კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დაბომბა ქართულმა არტილერიამ როკის გვირაბიდან გამომავალი გზა და რატომ არ ჩააგდო საერთაშორისო თანამეგობრობამ სათვალავში ქართველი სამშვიდობოების დაღუპვის ფაქტი

აგვისტო რომ მძიმე თვეა, ამას ბოლო 22 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს: 1992 წლის 14 აგვისტოს ქართული შეიარაღებული ძალები რკინიგზის დაცვის მოტივით აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ: შედეგად, კოდორის ხეობის გარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს დე-ფაქტო გავლენა დაიკარგა; მართალია, ამის პარალელურად, ცხინვალის რეგიონშიც იყო დაძაბულობა, თუმცა ვითარება აშკარა საომარ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინარჩუნებდა დე-ფაქტო გავლენას დიდი და პატარა ლიახვის ხეობებსა და ახალგორზე. 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენის ოპერაცია დაიწყო, შედეგად: ცხინვალის რეგიონზე, ანუ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელი ტერიტორიაზე დაიკარგა დე-ფაქტო გავლენა (დიდი და პატარა ლიახვის ხეობებისა და ახალგორის ჩათვლით), დამატებით კი კოდორის ხეობაშიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობის დე-ფაქტო მმართველობა გავრცელდა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორივე სეპარატისტული რეგიონი (საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ავტონომიურ საზღვრებში) ცნო და, დღემდე მას 5 ამღიარებელიც  მიემატა. არც ერთი ომის ანალიზი არ გაკეთებულა, არ დადგენილა სამხედრო-პოლიტიკური მარცხის მიზეზები და არათუ დამნაშავეები არ გამოვლენილან, ორივე კონფლიქტში მონაწილე მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებითაც დაჯილდოვდნენ. გენერალი მამუკა ყურაშვილი, რომელმაც 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამის თეთრმეტის ნახევარზე, „მოამბის“ სპეცგამოშვებაში მოსახლეობას აუწყა საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენის დასაწყისი, მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მისი დახმარებით, შევეცდებით, აღვადგინოთ აგვისტოს ომის დაწყებისა და მიმდინარეობის სურათი.

– ინტერნეტშიც კი დევს ინფორმაცია, რომ რფ-ს ჩრდილოეთ კავკასიაში 609 გამანადგურებელი ჰყავს განლაგებული. ისიც ცნობილია, რომ 5 წუთი სჭირდება ავიაგამანადგურებელს საქართველოს ტერიტორიის განივად გადაკვეთისთვის. საჰაერო დაცვა საერთოდ არ გაგვაჩნდა. რთული გამოსათვლელი იყო, რომ მოწინააღმდეგე ჰაერში იბოგინებდა?

– მე შემიძლია, გიპასუხოთ, როგორც სამხედრომ: სამხედროები აკეთებენ ასეთი საფრთხეების ადეკვატურ შეფასებას და მოთხოვნებს უყენებენ პოლიტიკოსებს, რომ ასეთი ჩავარდნები შეივსოს.

– თქვენ, სამხედროებმა, მიაწოდეთ ინფორმაცია პოლიტიკოსებს, რომ, თუ ჩვენ იურისდიქციის აღდგენას დავიწყებთ, თეორიულად, რუსულ ავიაგამანადგურებლებს 5 წუთში შეუძლიათ ჩვენი ნაცარტუტად ქცევა, იმიტომ რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები არ გაგვაჩნიაო?

– მგონია, რომ ძიების დროს თვითონ გასცემენ ამ კითხვებზე პასუხს, ვისაც ევალებოდა, თუ რამდენად ადეკვატურად ჰქონდათ ეს საფრთხე შეფასებული იმავე რუსეთის მეოთხე საჰაერო არმიასთან მიმართებაში. 

– დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და 7-ში ღამით საარტილერიო საპასუხო ცეცხლი გაიხსნა ცხინვალზე.

