რა ბრალდებას პასუხობს ირაკლი ლომაია და რაში ადანაშაულებს ის ეკა კვალიაშვილს
ადამიანის მწვერვალზე აყვანასა და მერე მიწაზე დანარცხებაში რომ საუკეთესოები ვართ, ეს აქამდეც ვიცოდი და ირაკლი ლომაიას ისტორიამ, ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. არ ვიცით, ზენიტში მყოფი ადამიანის კრიტიკულად შეფასებები – მას ვაღმერთებთ, მისგან სასწაულებს მოვითხოვთ და როდესაც ის, ჩვეულებრივი ადამიანი, სასწაულებს ვერ ახდენს, ტალახიანი ფეხებით გადავუვლით. ირაკლი ლომაიას შემთხვევაც ასეთი იყო. ერთ დროს ბომონდისთვის სასურველი მეგობარი, ქვეყნიდან წავიდა და ბევრი წვალების შემდეგ, შორეულ კანადაში თავისი ადგილი მაინც იპოვა.
ირაკლი ლომაია: მთელი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ვიბრძოდი, რომ საზოგადოებისთვის ოდნავ მაინც დამენახვებინა კარგი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ქართველმა ხალხმა ვერ დაინახა. ბოლოს, როცა უკვე ზოგიერთების ანტირეკლამებმა ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა და ისეთ რამეებს მაბრალებდნენ, რაც ახლოსაც არ იყო ჩემთან, მივხვდი, ამ ხალხს არ ვჭირდებოდი. იმ ხანად, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, ვინმესთვის რამე მემტკიცებინა, ყველაფერი დროს და მაღალ ღმერთს მივანდე. უბრალოდ, ჩავალაგე ჩემოდანი და წამოვედი. წამოვედი ისე, რომ არც ვიცოდი, სად მივდიოდი.
– ანუ, არ იცოდი, რომელ ქვეყანაში მიდიოდი? ბოლო ძაფი რა იყო, რამაც აქედან წასვლა გაიძულა, კონკრეტული რა ბრალდება?
– ვიცოდი, რომ კანადაში მოვდიოდი, მაგრამ რომელ ქალაქში ან ვისთან? – არა და არც ჰქონდა ამას დიდი მნიშვნელობა. ის ვიცოდი მხოლოდ, რომ ამ ქვეყანაში არ დავიკარგებოდი და თუ ვიბრძოლებდი, აქაც არანაკლებს მივაღწევდი. ასეც მოხდა. მონრეალში მყავდა ერთი ახლობელი, რომელიც ინტერნეტით გავიცანი და მისგან რაღაც ინფორმაციები მქონდა. სულ ეს იყო ჩემი ამ ქვეყნის ცოდნა.
– ამბობდნენ, რომ ბევრი საჩივარი იყო შენზე და სამართალდამცავებთან პრობლემების გამო წახვედი. შეესაბამება ეს სიმართლეს?
