რატომ სდარაჯობდა პოეტი გიორგი ბუნდოვანი ტერენტი გრანელის საფლავს და ვინ მოიპარა ბოლოს მიცვალებული
გიორგი ბუნდოვანი – ეს სახელი და გვარი თანამედროვე ქართულ პოეზიაში კარგად არის ცნობილი. სიტყვა, რომელიც გიორგიმ ჯერ კიდევ 90-იან წლებში აირჩია ფსევდონიმად, მის ბუნებას, ხასიათს, პოეზიაში მიმდინარეობას განსაზღვრავს. უცნაური ფსევდონიმის შეცვლას ურჩევენ „ფეისბუქის” ასტროლოგი მეგობრები. „კახიძე ვარ, თუმცა, ამ გვარით არავინ მიცნობს. მეუბნებიან, სანამ ფსევდონიმს არ შეიცვლი, შენი ცხოვრება არ გამოსწორდება და წინ ვერ წახვალო, მაგრამ, თუ შევიცვლი, ალბათ, კიდევ ერთი 25 წელი დამჭირდება, რომ გამიცნონ,” – ამბობს პოეტი და მულტიმედია მსახიობი. რაც შეეხება მის მოღვაწეობას, ის 90-იანი წლებიდან იწყება: აქტიურად იწყებს ბეჭდვას რამდენიმე მეგობართან, მათ შორის, ზურაბ რთველიაშვილთან ერთად. ამ პერიოდში მათ ჩამოაყალიბეს ქართველ პოეტთა ორდენი – „ქრონოფაგები” („ქრონოფაგები” ლათინური სიტყვაა და „დროის შთანმთქმელებს” ნიშნავს). ეს იყო მეორე ოფიციალური პოეტური საძმო „ცისფერყანწელთა” ორდენის შემდეგ, რომელსაც გააჩნდა თავისი ღერბი, დროშა, სიმბოლისტური მანიფესტი, თავშეყრის ადგილები... გიორგი ბუნდოვანი ცნობილი მარგო კორაბლიოვას სახელობის პერფორნმანსის თეატრის მსახიობი და დირექტორიც გახლდათ, რომელიც პოეტმა დავით ჩიხლაძემ დააარსა, ატარებდა პერსონალურ საღამოებსაც. გიორგი ბუნდოვანს ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც ტერენტი გრანელის პიროვნებისა და პოეზიისადმი ინტერესმა გაუთქვა სახელი. თუ რა გავლენა იქონია ამან პოეტის ცხოვრებაში, ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ
– ბატონო გიორგი, თქვენ, ცხადია, პირველი არ ხართ, ვინც გრანელის პოეზიამ გაიტაცა, მაგრამ, თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომელიც ძალიან ღრმად შევიდა არა მხოლოდ მის პოეზიაში, ფაქტობრივად, მისი ცხოვრებით ცხოვრობთ და მისი სახელის უკვდავსაყოფად ყველაფერს აკეთებთ. თქვენ მის საფლავში ჩაწოლაც კი არ შეგეშინდათ, საკუთარ სახლში, საძინებელ ოთახში კი მისი საფლავიდან წამოღებულ ქვას ინახავდით. ეს მართლაც შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის.
