რაში ადანაშაულებს მეუღლე ნინი ბადურაშვილს და აპირებენ თუ არა ისინი ჯვრის აყრას
უკვე რამდენიმე თვეა, რაც შოუბიზნესის ვიწრო წრეში აქტიურად ლაპარაკობენ ნინი ბადურაშვილის ანგარებიან და წარუმატებელ ქორწინებაზე. კულუარებში ითქვა, რომ მან ქმარი მოსკოვში მიატოვა და მუსიკალური კონკურსი „საქართველოს ვარსკვლავი“ ფარად გამოიყენა, თუმცა თავად ნინი ამ თემაზე არ საუბრობს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინის ჯერ კიდევ ფურცელზე არსებულ ამჟამინდელ მეუღლეს ირაკლი კუტალაძე მოსკოვში დავუკავშირდი, რომლისგანაც საკმაოდ გულწრფელი პასუხები მოვისმინე.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კატეგორიულ უარზე იყო, ინტერვიუ მოეცა, ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მაინც დავითანხმე, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩამეწერა ჩვენი საუბარი.
– ირაკლი, თქვენ ინტერვიუებისგან ყოველთვის თავს იკავებთ, არადა, ინტერესი დიდია. ნინი თბილისშია, თქვენ – მოსკოვში, ამიტომ ბევრს ჭორაობენ, რომ თქვენ ერთმანეთს დაშორდით. რა ხდება რეალურად?
– პრესასთან ურთიერთობა ჩემი ცხოვრების წესში არ შედის. არ ვცდილობ, პრესისა და ტელევიზიის საშუალებით დივიდენდების მოპოვებას და იმიჯის შექმნას. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, გიპასუხებთ, რომ თბილისში გრანდიოზული ქორწილი გადავიხადე, ვინაიდან მეც და ჩემს ოჯახსაც ყოველთვის გვინდოდა, ჩემი ქორწინება ყოფილიყო ქართული ადათ-წესის შესაბამისობაში. ამიტომაც ჯვარი დავიწერეთ თბილისში და შემდეგ გავემგზავრეთ მოსკოვში, ჩემს სახლში. მოსკოვში ერთად თვე-ნახევრის განმავლობაში ვიცხოვრეთ. როცა ნინი დარწმუნდა, რომ ორსულად იყო, ქორწილიდან ერთ თვეში ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. მრავალი მიზეზი გამოთქვა, რომ თბილისში დაბრუნებულიყო. ბუნებრივია, ამაში გავუგე და წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. თუმცა შინაგანად არ ვეთანხმებოდი. ჩემი წარმოდგენით, ოჯახი სულ ერთად უნდა იყოს, მაგრამ მაშინ ნინისთვის არაფერი მითქვამს. თბილისში ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ეს პერიოდი თვე-ნახევარს გაგრძელდა. როცა მოსკოვში დაბრუნდა, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ნინის მხრიდან გრძნობა არ იყო და, მიუხედავად ამისა, ის ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ მოსკოვში დარჩენილიყო და ემშობიარა. ის პირველივე დღეებში დაინტერესდა, ჩემი მშობლები აპირებდნენ თუ არა მასთან ერთად დუბაიში გამგზავრებას, რაც ოჯახში ადრე იყო ნათქვამი. როდესაც გაირკვა, რომ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო ჩემი მშობლები და ნინი დუბაიში ვერ გაემგზავრებოდნენ – ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ნინის მდგომარეობაში ფრენა მიზანშეწონილი არ იყო –, ამის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ აპირებდა თბილისში დაბრუნებას და ბავშვის იქ გაჩენას. არადა, შეყვარებულობისა და ქორწილის მზადების პროცესში ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. მე უკვე მომზადებული ვიყავი, შერჩეული მქონდა სამშობიარო კლინიკა. ყველაფერზე წინასწარ ვიზრუნე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცოლი მთელი ორსულობისა და მშობიარობის განმავლობაში ჩემ გვერდით არ იქნებოდა. ნინიმ ყოველთვის იცოდა, რომ ცხოვრება მოსკოვში მოუწევდა და ეს არც არასდროს გაუპროტესტებია. ამიტომ ძალიან გამიკვირდა მისი ასეთი რეაქცია.