– უამრავი ბრალდება იყო. სუბიექტურად წერდნენ პრესაში, ვითომ ხალხი გავატყავე, „გადავაგდე“... სინამდვილეში, ფაქტი არსად ჩანდა, გარდა იმ ოთხი ადამიანისა, რომელიც იძახდა ლომაიამ ვერ გვიმკურნალაო. ჩემი პროფესიის ადამიანის გარშემო, რომლის შესახებაც ხალხმა ბევრი არაფერი იცის, ბუნებრივია ყოველთვის არსებობენ და იარსებებენ გამონაკლისი პიროვნებები, რომლებიც ვერ გაგიგებენ, ან არ გაგიგებენ, იმიტომ რომ ასე სურთ. მსგავსი შემთხვევები არა მარტო ჩემს სფეროში, არამედ ზოგადად, ყველა სფეროში ხდება. კონკრეტულად შემიძლია, დავასახელო სულ რაღაც ოთხი ადამიანი, ვინც გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ მე ირაკლი ლომაიამ ვერ მიშველაო. მაგრამ, ის არ თქვა, რატომ ვერ ვუშველე და ზედმიწევნით შეასრულა თუ არა მან სპეციალისტის დავალება. ასეც რომ ყოფილიყო, ღმერთი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები. ირაკლი ვარ ლომაია, რომლის ძალაუფლებაში მეცნიერული მიღწევებია და არა სასწაულებრივი განკურნება. კლასიკურ მედიცინაში უდიდეს ქირურგებს პაციენტებიც კი უკვდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კვალიფიცირებული, მაღალი რანგის სპეციალისტები არ არიან. რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც საჯაროდ გამოვიდა ჩემს გასალანძღად, მათი მიზანი სწორედ ჩემი სახელის შელახვა იყო. შემიძლია, გადმოგიგზავნოთ ის დოკუმენტები, რომ საქართველოში არასოდეს მქონია სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა. ამ ჭორს ისევ ის ხალხი ავრცელებდა, ვისაც ასე სურდა ჩემი რეპუტაციის შელახვა. ზოგ-ზოგიერთ ცნობილ სახეს, რომლებიც მანდ ყოფნის დროს ჩემზე ვენებს იჭრიდნენ და ვითომ მეგობრობას მიმტკიცებდნენ: არიქა, ამას წყალი შეუდგა, ეტყობაო და სხვადასხვა გამოცემაში არაერთხელ დაწერეს ჩემზე და მლანძღეს. მაგალითად, ეკა კვალიაშვილმა, საერთოდ არ ვიცი ლომაია ვინაა და რა საქმე მქონდა მასთანო. დღეს კი, როცა ისევ მაგრად ვარ და ფეხზე დავდექი, ისევ საჭირო და საინტერესო გავხდი ბევრისთვის. მაგრამ, ის გული აღარ მაქვს და მინდა, ვუთხრა მათ, თქვენს მიერ აყროლებული ყალბი მეგობრობის სუნი კანადამდეც აღწევს და აღარ გამოვა ჩემთან მეგობრობა, ჭკუა ვისწავლე. მათ ეგონათ, დავიმარხებოდი და საქართველოს იქით ვერსად ვერაფერს მივაღწევდი. მაგრამ, ხომ დაგიმტკიცეთ ყველას, რომ ღმერთი მაღალია და მართალ და კეთილ ადამიანებს შუა გზაზე არ ტოვებს. გაცილებით მყარად ვარ აქ, ვიდრე ეს იყო მაშინ!
– შენი მკურნალობა ძალიან ბევრ სფეროს მოიცავდა. ხომ არ გამოიწვია ეს ხმები იმან რომ შენგან სასწაულებს მოითხოვდნენ?
– ჯერ ერთი მოიგონეს, რომ, თითქოს ვამბობდი, წმინდანი ვარ-მეთქი... მსგავსი რამ არასდროს მითქვამს და არც ვიტყვი. ჩემგან სასწაულებს ელოდნენ და იმას, რასაც ვუხსნიდი, არ აინტერესებდათ. მინდა განმარტება გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ არჩევს პარაფსიქოლოგიის ჭეშმარიტებას მკითხაობისგან. პარაფსიქოლოგია მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ენერგეტიკულ ველებს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს იკვლევს – თუ სად არის აქტიური ან ნაკლებად აქტიური ველები, ხსნის ადამიანის ორგანიზმში ვერბრიდულ (უარყოფით ზემოქმედების ფორმებს) სტრუქტურებს. აქედან გამომდინარე კი, თუ ხდება რეორგანულ დეიზონში (ჩაკრები, აურა, კარმული არხები და სხვა) მაღალი ან დაბალი სიხშირით იმპულსები, მას არეგულირებს. ამის შემდეგ ადგენს ფიზიკური და მენტალური სხეულების დისბალანსს, იკვლევს, თუ სად არის დაავადების გამომწვევი მიზეზი, რა ფორმებშია უკვე