რა დათმობებს მოსთხოვს რუსეთი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს და რატომ აღარ სწყალობს კრემლი აღიარებულ აფხაზეთს
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ აფხაზეთის არააფხაზმა მოსახლეობამ კრემლში წერილი აფრინა: რუსულენოვან მოსახლეობას და რუსეთის მოქალაქეებს გვჩაგრავენო. მანამდე კი აფხაზეთის აფხაზი საზოგადოების გულისწყრომა რფ-ის თავდაცვის მინისტრმა გამოიწვია, რომელიც გუდაუთას ეწვია, თუმცა მათ მიერ აღიარებული აფხაზეთის ხელისუფლების არც ერთ წარმომდგენელს არ შეხვედრია. ეს ფაქტი ადგილზე ნონსენსად და აფხაზეთის მოტეხვის მცდელობად შეფასდა. მართლაც, აქვს თუ არა მოსკოვს ეს მიზანი და რისთვის სჭირდება მოტეხილი აფხაზეთი, – თემას პოლიტოლოგ აბრაამ შმულევიჩთან ერთად განვიხილავთ.
– რუსეთის ხელმძღვანელობას საჩივრის წერილი მისწერეს, რომ აფხაზეთში ირღვევა რუსეთის მოქალაქეების უფლებები, რუსეთის თავდაცვის მინისტრი გუდაუთაში არ შეხვდა აფხაზ ოფიციალურ პირებს, ეს მოსკოვის სპონტანური ქმედებაა თუ ერთგვარი პოლიტიკური დაზვერვა?
– არაერთხელ დამიწერია, რომ რუსეთს აფხაზეთი მოკლე საბელით უჭირავს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეჩერებულია აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი. ამას აქვს თავისი მიზეზები: ჯერ ერთი, რუსეთს უნდა, რომ აფხაზეთი ჯიბეში ჰყავდეს. თითქოს აფხაზეთი დაინტერესებული უნდა ყოფილიყო დასავლეთთან კონტაქტით და რამდენიმე წლის წინათ შეიმჩნეოდა მოძრაობა ევროკავშირისგან, როდესაც ჰუმანიტარული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა ევროკავშირმა, მაგრამ ანქვაბმა აღკვეთა ეს აქტივობა.
– ეს ანქვაბის თვითშემოქმედება იყო თუ?
– რა თქმა უნდა, ეს იყო რუსეთის გავლენის შედეგი. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ხელისუფლება ზღუდავს კონტაქტებს დასავლეთთან. არადა, ქვეყანა, რომელსაც უნდა საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა, უნდა ცდილობდეს ასეთი კონტაქტების დამყარებას, თუმცა პირიქით ხდება.
– იმ კონტაქტებით, რაც მქონია აფხაზ რესპონდენტებთან, მეჩვენება, რომ მათ ჰყოფნით რუსეთი საარსებო სივრცედ.
– თუ ქვეყანას აკმაყოფილებს მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობა, ის რუსეთის გუბერნიად იქცევა, რადგან ნორმალური ქვეყანა არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს მხოლოდ ერთი პარტნიორით. მეორე მიმართულებაა თურქეთი: იცით, რომ იქ ცხოვრობს დიდი აფხაზური დიასპორა და ექსპორტის 18 პროცენტი მოდის თურქეთზე.
– თურქეთი არ აღიარებს აფხაზეთს, მაგრამ რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა არაღიარებული აფხაზეთის სავაჭრო პარტნიორებს შორის.
– ამდენად, აფხაზეთი თითქოს დაინტერესებული უნდა იყოს თურქეთთან კავშირების გამყარებით, მაგრამ ასე არ ხდება. მაგალითად, ათიოდე წლის წინათ აფხაზეთში გაიხსნა თურქული სკოლა ბაშარანი. მისი კურსდამთავრებულები სწავლას განაგრძობდნენ სტამბულის უნივერსიტეტში, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ამ კოლეჯის წინააღმდეგ სერიოზული რეპრესიები დაიწყო. ვხედავთ, რომ აფხაზეთის კონტაქტები დანარჩენ სამყაროსთან, რუსეთის გარდა, იჭრება. ის დღეს არათუ დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიადაც ვერ განვიხილავთ. ის უფრო კრასნოდარის მხარის ერთ-ერთი რაიონია: აფხაზეთში რუსეთის ელჩსა და გუბერნატორ ტკაჩოვს აქვთ გადამწყვეტი ხმა. ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ გაანადგურა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მათ შორის, სასაზღვრო სამსახური.
