კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუყვარდა სანდრო შელიას შევარდნაძეების ოჯახის ყოფილი რძალი და რას მალავდა შეყვარებული თათია შარანგია თბილისში

წარმატებულ  პიანისტს თათია შარანგიას ქართული საზოგადოება კიდევ ერთ ამპლუაში იცნობს – ოთხი წლის წინ ის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა.  თათია შარანგიას და ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის, ლაშას ოჯახური თანაცხოვრება სამ წელიწადს გაგრძელდა. ერთი წლის წინ წყვილი, რომელთაც ორი შვილი, ედუარდი და  ალექსანდრე ჰყავთ, ერთმანეთს  ოფიციალურად დაშორდნენ. ხმები, რომ თათია შარანგია პირად  ცხოვრებას  ამერიკაში  მცხოვრებ ქართველს უკავშირებდა, თბილისში სწორედ იმ დროს გავრცელდა,  თუმცა მაშინ თათიას რჩეულის ვინაობა ბოლომდე გასაიდუმლოებული დარჩა. გასულ კვირას თბილისში შეყვარებული წყვილის  ჯვრისწერა და ქორწილი გაიმართა. ახალდაქორწინებულებმა საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ  თბილისიდან მალდივის კუნძულებზე გამგზავრებამდე, ექსკლუზიურად „თბილისელებს” გაანდეს.  

– დაქორწინებას გილოცავთ.  თათია თვეების განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდით თქვენი რჩეულის ვინაობას. გაგვაცანით, ვინ არის ის ინკოგნიტო მამაკაცი, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცოდით, რომ  ამერიკაში მცხოვრები ქართველი იყო.  

თათია: უკეთესია, თავად სანდრომ გაგაცნოთ საკუთარი თავი. აქამდე იმიტომ ვმალავდი,  რომ მას ვუფრთხილდებოდი, თანაც არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, ვფიქრობ, რაც ძალიან ლამაზი და ყველაზე ძვირფასია საჯაროდ სალაპარაკო არ არის.  ამ ერთი წლის განმავლობაში ხან ვისთან „დამაწყვილეს,“ ხან ვისთან. ან თქვეს, ძალიან ბებერს გაჰყვა ცოლადო, ისიც ითქვა – 18 წლის ბიჭსო. მოკლედ, ამდენი ძიების მიუხედავად, ბევრი  ვერაფერი გაიგეს (იცინის).

სანდრო: მე ვარ სანდრო შელია. 18 წლის ვიყავი, როცა „იუსაიდის” საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად წავედი ამერიკაში და უკვე 17 წელია, რაც იქ ვცხოვრობ. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ზრდასრული ცხოვრება ამერიკაში გავატარე. პენსილვანიაში ალეგენის პრესტიჟულ კოლეჯში დაჩქარებული წესით დავამთავრე ბაკალავრიატი პოლიტოლოგიის სპეციალობით. შემდეგ გადავედი ვაშინგტონში და რამდენიმე საკონსალტინგო კომპანიაში ვიმუშავე  პირველი წლები. ფორმალურად კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ეს საქმე, რომელიც თავიდან ჩემი ჰობი იყო,  პროფესიონალურ სასწავლო კურსებზე და სამუშაო გამოცდილების ხარჯზე ისე შევისწავლე, რომ თითქმის მეორე  პროფესიადაც იქცა ჩემთვის. 2007 წელს დავამთავრე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ძალიან საინტერესო პროგრამით, რომელიც ერთადერთი სრული პროგრამაა ლიდერის ჩამოყალიბების,  მოლაპარაკებებზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე ორიენტირებული პროფილით. საკუთარი კომპანიაც შევქმენი. 2004 წლიდან ვმუშაობ ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტში, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციაა და „აისოში” ამერიკას წარმოადგენს. მე ვარ აკრედიტაციის უფროსი დირექტორი. ჩვენი დეპარტამენტი აკრედიტაციას უწევს სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებსა და ლაბორატორიებს „აისო” სტანდარტების მიხედვით.  

– ერთმანეთი სად და როგორ გაიცანით?

