რატომ არ შედგა ფრედი მერკურის და მაიკლ ჯექსონის დუეტი და სად განისვენებს მისი ნეშტი „დეილი მეილის” ცნობით
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკ-ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და ბრიტანული მუსიკის ლეგენდა – ფრედი მერკური მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთი მთავარი ჰედონისტი იყო და მის შესახებ არაერთი შეთხზული ან მოგონილი ისტორია დღემდე ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ მალე მისი გარდაცვალებიდან 22 წელი შესრულდება. იგი დღემდე აქტუალურია მუსიკის მოყვარულთათვის და ალბათ, ასეთად დარჩება საუკუნეების შემდეგაც.
– ყველამ იცის, რომ ფრედის რეალური სახელი და გვარი ფარუხ ბულსარა იყო, თუმცა პასპორტში მას ფრედერიკ მერკური ეწერა. ფრედის არ უყვარდა, როდესაც რეალური სახელით მიმართავდნენ და ფრედი ჯერ კიდევ ინგლისში ჩასვლამდე დაირქვა, ხოლო მერკური „ქუინის“ პირველი ჩანაწერების გამოსვლის შემდეგ გახდა.
მერკური არ მიიჩნევდა თავს, კარგ პიანისტად და მუდამ განიცდიდა, როდესაც ინსტრუმენტზე დაკვრა უწევდა, „ბოჰემიან რეფსოდის” შესრულების დროს. მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ პიანინოზე დაქირავებული მუსიკოსი დაუკრავდა და მერკური მთლიანად სასცენო შოუზე გადაერთვებოდა, ამბობენ, ფრედიმ შვებით ამოისუნთქაო.
ვიდეოკლიპის „ითს ე ჰარდ ლაიფ” ბოლო კადრებში კარგად ჩანს, რომ ფრედი მერკური ფრთხილობს, როდესაც კიბეზე აბიჯებს. გადაღების დაწყებამდე მას ახალი მოხსნილი ჰქონდა თაბაშირი. თაბაშირის დადების ისტორია კი ასეთია: მერკურიმ მიუნხენის ერთ-ერთ გეი-ბარში იჩხუბა და ჩხუბის დროს ფეხი დაიზიანა.
ფრედი მერკური კონცერტებზე ბოლომდე იხარჯებოდა, თუკი წინა დღეს ვინმესთან იჩხუბებდა. შოუ „მილტონ კეინს ბოულის” დაწყებამდე ფრედიმ თავის საყვარელთან, ბილი რეიდთან იჩხუბა. ბილიმ ფრედის ხელზე უკბინა და ნაკბენზე ნაკერების დადება გახდა საჭირო. ჩხუბი კი ისეთი ყოფილა, სასტუმროს ნომერი, მთლიანად გასარემონტებელი გახდა, ხოლო ავეჯი – გამოსაცვლელი. რეიდთან ჩხუბი ამერიკული ტელეშოუ „შაბათის ღამის ეთერში” გამოსვლამდე მერკურის ხმის დაკარგვად დაუჯდა. ექიმების ჩარევის შედეგად, ჩაწერის დაწყებამდე 10 წუთით, ადრე ფრედის ხმა დაუბრუნდა.
ფრედის პანიკურად ეშინოდა თვითმფრინავების. ერთხელ იგი ტოკიოდან ნიუ-იორკში მიმავალ რეისზე აპირებდა დაჯდომას ჯგუფთან ერთად და რეგისტრაციამდე შეიტყო, რომ აღნიშნული თვითმფრინავის რამდენიმე მოდელს წარსულში ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. მერკურიმ თავისი ბარგის მოხსნა მოითხოვა რეისიდან და ერთი დარჩენილი ბილეთი იყიდა სხვა მოდელის თვითმფრინავზე. მერკურიმ ეკონომ-კლასით, 14-საათიანი დაგვიანებით იმგზავრა ნიუ-იორკამდე.
ამერიკაში გასტროლების დროს ფრედიმ შეიტყო, რომ მის საყვარელს, ტონი ბასტინს კიდევ სხვასთან ჰქონდა რომანი. ფრედიმ თვითმფრინავის ბილეთი უყიდა ბასტინს, გამოიძახა ნიუ-იორკში, დახვდა აეროპორტში და უთხრა, რომ წყვეტდა მასთან ურთიერთობას და იმავე რეისით სამშობლოში უკან გაუშვა. მოგვიანებით, ლონდონში დაბრუნებულმა ფრედიმ ბასტინს საყვარელი კატა – ოსკარიც წაართვა.