– მთავარსარდალმა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა ბანდფორმირებებს. ეს ცალმხრივად დაირღვა და 2 აგვისტოს ავნევის საგუშაგოზე ჩვენი ორი სამშვიდობო დაიღუპა, არადა სანგრები გათხრილი იყო წესდებით და უძლებდა 100-მილიმეტრიანი ჭურვების პირდაპირ დარტყმებს. წარმოიდგინეთ, რამდენი ჭურვი უნდა ესროლათ, რომ მოერღვიათ მთლიანად. პირად შემადგენლობას უკვე გულისრევა ეწყებოდა ამდენი დაბომბვებისგან. აი, ასეთი იყო მშვიდობიანობის პერიოდი. თუ გირტყამენ და შენ საპასუხოდ ხელს მოიქნევ, ესე იგი, შენ დაიწყე ომი?!

– მე თქვენკენ ვარ, ანუ ჩვენკენ, მაგრამ ტალიავინის დასკვნაში ვერ მოხვდა, რატომღაც, ქართველი სამშვიდობოების დაღუპვის ფაქტი, მაშინ, როდესაც რუსი სამშვიდობოების დაღუპვა აღიარეს მიზეზად, რატომაც უნდა შემოეყვანა, თურმე, რუსეთს ჯარი. ჩვენი სამშვიდობოები წიწილები იყვნენ, სათვალავში რომ არ ჩააგდეს?

– კონფლიქტის ზონაში ყველა მხარეს ერთი სარდალი ჰყავდა, გენერალი კულახმეტოვი. თუკი მანამდე ყოველთვის ჩამოდიოდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, ბატონი გოგა ხაინდრავა, ადგილზეც წყვეტდნენ პრობლემებს და მაშინვე აცნობებდნენ უცხოელ პატრნიორებს, იაკობაშვილის დანიშვნის შემდეგ, არავინ ჩამოსულა. ამიტომაც მეორე მხარე პროვოკაციებით იყო დაკავებული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხეობის მოსახლეობა მძევლად ჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვისა და დაგომისის ხელშეკრულება ჩვენთვის საზიანო იყო, იმ ხელშეკრულებებითაც კი კონფლიქტის ზონაში 82 მილიმეტრზე დიდი ჭურვების გამოყენება აკრძალული იყო. 7 აგვისტოს მდგომარეობით კი, 120-მილიმეტრიანი ჭურვებიც ჰქონდათ გამოყენებული. არსებობს 3 აგვისტოს მონიტორინგის დასკვნა, რომელსაც რუსული მხარეც აწერს ხელს, რომ  3 აგვისტოს სარაბუკის წინააღმდეგ 100-მილიმეტრიანი ჭურვებია გამოყენებული. აი, რატომ ჩნდება საპასუხო ცეცხლი!

– საყვედურობენ ჩვენს ჯარს, რომ ქართულმა არტილერიამ არ იმუშავა როკის გვირაბიდან გამომავალი ერთადერთი გზის დასაბომბად, რომ დამატებითი ძალების შემოსვლა აეცილებინა თავიდან. თქვენ რით ხსნით იმ მიმართულების ასე უყურადღებოდ დატოვებას?

– ცხინვალი არ ყოფილა ჩვენი მთავარი სამიზნე. რაც შეეხება სიღრმეებსა და როკის გვირაბს: ეს ტექნიკურ საშუალებებზეა დამოკიდებული.

– ანუ ვერ მივწვდებოდით?

– იმ ეტაპისთვის ქართულ მხარეს არ ჰქონდა ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომ ასეთ დისტანციაზე ემოქმედა არტილერიას.

– მაპატიეთ, მაგრამ: ავიაცია ჩვენ არ გვყავდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ჩვენ არ გვქონდა, არტილერია როკის გვირაბს ვერ მისწვდებოდა, რა გვეკონსტიტუციურწესრიგებოდა მაშინ? წამოგვეყვანა ეს ჩვენი მოსახლეობა და გამოვსულიყავით.

– ასე ადვილად ვერ გამოიყვანდი მოსახლეობას.  რაც შეეხება ამ ყველაფრის თავის არიდებას: ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევანი. მე მესმის თქვენი, ლოგიკური კითხვაა და ბევრს აქვს ის: ვიმეორებ, ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო სწავლება „კავკასია 2008-ის“ ჩატარებამდე. იმ სწავლების სახელწოდება: „იძულება მშვიდობისთვის“ შემდეგ საომარ მოქმედებებს დაარქვეს. პირდაპირ გამოვიდა რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი და თქვა: ჩვენ 2006 წელს ბანდფორმირებებს ვამზადებდითო. უამრავმა ფაქტორმა იმუშავა: ითქვა კიდეც, რუსეთს უნდოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების შეჩერება.

– ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდა იმავე ტალიავინის დასკვნაში ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლი. არაფერი რომ არ ვთქვათ კახა ლომაიას ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე, რომ ცხინვალი, ასეთი ქალაქი, აღარ არსებობს დედამიწის ზურგზეო?

– მისი ეს განცხადება მოწმობს, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი გონზე არ იყო და რაღაც „ობრაზში“ იმყოფებოდა, მაგრამ რატომ არ უშვებს რუსეთი დღემდე ცხინვალში ევროპელ დამკვირვებლებს?! რა უნდა დააშავოს ასეთი ხუთმა დამკვირვებელმა? იმიტომ არ შეჰყავთ, რომ იქ რუსული კვალია წასაშლელი და მხოლოდ ქართული კვალი უნდა დარჩეს. ცალსახად ჩანს, ვისი დაბომბილია ცხინვალი: მართალია, ცხინვალში არ დგას ცათამბჯენები, მაგრამ კარგად ჩანს, საიდანაა მოხვედრილი ჭურვები მაღალ სახლებზე. ქართულ მხარეს მართლაც რომ მიწასთან გაესწორებინა ცხინვალი, ხომ შეუშვებდნენ დამკვირვებლებს?! რუსულ მხარეს საერთოდ სჩვევია დანაკარგების დამალვა, მაგრამ დღეს უკვე ცნობილია, რომ მეორე მხრიდან 162 ადამიანია დაღუპული როგორც ოსი სეპარატისტები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები. როგორ მოახერხა ქართულმა ჯარმა რუსული საგუშაგოებისთვის გვერდის ისე ავლა, რომ თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის?!

– რუსი სამშვიდობოები არ ჩაერივნენ დასაწყისში და გაატარეს ქართული ნაწილები, მაგრამ ესეც იქცა ერთგვარი ბრალდების არგუმენტად: ამით ალყაში მოექცა ჩვენი შეიარაღებული ძალები.

– მე, როგორც გენერალი ყურაშვილი, ვამბობ, 2008 წელს ქართული სახელმწიფოს გადარჩენა იყო ის, რომ გადარჩა რუსული სამშვიდობო კონტინგენტი. ჩვენ რომ სამშვიდობოებისთვის დაგვერტყა, მთელ მსოფლიოს აჩვენებდნენ მათ ცხედრებს, მიწასაც კი არ მიაბარებდნენ და ეს მათთვის გახდებოდა თბილისში შემოსვლის უტყუარი მიზეზი. რუსული ავიაცია, მართალია, ბომბავდა დანარჩენ საქართველოს, მაგრამ, ოლიმპიადიდან ჩასულმა პუტინმა რომ მოითხოვა რეალური სურათი, ნახეს, რაც იყო რეალურად. არანაირი 2 000 დაღუპული არ არსებობდა და რუსული სამშვიდობოებიც უვნებლად იყვნენ.

– შემდეგ რა მოხდა: რუსები უკვე შემოსულები იყვნენ თუ მზად იყვნენ შემოსასვლელად? იმდენ ტანკს და ცოცხალ ძალას ასახელებს მთავარსარდალი, რომ, წესით, გადაჭედილი უნდა ყოფილიყო იქაურობა.

– ერთის თქმა დანამდვილებით შემიძლია: რუსს სჯეროდა, რომ ამ უბედურებას ოსი სეპარატისტების მეშვეობით დააწევდა საქართველოს და თვითონ შემოვიდოდა ვითარების განსამუხტად.

– ფიქრობდნენ, რომ სეპარატისტები მოგვერეოდნენ?

