როგორ გახდა ლიკა შუბითიძე ამერიკელი მსმენელისთვის „შუბა” და რას ვერ გაუძლო მან ემოციურად სამშობლოში დაბრუნებისას
მომღერალი ლიკა შუბითიძე ქართველმა მსმენელმა წლების წინ, მუსიკალური პროექტით – „ჯეოსტარით” გაიცნო. ჩვენი რესპონდენტი ამ ეტაპზე საქართველოშია და დასვენების გარდა, არც საქმეს ივიწყებს. პარალელურ რეჟიმში მუშაობს ბენდთან ერთად და უკვე მესამე კონცერტისთვის ემზადება. 4 წელიწადში, რომელიც ლიკამ ამერიკაში გაატარა, შეძლო ის, რომ საკუთარი სამყარო შეექმნა, გაეცნო მსმენელისთვის თავისი შემოქმედება და საკუთარი ნიჭის რეალიზება მოეხდინა. რა გეგმები აქვს მას და როდემდე აპირებს თბილისში დარჩენას, ამას უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ლიკა, რამდენიმე წელია, საქართველოში არ ყოფილხარ. ამჯერად რას უკავშირდება შენი ჩამოსვლა, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოხვედი თუ უფრო ხანგრძლივი ვიზიტით ხარ თბილისში?
– წინა ჩამოსვლასთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი იქნება ეს ვიზიტი – ივლისის ბოლოს ვბრუნდები ამერიკაში. რაც აქ ვარ, ორი კონცერტი უკვე მქონდა და კიდევ ერთი კონცერტია დაგეგმილი, რომელიც „მაგთიკლუბში“ ჩატარდება. მოკლედ, დასასვენებლად კი არა სასიამოვნოდ დასაღლელად ვარ ჩამოსული. ძალიან მიყვარს ქართველი მსმენელი და შესაბამისად, ყოველთვის მიხარია საქართველოში რაღაცის კეთება.
– ამდენი წლის შემდეგ როგორ მიგიღო ქართველმა მსმენელმა?
– საკმაოდ კარგად ჩაიარა ორივე კონცერტმა, ახლა მესამე კონცერტისთვის ვემზადები.
– ამ ეტაპზე რას საქმიანობ ამერიკაში, რით ხარ დაკავებული და რა სიახლეა შენს შემოქმედებაში.
– ამერიკაში ახლახან კიდევ ერთი ჩემი ალბომი გამოვიდა. პირველი ცოტა არასტანდარტული იყო, ავანგარდი ფრიჯაზის მიმართულებით, არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად. მეორე ჩემი სოლო ალბომია, ხოლო მესამე ალბომს რაც შეეხება, მასში შესულია როგორც ჩემი, ასევე სხვა ამერიკელი მომღერლების სიმღერებიც. არის დუეტებიც. ეს ალბომი გამოვიდა იმ კონტრაქტით, რომელსაც გასულ წელს მოვაწერე ხელი. ალბომი ჯერჯერობით ინტერნეტ-გაყიდვაშია.
– ინტერნეტმა ხომ არ დაჩრდილა ალბომების „სიდის” სახით გაყიდვა?
– საკმაოდ დაჩრდილა, რის გამოც დღეს დისკი უფრო საჩვენებელი მასალა გახდა მომღერლისთვის. ასე რომ, მსოფლიოში, ალბათ, დისკის დისტრიბუცია საერთოდ აღარ ხდება.
– გყავს მრავალფეროვანი მსმენელი, რაც მომღერლისთვის მომგებიანია...
– ერთი კონკრეტული ჟანრით არასდროს შემოვიფარგლები და ალბათ, ამიტომაც.
– ქართველი მსმენელისთვის თუ ლიკა შუბითიძე ხარ, ამერიკელი მსმენელი გიცნობს ფსევდონიმით „შუბა.”
– ეს იმიტომ, რომ იქ ცოტა უჭირთ უცხო სახელებისა და გვარების დამახსოვრება, რაც არ არის მომგებიანი მომღერლისთვის. ამიტომ, ეს ფსევდონიმი ავიღე, რაც საკმაოდ დასამახსოვრებელია.
– იმიჯი გაქვს შეცვლილი. წლების განმავლობაში მოკლე ვარცხნილობა გქონდა, ახლა კი პირიქით. მგონი, ასეთი ლიკა შუბითიძე აქ არავის ახსოვს.
– საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ვატარებ, თუმცა ამსიგრძე თმა არასდროს მქონია. ჯერჯერობით მომწონს.
– მაყურებლის უმეტესობამ საქართველოში პროექტ „ჯეოსტარიდან” გაგიცნო. როგორ ფიქრობ, რა მოგცა ამ პროექტმა? იყო ის ერთგვარი ბიძგი წარმატებისკენ, თუ მაინც წახვიდოდი სხვა ქვეყანაში და იგივე მოვლენები განვითარდებოდა შენს თავს?