– სანამ საზღვართან მივალთ, ბიუჯეტს უნდა შევხედოთ, რომელიც კვლავ რუსეთის დოტაციაზეა.
– დიახ, აფხაზეთის არმია, ფაქტობრივად, დაშლილია. ჯარში მსახურობენ რუსეთის კონტრაქტორები, შეკრებები გაუქმებულია, ისევე, როგორც ადგილობრივი რეზერვისტების მომზადება. რაც შეეხება ეკონომიკას: აფხაზეთმა ვერ შეძლო ეკონომიკის შექმნა. ტურიზმი საკმაოდ დაბალ დონეზეა, სოფლის მეურნეობა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. დღეს აფხაზეთის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა. დიდ იმედებს ამყარებდნენ ანქვაბის ვიზიტზე მოსკოვში, რომ მიიღებდნენ 10 მილიარდ რუბლს, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი კაპიკი არ გადმორიცხულა. ხელფასს ვერ უხდიდნენ საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებს, ამიტომ ანქვაბმა ვალად აიღო 400 მილიონი რუბლი დნესტრისპირეთისგან.
– რით აპირებს ნეტავ დაბრუნებას?
– ამით გადაიხადეს სახელფასო დავალიანება. ივლისის დასაწყისში მათ მილიარდ 100 000 რუბლს დაჰპირდნენ. ანუ რუსეთს მთლიანად უჭირავს აფხაზეთი ყველა შესაძლო ადგილით და აფხაზებს არ აქვთ არანაირი საშუალება, წინააღმდეგობა გასწიონ. ისინი მხოლოდ კრემლის კეთილი ნების იმედად არიან და რთული წარმოსადგენია, რომ კრემლმა აფხაზი ხალხის ინტერესებით იმოქმედოს. იგრძნობა, რომ ოლიმპიადამდე რუსეთი არანაირ მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს აფხაზეთის მიმართულებით, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ, როგორც ჩანს, გადაფორმატდება მთელი ჩრდილოეთ კავკასია და აფხაზეთიც. ერთი სიტყვით, აფხაზებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება.
– მხოლოდ რუსეთის აღიარების იმედად და დოტაციური ბიუჯეტით შესაძლებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება?
– რა თქმა უნდა, ეს რთული ამოცანაა. თან, მოსახლეობაც მცირერიცხოვანი ჰყავთ, არ აქვთ საერთაშორისო სტატუსი. ასეთ პირობებში რთულია ეკონომიკის აშენება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა. თუმცა მათ შეუძლებელი შეძლეს: მიაღწიეს დამოუკიდებლობას, მოიგეს ომი.
– თქვენ გულწრფელად გჯერათ, რომ ომი მოიგეს აფხაზებმა და არა რუსეთმა?
– არ არის მნიშვნელოვანი, ვინ მოიგო.
– ძალიან მნიშვნელოვანია.
– დივიდენდები მიიღეს აფხაზებმა.
– გასაგებია, რომ აფხაზებმა მიიღეს ეს დივიდენდები, მაგრამ თვითონ მათ ხომ იციან, როგორ მოიგეს, ანუ მიიღეს ეს დივიდენდები?
– საქართველოში არის საერთო მოსაზრება, რომ რუსეთი ომობდა აფხაზების მხარეს. მაგრამ რუსეთი იბრძოდა როგორც აფხაზების, ისე ქართველების მხარეს.
– საქართველოში არსებული მოსაზრება ემყარება რეალურ ფაქტებს.
– მაინც არ არის ეს პრინციპული საკითხი. მაშინ ასე ვთქვათ: მათ ვერ შეძლეს აეშენებინათ კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, ვერ შეძლეს აეშენებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები რუსეთისგან დამოუკიდებლად. ჩემი დაკვირვებით, აფხაზებთან პრობლემებზე საუბარი შეუძლებელია. ეს იწვევს მწვავე აგრესიას. მაგალითად, მე გამომაცხადეს აფხაზი ხალხის მტრად. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ აკლიათ ინტელექტუალური სიმამაცე, თვალი გაუსწორონ პრობლემებს. ამ და სხვა მიზეზების გამო, როგორც ჩანს, აფხაზეთის ბედს სხვები გადაწყვეტენ და ეს არაფერ კარგს არ მოუტანს არც აფხაზეთს და არც საქართველოს. დღეს ვხედავთ, რა ხდება რუსულ პრესაში: დაიწყო მთელი კამპანია რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ აფხაზეთში. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ წერს, თუ როგორი საშინელია აფხაზეთში დასვენება. როგორ ცუდად ეპყრობიან იქ რუსებს. იმავეს წერდა „კომსომოლსკაია პრავდა“, არანაკლებ მაღალტირაჟიანი რუსული გამოცემა. ეს სტატია გადაიბეჭდა სხვა უამრავ გამოცემაში და ტოვებს კოორდინირებული ქმედების შთაბეჭდილებას.