მერკურის ძალიან უყვარდა კატები. გასტროლების დროს პერიოდულად რეკავდა სახლში და კატების მომვლელად დატოვებული მისი უახლოესი მეგობარი – მერი ოსტინი ტელეფონის ყურმილში ფრედის კატებს აკნავლებდა.
ფრედის პირად ასისტენტებს მუდამ უნდა ჰქონოდათ თან საწერი კალამი და ბლოკნოტი, რადგან არავინ იცოდა, როდის მოუვიდოდა მერკურის სიმღერის დაწერის მუზა. მაგალითად, კომპოზიცია „ლაიფ ის რიალ” თვითმფრინავში ნიუ-იორკი-ლონდონის რეისზე დაწერა, ხოლო ჰიტი „ქრეიზი სინგ ქოლდ ლოვ” – აბაზანაში, შხაპის მიღების დროს და სიტყვებს უნიტაზზე მჯდომ ასისტენტს ჰკარნახობდა.
ფრედი და მაიკლ ჯექსონი ბევრს მუშაობდნენ საერთო დუეტზე. ჩაიწერა რამდენიმე დემო-კომპოზიცია, თუმცა ორი დიდი მომღერლის დუეტი მაინც ვერ შედგა სცენაზე, რადგან იმ მომენტისთვის ორივე დაკავებული იყო საკუთარი პროექტებით.
2002 წელს ბრიტანულმა მედია-კორპორაცია „ბი-ბი-სიმ” ჩაატარა გამოკითხვა ასი ყველაზე ცნობილი ბრიტანელის გამოსავლენად ისტორიაში და ფრედი მერკურიმ 58-ე პოზიცია დაიკავა ასეულში.
ფრედი მერკური ფილატელისტი იყო და გასტროლების დროს სხვადასხვა ქვეყნების მარკებს აგროვებდა. მისი პირადი კოლექციის ნახვა დიდ ბრიტანეთში ფილატელისტების ფესტივალის დროს არის შესაძლებელი.
ფრედი მერკურის წინაპრები – ინდოეთში დაბადებული სპარსელები, ზოროასტრიზმის მიმდევრები იყვნენ.
ფრედი მერკურის ზედმეტი ოთხი კბილი ჰქონდა. იგი გეგმავდა, რომ გაესწორებინა ეს დეფექტი, თუმცა სტომატოლოგებმა შეაშინეს, რომ შეიძლებოდა მის ხმას საფრთხე შეჰქმნოდა და დაეკარგა. ამიტომ ფრედიმ უარი განაცხადა კბილების გასწორებაზე.
ფრედი მერკური თამბაქოს აქტიური მომხმარებელი იყო.
ფრედი მერკური ლაიზა მინელისა და ჯიმი ჰენდრიქსის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო.
ფრედი მერკურის კატებს საინტერესო სახელები ჰქონდათ: ოსკარი, გოლიათი, ტიფანი, დელაილა, მიკო, რომეო, ლილი.
* ფრედი მერკური მუდამ ატარებდა „ქელვინ ქლაინის” ტრუსებს და „მარკს ენდ სპენსერის” წინდებს. ხოლო შამპუნიდან „ჯონსონ ენდ ჯონსონის” ბავშვთა შამპუნს იყენებდა.
ფრედი მერკურის ახლო მეგობრები იყვნენ მონსერატ კაბალიე, რობერტ პლანტი, ელტონ ჯონი, დევიდ ბოუი, როდ სტიუარტი, ტიმ რაისი და დეივ კლარკი.
ინგლისური ენის გარდა, ფრედი მერკური სრულყოფილად ფლობდა მშობლიურ გუჯარატულ ენას.
* „ე ვინთერ ტეილს” ფრედი მერკურის მიერ დაწერილი უკანასკნელი კომპოზიციაა, ხოლო „ე მაზერს ლოვ” – ბოლო კომპოზიცია, რომელიც მან ჩაწერა სტუდიაში. ამ სიმღერის დასრულება ბრაიან მეის მოუწია, რადგან ფრედი ბოლო კუპლეტის ჩაწერამდე გარდაიცვალა.
ფრედი მერკური იაპონიის დიდი მოყვარული და იაპონური ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი იყო.
გარდაცვალების შემდეგ ფრედი მერკურის ნეშტი კრემირებულ იქნა და ფერფლის ადგილსამყოფელი მხოლოდ მერკურის ნათესავებმა და უახლოესმა მეგობარმა მერი ოსტინმა იცოდნენ. 2013 წლის დასაწყისში გაზეთმა „დეილი მეილმა” გაავრცელა ცნობა, რომ მერკურის ნეშტი დასავლეთ ლონდონში, „კენსალ გრინის” სასაფლაოზე განისვენებს.