– ჩვენი გაცნობაც  უკავშირდება ჩემს საქმიანობას. დაახლოებით ორი წლის წინ ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად მუშაობა დავიწყე „იუსაიდის“ ერთ-ერთ პროგრამაზე. ამ პროექტის ფარგლებში მე რამდენჯერმე  მომიწია  ჩამოსვლა საქართველოში და ძირითადად „ქორთიარდ მერიოტში“ ვჩერდებოდი ხოლმე. თათი ერთ-ერთი ასეთი ჩამოსვლის დროს ვნახე. მჯერა, ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი არ იყო. ისე მოხდა, რომ ამერიკაში წასვლა  ორი დღით გადამედო და თბილისში დავრჩი. გაფრენის წინა საღამოს,  სასტუმროს კაფეში, როცა ჩემს კოლეგას ველოდებოდი, პირველად დავინახე თათია.  ეს იყო ჩემთვის ნამდვილი შოკი, როგორც ფოიერვერკი ცაზე. 33 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ სიყვარული არსებობს, თუმცა სულ მეგონა, რომ ეს გრძნობა ჩემში მკაფიოდ გამოხატული არასდროს იქნებოდა. ხომ არიან ადამიანები, რომელთაც სულ უყვართ. მე ასე არ ვყოფილვარ.  მეგობრები, მშობლები მიცნობდნენ როგორც  სკეპტიკოსს ამ მხრივ,  რომელიც რომეოს არაფრით ჰგავდა,  მაგრამ აღმოჩნდა, რომ  რასაც არ ელი, ის ხდება. თათიას დანახვაზე ისეთი რეაქცია მქონდა, ჩემში ნამდვილად რაღაც შეიცვალა, თანაც, რადიკალურად. რთულად  ვუსმენდი  ქალბატონს, რომელიც საქმეზე მელაპარაკებოდა. ერთი სიტყვა არ გამიგია მისი, მთელი ჩემი ყურადღება ორი მაგიდის იქით მჯდომ ულამაზეს გოგონასკენ მქონდა მიპყრობილი. დღემდე ზუსტად მახსოვს, რა ეცვა, როგორი ვარცხნილობა ჰქონდა, ყველაფერი ჩემს  მეხსიერებაში დარჩა, სამუდამოდ.

– თათია, თქვენი ყურადღებაც მიიქცია მაშინ სანდრომ?

– კი, ჩვენ ერთმანეთისგან 2-3  მაგიდის გამოტოვებით ვისხედით.  სანდრო თავიდანვე შევნიშნე. ვუთხარი კიდეც მას, ვინც მახლდა:  ეს ბიჭი ნამდვილად ქართველი არ არის-მეთქი. ჩავთვალე, რომ სანდრო უცხოელი იყო.  ჯერ ინგლისელი მეგონა, ისეთი ინგლისურით ლაპარაკობდა. მერე – ფრანგი,  რადგან სიგარეტს ეწეოდა; შემდეგ ამერიკელი. ამერიკელები იშვიათად ეწევიან და ეს ვერსიაც არ მივიჩნიე სარწმუნოდ, მოკლედ, ვერ მივხვდი, საიდან იყო. მაგიდაზე წიგნიც შევნიშნე: ვიფიქრე, აი, კითხვაც აინტერესებს, სიმპათიურია, ასეთი ქართველი ვის გამორჩებოდა? (იცინის) მაგრამ ყველაზე დიდი მოულოდნელობა ის იყო, როცა სანდრომ წასვლისას ოფიციანტს უთხრა: შეიძლება, ეს წიგნი აქ დაგიტოვოთო? ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ქართველი იყო. იმაზეც  ბევრი ვინერვიულე, ჩემი ნათქვამი ხომ არ გაიგონა-მეთქი. მასზე რასაც ვამბობდი, რომ გაეგო, რას იფიქრებდა (იცინის).        

