რა წვლილი მიუძღვის ლაშა ხოზაშვილს ამერიკის საუკეთესო დასების ტოპ-ხუთეულში შესული „ბოსტონ-ბალეტის“ წარმატებაში და ვისთან ერთად აწყობს ის „მალჩიშნიკებს“
ბალერონი ლაშა ხოზაშვილი უკვე სამი წელია‚ რაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრის „ბოსტონ-ბალეტის“ წამყვანი სოლისტია. ბოლო სეზონი‚ წინა სეზონების მსგავსად, როგორც მთელი დასისთვის, ისე ლაშასთვისაც, ძალიან წარმატებული იყო და კიდევ არაერთი აღიარება მოუტანა ქართველ მოცეკვავეს. ყოველ ზაფხულს, დატვირთული გრაფიკის შემდეგ, ლაშა, მეუღლესთან ერთად, რომელიც‚ ასევე‚ „ბოსტონ-ბალეტის“ მოცეკვავეა, ყოველთვის ცდილობს‚ თბილისში ჩამოვიდეს, დაისვენოს და ახლობლები მოინახულოს.
ლაშა ხოზაშვილი: კიდევ ერთი წარმატებული წელი დამთავრდა და შვებულებაზე თბილისში ჩამოვედი. აქ რომ ჩამოვდივარ, ვცდილობ‚ ყველა მოვინახულო, მაქსიმალურად კარგი დრო გავატარო ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. კარგია ზღვაზე წასვლა, მაგრამ, თბილისშიც კარგად ვისვენებ. თან‚ ამხელა გზაზე წასვლა და ჩემოდნის დანახვაც აღარ მინდა. წელს რომ თვითმფრინავით ვიფრინე, ამდენი‚ მგონი‚ თბილისში „მარშრუტკით“ არ მივლია. ექვსი-შვიდი გასვლა მქონდა: დასთან ერთად და, პლუს, ჩემი პირადი გასტროლები.
– როგორი იყო ეს წელი?
– კიდევ ერთი ძალიან კარგი სეზონი გვქონდა. ჰელსინკიში ვიყავით. მოკლედ‚ ჯგუფი მიდიოდა და ორმა მოცეკვავემ ტრავმა მიიღო. მათ ნაცვლად ის უნდა წაეყვანათ, ვისაც ეს დადგმა ნაცეკვი ჰქონდა. სამ დღეში გამიკეთეს ვიზა. ყველა ლოცულობდა – ჩაურტყანო. დასთან ერთად გასტროლით ვიყავით, ასევე, ვაშინგტონში, „ლინკოლნ ცენტრში“, შემდეგ ვიყავით ლონდონში. ძალიან კარგად ჩაიარა ორივე გასტროლმა, აჭრელდა პრესა. ლონდონში სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ კრიტიკოსები, სერიოზული ყურადღება მივიქციეთ. გარდა იმისა, რომ დასზე ძალიან კარგ რეცენზიებს წერდნენ, ჩემზე რამდენიმე ჟურნალისტისა და კრიტიკოსის მხრიდან კარგი, დადებითი აქცენტები იყო გაკეთებული. შვიდი სხვადასხვა ერთმოქმედებიანი ბალეტი გვქონდა წაღებული. მე და ჩემმა პარტნიორმა ვიცეკვეთ ერთი ძალიან ლამაზი, რთული პარტია და დიდი ყურადღება მივიქციეთ. სასიამოვნოა, როდესაც წერენ: „კარგი იყო, მოგვეწონა,“ მაგრამ, პროფესიონალური შეფასება – შემდგარი, დასრულებული წყვილიაო, – მაინც ყველაზე მთავარია. ლონდონში პირველად 2004 წელს ვიყავი. მაშინ ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ჯერ არ იყო დირექტორი და ეს დასის წაყვანის პირველი მცდელობა იყო. რა თქმა უნდა‚ მახსოვს მაშინდელი გასტროლი, ქალაქი, მაგრამ, ახლა უფრო საინტერესო იყო ლონდონის ნახვა ჩემთვის. თან‚ თბილისში მოვდიოდით და, მე და ჩემი მეუღლე ერთი დღე დავრჩით და ვნახეთ ის, რასაც ერთ დღეში მოვასწრებდით.
– თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ახერხებთ ერთად სადმე დასვენებას?
– ვახერხებთ ხოლმე. მაგალითად‚ ყოველ ახალ წელს ნიუ-იორკში ჩავდივართ, მოვინახულებთ მეგობარს, ჩემს მეჯვარეს – ირაკლი შენგელიას. პუნტა კანა – ასეთი ლამაზი ადგილია დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც წავედით მოცეკვავეები, ძალიან ახლო მეგობრები, კარგი დრო ვატარეთ და, ვფიქრობთ‚ კიდევ წავიდეთ. ეკას, ჩემებს, სულ ვეუბნები: ხანში რომ შევალთ, მერეც გვეყოფა მარტო სადმე სიარული, ახლა ჯობია‚ მეგობრებთან ერთად წავიდეთ და კარგი დრო გავატაროთ-მეთქი. ხანდახან უიქენდზე რამდენიმე მეგობარი ბიჭი ჩავდივართ ნიუ-იორკში და ძალიან კარგ დროს ვატარებთ.
– ამ დროს რას აკეთებენ გოგონები?
– გოგონებს „დევჩატნიკები“ აქვთ, ჩვენ – „მალჩიშნიკები“ და, მოკლედ‚ კარგად ვერთობით. ზოგჯერ საჭიროა: „მოდი, რა‚ კაცებს თავი დაგვანებეთ და ჩვენც თავს დაგანებებთ.“
– როგორ ჩაიარა ვაშინგტონის გასტროლმა?
– საფესტივალო პერიოდი იყო, სამი დასი გამოდიოდა და ჩვენ ერთ-ერთი ვიყავით. მათ თავის დონეზე, ნორმალურად გააკეთეს საქმე, მაგრამ, „ბოსტონ-ბალეტი“ მაინც გამორჩეული იყო, რადგან, დღეს ძალიან მაღალ საფეხურზე დგას. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მთელ ამერიკაში საბალეტო დასების ტოპ-ხუთეულშია.
– ამაში შენც დიდი წვლილი მიგიძღვის.
– რადგან პირდაპირ წამყვან მოცეკვავედ ჩამიყვანეს, თან, უკვე მეოთხე წელია, მიგრძელებენ კონტრაქტს, ალბათ, ასეა.
– როგორც ვიცი, დასის გარეშეც დადიხარ ხოლმე გასტროლებზე. წელს რა გასტროლები გქონდა?
– წელსაც მივდივარ ინდიანაპოლისში, „მაკნატუნას“ ვცეკვავ. სპექტაკლი დამიმატეს, რადგან, შარშან ოთხი სპექტაკლი ვიცეკვე და ოთხივემ ანშლაგით ჩაიარა. მითხრეს: კარგად შემოგვივიდა თანხა და, გვინდა, სპექტაკლი დაგიმატოთო. მეც კარგ საქმეს მიკეთებენ და თვითონაც კარგ საქმეს იკეთებენ. გარდა ამისა‚ ჩემმა პარტნიორმა გოგომ მითხრა: ორლანდოში კონკურსია, გალა კონცერტი ტარდება, სადაც სხვადასხვა თეატრიდან იწვევენ კარგ მოცეკვავეებს და ხომ არ წამოხვალო. სიამოვნებით წავედი და ბალეტ „ჟიზელიდან“ ვიცეკვეთ წყვილთა ცეკვა. ძალიან კარგად ჩაიარა, ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. შემდეგ ჩემმა მეორე პარტნიორმა მთხოვა, კორეაში მივდივარ საცეკვაოდ და ხომ არ წამოხვალო. ახლა რომ ჩავალ ამერიკაში, სამ კვირაში მივდივარ კორეაში. ეს ძალიან კარგია, ბევრი უცხო თვალი გხედავს: მენეჯერები, აგენტები და, შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ბიზნესია, რომ მივიზიდო ხალხი, საინტერესო წინადადება მივიღო. თან‚ უცხო დასთან, სხვა პარტნიორთან ცეკვა ჩვენი კარიერისთვის ძალიან საინტერესო და კარგია. მთავარია‚ იმ დროს „ბოსტონ-ბალეტში“ არ მქონდეს სპექტაკლი, რადგან, ვერ მომხსნიან. ცოტა ადრე უნდა გააფრთხილო. როცა „მაკნატუნას“ სეზონია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გრძელდება და 40-43 სპექტაკლის ცეკვა გვიწევს, ოთხი თვით ადრე უნდა სთხოვო გაშვებაზე პასუხი. მე თერთმეტი თვით ადრე მქონდა პასუხი, რადგან, როგორც კი ვიცეკვე ინდიანაპოლისში, მაშინვე მითხრეს: შენ გვჭირდები, სხვა არავინო. ერთ თვეში შემატყობინეს ზუსტი დრო, თარიღი და მეც დირექტორთან შევავსე ბლანკი. აქ ყველაფერი დასწრებაზეა, რადგან, სხვა მოცეკვავეებსაც უნდათ წასვლა. დირექტორის ინტერესშიც შედის, რომ სამი შემოთავაზებიდან ერთზე მაინც უნდა გამიშვას. რადგან, თუ გინდა, რომ შემინარჩუნო, ჩემი თავისუფალი ფანჯარა უნდა მომცე. თან‚ როცა გასტროლზე მიდიხარ, აფიშაზე სახელის გვერდით იწერება, რომ შენ ხარ „ბოსტონ-ბალეტის“ წამყვანი მოცეკვავე და ესეც მნიშვნელოვანია მათთვის. მომავალ წელს ისევ გვაქვს ორი გასტროლი: ერთი – ვაშინგტონში, ოღონდ, სრული პროგრამით ჩავდივართ და, კიდევ – ნიუ-იორკში, „ლინკოლნ ცენტრში.“ როგორც ვიცით, განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო გასტროლი გვაქვს, სერიოზული ხალხი მოდის სანახავად. კიდევ არის რაღაცეები, ოღონდ, ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული, ამიტომ, მომავალ წელს რომ ჩამოვალ, იმათზე მერე მოგიყვებით. როლებიც დამემატა, მაგალითად‚ „მაკნატუნაში“ უკვე ხუთი სხვადასხვა როლი მაქვს. გარდა ამისა, კილიანის საღამო გვქონდა, ძალიან კარგი გამოვიდა და, კიდევ, ვიცეკვე ერთი ახალი როლი ბალანჩინის დადგმიდან; ასევე, ერთ-ერთი ძლიერი ქორეოგრაფის, ვეინ მაკგრეგორის დადგმიდან – „ქრომა“, რაც ძალიან საინტერესო იყო; ვიცეკვე ბალანჩინის „სერენადა“, რომელიც თბილისშიც მქონდა ნაცეკვი და, კიდევ, ბალეტი „კოპალია“ – მეომრის როლი მქონდა მესამე მოქმედებაში. დასში როლებს ყოველთვის სწორად ანაწილებენ. მაგრამ‚ თუ ეს როლი არ არის წამყვანი მოცეკვავის საცეკვი, შემიძლია, ვუთხრა: „არ ვიცეკვებ.“ თუ გამოუვალი მდგომარეობაა, მაშინ, თხოვნით უნდა მოვიდეს და ჩემი გადასაწყვეტია, გავაკეთებ თუ არა. რა თქმა უნდა‚ თუ გადაწყვეტ, რომ ეს იცეკვო, დამატებით ანაზღაურებასაც იღებ. კიდევ, ვიცეკვე „მძინარე მზეთუნახავში“ პრინცის როლი, ძალიან საინტერესო და ახალი იყო, თან‚ ჩემს ხასიათთან ახლოს.
– სხვა დასიდან რომ იყოს შემოთავაზება, რას იზამ?
– აქ ძალიან კარგი დასია, ქალაქიც მომწონს. მაგრამ, ABT-ში წამყვანი მოცეკვავის ადგილის შემოთავაზების შემთხვევაში, გადავიდოდი. სხვაგან არ მგონია, რადგან აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ახლა გამოდის წიგნი „ბოსტონ-ბალეტზე“ და მეც მის ისტორიაში ჩავეწერები, როგორც წამყვანი სოლისტი. მიხარია, რომ „ბოსტონ-ბალეტის“ ისტორიაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე.