კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უკრავდა მარიამ მაჩაიძე „ჯულიარდიში“ ერთდროულად კვარტეტში, კვინტეტში, დუეტებსა და ორკესტრში და როგორ სწავლობდა ის მსოფლიოში ცნობილ და საშიშ პედაგოგთან

„ეს იყო საოცრება და ვისწავლე, რომ ყველა ადამიანს ჩვეულებრივ უნდა მოვეპყრათ, სულერთია‚ ის რით  არის დაავადებული. წელს ბევრ ადგილას დავუკარით, მათ შორის მოხუცებულთა თავშესაფარში. ისინი შენში ეძებენ სინათლეს და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია, იმ ერთ საათში სრულიად  უცხო ადამიანისთვის ყველაფერი გახდე... მომავალ წელს იმავე ჯგუფთან ერთად ისევ გავაგრძელებთ ამ ტრადიციას,” – ეს სიტყვები ნიჭიერ მევიოლინეს, მარიამ მაჩაიძეს ეკუთვნის, რომელიც „ჯულიარდიში“ სწავლობს. ის ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა და ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. 

მარიამ მაჩაიძე: ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი გახდა ერთი რამ: „ჯულიარდიში“ ჩემმა პედაგოგმა აღმოაჩნია, რომ ჰქონდა ფილტვის კიბო. როგორც კი ეს გაიგო, მაშინვე „იმეილზე“ მოგვწერა ყველას. რა თქმა უნდა‚ გაგვიკვირდა და თან ძალიან შევეცადეთ, არაფერი შეგვემჩნია, მაგრამ მან იმდენად პოზიტიურად შეხედა ამ ყველაფერს, რომ მეც შთამაგონა: ჩემი ხელოვნებით დავხმარებოდი ადამიანებს. როდესაც თბილისში ჩამოვედი, შევხვდი ქალბატონ თინა ბერუჩაშვილს, რომელმაც გამაცნო სიტუაცია და მეც გამიჩნდა სურვილი‚ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი ჩამეტარებინა. კონცერტის დროს ფულის გარკვეული ოდენობა შემოვიდა, მაგრამ ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანებისთვის გაგვეცნო ერთი რამ: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ დაავადებას გადაურჩნენ. კონცერტის ბოლოს, როდესაც ქალბატონმა თინამ გამაცნო ეს ქალბატონები, მათ დიდი მადლობა გადამიხადეს იმისთვის, რომ სულიერად ბევრად უკეთ გრძნობდნენ თავს. 

– საუბრის დაწყებამდე მითხარი, რომ ბრაზილიაში მიგიწვიეს ფესტივალზე. 

– ბრაზილიაში‚ ანუ‚ სან-პაულოს ზამთრის ფესტივალზე „ჯულიარდის“ სკოლიდან მიიწვიეს ჩემი კვარტეტი. საკვარტეტო საღამოებიც გვექნება და ორკესტრშიც დავუკრავთ. ჩვენი კვარტეტი წელსაც ძალიან აქტიური იყო. ზოგადად‚ მიყვარს კამერული ორკესტრი და საერთოდ‚ კამერულ მუსიკას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რომ არ მიყვარს სოლო კონცერტების ცალკეულად გამართვა და მირჩევნია‚ სცენა მეგობრებს გავუყო. 

– „ჯულიარდიში“ წინა წლები შენთვის ძალიან წარმატებული იყო. როგორი იყო ეს ბოლო წელი? 