სანდრო: გადავწყვიტე, გამეგო, ვინ იყო ის გოგონა, რომელიც კაფეში ვნახე. დავრეკე სასტუმროში, დავუკავშირდი იმ ოფიციანტს, ვისაც წიგნი  დავუტოვე და ვკითხე, კაფეში ერთი გოგონა იყო, ყველაზე ლამაზი, იქნებ, მისი ვინაობა გამიგოთ-მეთქი. კი, ვიცი ვისზეც მეუბნებითო, – მითხრა, ეს არ გამიკვირდა, რადგან ის სავსე დარბაზში მართლაც გამორჩეულად ლამაზი იყო.  დამპირდა, რომ თათიას გადასცემდა ჩემს   ნათქვამს: რომ ასეთი ლამაზი გოგონა ცხოვრებაში არ მენახა.

თათია: სანდრო უკვე ამერიკაში იყო წასული,  როცა ოფიციანტმა მითხრა, რომ სანდრო დაინტერესდა ჩემი ვინაობით, მაგრამ   სამსახურებრივი ეტიკეტი  არ აძლევდა უფლებას ჩემი ვინაობა გაემხილა მისთვის. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ერთმანეთს ვერასდროს გავიცნობდით.

სანდრო: ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, ამერიკაში შეყვარებული წავედი. დავიწყე თათიას ძებნა ფეისბუქით. ვიღაც სხვას გავუგზავნე მესიჯი, რადგან მისი სახელი შეცდომით ხატია მითხრეს, რომელმაც, რა თქმა უნდა, არ მიპასუხა. საბოლოოდ ყველაფერი დავადგინე თბილისურად – ამერიკაში ჩემმა ახლო მეგობარმა, რომელსაც გავუმხილე ჩემი ამბავი, გამიგო  თათიას ვინაობა, ის რომ თათია  არის წარმატებული პიანისტი. მოკლედ, ყველაფერი გავიგე, ისიც, რომ თათიას ოჯახი ჰქონდა.

– ეს ძალიან დიდი ბარიერი უნდა ყოფილიყო თქვენთვის, მით უფრო, რომ თათია ძალიან ცნობილი ოჯახის, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის ცოლი იყო.   

–  ამის გამო ჩემს სიყვარულს წერტილს ვერ დავუსვამდი, გრძნობას ვერ შევცვლიდი, თუმცა ცოტა სასოწარკვეთილი კი ვიყავი.  ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად მამაცი ვარ და ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებდი, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეთიკური მომენტი, რომ ამ გოგოს ქმარი ჰყავდა. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, მე ვიცოდი, რომ გრძნობებისთვის გასაქანი არ უნდა მიმეცა... მისი მეუღლის ვინაობას არ ჰქონდა  განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამ იდეით არ „დავგრუზულვარ.“ როცა თათია პირველად დავინახე, ერთადერთ პრობლემად წარმოვიდგინე, რომ ასაკით თვრამეტ წელზე პატარა იყო. იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ  ორი შვილი ჰყავდა. როდესაც გავიგე, რომ თათია დაოჯახებული იყო, დავიწყე იმაზე ფიქრი, რა გამეკეთებინა.  ფეისბუქზე მივწერე კორექტული მესიჯი: მიხარია, ქართველებს ასეთი ნიჭიერი პიანისტი რომ გვყავს, მიკვირს, შენს ასაკში ამდენი როგორ მოასწარი, ალბათ არაფრის დრო არ გრჩება შენი ცხოვრებისთვის-მეთქი. თათიამ თავისი ჩვეული სტილით მიპასუხა – ყველაფერს ვასწრებ და ძალიან კარგი ცხოვრებაც მაქვსო (იცინის). რაღაც პერიოდის განმავლობაში, როგორც მეგობრები, ფეისბუქით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს.

თათია: იმდენი ხალხი მიგზავნიდა მეგობრობას, „ფრენდრიქვესტს,” აღარც კი ვუყურებდი ხოლმე. როცა სანდროს შემოთავაზება ვნახე, მაშინვე   ვიცანი  სასტუმროს კაფეში 15 წუთით ნანახი ადამიანი. 

