რატომ გააქტიურდა საქართველოზე ნარკოტრასის სომხური ვექტორი და რა მარშრუტს გაივლის საქართველოდან ევროპისკენ მიმავალი ნარკოტიკი
იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ისევე, როგორც ჩრდილოეთიდან – სამხრეთისკენ უმოკლესი გზა გადის, არა მხოლოდ ლეგალური ტვირთები მოძრაობს კომფორტულად, არამედ, მეტად არალეგალურიც, მათ შორის, ნარკოტიკები. იმის გათვალისწინებით, რომ ივლისის დასაწყისში ვალეს გამშვებ პუნქტზე 116 კილოგრამი ჰეროინი დააკავეს, ადვილი წარმოსადგენია, რა მასშტაბის ნარკოტიკი გაივლის ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. რა ნარკოტრასები არსებობს დღევანდელ მსოფლიოში, რომელი ქვეყნებიდან მომავალი ნარკოტიკები კვეთს საქართველოს და რა როლს ასრულებს ჩვენი ტერიტორია „თეთრი სიკვდილის“ გავრცელებაში, – თემას განვიხილავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან, უშიშროების გენერალ-მაიორ ჯემალ ჯანაშიასთან, საქართველოში ნაკრომანიასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს შემქმნელთან და, თავის დროზე, ამ ბიუროს ხელმძღვანელთან.
– ძირითადად, რა ტიპის ქვეყნებს იყენებენ ნარკომოვაჭრეები თავიანთი საქონლის ტრანსპორტირებისას?
– განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიმოსვლის რეჟიმების გალიბერალურებამ მილიარდამდე ადამიანს მისცა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, რამაც, გარდა ეკონომიკური პლუსისა, გამოიწვია ის, რომ დამნაშავეთა სამყარომაც გააბა კავშირები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შეიქმნა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი გაერთიანებები, რაშიც აქტიურად ჩაერთო საქართველოში არსებული კრიმინალური დაჯგუფებები. იცით, რომ საქართველოზე გადის დიდი აბრეშუმის გზა, რამაც ბევრ სიკეთესთან ერთად, უარყოფითი შედეგებიც მოიტანა: აბრეშუმის გზა ოპიუმის გზაც არის. საერთოდ, ნარკოტიკების გადამზიდავები აქტიურად იყენებენ იმ ქვეყნების ტერიტორიებს, რომლებიც უკონტროლოა და უმოკლესი გზაა ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყნებიდან.
– ნარკოტიკის წარმოების ადგილები არის მხოლოდ აზია და ლათინური ამერიკა? აფრიკა?
– სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია: ავღანეთი, პაკისტანი, ყოფილი ბირმა – ახლა მიანმარი, ლაოსი, ტაილანდი, ამავე დროს, ძალიან დიდი რაოდენობის ნარკოტიკია ცენტრალურ აზიაში. მაგალითად, ყაზახეთში არსებობს ჩუის დაბლობი. ეს არის საფრანგეთის სიდიდის ტერიტორია და მთლიანად დაფარულია ველურად მზარდი კანაფით.
– და ნაზარბაევი ამას ასე მშვიდად უყურებს?
– საერთოდ, კანაფის აკვანია ყაზახეთის სტეპები, მაგრამ საკმარისია, ის სხვა კულტურით ჩაანაცვლო, რომ ეკოლოგიური კატასტროფა მოხდეს, იმიტომ რომ კანაფი იკავებს ქვიშის დიუნებს. იგივე პრობლემებია სამხრეთ ამერიკაში: კოკას ბუჩქები მთის ფერდობებზე 2 000 კილომეტრის მანძილზეა შეფენილი – დაწყებული ცენტრალური ამერიკიდან ჩილემდე და მისი განადგურება შეუძლებელია, რადგან ეს გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას. რატომ ვერ დაამარცხა მსოფლიომ ნარკოტიკების პრობლემა? იმიტომ რომ მრავალი ქვეყნისთვის ეს არის კულტურის, ისტორიისა და ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. ამის კლასიკური მაგალითია ჰოლანდია, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში სამხრეთ-ამერიკიდან შემოიტანა კოკას მარცვალი, გააშენა კუნძულ იავაზე და 1926 წელს ამ პლანტაციებიდან მიიღო 600 ტონა სუფთა კოკაინი, რითაც ევროპას ამარაგებდა. საკმაოდ სერიოზულად შეავსო ამით თავისი ბიუჯეტი: მეოცე საუკუნის დასასრულს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მათ ტურისტებისთვის დაუშვეს 25 გრამი მარიხუანა, რამაც მიიზიდა ტურისტები ამსტერდამში.
– მარტივად რომ ვთქვა, მიიზიდა ნარკომანი ტურისტები?