– წელს ძალიან დავიტვირთე თავი: მოვითხოვე დამატებითი საგნები და კვარტეტები. კვარტეტიც მყავდა, კვინტეტიც, ტრიოც, დუეტები, კამერული ანსამბლები. რადგან ბევრი დაკვრა მომიწია, ხელი დამეჭიმა და ერთი კვირის განმავლობაში ვერ ვუკრავდი. სამაგიეროდ‚ ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ზედმეტი არ უნდა მომივიდეს. განსაკუთრებით‚ საინტერესო იყო ზაფხული, რადგან ვიყავი ასპენის ფესტივალზე, სადაც ვსწავლობდი სილვია როზენბერგთან, რომელიც ყველაზე საშიშ ქალბატონად მიიჩნევა და მართლაც‚ ასეთი ყოფილა. მაგრამ‚ როგორც მუსიკოსს‚ ძალიან ბევრი რამ მასწავლა და რაც მთავარია‚ ბევრ რამეზე დამაფიქრა. უფრო კონსერვატიული გამხადა, თავისუფლება შემიზღუდა, რაც‚ ჩემი აზრით‚ სწორია: რადგან ბოლოს ცოტა ზედმეტად თავისუფალი გავხდი. ორთვე-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ მასთან ვსწავლობდი. გაკვეთილების გარეთ ძალიან სასიამოვნო ქალია, მაგრამ გაკვეთილის დროს აუტანელი და მძიმე ხასიათის, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს გეუბნება. ჩემ წინ შევიდა სტუდენტი და უთხრა: საერთოდ რატომ გადაწყვიტე ვიოლინოზე დაკვრა, არ ღირს არაფრად შენი დაკვრაო. ეს რომ გავიგე‚ ძალიან შემეშინდა, რადგან მასთან პირველი გაკვეთილი მქონდა. ბახი დავუკარი და ის სტილი, რომლითაც ვუკრავდი, არ მოეწონა. თუმცა მითხრა: ძალიან ნიჭიერი ხარ, მაგრამ ეს სტილი არ არის კარგი, ამიტომ ახალ სტილს გასწავლიო. რა თქმა უნდა‚ დავთანხმდი. ამ ქალს საკმაოდ მაღალი რანგი აქვს მთელ მსოფლიოში, პატივს სცემენ და როდესაც მასთან სწავლობ, ეს მერე ბევრ რამეში გეხმარება. რასაც გასწავლის თავისი გემოვნებით, თან გიხსნის: რატომ არის ეს სწორი. მისი დახმარებით გაქვს შანსი‚ მოიგო სერიოზული კონკურსები. ის აზროვნება, რომელსაც გასწავლის, სწორია და ბევრ კონკურსზე აფასებენ. 

– წელსაც გქონდა სოლო-კონცერტები?

– „ჯულიარდიში“ დავუკარი ბახის „ჩაკონა“, რომლის დაკვრაც ოცნებად მქონდა და ამიხდა. სოლო-კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა, თუმცა ვნერვიულობდი, რადგან 21 დეკემბერს ჩატარდა, როდესაც ყველა შობისთვის ემზადება და ვფიქრობდი, რომ არავინ მოვიდოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და რაც მთავარია‚ შეფასებებიც კარგი იყო. ჩემი პედაგოგიც იყო, რომელიც ყოველთვის მეუბნება: შენ არ გჭირდება ემოციურად დაკვრა, რადგან საოცრად ემოციური ხარო. ამ სემესტრში კვარტეტის ორი კონცერტი მქონდა, ასევე‚ ჩემმა მეგობარმა მთხოვა‚ დამეკრა არაორდინარული „პროკოფიევის კვინტეტი“, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: ვიოლინო, კონტრაბასი, ალტი, კლარნეტი და ჰობოი. მე არ დამიკრავს ასეთ უცნაურ ინსტრუმენტებთან ერთად, ამიტომაც მათთან მუშაობა საინტერესო გამოვიდა. კიდევ ვუკრავდი ტრიოში, დუეტებში. წელს, წინა წლებთან შედარებით, ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა, კვირაში – რვა. ერთხელ დღეში სამი კონცერტიც კი მქონდა. კონცერტებზე მოთხოვნები სწავლიდან გამომდინარეა, ასევე‚ მათ გეგმავ შენი სურვილით. ამ სამი წლის განმავლობაში ჩემს სოლო-კონცერტებს ყოველთვის საკუთარი სურვილით ვატარებდი, არ იყო სავალდებულო. სამაგიეროდ‚ მომავალ წელს იქნება უკვე სავალდებულო. კვარტეტების სოლო-კონცერტების მომზადებაც არავის მოეთხოვება, ესეც ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ასევე, გვიწვევენ ბევრგან, მეგობრები გვთხოვენ: ჩემთან ერთად დაუკარიო და‚ საბოლოო ჯამში‚ ბევრს დავთანხმდი, ბევრი მოვინდომე და კუნთიც ვიღრძე. თუმცა, მერე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ცერი თითიდან მოდიოდა. ერთ დღეს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე სულ რეპეტიციები მქონდა, შეუსვენებლად, არც კი მიჭამია და მაშინ მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი. ცოტა შემეშინდა: ცუდად თუ ვიღრძობ ხელს, მერე ყველაფერი დამთავრდება-მეთქი. ორკესტრში შეიძლება ძალიან ბევრი ტრავმა მიიღო; ზიხარ 4 საათის განმავლობაში, გეღლება ზურგი და პირველი მიზეზი, რის გამოც მე ხელი ვიღრძე, ორკესტრი იყო – რადგან წელს 8 ორკესტში ჩამსვეს. მე და ჩემმა პედაგოგმა ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ დამემართა ეს. ანუ, ეს არ არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ დიდხანს ვუკრავ, სხვანაირად უნდა მოვახერხო ვიოლინოს დაჭერა, როგორ? ახლა ამის ძიებაში ვარ, თავიდან ვიწყებ ყველაფერს. წელს ჩვენთან სისტემა შეიცვალა, ჩვენი მთავარი დირიჟორი გახდა „ნიუ-იორკ ფილარმონიკის“ მთავარი დირიჟორი და აქედან გამომდინარე, იმ პროგრამას, რომელიც სტუდენტებთან ერთად უნდა მოვამზადოთ 2 კვირაში, ჩვენ ვაკეთებთ 5 დღეში. ასევე‚ ძალიან ბევრ ორკესტრში გვსვამენ და ყველაფერი გაორმაგებულია, ოღონდ, მოკლე ვადებში. ამას ძალიან ბევრი სტუდენტი და პედაგოგი უჩივის. ჩვენ ისე გვიყურებენ, როგორც „ნიუ-იორკ ფილარმონიკის“ ორკესტრის მუსიკოსებს, ჩვენ კი არ ვართ მათსავით პროფესიონალები. 