– ბავშვობიდან „მოწამლული“ ვარ მუსიკით და მაინც გავაკეთებდი ყველაფერს, თუმცა რომ არა „ჯეოსტარი,” შეიძლება მოვლენები უფრო გაწელილიყო.
– სიმღერით რა ასაკში „მოიწამლე“?
– 4 წლიდან „მოწამლული“ ვარ სიმღერით. მშობლებმა ხელი ყველანაირად შემიწყვეს, რომ ეს ყველაფერი წინ და წინ წასულიყო. გამიმართლა, რომ ასეთი მშობლები მყავს. მათ ჩემში ეს ყველაფერი რომ ჩაეკლათ, ვერაფერსაც ვერ გავაკეთებდი.
– საქართველოში რამდენი ხანი არ იყავი ნამყოფი?
– 4 წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი, რომ ჩამოვედი ისე ემოციურად ვიყავი, ლამის მოვკვდი. მე როგორც ცუდ ამბებს ვერ ვუძლებ, კარგმა ამბავმაც შეიძლება გული გამიხეთქოს. ისეთი აჟიტირებული ვიყავი, რომ დამეწყო ემოციური კანკალი, დამამშვიდებელი წამლები დავლიე. აქაურობა რაღაც დონეზე ყოველთვის მენატრება და წასვლა გამიჭირდება, მაგრამ 4 წლით ნამდვილად აღარ წავალ. ისე ვიზამ, რომ დრო თანაბრად გავანაწილო, ნახევარი პერიოდი ამერიკაში გავატარო, ნახევარი კი აქ.
– 4 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალე საცხოვრებელი, ამჯერად რომელ შტატში ხარ?
– ნიუ-იორკში ვცხოვრობ.
– ეს ის ადგილია, რომელიც ყოველთვის აძლევს ადამიანებს საკუთარი ოცნებების ასრულების შანსს.
– კი, შანსი არის, მაგრამ შენც უნდა შეუწყო ამ ყველაფერს ხელი, თან უნდა გაგიმართლოს კიდეც.
– ხშირად გიმართლებს?
– კი მიმართლებს, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა მეტად რომ გავინძრე, კიდევ უფრო გამიმართლებს. საკუთარი თავის მიმართ ცოტა სკეპტიკური ვარ. ვხედავ, რომ გავაკეთებ, მაგრამ კმაყოფილი მაინც არ ვარ. ცუდი გოგო ვარ.
– ეს ალბათ პირიქით, ერთ-ერთი დადებითი თვისებაა, რადგან თვითკმაყოფილება ადამიანს მეტის გაკეთების სურვილს უკლავს.
– შეიძლება ცუდი თვისებაა, მაგრამ ასეა. შეიძლება უკვე გაკეთებული პროდუქტი, რომელშიც ბევრი შრომა ჩავდე, უცებ ვინმეს ვაჩუქო. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ უფრო მეტად მიყვარს პროცესი, ვიდრე შედეგი.
– ამ ეტაპზე თუ მუშაობ სტუდიაში?
– სტუდიაში არ ვმუშაობ, რადგან საერთოდ, ჩვენ ძირითადად უფრო კონცერტის ცოცხალ ჩანაწერებს ვაკეთებთ. არ მიყვარს სტუდიაში ნაწილ-ნაწილ მუშაობა, უფრო ბენდთან ერთად მუშაობას ვანიჭებ უპირატესობას.
– რას ეტყვი იმ მომღერლებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, საკუთარი კარიერა უცხოეთში გააგრძელონ? რის გაკეთება მოუწევთ მათ ამისთვის?
– ბევრი თავგადასავლისთვის უნდა იყვნენ მზად, რადგან იქ ნამდვილად არავის ხვდება წითელი ხალიჩა. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ხშირად იტყუებიან კიდეც, რომ თითქოს ჩასვლისთანავე ვარსკვლავები მოწყვიტეს. ასე ნამდვილად არ არის. ასე რომ, სირთულეებისთვის მზად უნდა იყოთ. აქაც შეიძლება რაღაცეების გაკეთება, თუმცა თვითგანვითარებისთვის ნამდვილად ღირს წასვლა. ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
– თავგადასავალი შენც ბევრი გქონდა?
– კი, ძალიან ბევრი თავგადასავალი მქონდა, რის გარეშეც ნიუ-იორკი წარმოუდგენელია. სახლშიც რომ იჯდე, იქაც რაღაც ხდება. ამ ყველაფერს შევეჩვიე და ვუმკლავდები. იქ უკვე ჩემი სამყარო მაქვს. ძალიან მენატრება, მაგრამ არა ისე, როგორც საქართველო.
– როდემდე აპირებ ამერიკაში დარჩენას?
– ჯერჯერობით კიდევ დავრჩები, მაგრამ როგორც გითხარით, მინდა, ეს დრო თანაბრად გავანაწილო და აქაც ვიყო და იქაც. ამ ეტაპზე იქ უფრო მეტ პერსპექტივას ვხედავ, ვგულისხმობ, საკუთარი თავის რეალიზებას.