– მე და ზურა რთველიაშვილი ერთ სახლში ვცხოვრობდით, მეზობლები ვიყავით და ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვწერდით ლექსებს, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. ერთ დღესაც, ზურა მოვიდა გაგიჟებული – ნათესავთან იყო და იქ აღმოუჩენია ტერენტიზე წიგნი: ვიღაც პოეტი აღმოვაჩინე, გადავშალე და ჭკუა გადამეკეტა. გეხვეწები, ნახე, ერთი, რა მაგარიაო. მე ყურადღება არ მივაქციე – მოიცა, თუ ძმა ხარ, რა უნდა იყოს-მეთქი. არ მომეშვა. გადავშალე და... მას შემდეგ გადაშლილი მიდევს მაგიდაზე. ბიბლიის შემდეგ ჩემთვის მეორე წიგნია. დავიწყე ბიბლიოთეკებში სიარული, მაინტერესებდა, ვის რა აქვს დაწერილი ამ კაცზე და მაშინ აღმოვაჩინე ლერი ალიმონაკი. ყველაფერი მოვიძიე და მთელი წელი ვკითხულობდი. ბუნებრივია დავინტერესდი, სად არის მისი საფლავის ადგილსამყოფელი. წალენჯიხელი რომ იყო, გასაგებია, მაგრამ, სად იყო დაკრძალული, არ ვიცოდი. მითხრეს, პეტრე-პავლეს სასფლაოზეაო. არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა ჭლექით. რვა კაცისგან შემდგარმა დამკრძალავმა კომისიამ ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა, როცა ამ სასაფლაოზე დაკრძალა, იმიტომ კი არა, რომ ახლოს იყო, ტერენტი გრანელი სასაფლაოებზე მოსიარულე და ლექსების იქ შემქმნელი პოეტი იყო. აედევნებოდა ვიღაცის გასვენების პროცესიას, ჭირისუფლები რომ დაიშლებოდნენ, იქ რჩებოდა, დასტიროდა მიცვალებულს და წერდა ლექსებს. ამ სასაფლაოებს შორის დომინირებს პეტრე-პავლეს სასაფლაო, რომელიც თავის ლექსებშიც აქვს ნახსენები. ამ ტერიტორიაზე ძველი, რუსული სტილის ტაძარია, მის გუმბათზე სამრეკლოა და იმ სამრეკლოზე ეძინა ხოლმე, ახალ წელსაც იქ ხვდებოდა ერთი ჭიქა წითელი ღვინითა და ერთი ნაჭერი შავი პურით.
იმ პერიოდში ზურა ჯარში გაიწვიეს, ამიტომ, მარტოს მომიხდა წასვლა. სომხები იყვნენ მესაფლავეები და, რომ ვკითხე, გვარით ვერ მიხვდნენ. მერე ავუხსენი ასეთი და ასეთი ქართველი პოეტი იყო-მეთქი და მიმასწავლეს. საფლავი ნაგვით იყო სავსე. გავასუფთავე. ქვა იდგა პატარა, ოვალური სურათითა და წარწერით, რომელიც დამ, ზოზიამ გაუკეთა. პრაქტიკულად, ყოველდღე დავდიოდი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში. იშვიათი იყო, კვირაში ერთი დღე გამეცდინა.
– ხუთი წელი ყოველდღე სასაფლაოზე სიარული არ გიჭირდათ?
– პირიქით, სახლში ვეღარ ვჩერდებოდი, ის ადგილი გახდა ჩემთვის ყევლაფერი. ტერენტის საფლავზე შვიდასზე მეტი ლექსი მაქვს დაწერილი. მაშინვე, იქვე, გადავათეთრებდი, ის სახლში მომქონდა, ორიგინალს კი ქვის ქვეშ ვინახავდი. ეს ქვა მოძრაობდა, გადავწევდი და ჩავდებდი. მერე ეს ადგილი გახმაურდა, ახლაგაზრდები მოდიოდნენ, ბევრი ადამიანი გავიცანი. სხვათა შორის, ტერენტიმ ვისაც დამაკავშირა, მათთან დღემდე ძალიან მყარი ურთიერთობა მომყვება, მაშინ, როცა ბუნებით ძალიან კონფლიქტური ვარ, რადგან, მე არ ვარ სტანდარტულად მოაზროვნე ადამიანი. არ იფიქროთ თავს ვიქებ, პირიქით ამის გამო ვაძაგებ. 