– მიზეზი რა იყო, რის გამოც ნინის თბილისში უნდოდა დარჩენა და შვილის გაჩენა?
– თქვა, რომ თბილისში თავს უფრო კარგად გრძნობდა და მშვიდად იქნებოდა. მოსკოვში ბევრ ჩემს მეგობარს ჰყავს ცოლად თბილისში დაბადებული და გაზრდილი გოგო, რომლებიც აქ ცხოვრობენ, შვილებსაც აქ აჩენენ და იდეალური ოჯახები აქვთ. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი მითხრა, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს თბილისში, რადგან კონკურს „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში მიიწვიეს და ამაზე უარს ვერ იტყოდა, რადგან მისი კარიერისთვის ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ძნელია, როდესაც ახალშექმნილ ოჯახში ასეთი სიურპრიზებია... მე ჩვენი აწმყო და მომავალი სულ სხვანაირად წარმომედგინა. ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ ნინისთვის პირველ ადგილზე იდგა სიმღერა, გადაცემა, საკუთარი პერსონის ფიარი პრესაში და ბოლოს – შვილი. ჩემს თავს ამ სიაში საერთოდ ვერ ვხედავ. ალბათ, ყველა ნორმალური მამაკაცისთვის, თუნდაც საკუთარი თავის წინაშე, ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები. ეს არის რეალური მოცემულობა და მე გამაჩნია იმდენი ძალა, ეს ფაქტი მივიღო და გადავლახო.
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ისიც, რომ მე თავის დროზე არ მივაქციე ბევრ დეტალს ყურადღება. ჩავთვალე, რომ ნინის მიმართ ჩემი სიყვარულით და კეთილშობილებით ყოველივეს დავძლევდით და შევქმნიდით საამაყო ქართულ ოჯახს და მე შევძლებდი, მიმეგო პატივი ჩემი მშობლებისთვის, რომლებმაც ნინი პირველი დღიდან მიიღეს, როგორც შვილი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბავშვის ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვის გამო არ დავიწყე სიტუაციის გამწვავება, ჩემი შეხედულებების დაცვა. ამიტომ მე ის თბილისში გამოვუშვი. მას შემდეგ ჩვენ კონტაქტი თითქმის არ გვქონია. ინტერვიუებში კი ჩემზე ბევრს საუბრობს. ორმაგი სტანდარტით თამაშობს – პრესაში ჩემზე კარგს ლაპარაკობს, ხალხში კი ის და მისი ოჯახის წევრები მლანძღავენ. ამბობენ, თითქოს მე ხშირად ჩამოვდივარ თბილისში, არადა, ქორწილის შემდეგ საქართველოში საერთოდ არ ვყოფილვარ. ამიტომაც დაგთანხმდით ინტერვიუზე, რომ მინდა, პირველად და უკანასკნელად ვისაუბრო ამ საკითხზე, იმ ტყუილებზე, რომლებიც ჩემ შესახებ ამდენ ხანს იწერება ქართულ პრესაში. ამ ბოლო 5 თვის განმავლობაში ნინისგან ერთი ესემესიც არ მიმიღია. ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს.
– როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ნინის ასეთი საქციელი?
– ამ ყველაფრის მიზეზი მარტივია: მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ. უბრალოდ, არ მინდა იმ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა. ყველაზე მეტად, რაც არ მომწონს ისაა, რომ ამ ყველაფერს თავისებურად აფიარებენ. მე ფიარი არც ადრე მომწონდა და მჭირდებოდა და არც ახლა. ინტერვიუზეც იმიტომ დაგთანხმდით, რომ მინდა, მათ ფიარში მე აღარ ვფიგურირებდე.
– ამბობთ, თითქოს, ნინის გეგმა თქვენზე გათხოვება იყო, არადა, ჩვენთვის ცნობილია, რომ თავად იყავით ინიციატორი ამ სიყვარულის დაწყების. ეს ასე არ არის?