– შემდეგ ევროპის ქვეყნების მკაცრი ზეწოლით, მათ დოზა 5 გრამამდე შეამცირეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჰოლანდიას დიდი ბიუჯეტის გამო აქვს საშუალება, უმკურნალოს თავის ნარკომანებს და წელიწადში ერთ ნარკომანზე, საშუალოდ, 117 ევრო იხარჯება. ამერიკის შეერთრთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 80 დოლარია, ევროპაში, დაახლოებით – 70-80 ევრო. საქართველოში კი ერთ ნარკომანზე 50 თეთრზე ცოტა მეტი იხარჯება, ამიტომ, როდესაც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზეა ლაპარაკი, თუმცა მე და ჩემი კოლეგები ვამბობთ, რომ ნარკომანია არის ავადმყოფობა, სანამ საქართველო ორგანიზაციულად, მეთოდოლიგიურად, საბაჟო და სასაზღვრო სისტემებითა და კანონმდებლობით არ მოემზადება, ასეთი არაორგანიზებული დეკრიმინალიზაცია იქნება ლეგალიზაცია.
– საქართველოში გამოვლინდა ნარკოტიკების ძალიან დიდი კონტრაბანდა. თქვენ რას უკავშირებთ ამას?
– 116 კილოგრამი ჰეროინი არის უპრეცედენტო რაოდენობა, ასეთი ოდენობის ჰეროინი საქართველოში არასდროს ამოღებულა. ამდენად, ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ბრწყინვალე დებიუტი ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში. ჩემი გამოცდილება მიმანიშნებს, რომ ეს ოპერაცია მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა. რამდენიმე დღით ადრე მინისტრი იყო სომხეთში, შეხვდა თავის სომეხ კოლეგას, რაც ნიშნავს, რომ პირველი პირების დონეზე შემუშავდა და დაიგეგმა ეს ოპერაცია. საერთოდ, როდესაც ასეთი ტიპის ოპერაციაზეა საუბარი – ლაპარაკია 17 მილიონ დოლარზე, თუ გრამი ჰეროინის ფასად 150 დოლარს ვიგულისხმებთ, ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოს. როგორც ჩანს, ამ ოპერაციას უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა და მის გარდა, ორ-სამმა ადამიანმა თუ იცოდა.
– როგორ ხდება აღმოჩენა, მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე?
– არა მხოლოდ, ყველა საავტომობილო მოწყობილობას აქვს თავისი სტანდარტი, მებაჟეს აქვს ეს სტანდარტები და ამის მიხედვით ამოწმებს ავტომანქანას; როგორც ჩანს, იმ ავტომობილის ძარა, ნარკოტიკი მოთავსებული იყო ორმაგ ფსკერში, ოღონდ არა იატაკზე, არამედ – ჭერში, სიმაღლეში სტანდარტს არ ემთხვეოდა. ეს ყველაზე მარტივი სქემაა, ზოგჯერ ნარკოტიკი დამალულია საბურავებში, ზოგჯერ – ძარაში ან ბამპერში. უამრავი ადგილი არსებობს მის შესანახავად. მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ ეს არ შეიძლებოდა, ყოფილიყო პირველი შემთხვევა. ეს ვექტორი, დავარქვათ პირობითად: სომხური ვექტორი, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა ასეთი ოდენობის ნარკოტიკი სომხეთიდან საქართველოში არასდროს შემოსულა. მაქსიმუმ, ერთი კილოგრამი ჰეროინის შემოტანის მცდელობები თუ ყოფილა.
– სომხეთში საიდან მოხვდებოდა?
– სომხეთი ემიჯნება ირანს, ირანი – ავღანეთს.
– აზერბაიჯანის ვექტორი არ არსებობს?
– აქამდე, ძირითადად, აზერბაიჯანული ვექტორი მუშაობდა, იცით, რომ აზერბაიჯანიც ემიჯნება ირანს. როგორც ჩანს, ეს სომხური ვექტორი რამდენიმე წელია, წინა ხელისუფლების პერიოდიდან, მუშაობს, რადგან არ შეიძლება, ასეთი რაოდენობის ნარკოტიკი პირდაპირ ჩადო მანქანაში და გაატარო. პირველად შეიძლება, გაატარო 10 კილოგრამი, შემდეგ – 15 და როდესაც ნახავ, რომ ტრასა უსაფრთხოა, გაატარებ დიდ ოდენობას. რაოდენობა მიანიშნებს, რომ ეს ტრასა დიდი ხნის წინათ იყო ათვისებული და მუშაობდა. როდესაც ოპერატიული-სამძებრო მოქმედებები დასრულდება, დარმწუნებული ვარ, დაკავებული პიროვნებები იტყვიან, რომ ნარკოტიკი გადადიოდა ფოთში, იქიდან ბორნით ოდესაში, ოდესიდან – ბულგარეთში, ბულგარეთიდან კი ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ნაწილდებოდა, სადაც კვალი უკვე დაიკარგებოდა. როგორც კი სახელმწიფოში ნარკოტიკი შედის, ის ერთ დღეში ნაწილდება დილერებს შორის. ამიტომაც შექმნეს თავის დროზე ამერიკელებმა პრევენციული დარტყმის პოლიტიკა. პირველად ამის შესახებ თქვა ჯეიმს ბეიკერმა 1988 წელს: ჩვენ არ გამოგვადგება ნარკოტიკებთან ბრძოლა ამერიკაში, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ნარკოტიკებს მწარმოებელ სახელმწიფოებში და შემდეგ ეს პოლიტიკა გაავრცელეს ტერორიზმზეც.