სანდრო:  ჩვენს ურთიერთობას  ბევრი საოცარი დამთხვევა ახლდა. ვიცოდი, რომ თათიას თბილისში კონცერტი  ჰქონდა. მეც ერთ-ერთ პროექტზე მიწევდა თბილისში ჩამოსვლა. ძალიან მინდოდა კონცერტზე დასწრება. მე თვითონ კლასიკური მუსიკის დიდი დამფასებელი ვარ, რომც არ მყვარებოდა ეს გოგო, კონცერტზე მაინც სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ თათიას კონცერტზე ორმაგად მიხაროდა მისვლა. ჩემს მეგობართან ერთად დავესწარი კონცერტს, ინკოგნიტოდ. ძალიან ლამაზი თაიგული  გავუგზავნე  კონცერტის შემდეგ კურიერის მეშვეობით. თბილისიდან ისე წავედი, არც მითქვამს, რომ თაიგული მე გავუგზავნე. შთაბეჭდილებები კი გამყვა და გამყვა...

თათია: ბევრი არ მირკვევია, ისე მივხვდი, რომ იმ თაიგულის ავტორი სანდრო იყო, რადგან ასეთ ლამაზ წარწერას სხვა ვერავინ გააკეთებდა.

სანდრო: მიმოწერა ჩვენი ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი იყო. ამერიკაში კერძო გამომცემელს შევუკვეთე წიგნი ორ ეგზემპლარად, რომელიც ჩვენი მესიჯებით არის შედგენილი. ერთი თვის განმავლობაში 5 300 მესიჯი გვქონდა ერთმანეთთან გაგზავნილი, რამაც წიგნის 250 გვერდი დაიტია. ძალიან ორიგინალური და ლამაზი წიგნი გამოვიდა. წიგნს „სიყვარულის ერთი თვე ”დავარქვი.

– როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა ვირტუალური სამყაროს მიღმა?

თათია: სანდრო მენტალიტეტით ამერიკელია და სიურპრიზების დიდოსტატიც. მიუნჰენში დამხვდა  მოულოდნელად, საოცარი შეგრძნება იყო, თითქოს დრო გაჩერდა და მთელ სამყაროში მარტო მე და სანდრო დავრჩით. მაშინ მაჩუქა ბეჭედი, მას მერე უკვე ერთად ვიყავით და მას შემდეგ ეს ბეჭედი არასდროს მომიხსნია.

სანდრო: როცა თათია ქმარს გაშორდა, ეს ძალიან მალე გავიგე. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა.  როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, ინტერნეტმიმოწერიდან ისე კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, შეგრძნება მქონდა, თითქოს, მთელი ცხოვრება ერთად გვქონდა გატარებული – ეს ღმერთის ნება იყო და სხვანაირად ვერც იქნებოდა. ერთმანეთი უკვე ძალიან გვიყვარდა.

– თათია, ყველაზე დიდი სირთულეების წინაშე თქვენ აღმოჩნდით.  ერთ მხარეს იდგა ცნობილი ოჯახი და შენი სტატუსი, მეორე მხარეს კი სანდრო, რომელთანაც ურთირთობის გახმაურება იოლი არ უნდა ყოფილიყო.  

– ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული  და სტრესული პერიოდი.   ვერ ვიტყვი, რომ მაშინ სანდრო  უკვე მიყვარდა, მაგრამ ალბათ, რაღაც იმპულსები   მქონდა.  სანდრო თავიდანვე ძალიან მომეწონა, მაგრამ ისე ვიყავი, როცა მოგწონს, მაგრამ მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე, გონებით იცი, რომ არ უნდა მოგეწონოს (იცინის). როცა უკვე მოხდა ისე, რომ მე და ლაშა ერთმანეთს დავშორდით და ცალ-ცალკე დავიწყეთ ცხოვრება, ვიცოდი, რომ სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი  უნდა გამეკეთებინა, რომ მე და სანდრო ერთად ვყოფილიყავით.

– რა გახდა თქვენი და ლაშას ოჯახის დაშლის მიზეზი?