– და რა მიზანი აქვს ამ კოორდინირებულ ქმედებას?
– შესაძლოა, ამით მზადდება რუსეთის საზოგადოება იმისთვის, რომ აფხაზეთს დაუწესდეს მკაცრი ეკონომიკური სანქციები.
– რას უპირებენ აფხაზებს ასეთს?
– რადგან ასეთი სტატიები გაჩნდა ორ ასეთ პოპულარულ რუსულ გამოცემაში და გადაიბეჭდა სხვა უამრავ გამოცემაში, აშკარად მკვეთრი ქმედებები მზადდება.
– რა ქმედებები? ფულს საერთოდ აღარ მისცემენ ბიუჯეტისთვის და საკურორტო სეზონსაც ჩაუგდებენ, რომ ამითაც არ მოითქვან სული?
– ფულის გადარიცხვის შეჩერება ისედაც შეუძლიათ, როგორც ჩანს, აფხაზეთს მოსთხოვენ არაპოპულარული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას რუსეთთან, ან საქართველოსთან მიმართებაში. ეს არ გაკეთდება იმისთვის, რომ აფხაზეთის შესვლა ევრაზიის კავშირში უნდოდეთ.
– არ მგონია, ამის წინააღმდეგი იყოს აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობა.
– დიახ, ამაზე აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობა ისედაც თანახმა იქნება. რჩება მომზადება არაპოპულარული ნაბიჯებისთვის საქართველოს მიმართ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ 2009 წლიდან პუტინი პერიოდულად უშვებს სიგნალებს, თუკი საქართველო მოილაპარაკებს რუსეთთან, შეუძლია, მოაგვაროს თავისი ტერიტორიული პრობლემები. კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. ახლახან საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საქართველო მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში სპორტის ოთხ სახეობაში. ეს პრინციპული საკითხია, რადგან, თუ თქვენ იღებთ მონაწილეობას ოლიმპიადაში, ოკუპაციის თემა სუსტდება.
– საფრანგეთმა 2008 წლის შემდეგ ორი „მისტრალი“ მიჰყიდა რუსეთს, მაგრამ ეს არ განხილულა, როგორც ოკუპაციის მხარდაჭერა, ითქვა, რომ ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის ნიმუში. პირადად მე, მგონია, რომ ოლიმპიადაზე არწასვლა ჯობდა, მაგრამ, თუ „მისტრალის“ ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ ეკონომიკაა, ოლიმპიადაში მონაწილეობა რატომ არ არის მხოლოდ სპორტი?
– საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დასავლეთი არ დაივიწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მკაფიოდ გაახსენებს ხოლმე ასეთი პრობლემის არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთი დაივიწყებს საქართველოს და მშვიდად ივაჭრებს რუსეთთან.
– როდესაც საფრანგეთმა „მისტრალები“ მიჰყიდა რუსეთს, საქართველო მეტი არ შეიძლება, ისეთი სიმწვავით ახსენებდა დასავლეთს ოკუპაციის თემას. ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ თქვენი პოზიცია გასაგებია. საქართველოსთან მიმართებაში რა ნაბიჯების გადასადგმელად ამზადებს რუსეთი აფხაზეთს?
– საგაზეთო კამპანია; ის, რომ შოიგუ არავის შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლებიდან, ნიშნავს აფხაზეთისთვის ხელების გადაგრეხას და ეს შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მიმართულებით. აფხაზი საზოგადოება ერთ რამეს გაუწევს ძლიერ წინააღმდეგობას: საქართველოს შემადგენლობაში შესვლას. არ მგონია, რუსეთი წავიდეს ამ ნაბიჯზე, მაგრამ მეორე მომენტია, რა შეიძლება მოუვიდეს აფხაზეთს მომავალში? გამოიყენონ, როგორც გასაცვლელი მონეტა. სააკაშვილის წასვლის შემდეგ ამ მიმართულებთი აქტივობა დაიწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც რუსეთი ითხოვს აფხაზეთისა და საქართველოსგან, არის რკინიგზის გახსნა.
– რაზეც მოულოდნელად დათანხმდა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა.
– დიახ, თუმცა ადრე წინააღმდეგობას უწევდა, ახლა საქართველოში მზადდება საზოგადოებრივი აზრი. ამ რკინიგზის გახსნით ყველაზე მეტად იხეირებს სომხეთი, რადგან რუსეთს ეს რკინიგზა სჭირდება, როგორც ირანზე პირდაპირი გასასვლელი და თავისი სამხედრო ბაზების მხარდაჭერის საშუალება. რუსეთს აზერბაიჯანზე ზეწოლის ინსტრუმენტად სჭირდება ყარაბაღის კონფლიქტი, ამისთვის კი აუცილებელია პირდაპირი დერეფანი სომხეთთან. ანუ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში შემოდის სომხეთი. სომხეთს აქვს ზემოქმედების ინსტრუმენტი აფხაზეთის სომხური თემის სახით. ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ, სხვადასხვა წყაროთი, სომხებმა გადააჭარბეს ქართველების რაოდენობას აფხაზეთში. ისინი აკონტროლებენ ბიზნესს, მაგრამ, ისევე, როგორც ყველა არააფხაზი ხელისუფლებიდან ჩამოშორებული არიან. სომხეთი გამოიყენებს ამ სომხურ თემს რკინიგზის საკითხის გადაწყვეტაში. მეორე საკითხი, რომელიც შეიძლება, დააყენოს რუსეთმა, არის აფხაზეთის საკურორტო ზონის გაკონტროლება. აფხაზები ამიტომაც არ აძლევენ არააფხაზეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვის ნებას, რადგან იციან, რომ ყველაფერ ფასეულს რუსული ბიზნესი წაიღებს.
– აფხაზებთან თქვენ უფრო ხშირი ურთიერთობა გაქვთ, ჩვენთან ნაკლებად გამოდიან კონტაქტზე. მათ ეგონათ, რომ რუსეთისგან მიიღებდნენ აღიარებას, შეავსებდნენ ბიუჯეტს რუსული ფულით და სანაცვლოდ არაფრის გაღება არ მოუწევდათ? ამ და ნებისმიერ თამაშს ხომ თავისი წესები აქვს?
– აფხაზებთან ნებისმიერ საკითხზე ჩემი მსჯელობა, როგორც წესი, სრულდება შეურაცხყოფებით ჩემი მისამართით. მათი რეაქცია ძალიან აგრესიულია. ისლამისტებთანაც კი უფრო იოლია პრობლემების განხილვა, ვიდრე აფხაზებთან. თუმცა მათ შეეძლოთ რაღაც მექანიზმების აწყობა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. შესაძლებელი იყო რაღაც თამაშის წარმოება, მაგრამ მსგავსს ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ აგრესიას.
– იმისთვის, რომ რუსულმა ბიზნესმა აითვისოს აფხაზეთის საკურორტო ზონა, არ კმარა მხოლოდ აფხაზების თანხმობა, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებაც საჭიროა.
– ამისთვის მათ უნდა მოილაპარაკონ საქართველოსთან. რუსეთს, ბუნებრივია, არ სჭირდება ქართველების სახლები აფხაზეთში. ამიტომ შეუძლია, თქვას: აიღეთ თქვენი საკუთრება და არ შეუშალოთ ხელი ჩვენს საქმიანობას აფხაზეთში. რუსული ბიზენსის აფხაზეთში მოქმედება მოითხოვს აფხაზეთის ხელისუფლების დათმობებს საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს დათმობებს რუსეთთან მიმართებაში. თუ სამხედრო ტვირთები მუდმივად ივლის რკინიგზაზე, ეს გააძლიერებს რუსეთის პოზიციას ირანთან მიმართებაში. საქართველომ კი ხელი არ უნდა შეუშალოს ამ ტვირთების მოძრაობას. არის კიდევ ერთი სცენარი: რუსეთი არ არის საუკეთესო ფინანსურ ფორმაში, მისი სანავთობო მომავალი რთულია და ამ სიტუაციაში მან შეიძლება, ხელი ჩაიქნიოს აფხაზეთზე და ერთი-ერთზე დატოვოს საქართველოსთან. აფხაზეთს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აქვს ანტირუსული პოზიცია და მიდის „ნატოსკენ“. ამდენად, აფხაზეთმა უნდა ილოცოს სააკაშვილზე, ხოლო, თუ საქართველო ხდება რუსეთის მოკავშირე, მაშინ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის არანაირი საჭიროება აღარ არის. ასე რომ, შეიძლება, უთხრან აფხაზებს, ჩვენ ვაღიარეთ თქვენი დამოუკიდებლობა, ახლა რაც გინდათ, ის გააკეთეთო და ერთი-ერთზე დატოვონ საქართველოსთან.