არსებული დაავადება და ასკვნის, რა მიმართულებით უნდა უშველოს და უმკურნალოს პაციენტს. ამ მეცნიერების ასე მოკლედ გადმოცემა ძალიან რთულია და ვინც პარაფსიქოლოგიას მკითაობისგან ვერ არჩევს, ეს მათი სირცხვილია. ერთი ადამიანი თუ მოიძებნება, რომელიც ჩემს კლინიკაში მოსულა და მისთვის მიმკითხავებია, ჩამქოლეთ!.. პარაფსიქოლოგია არ არის თვისება, ეს პროფესიაა და მე ის შევისწავლე გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში, „შტაოს“ სამეცნიერო პარაფსიქოლოგიურ უნივერსიტეტში, 2006-2007 წლებში დავინიშნე „შტაოს“ პარაფსიქოლოგიურ აკადემიაში წამყვან სპეციალისტად, სადაც დავიცავი ხარისხი და მომენიჭა პროფესორის წოდება. თქვენი აზრით ამდენი იმისთვის ვიწვალე, დღე და ღამეს იმისთვის მქონდა გაერთიანებული, რომ მერე თბილისში დავმჯდარიყავი და მკითხაობა დამეწყო?! ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... ან რა მჭირდა საიმისო, როცა ამხელა უნივერსიტეტში უკვე ჯერ კიდევ მცირე ასაკში უდიდეს წარმატებებს ვაღწევდი?
– ხომ არ გამოიწვია შური და ბოღმა, კიდევ უფრო მეტი აგრესია იმან, რომ განსაკუთრებულ ფუფუნებაში ცხოვრობდი და არ მალავდი რაღაცეებს ბალიშის ქვეშ? მაგალითად, მახსოვს, მთელი თბილისი ლაპარაკობდა შენი ავტომობილის ნომერზე, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადე, შენს სამკაულებზე და სხვა...
– რა თქმა უნდა, გამოიწვია და ეს ზუსტად ვიცი, ბევრს შურდა და დღემდე ასეა. ამას არც მალავენ და ბევრი „ფეისბუქზე“ პირადადაც მწერს, რა დამსახურებისთვის ცხოვრობ ასეო. იცით, რა არის?! დღეს პირველად ვამბობ თქვენთან და მინდა, გაიგოს საქართველომ, რომ პაციენტებით ფული არ მიშოვია. ჩემი სხვა ბიზნესებიდან მქონდა შემოსავალი, მაგრამ, ყოველთვის ვზრუნავდი ხალხზე. გახსნილი მქონდა საქველმოქმედო ფონდი „ლომაია’’, რომელსაც ჩემი ჯიბიდან თვეში 40 ათასი დოლარით ვაფინანსებდი ქართველებისთვის და ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობდა?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე ერთადერთი ქართველი ვიყავი 25 წლის ასაკში, რომელსაც პროფესორის წოდება მიანიჭა გერმანიამ. ეს არაფერი იყო საქართველოსთვის? 25 წლის ასაკში კარმული დიაგნოსტიკის სფეროში 500-გვერდიანი ნაშრომი, რომელიც დღეს სკანდინავიის პარაფსიქოლოგიურმა საბჭომ იყიდა, მათთვის არაფერი იყო, ხომ?! ვიღაცეებს თუ ვესირცხვილებოდი, კიდევ დაინახავს ირაკლის შესაძლებლობებს. ის ჟურნალისტი, რომელიც ადრე ჩემზე წერილებს წერდა, დღეს ვერ დაწერს მსგავს წერილებს. პირველი, იმიტომ, რომ ჩვენი საქმე სასამართლოში იყო და სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მხარეს მოგვეთხოვა ერთმანეთის ლანძღვის შეწყვეტა და მეორე - ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც საქართველოში ჩემზე, ასე ვიტყვი უხეშად - ვისაც გაუსწორდებოდა და რაც გაუსწორდებოდა იმას წერდნენ, ახლა ამას ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ, ირაკლი ლომაია დღეს აღარაა იმ დაქცეული ქვეყნის მოქალაქე, სადაც მის უფლებებს კანონი არ დაიცავს. დღეს კანადის სრულუფლებიანი პერმანენტ-რეზიდენტის (მუდმივი ცხოვრების უფლების) მფლობელი პირი ვარ და საკმარისია, ვინმემ ჩემზე არაობიექტურად დაწეროს, ჩათვალეთ, დიდ შარში გაყო თავი. კანადა სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც, თავისი თუნდაც ერთი მოქალაქის უფლების შელახვის გამო, შეუძლია, მეორე ქვეყანას ომი გამოუცხადოს. წამოვედი და იქ ვარ, სადაც ვუნდივარ, სადაც მაფასებენ და სადაც გაცილებით ბევრს მიხდიან ჰონორარს, ვიდრე ეს იყო საქართველოში.