1987 წელს „ლიტერატურულმა საქართველომ” უეცრად დაბეჭდა წერილი, რომ, საზოგადოების მოთხოვნით, ტერენტი გრანელი უნდა გადაასვენონ დიდუბის პანთეონში; რომ დიდი ხანია, დებენ ამ პროცესს, ახლა კი ვეღარ გადადებენ, მაგრამ, გადასვენება უნდა დაამთხვიონ მის 90 წლისთავის იუბილეს; რომ წალენჯიხაში უნდა გაიხსნას სახლ-მუზეუმი, მისი სახელობის სკვერი, ქუჩა და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, ამ სტატიას რომ ვკითხულობ, რა ხდება ჩემში. პირველი ემოცია იყო ასეთი: ჯერ ერთი, ტერენტის თუ შეაწუხებენ და გადაასვენებენ, უნდა დაასვენონ არა დიდუბეში, არამედ, მთაწმინდაზე, გალაკტიონის გვერდით. არ იმსახურებს თუ რა?! მეორე ემოცია იყო ეგოისტური – მართმევენ ერთადერთ ნავთსაყუდელს, სადაც მე ამდენი წელია, დავდივარ. ეს იყო ჩემთვის ტრაგედია, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. ავტეხე ერთი ამბავი, გარშემო შემომეკრიბნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავაწესეთ მორიგეობა – არ ვატანდით მიცვალებულს. ორჯერ ამოთხარა მწერალთა კავშირის კომისიამ საფლავი („კაგებეც“ იქ იყო) და ორჯერვე ჩემი ხელით დავაყარე მიწა. ვისთან არ შევედი წერილობითი თხოვნით: კაცი, რომელიც ნაწამებია ცხოვრებაში, ციხეებში, საგიჟეთში აგდებდნენ, სურამის საგიჟეთში რამდენჯერ მოათავსეს და გამოიქცა იქიდან, საფლავში მაინც მოასვენეთ-მეთქი. ამან არ გაჭრა. ერთ ღამესაც, დავიშალეთ. ერთი, ორმოცადაათი კაცი ვიყავით. ყოველდღე, დილის 7 საათზე მივდიოდით. ერთ დილით რომ მივედით იქ აღარ დაგვხვდა – გვითხრეს, 6 საათზე მოვიდნენ და წაიყვანესო. ესე იგი, მომენტს ელოდებოდნენ. გავცვივდით დიდუბის პანთეონში თავქუდმოგლეჯილები, ბოლო ნიჩაბ მიწას აყრიდა მესაფლავე. სხვათა შორის, ის მესაფლავეც ტერენტის თაყვანისმცემელი აღმოჩნდა, წლების განმავლობაში უვლიდა ტერენტის საფლავს პანთეონში. იქვე სკამია. ერთ დღესაც, რომ გაასუფთავა საფლავი, ყვავილები მორწყა, ჩამოჯდა სკამზე და გარდაიცვალა. თავიდან ძალიან უბრალოდ გამოიყურებოდა ტერენტის საფლავი, მერე დის, როგავების ოჯახმა გაუკეთა მარმარილოს ქვა და სურათი. სურათი პეტრე-პავლეს სასაფლაოდან არის წამოღებული. მერე ის ძველი ქვა შუაზე გაჭრეს, ზედა ნაწილი ადგილზე დატოვეს, ქვედა ნაწილი კი წალენჯიხაში წაიღეს.
გვერდს ვეღარ აგვივლიდნენ. თვითონ მწერალთა კავშირმა მიგვიწვია ოფიციალურად გრიბოედოვის თეატრში ტერენტის იუბილეზე, მერე წალენჯიხაში დაგვპატიჟეს. რომ ჩამოვედით, მივედი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ნაწილი ქვისა, რომელიც მიგდებული იყო, ავიღე და წამოვიღე სახლში. შევუკვეთე ზუსტად ისეთივე, ოვალური ფორმის სურათი, როგორიც მანამდე ჰქონდა, ჩავაწებე ქვაში და ათი წელი მედო საძინებელში. ზემოთ ტერენტის, მისი ოჯახის, სანათესაოს სურათების მთელი პანთეონი მქონდა, ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ერთი ნაჭერი პური ყოველთვის მედო სიმბოლურად. მერე მოვიყვანე ცოლი და კინაღამ გაგიჟდა, ეს ყველაფერი რომ დაინახა – იმ ოთახში, სადაც ჩვენ უნდა ვიწვეთ, როგორ შეიძლება, საფლავის ქვა იდოსო. ავტოფარეხში გავიტანე, სურათი კი მოვაცალე და, მანქანას რომ შეაყენებენ ხოლმე გასარემონტებლად, იმ ორმოში ჩავდე. აღარც ვარგოდა, იშლებოდა. 2003 წელს ეს ბინა გავყიდეთ თავის ავტოფარეხიანად, მას მერე შვიდი ბინა გამოვიცვალეთ.
– არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ, გავიგე, ტერენტი გრანელის კუბოს ნატეხებსაც კი ინახავდით
– გადასვენების მერე საფლავში ჩავედი, კუბოს ნამსხვრევები ვიპოვე და სახლში წამოვიღე. გასაგებია, ვიღაცისთვის ეს სიგიჟეა, მაგრამ, ვისთვისაც ტერენტი გრანელი ძვირფასია, მათ ვურიგებდი სიმბოლურად ამ ნატეხებს. ცოტა კიდევ დამრჩა.
დადგა საშიშროება – ტერენტი გრანელის ნასაფლავარი ვიღაცეებს უნდათ, რომ შეეისყიდონ. ამაზეც ამბავი ავტეხე. მივვარდი სასაფლაოს დირექტორთან. მითხრა: ვიცი, ვიცი ეგ ამბავი და თქვენს გამოჩენას ველოდებოდიო. მე ვუთხარი: ფული არ მაქვს, რომ ეს საფლავი ვიყიდო, ამ საფლავის გაყიდვა არ შეიძლება-მეთქი. მაგ პერიოდში უკვე პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდი. ინსტიტუტში დავდგი ყულაბა და დავაწერე: „ტერენტი გრანელის ნასაფლავარის გადასარჩენი ფონდი.“ შეგროვდა ექვსასი რუსული რუბლი, სამასი მანეთი მე დავდე. შევუკვეთე ახალი მარმარილოს ქვა, ისეთივე სურათით და იმავე წარწერებით. მისი ნასაფლავარი მე შევინარჩუნე. მერიდება სულ ამ სიტყვას რომ ვამბობ – „ჩემი, ჩემი“, მაგრამ, ასეა.
– მის საფლავში ჩაწოლა და ღამის გათევა რატომ მოგინდათ?
– ახალი გადასვენებული იყო და, სანამ ამოავსებდნენ საფლავს, წავედი და ჩავწექი. რა დამაძინებდა, სანთელი მქონდა წაღებული და მთელი ღამე ვწერდი.
– კოსმონავტის გული გქონიათ.
– პირიქით, ძალიან მშიშარა ვარ, კბილის ექიმთან მისვლის მეშინია. ახლახან გავიკეთე სკრინინგზე ანალიზი და, სანამ პასუხი იქნება, გოლგოთას გზას გავდივარ. აქ კი სულ სხვა მომენტი იყო. ტერენტი ჩემთვის ყველაფერი იყო – მამა, ძმა, მეგობარი... ყური კი მქონდა მოკრული, რომ ღამით სასაფლაოებიდან ადამიანის ფორმის ფოსფორები ანათებს, მაგრამ, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და, გეტყვით, რამ შემიწყო ხელი: 80-იან წლებში, როცა ვიდეომაგნიტოფონი ახალი შემოსული იყო, ვაგროვებდი საშინელებათა ფილმების კოლექციას. სახლიდან ანტიკვარებს ვყიდდი, რომ ეს კასეტები შემეძინა. ამას გარდა, ტერენტის დიდუბეში გადასვენებამდე ერთი წლით ადრე, მე ვმუშაობდი მერვე საავადმყოფოში, ქირურგიაში სანიტრად, ვესწრებოდი ოპერაციებს, მეორე ასისტენტად ვიდექი ყველა ოპერაციის დროს და იქაურ მორგშიც ვმუშაობდი: გვამებს ვკვეთდი, ანატომიას ვსწავლობდი, ისე მინდოდა ქირურგობა, მაგრამ, მაინც ვერ ჩავაბარე სამედიცინოზე. აი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ წარმოიდგინეთ, ღამით ოთახში მიცვალებულთან ვერ დავრჩები. სხვა იმდენი ცოდვა მაქვს ცხოვრებაში ჩადენილი, რომ, ტერენტის საფლავში ჩაწოლა და ლექსების წერა ტერენტის სიყვარულით, არა მგონია, ცოდვა იყოს.