– ლაშა ძალიან პოზიტიური ადამიანია, მაგრამ ხომ ხდება, რომ არავინ არ არის ცუდი, არავინ იქცევა ცუდად, მაგრამ ადამიანები  ხასიათით ვერ ეწყობიან  ერთმანეთს. ასე მოხდა ჩვენს  შემთხვევაშიც. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ლაშას ოჯახთან, შესაბამისად, სტრესი, რომელიც მქონდა, არ იყო იოლი დასაძლევი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ბარიერი არსებობდა, უამრავი თეთრად გატარებული ღამე აღმოჩნდა  ამ ურთიერთობის ფასი.  არადა როცა იცი, რომ ეს ის ადამიანია, ვისთან ერთადაც ცხოვრება გინდა და რაც არ უნდა ხალხს ეჩვენებოდეს, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, ეს ურთიერთობა მაინც ყველაზე  ძვირფასი და ჭეშმარიტია შენთვის. როცა იცი, რომ საკუთარი ოჯახის წევრებიც ვერ იგებენ შენსას – მე მყავს ძალიან აკადემიური და კონსერვატორი  ბაბუა, მამა. ორივე აფხაზური მენტალიტეტის. ერთხანს თითქოს მთელი ოჯახი დამიპირისპირდა, მეგონა, მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო მომართული.  იმ პერიოდმა „გაფილტრა” ჩემი მეგობრებიც  – ვინც მეგობარი მეგონა, სულ არ აღმოჩნდა მეგობარი და პირიქით. მე მაინც   ყველაფერს ვცდილობდი, რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანი ჩემს ოჯახთან დამეახლოებინა. მამა დიდხანს არიდებდა თავს სანდროსთან შეხვედრას. სამსახურშიც მიაკითხა  სანდრომ და მისაღებში ელოდებოდა. საკუთარი თვალით დაინახა, როგორ გადმოვიდა მამაჩემი მანქანიდან, როგორ შევიდა ოფისში. ცოტა ხანში კი სანდროს განუცხადეს, რომ მამაჩემს ვერ შეხვდებოდა, რადგან უცხოეთში წავიდა და ორი კვირის განმავლობაში არ დაბრუნდებოდა. (იცინის) მესმის მამასი, ეს მისთვის ადვილად გადასატანი ვერ იქნებოდა. ის, ვინც ყველაზე მეტად მედგა გვერდით, იყო ჩემი და, მან ძალიან დიდი როლი ითამაშა. ყველა სიტუაციაში ჩემს გვერდით იყო. რომ არა ის, ალბათ გავგიჟდებოდი. სულ მქონდა შეგრძნება, რომ სანდროს სიყვარული მაძლებინებდა, მიუხედავად მანძილისა, ის ერთი წუთითაც არ მაძლევდა საშუალებას მეფიქრა, რომ აი, ახლა რა ვქნა? ის მუდამ ჩემთან იყო. ბოლოს ძალიან დამეხმარა დედაც, რომელსაც როგორც ქალს ყველაზე მეტად ესმის ჩემი. მას შემდეგ, რაც ის ჩემს „ბანაკში” გადმოვიდა ჩვენს ოჯახშიც ურთიერთობები დალაგდა. (იცინის) ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემი ოჯახის წევრებისთვის სანდრო ძალიან საყვარელი ადამიანია, ძალიან კარგად მიიღეს ის  ბიჭებმა, ძალიან უყვართ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. სანდრო, თვითონ მამაა და ადვილად პოულობს მათთან საერთო ენას. ბევრ დროს უთმობს მათ და დიდ სითბოს სჩუქნის. 

– როგორ შეხვდნენ შევარდნაძეები თქვენს გათხოვებას?

– ცივილიზებულად, ლაშას თავისი ცხოვრება აქვს და ღმერთმა ქნას, რომ ძალიან ბედნიერი იყოს. ჩვენ არასდროს გვქონია დაპირისპირება, როგორც ამის შესახებ პრესაში  დაიწერა. ლაშა გიჟდება ბავშვებზე. მინდა, რომ მათაც ძალიან უყვარდეთ  მამა. როგორ შეიძლება, ბავშვებს მამა არ ვაჩვენო?  ღმერთმა დამიფაროს! ჩემთვის დიდი სიმდიდრეა, რომ ბავშვებს ჰყავთ მამა, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად დავლაგდებით, მით უფრო, რომ უკვე ყველაფერი დარეგულირდა სასამართლოს წესით. ბავშვები კვირის განმავლობაში ჩემთან არიან, შაბათ-კვირას – მამასთან.