– გარდა სომხური და აზერბაიჯანული ვექტორებისა, კიდევ რა ნარკოვექტორები გადის საქართველოზე?
– გარდა სომხურისა და აზერბაიჯანულისა, გვაქვს ჩეჩნური ვექტორიც. ჩეჩნური ვექტორის კლასიკური მაგალითი იყო პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები. პანკისის ხეობაში შემოვიდა ძალიან იაფი ოპიუმი და უამრავმა ახალგაზრდამ დაიწყო მისი მოხმარება, რაც კახეთს არ ახსოვდა, რადგან ეს რეგიონი არასდროს ყოფილა მიდრეკილი ნარკოტიკისკენ. ამან ოპერატიული ვითარებაც გაართულა რეგიონში და გახსოვთ, რომ საჭირო გახდა ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება.
– აქვე გკითხავთ, საქართველოს რომელი რეგიონია უფრო მიდრეკილი ნარკოტიკებისადმი?
– ყველა განურჩევლად. ამ ბოლო დროს ამუშავდა ჩრდილოეთის ვექტორი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოდის ცხინვალის რეგიონში, შემდეგ კი გორიდან ვრცელდება. ადრე ჩრდილოკავკასიის ვექტორი მუშაობდა ყაზბეგიდან.
– მაგრამ ახლა ხომ გახსნილია ცალმხრივად ლარსის გამშვები პუნქტი?
– მაგარმ საკმაოდ კარგად აღჭურვილი გამშვები პუნქტია.
– შემოვლითი გზებით არ შემოდის ნარკოტიკი ქვეყანაში?
– იქ ნაკლებადაა შემოვლითი გზები, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემაა უკონტროლო ტერიტორიები: ჩვენ გვაქვს პირობითი საზღვრები ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან, სადაც უამრავი შემოვლითი გზაა და რამდენსაც უნდათ, იმდენ ნარკოტიკს შემოიტანენ, რადგან რუსი სამხედროები, რასაც უნდა, გაატარებენ, რასაც უნდა, არ გაატარებენ. ამდენად, ჩვენ არა მხოლოდ ნარკოტიკების ტრანზიტი გვემუქრება, არამედ, ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნების სპეციალური ოპერატიული სამსახურების მიერ ნარკოტიკების შემოტანის პროვოცირება, რომ ამით იმოქმედონ ჩვენს ახალგაზრდობაზე. ეს სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიღებული ფორმაა.
– ჩეჩნური ვექტორი რომ ახსენეთ, ჩეჩნეთში აწარმოებდნენ ნარკოტიკს?
– ჩეჩნეთში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში რაიონულ ცენტრ შალის ყველა პროფტექნიკურ სასწავლებელში მზადდებოდა ჰეროინი და არალეგალურად გადიოდა ევროპის სახელმწიფოებში. გროზნოში იყო ვერტმფრენების პოლკი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ დარჩათ 1 000 ერთეული. სწორედ ამ ვერტმფრენებს იყენებდნენ ნარკოტიკის გადასატანად: აფხაზეთის გავლით გადაჰქონდათ კვიპროსისკენ და შემდეგ – ევროპაში. ასევე, ნარკოტიკების მბრუნავი ღერძი იყო ბალკანური ტრასები. ბალკანური ვექტორები ევროპის ერთ-ერთი სერიოზული მომმარაგებელია: ტრასები გადის სტამბულიდან და ბევრ ევროპულ ქვეყანას ამარაგებს, განსაკუთრებით, გაიოლდა ეს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. ახლა ნელ-ნელა წესრიგდება, მაგრამ მაინც სერიოზულ პრობლემად რჩება.
– ეს ერთი 116 კილოგრამი ჰეროინის ამოღების შემთხვევა, გარდა იმისა, რომ ეს ვექტორი კარგა ხანია, მუშაობს, კიდევ რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს?
– ნარკოდანაშაულს ახასიათებს ლატენტურობა, ეს დაფარული დანაშაულია, ანუ ათიდან შეიძლება, გამოავლინო ერთი, რადგან როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი დაინტერესებულია ინფორმაციის დაფარვაში. ჩვენს შემთხვევაში, გამოვლენის მაჩვენებელია ერთი თხუთმეტთან, ევროპაში ეს მაჩვენებელი ერთი ხუთთან ან ერთი რვასთანაა.