– რას ცდილობდით ამით – საკუთარი თავი ხასიათის სიმტკიცეში გამოგეცადათ თუ, ეს იყო ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობა, რაც ამ მისტიკას ახლავს – „ნეტავ ახლა რა შეიძლება მოხდეს?!“ ასეთ რამეზე ნიძლავზეც არ მიდიან
– არ ვიცი, მინდოდა, რაღაც მეგრძნო ჩემს თავზე. მე ხომ მაშინ არც ბუდისტი ვიყავი და არც მართლმადიდებელი და, ერთადერთი, რაც ვიგრძენი, ის იყო, რომ ადამიანი საერთოდ არაფერია, რაზეც სულ წერდა ის თავის ლექსებში. გრანელი რატომ დაირქვა ფსევდონიმად? მე ვარ მსოფლიოში მცირედი ნაწილაკი„... ესე იგი, ამით ადასტურებს, რომ ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია და ჩვენ არაფერი ვართ.
ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მინდა გიამბოთ: სახლი კლარა ცეტკინზე, სადაც ჩემს მეგობარ ზურა რთველიაშვილთან ერთად ვცხოვრობდი და ტერენტის ქვას ვინახავდი, 1981 წელს შევიძინეთ. ვისგანაც შევიძინეთ, იმ ოჯახზე წინ, იქ ცხოვრობდა ყველასთვის ცნობილი პიროვნების, ოთარ ეგაძის ოჯახი. ეს, რა თქმა უნდა, ვიცოდით. ერთ მშვენიერ დღეს, მეგობართან ვარ, ბიჭები ვქეიფობთ. მაშინ ხომ არ იყო მობილური ტელეფონები. დედაჩემი რეკავს იმ ოჯახში. მომაწოდეს ყურმილი და მეუბნება: შვილო, შეგიძლია, ცოტა ხანს მომისმინოო? დედა, რა იყო, რამე მოხდა-მეთქი? დაჯექი, ცუდად არ გახდეო და ყვება: კარზე ზარია, გავაღე კარი და ოთარ ეგაძე დგას. ქალბატონო, უკაცრავად, გაწუხებთ, იცით, მე აქ ვცხოვრობდი ერთ დროს, აქეთ მოვხვდი, გულმა ვერ მომითმინა და შემოგიარეთო. მობრძანდით, ბატონო ოთარ, – შემოვიპატიჟეო. დიდი, ოთხოთახიანი ბინა გვქონდა და ყველა დაათვალიერებინა, მერე ჩემს საძინებელში შეუყვანია. ქვა და სურათები რომ დაუნახავს, თურმე, სახეზე ფერი დაჰკარგვია და აკანკალებულა. საიდან ეს ყველაფერიო, – უკითხავს. დედაჩემმაც უამბო. კაცი კინაღამ გაგიჟდა და ყვება ასეთ ამბავს: ამ ოთახში როიალი გვედგა და ჩემი და ხშირად უკრავდა შოპენსო. ტერენტის ლექსებში აქვს ეს მომენტი აღწერილი – „მოვდივარ რუსული ტაძრიდან, მოვუყვები ქუჩას, ვჩერდები ფანჯარასთან და ქალის ხელები უკრავენ შოპენს.“ ტერენტი მოდიოდა, ჩერდებოდა ჩვენს ფანჯარასთან და ჩემს დას უსმენდა, როგორ უკრავდა. გავიდოდი, შინ ვეპატიჟებოდი, სულ მინოდოდა, ტანსაცმელი მეჩუქებინა ან რამეზე დამეპატიჟა, მაგრამ, არაფრის დიდებით არ შემოდიოდა – ნუ მეპატიჟებით, მე მხოლოდ მუსიკის მოსმენა მინდაო. აი, ამდენი ხანი გადის, ლამის საუკუნე, მერე მე გადმოვდივარ ამ სახლში და ისტორია მეორდება. მერე, ბუდიზმში რომ შევედი, მივხვდი, რომ ეს ინკარნაციის მომენტები იყო. ტერენტი მაინცდამაინც მაგ სახლთან რატომ ჩერდებოდა? მერე მე გადმოვდივარ მაგ სახლში და რეები ხდება... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება. ჩემი პირადი განცდები – როგორ ვწერ ლექსს, სიყვარულში, მწუხარებაში რა განმიცდია... მის ცხოვრებაზე რომ ვკითხულობდი, მეგონა, ჩემს ცხოვრებას ვკითხულობ-მეთქი, აბსოლუტურად იდენტური იყო.