– დიახ. რუსი, რა თქმა უნდა, შემოსული იყო. სწავლება ჩატარებული ჰქონდა, ჯარები ამოწეული ჰყავდა, მოწინავე რაზმები უკვე აქ ჰყავდათ განლაგებული, მაგრამ აკვირდებოდნენ სიტუაციას, რომ შემდეგ მოსულიყვნენ, როგორც მოსამართლეები და ეთქვათ: 17 წელია, ამბობთ, რომ არაეფექტიანია ჩვენი მანდატი, მაგრამ ხომ ხედავთ, ჩვენ ვართ ისინი, ვინც მხარეებს აშორიშორებს. მაგრამ, კეფაში რომ ირტყეს სეპარატისტებმა ფეხები და ქართული ჯარი ცხინვალში აღმოჩნდა, თან, გაუპატიურების არც ერთი ფაქტი არ ყოფილა, არც სადარბაზოებში „ლიმონკების“ შეგდების, პირიქით, მოსახლეობას წყალს ვაწვდიდით და ვეხმარებოდით, ეს აღარ მოეწონათ. გახსნეს ცეცხლი და განურჩევლად აზილეს ერთმანეთში ოსი და ქართველი. თუ არ ემზადებოდნენ, რატომ შემოიყვანეს პირველ აგვისტოს ორგანიზებულად რუსი ჟურნალისტების ჯგუფი?!

– საარტილერიო საშუალებები არ გვქონდა, მაგრამ იმ ერთადერთი შემოსასვლელი გზის დანაღმვის საშუალებაც არ იყო, პრევენციის მიზნით?

– კონფლიქტის ზონა ძალიან შეზღუდულია, იგოეთიდან რომ მანქანა ამოდიოდა, რუსები უკვე ცნობდნენ. სიღრმეში არ გვქონდა საარტილერიო საშუალებებით მოქმედების საშუალება, თორემ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ განუცდიათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ისეთი საარტილერიო ცეცხლი, როგორიც 2008 წელს. სეპარტისტული მთავრობა დაინტერესებული იყო, რომ გაეღვივებინა კონფლიქტი. შემდეგ რუსები ჩაერთვნენ, თუმცა მათ არ ჰყავდათ საკმარისი ძალები თბილისის ასაღებად.

– უშუალოდ ომის შემდეგ დავით თევზაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, რომ საომარი მოქმედებების დროს ქართველი ჯარისკაცი იყო უკეთ გაწვრთნილი, უკეთ აღჭურვილი, გამოკვებილი, რაოდენობითაც საწყის ეტაპზე მეტნი ვიყავით, მაგრამ მაინც დავმარცხდითო.

– ბატონი დათო, ალბათ, უპირველესად, გულისხმობდა საბრძოლო სულისკვეთებას. აღჭურვილობა უკეთესი გვქონდა, მაგრამ რაოდენობით ისინი გვჯობდნენ. ბევრი არ არის ისეთი არმია, რომელიც იკადრებს შარაგზის ყაჩაღებთან და მოროდიორებთან ერთად ომს, რუსული არმია კი ასეთია. ძალიან ძნელია საბრძოლო სულისკვეთების აწევა ომის დროს, როდესაც ჯარისკაცს აქვს მობილური, როდესაც მშობელი  ურეკავს და ეუბნება, ესა და ეს მაღალჩინოსანი წითელ ხიდზე გარბისო.

– როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, საკუთარ და მცირე ზომის ტერიტორიაზე ამდენი უგზოუკვლოდ დაკარგული სამხედრო ნიშნავს, რომ მათი მესამედი ცოცხალი, ანუ დაჭრილი მიატოვეს ბრძოლის ველზე. თანამებრძოლზე ზრუნვას არ ასწავლიან ჩვენს ჯარს თუ რა მოხდა?

– დაზუსტდება, სად რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ სად დაიღუპა და დაიჭრა, რუკას მიებმება ეს ყველაფერი და გამოიკვეთება, ვისი ინტერესი იყო. ყველა კითხვას ძიება გასცემს პასუხს.  მე, როგორც სამხედროს, სინდისი სუფთა მაქვს, მე გადავარჩინე ხეობის მოსახლეობა. რატომ დახვრიტეს რუსებმა 9 აგვისტოს ჩეჩნები, რომლებიც მიეხმარნენ ქართველ მოსახლეობას გამოსვლაში?! – ძიების დროს ვიტყვი ყველაფერს. უგულავას უთქვამს, თავის გადარჩენას ცდილობსო და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მდაბიო ფანტაზია აქვს ქალაქის მერს.