– მე მისთვის ძალა არ დამიტანებია, რომ ცოლად გამომყოლოდა, არც განსაკუთრებული გმირობები ჩამიდენია. კი, მე გავიცანი, მისთვის ჩამოვდიოდი თბილისში და ცოლობაც მე ვთხოვე და ამ კუთხით არავის ვადანაშაულებ. ქორწინების მომენტში არ ვფიქრობდი, რომ რაღაც ისე არ იყო. დღეს ჩანს, რომ ამ ყველაფერში ნინის მხრიდან გრძნობები არ ყოფილა. ჩემთვის ჯვრისწერა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ასე მგონია, რომ ჯვრისწერაზე ადამიანი მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც დარწმუნებულია საკუთარ სიყვარულში. როდესაც ნინი ჯვრისწერაზე დამთანხმდა, ამანაც დამარწმუნა და ჩემთვის ნიშანი იყო, რომ ვუყვარდი, თუმცა მოვტყუვდი. მას რომ ეთქვა, მარტო ხელი მოვაწეროთო, მაშინ მის გრძნობებში დარწმუნებული აღარ ვიქნებოდი.
– ამბობენ, რომ ნინი იმედგაცრუებული დარჩა, ინტერვიუებშიც არაერთხელ უთქვამს, რომ აპირებდა რუსულ შოუბიზნესში დამკვიდრებას, რომ თქვენ მას საჭირო ადამიანებს გააცნობდით – ალა პუგაჩოვას, იგორ კრუტოის...
– ამ თემებზე ქორწინებამდე ხშირად გვქონია საუბარი. პირდაპირ ვკითხე, როგორ უყურებდა თავის კარიერას და რა გეგმები ჰქონდა. ის ამბობდა, რომ სიმღერა მისთვის ჰობის დონეზე დარჩებოდა. ორივემ ვიცოდით, რომ თუ ის რუსულ შოუბიზნესში დამკვიდრებას შეეცდებოდა, მას სრულფასოვანი ოჯახური ცხოვრება არ ექნებოდა. ნინიმაც თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ოჯახი. ამიტომ საუბარიც არ ყოფილა დიდ გეგმებზე რუსეთის სცენაზე.
– ამ ხუთი თვის განმავლობაში რატომ არ გქონდათ თქვენ და ნინის კონტაქტი? ის ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, თქვენ კი ამბობთ, რომ ასე არ არის.
– მეც მიკვირს, რადგან ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით არ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის ფიარისთვის – ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მოთხოვნები.
– ანუ, ახლა გაყრის პროცესში ხართ?
– არა. ჯერ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ.
– ნინის ოჯახიდან არავინ ცდილობს თქვენი ურთიერთობის გადარჩენას?
– არ ვიცი, გულში ვის რა უდევს, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს არავინ გვეკონტაქტება. ქორწილიდან ერთი თვის განმავლობაში ნინის მამასთან მქონდა კონტაქტი. მას შემდეგ არავინ დამკავშირებია. არავინ ცდილობს ამ პრობლემის გამოსწორებას, ამაზე დალაპარაკებას, არადა, მე სულ სხვანაირი წარმოდგენა მაქვს ოჯახურ ურთიერთობებზე. ძალიან დიდ პატივს ვცემ ოჯახურ ტრადიციებს.
– ცოლთან დაშორება გადაწყვეტილი გაქვთ?
– ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, რომ ეს ნაბიჯი არ გადავდგა.
– ამბობთ, რომ ნინის თქვენ არ უყვარხართ. თქვენ ნამდვილად გიყვარდათ? თუ ეს იყო კარგი მომენტი, რომ შეგექმნათ ოჯახი ქართველ გოგოსთან?
– რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც ძალიან სასიხარულო იქნებოდა, თუ ჩემს ბედს ქართველ გოგონას დავუკავშირებდი. კი, ურთიერთობაში ნინი ნამდვილად შემიყვარდა. უბრალოდ, ამაზე არასდროს ვლაპარაკობდი. არც ის მაინტერესებდა, რას ლაპარაკობდნენ მასზე და ალბათ, შეცდომაც ამაში დავუშვი. რაღაცეებისთვის რომ ყურადღება მიმექცია, ალბათ, ღმერთი დამიცავდა იმ ყველაფრისგან, რაც ჩემს თავს ხდება. რომ არ მყვარებოდა, არ დავქორწინდებოდი.