– ამჟამად რას აკეთებ კანადაში?
– აბა, რომელი ერთი დაგისახელოთ? კონკრეტულად, ვმოღვაწეობ როგორც ჩემი, პარაფსიქოლოგიური საქმიანობით (ვარ ამერიკული საერთაშორისო პარაფსიქოლოგიური აკადემიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი), ასევე კლასიკურ მედიცინაში (ვმუშაობ ქალაქ ოტავის ცენტრალური ემერჯენსის – სასწრაფო გადაუდებელ ბუმბერაზ კლინიკაში, სადაც გახლავართ მუცლის ღრუს პირველი ხარისხის ქირურგის მთავარი ასისტენტი) და გარდა ამ საქმიანობისა, ვარ სულ ახლახან გახსნილი კანადური საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი მმართველი დირექტორი, რომელიც სწორედ, რომ საქართველოში, ქართველი საზოგადოების დასახმარებლად შეიქმნა. განტვრითვის მიზნით, დავდივარ ლათინო-ამერიკულ აკადემიაში, სადაც საკმაოდ კარგად ვცეკვავ. ამავე დროს, ვარ ამ აკადემიის წარჩინებული მოხალისე წევრი. ასევე, გოლფის ცენტრის ხშირი სტუმარი ვარ, სადაც ძალიან სასიამოვნოდ ვატარებ დროს. დღის ბოლოს კი აქვე, ღია საცურაო აუზში ვეშვები. ეს ყველაფერი ის მცირედი ჩამონათვალია, თუ რას ვმოღვაწეობ აქ.
– ოჯახთან ერთად არ ხარ წასული?
– დიახ, მე მივატოვე საქართველოში ყველაფერი. ასევე, გავყიდე ყველა უძრავ-მოძრავი ქონება და დავხურე ჩემი ბიზნესები, აბსოლუტურად დავემშვიდობე ყველას და ყველაფერს და წამოვედი. დღეს კი, როცა ძალიან კარგად ვარ და კანადის მოქალაქე ვარ, არ მაქვს სურვილი, ისევ დავბრუნდე. ზუსტად ვიცი, ისევ იგივე განმეორდება. ვფიქრობ, აქედან უფრო ვჭირდები ბევრს და ასე უფრო დამაფასებენ. ხოლო, როცა 60 წლის გავხდები და კანადურ პენსიაზე გავალ, ვიფიქრებ დაბრუნებაზე. ისე კი, დროებით სულ დავდივარ და როცა მომენატრება ჩემები, ვაკითხავ და უკანვე ვბრუნდები. მართლა გაქცეული კი არ ვარ, როგორც ამას მანდ ამბობენ. აქ სახლი ვიყიდე, სამსახურები მაქვს, ჩემი ოფისი გავხსენი, მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან პაციენტები მაკითხავენ. კანადაში გავხდი ქირურგის ასისტენტი და ეს არცთუ ისე ადვილია. ახლა როგორ ფიქრობთ, საქართველოში დავბრუნდები? მაშინ შტერი უნდა ვიყო და სულელი. უამრავი ქართველი მწერს „ფეისბუქზე“ და მთხოვენ დაბრუნებას. მიკვირს ამ ხალხის, დამაყენეთ, ხალხო? მლანძღეთ და მაფურთხეთ, აფერისტი და შარლატანი მიძახეთ და ახლა რა გინდათ? დამასვენეთ და თქვენც დაისვენეთ. არ ვაპირებ, ჩემს ქვეყანაში ვიმუშაო და „კრიშისთვის“ 2 მილიონი ვუხადო მთავრობას. ეს არ მოხდება. არ მჭირდება არც „კრიშა“ და არაფერი. ახლა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც მთავრობა კი არ მართმევს, არამედ აქეთ მეხმარება. ძალიან კმაყოფილი ვარ კანადის კანონების. მე ამ ქვეყანამ მიმიღო და შემიფარა, დამასაქმა და გზა გამიხსნა დიდი ასპარეზისკენ. აქ დამლაგებელი ვიყავი და გაზეთებს ვარიგებდი. ერთი პერიოდი, მშენებლობაზე და ფერმაშიც კი ვიმუშავე. შავი დღეები გადავლახე, ენა არ ვიცოდი, პატრონი არავინ მყავდა. პიცერიაშიც კი ვიმუშავე და სად აღარ... ღამე ოფისებს ვალაგებდი და მოსამსახურედ ვმუშაობდი. ორ წელიწადში ფეხზე დავდექი და ახლა ეს ყველაფერი მივატოვო? არ არსებობს! აქ რომ ჩამოვედი, ერთ გამოცემაში მივედი, გაზეთების დარიგება უნდოდათ და მითხრეს, „სივი“ შეავსეო. რაც დავამთავრე და ვიცოდი, ის ჩავწერე და უარი მითხრეს. თქვენ, გენაცვალე, პროფესორის წოდება გქონიათ და ექიმის სტატუსი, რა გესმით გაზეთების დარიგებისო?! (იცინის) იმ დღეს ატირებული წამოვედი სახლში... იქიდან დალაგებაზე მივედი – ოფისში უნდოდათ. იქ მოვიტყუე, 2 წელია, დამლაგებლად ვმუშაობ-მეთქი და მიმიღეს მაგრამ, მესამე დღეს გამომაგდეს, არ იცი დალაგებაო.
– ბოლოს ვინ დაგეხმარა? როგორ მოახდინე გარდატეხა იმ სამსახურების შემდეგ?
– არავინ. ენის კურსებზე შევედი, ენა ვისწავლე ნელ-ნელა, მოვედი ამ აკადემიაში. კიდევ, ემერჯენსის ცენტრში ვაკანსია ჰქონდათ, გავაგზავნე მონაცემები და დამიძახეს. როცა ამერიკულ პარაფსიქოლოგიურ აკადემიაში მივედი, როგორც კი ნახეს ჩემი წიგნი და ჩემი მონაცემები, მაშინვე ამიყვანეს და ძალიან დაინტერესდნენ. მიხვდნენ, ნამდვილი სპეციალისტი რომ ვიყავი და მაშინვე, გამიფორმეს კონტრაქტი. პრინციპში, ჩემი დიდი პრობლემა მუდამ ენა იყო, რომ არა ეს, ასე არ დავიტანჯებოდი. მაშინ მხოლოდ ხელებით და მეგრულით თუ გავაგებინებდი რამეს (იცინის). ახლა ყველაფერი კარგად მიდის, ჩემი პროფესიით საქმიანობის გარდა რამდენიმე სააგენტოსთანაც ვთანამშრომლობ, თან, როცა დრო მრჩებოდა, როგორც ფოტომოდელს, რამდენიმე გადაღებაც მქონდა. მოკლედ, აქ ასეთი მხურვალე ცხოვრებაა. არც ერთ შანსს ხელიდან არ ვუშვებ.