ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ იდება ტურისტული ხელშეკრულება და კანონით არის თუ არა ტურისტული კომპანიისთვის დადგენილი რაიმე სახის კრიტერიუმი ტურისტული მომსახურების პაკეტთან დაკავშირებით?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა, გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა, მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისთვის. რაც შეეხება ტურისტული მომსახურების პაკეტს, ტურისტული მომსახურების პაკეტი ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში. ამასთან, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებითაც ტურისტი უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.
კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა ვალდებული ტურისტული კომპანია, ტურისტს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ტურისტულ ტურთან დაკავშირებით და დადებით შემთხვევაში, რა სახის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვს კომპანიას ტურისტებისთვის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისთვის მისაღები სხვა ფორმით აუცილებელია და უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია, კერძოდ: ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ; დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი დახასიათების შესახებ; განთავსების ტიპის, მდებარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის, მისი კლასიფიკაციისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების შესახებ; კვების, მარშრუტის, პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე, მოგზაურობისთვის აუცილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ; ვიზიტების, ექსკურსიების, ანდა სხვა მომსახურების შესახებ, რომლებიც შედის პაკეტის ღირებულებაში; იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელია ტურისტთა გარკვეული რაოდენობა და ის არ შეგროვდა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ტურისტის ინფორმირების უკანასკნელი ვადის შესახებ. ასევე, მოგზაურობის მომწყობმა, მოგზაურობის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, ტურისტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: შუალედური გაჩერებების დროისა და ადგილების შესახებ; მოგზაურობის მომწყობის ან მისი ადგილობრივი წარმომადგენლის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი სააგენტოების, ანდა სათანადო სამსახურების დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ვისაც დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს ტურისტმა; არასრულწლოვანის მოგზაურობის შემთხვევაში, არასრულწლოვანთან ან მასზე პასუხისმგებელ პირთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებათა შესახებ; ტურისტის იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული, აგრეთვე რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის, ანდა ავადმყოფობის დროს ტურისტის დასახმარებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან. აღსანიშნავია, რომ ტურისტისთვის წერილობით ან სხვა სათანადო ფორმით მიწოდებული ინფორმაცია მოგზაურობის მომწყობისთვის ატარებს სავალდებულო ხასიათს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეუძლია თუ არა მოგზაურობის მომწყობს თვითნებურად გაზარდოს მოგზაურობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოგზაურობის პაკეტის ღირებულება არ ექვემდებარება გადასინჯვას, გარდა მოგზაურობის ხარვეზის შემთხვევისა, რა დროსაც ფასი მცირდება, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება თავად ითვალისწინებს გადასინჯვის შესაძლებლობებს და თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესებს, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ტრანსპორტის ღირებულება, საწვავის ღირებულების ჩათვლით; კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურების გადასახადები, როგორიცაა პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვა, ტაქსის დაქირავება და სხვა; პაკეტში გათვალისწინებული სავალუტო კურსის ოდენობა. ამასთან, გამგზავრების დღემდე, ოცი დღის განმავლობაში, მოგზაურობის პაკეტის ღირებულება გაზრდას არ ექვემდებარება, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იძულებულია, გამგზავრებამდე მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ტურისტს, რათა მან მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლილი პირობებით მისი მიღების თაობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს მოგზაურობის მომწყობს.
კითხვა: მაინტერესებს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ტურისტული მოგზაურობა ხორციელდება ხარვეზებით და აშკარად ვერ კმაყოფილდება ტურისტის ინტერესი ან მოლოდინი მოგზაურობასთან დაკავშირებით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოგზაურობის მომწყობი მოვალეა, იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომელსაც შეუძლია გააუფასუროს ან შეამციროს მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. თუ მოგზაურობას ასეთი ხარვეზები აქვს, მაშინ ტურისტს შეუძლია, მოითხოვოს მათი აღმოფხვრა. მოგზაურობის მომწყობს უფლება აქვს, უარი თქვას ხარვეზების გამოსწორებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. თუ მოგზაურობის მომწყობი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაშინ ტურისტს შეუძლია, თვითონ აღმოფხვრას ხარვეზები და მოითხოვოს მათზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის ხარვეზების აღმოფხვრაზე ან თუ ტურისტი დაინტერესებულია ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეიძლება თუ არა ნივთის გამყიდველმა უკან გამოისყიდოს გაყიდული ნივთი და თუ შეიძლება, რა პროცედურების დაცვაა საჭირო?
პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია, მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.
კითხვა: მაინტერესებს, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს დაუდგა საჭიროება გამოსყიდვის უფლებით გაყიდული ნივთის დაბრუნებისა, მაგრამ ეს ნივთი მყიდველის მიერ უკვე გაყიდულია?
პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია. შესაბამისად, მას აქვს გამოსყიდვის უფლებით გაყიდული ნივთის დაბრუნების უფლება.