– ასე აშკარად ერეოდა სამხედრო მოქმედებებში?

– რა თქმა უნდა და ამას ძიების დროსაც ვიტყვი.

– ძალიან მიკვირს, ეს სამოქალაქო პირები როგორ აძლევდნენ თავს უფლებას, ჩარეულიყვნენ სამხედრო საქმეში?

– ბატონი გიგი უგულავა იყო უმაღლესი მთავარსარდლის თვალები და ყურები კონფლიქტის ზონაში. ძიების დროს ყველაფერი ამოტივტივდება. თქვა, მეხანძრეები იყვნენ იქ და მათ დასახედად ჩავედიო. მაინტერესებს, მეხანძრეები რომელ ფლანგზე იბრძოდნენ და წყლის ჭავლით აჩერებდნენ მტერს?! 

– გარდა ქალაქის მერისა, სამოქალაქო პირებიდან კიდევ ვინ ერეოდა სამხედრო მოქმედებებში?

– იყვნენ სხვა სამოქალაქო პირებიც და ძიებას ვეტყვი მათ ვინაობას.

– რას მოგვცემს ამ საქმის გამოძიება?

– ცოდვაა ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს. ჯარისკაცმა ცალსახად უნდა იცოდეს, რომ თვალთმაქცობით არ შეიძლება, მიაღწიო უმაღლეს ჩინს. არადა, ფსევდოგმირები გაჩნდნენ. წმინდა გიორგის ხუთი ორდენია დარიგებული და უამრავი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, რომელიც ენიჭება ოპერაციის წარმატებით დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. დამანახვონ, რა დაგეგმეს და სად განახორციელეს. მაჩვენეთ ცოცხალი გენერალი, ჩემ გარდა, რომელსაც ფეხით უვლია ცხინვალში?! მე არაფერზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე. აი, ამისთვისაა საჭირო ძიება.

– რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად სახელი გაგვიტყდა ჩვენს რეგიონში: ყველა ომი წავაგეთ, გამოვიქეცით. როგორც წესი, ჯარი გარბის და მეთაური რჩება, აქ პირიქთი მოხდა: ჯარი დარჩა, მეთაურები გამოგვექცნენ. განსაკუთრებით მხდალები შეარჩიეს ამ პოსტებზე თუ რა დაგვემართა?

– მეთაური ვალდებულია, იზრუნოს თავის პირად შემადგენლობაზე, მაგასაც ძიება გასცემს პასუხს, თუ როგორ იქცეოდა ესა თუ ის მეთაური. პირადად მე არსად გავქცეულვარ. სხვადასხვა ბრიგადის მეთაურები ომამდე 4-5 თვით ადრე მოხსნეს. ჯარი არ იყო მოყვანილი სრულ მოქმედებაში. იქნებ იმიტომაც, რომ მსხვერპლი მეტი ყოფილიყო, ვთქვათ, 20 000 და არა 200 ადამიანი?! მე არავისგან არაფერს ველი, მაგრამ მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმიტომ რომ მომეცა ამის თქმის საშუალება. თქვენთვის რომ მეთქვა 2008 ან 2009 წელს, ამ თემაზე მინდა საუბარი-მეთქი, არა მხოლოდ საკუთარ თავს, თქვენც საფრთხეს შეგიქმნიდით. დღეს მშვიდად ვარ, იმიტომ რომ ვიცი, რა გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის: ჩემს პირად შემადგენლობაში დანაკლისი არ არის, ტექნიკა არ დამიკარგავს და 8 200 ადამიანი გამოვიყვანეთ ხეობიდან. მიუხედავად იმისა, რომ 8-ში თერთმეტ საათზე გადამაყენეს და დამნიშნეს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსად. ჩემი დისლოკაციის ადგილი იყო თბილისი, უზნაძის ქუჩა, მაგრამ მე მაინც ვიმოქმედე. მზად ვარ, ძიებასთან ვითანამშრომლო და ბევრ რამეს მოეფინება ნათელი.

скачать dle 11.3