– ოჯახური თანაცხოვრება  ისეთი აღმოჩნდა, როგორც ფიქრობდით?

– მე და სანდრო ხასიათით ძალიან ვემთხვევით ერთმანეთს. თითქმის არაფერზე არ ვჩხუბობთ, არ ვკამათობთ, გარდა ეჭვიანობისა. სულ მიკვირდა იმ გოგონების, რომლებიც ქმრებზე ეჭვიანობენ. არ მეგონა, საკუთარი თავი ასეთი და მეც თურმე ეჭვიანი ვყოფილვარ. ერთხელ სანდროს ტელეფონით ჩავერთე  და ვუყურებდი  თათბირს, რომელსაც ის ატარებდა ასაკოვან  თანამშრომლებთან ერთად (იცინის).

სანდრო: მეც  სულ ვფიქრობდი, რომ ეჭვიანი არ ვიყავი. ახლა თათიასთან ერთად გამოვცადე, რომ მეც ეჭვიანი ვყოფილვარ, მაგრამ ალბათ, ეჭვიანობის შეგრძნება მაინც  სიყვარულის პროპორციულია. ეს არაა პრობლემა. თითქმის ერთი წელია, რაც ერთად ვართ.  ეს იყო რთული, მაგრამ საინტერესო ერთი წელიწადი. მაქსიმუმ, სამ კვირას ვძლებდით ერთმანეთის გარეშე. ბეირუთშიც კი ჩავედი, სადაც თათიას კონცერტი ჰქონდა. ხან სად ვხვდებოდით ერთმანეთს, ხან – სად, მგონი, მსოფლიოს ყველა კუთხე მოვიარეთ.

თათია: სანდრომ ამისრულა ოცნება და ვენეციაც  მაჩვენა. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრ ოცნებას ამისრულებს. მე მისი ძალიან მჯერა. ერთხელ, იცით, რა ჩაიდინა? რადგან პირველად მოდიხარ ჩემთან ამერიკაშიო, ჩამოვიდა თბილისში, დაესწრო ჩემს კონცერტს, მერე ჩამიყვანა ამერიკაში და რამდენიმე დღეში ისევ უკან  წამოვიდა ჩემთან ერთად. ბოლო პერიოდში მეც  ხშირად ჩავდიოდი ამერიკაში. ნეტავ, იცოდეთ  ფრენის როგორ მეშინია. ეს  ჩემთვის ნამდვილი კოშმარია. წამლებს ვსვამ და ისე მივფრინავ ხოლმე, თითოეულ ტურბულენსიაზე გული მისკდება. წარმოიდგინეთ, როგორ მიყვარს სანდრო, რომ ამის მიუხედავად, მაინც მივფრინავ ამერიკაში და ეს შიში ასე თუ ისე გადავლახე.

– როგორ ჩაიარა ქორწილმა და ჯვრისწერის ცერემონიალმა? 

– ძალიან კარგი ქორწილი გვქონდა „ურბან ლაუნჯში”. ვიწრო წრეში, ახლო მეგობრების და ოჯახის ახლობლების გარემოცვაში გადავიხადეთ ქორწილი, იქამდე ხელი ამერიკაში მოვაწერეთ, თხუთმეტ მაისს.  ჯვარი სვეტიცხოველში  დავიწერეთ. საოცარი გრძნობა მქონდა – იმის განცდა, რომ ღმერთმა საბოლოდ დაგვაკავშირა ერთმანეთს.  ახლა მალდივებზე მივდივართ ერთი კვირით. იმედი მაქვს, რომ კარგი ამინდები დაგვხვდება და საერთოდ, მომავალში ბევრი კარგი რამ მოხდება ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ხომ სიყვარულია?! ჩვენ კი ერთმანეთი უსაზღვროდ გვიყვარს.

скачать dle 11.3