– სად გქონდა „ჯულიარდის“ გარდა, კიდევ კონცერტები?

– ჩვენს კლასს ხშირ შემთხვევაში სჭირდება დიდი დარბაზები, რომ უფრო მეტი ხალხი მოვიდეს, რადგან მოდიან კიდეც. ამიტომ ვუკრავთ „ევრი ფიშერ ჰოლში“, სადაც „ნიუ-იორკ ფილარმონიკი“ უკრავს, ასევე „კარნეგი ჰოლში“ დავუკარი უკვე წელს მესამედ, ორკესტრთან ერთად. ანუ, ნიუ-იორკის სამ უდიდეს დარბაზში ვუკრავთ ყოველთვის. საერთოდ‚ პირველკურსელები უკან სხედან, ამიტომ პირველად უკან ვიჯექი, ვერავინ დამინახავდა‚ რამეც რომ შემშლოდა. მაგრამ, ძალიან ვნერვიულობდი. ახლა წინ ვზივარ, ყველა მხედავს, მაგრამ უკვე ავუღე ალღო იმ სიჩქარეს, რაც მათ აქვთ და საერთოდ აღარ ვღელავ. წელს ბევრმა შემომთავაზა‚ დამეკრა კონცერტები, სადაც უკვე მიხდიდნენ. აგრეთვე‚ მომცეს პრიზი, ანუ ყოველ წელს ირჩევენ ერთ სტუდენტს, რომელმაც სოლო-კონცერტზე უნდა შეასრულოს ამერიკელი კომპოზიტორის მიერ დაწერილი ნაწარმოები, რაშიც‚ რა თქმა უნდა‚ გვთავაზობენ თანხას. წელს მე ამირჩიეს. კიდევ სტუდენტი მყავს, ვამეცადინებ. ასევე‚ ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად საავადმყოფოში, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან და ჩავუტარეთ კონცერტები. პირველად ფსიქიკურად დაავადებულთა სახლში გვქონდა კონცერტი. მათ იმხელა სიმპათია და პოზიტივი გამოხატეს ჩვენ მიმართ, რომ მე ეს არ მიგრძნია ნორმალური, საღად მოაზროვნე ადამიანებისგან. ისინი იყვნენ იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ვიყავით‚ ეს იყო სრულიად სხვა განცდა. ვიგრძენი, რომ ჩვენ ამ ადამიანებს ვუყურებთ სხვანაირად, არადა, ისინი უნდა გვიყურებდნენ სხვა თვალით, რადგან ჩვენ იმდენს ვერ ვახერხებთ, რამდენსაც ისინი ხვდებიან. 

скачать dle 11.3