროს ვიქნები პლედმოხვეული ბებია, წინდას რომ ქსოვს, მაგრამ, ახლა, მგონი, ბებიის ამპლუაშიც უკვე სხვანაირი გავხდი (იცინის).