რით აპირებს პუტინი საქართველოს მოსახლეობის გადაბირებას და მის რა წინადადებაზე იქნება შეუძლებელი უარის თქმა
„ნატოს“ გენერალური მდივანი გვარწმუნებს, რომ მომავალი თაობები და, რასაკვირველია, ისტორია მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის მშენებლად მოიხსენიებს, უფრო ადრე კი ჯორჯ ბაიდენმა მას „ქართველი ჯორჯ ვაშინგტონი“ უწოდა. მეორე მხრივ, კვლავაც არ წყდება მსჯელობა, ვისი პროექტია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება: რფ-ის თუ აშშ-ს (სამწუხაროდ, პროექტის სტატუსს ვერ გასცდა ჩვენი ქვეყანა), თუმცა, თუ მხოლოდ ბოლო დროს გამომჟღავნებულ ფაქტებს გავიხსენებთ, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ საინტერესოა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ხედვა. როგორ მოჩანს ქართული სინამდვილე შორიდან და რატომ ეჩვენებათ გარედან დემოკრატიულად ის, რასაც შიგნიდან უფრო სადიზმის ელფერი დაჰკრავს, – ამჯერად ამ თემაზე ებრაელი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი გვესაუბრება.
– თქვენ ისევ ფიქრობთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსული პროექტია?
– შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რაღაც თავისი ინტერესები, მაგრამ ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან, შეუძლებელია, არ იყოს რუსეთის პროექტი, იმიტომ რომ რუსეთი არ არის თავისუფალი ქვეყანა, აქ არ არსებობს თავისუფალი ბიზნესი, მით უმეტეს, ის ბიზნესი, რაც ივანიშვილს ჰქონდა, სარისკო ბიზნესია. ამდენად, შეუძლებელია, მასზე არ იყოს უამრავი კომპრომატი.
– რომ ყოფილიყო კომპრომატები, ფიქრობთ, საქართველოს წინა ხელისუფლება ამას არ გამოიყენებდა?
– მთელი კომპრომატები ინახება პუტინის სეიფში. ეს ისეთი ბიზნესია, რომელიც შეუძლებელია, იყოს კანონის ფარგლებში და, თუ ექნებათ სურვილი, მიიმწყვდიონ კუთხეში, იმ კომპრომატებს გამოიყენებენ. დღეს მთელი რუსეთის პოლიტიკა და ეკონომიკა სრულად ემორჩილება პუტინს. აქ უკვე რამდენიმე წელია, არსებობს მკაცრი ავტორიტარული სტრუქტურა, სახელმწიფო კაპიტალიზმი და არანაირი საშუალება არ არსებობს, ქვეყნიდან გაიტანო ამდენი მილიარდი კრემლის სანქციის გარეშე. კაპიკსაც ვერ გაიტანდა რუსეთიდან, თუ მისი პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა კრემლის პოზიციას.
– არის მოსაზრება, რომ ეს ერთგვარი მანევრია, რაც მას რუსეთიდან ამ ფულის გამოტანაშიც დაეხმარა.
– რუსეთიდან კაპიტალის გატანა შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი პირობების დაცვის შემთხვევაში.
– დაპირებების არშესრულებაც ხომ შეიძლება?
– მას შეუძლია, უარი თქვას თავის დაპირებებზე, მაგრამ ჩვენ მალე ვნახავთ, რა მოუვა იმ ხალხს, ვინც უარს ამბობს კრემლის წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე.
– ისიც ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმაც მისცა დაპირება პუტინს, რაც არ შეასრულა.
– მოჰყვა ის, რომ სააკაშვილი ჩამოაშორეს ხელისუფლებას;
– ის მეათე წელია, ხელისუფლებაშია, კიდევ რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო?
– მაგრამ იყო ომი, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და რუსეთის პროპაგანდის მუშაობის შედეგად, გამოკითხვების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების 80 პროცენტი მთავარ მტრად პატარა საქართველოს მიიჩნევს. იმიტომ კი არა, რომ ქართული ტანკები მართლაც შემოვიდოდა მოსკოვში, არამედ, იმიტომ რომ რუსეთის პროპაგანდა სააკაშვილისგან ქმნიდა მტრის ხატს.
– რატომ აირჩია რუსეთმა სამიზნედ მაინცდამაინც საქართველო?
– საქართველოს შენარჩუნება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთში არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ეფუძნება რუსეთის მოსახლეობის ველიკოდერჟავული ინსტინქტების ექსპლუატაციას. რუსეთი მიჩვეულია, თავისი თავი წარმოიდგინოს დიდ დერჟავად, პროპაგანდის მიხედვით კი, დიდი დერჟავა ნიშნავს იმას, რომ მისი ეშინიათ. ამდენად, რუსეთის მოსახლეობის წარმოდგენით, რუსეთს კი არ უნდა ჰბაძავდნენ, არამედ მისი უნდა ეშინოდეთ. რეალურად, რუსეთს არ აქვს მოწინააღმდეგეების გამოწვევაზე პასუხის გაცემის უნარი, ამიტომ უნდა შექმნას მტრის ხატი, გააბუქოს ის და გამოამჟღავნოს ველიკოდერჟავული ინსტინქტი. ხელოვნურად შეიქმნა მტრის ასეთი ხატი და რუსეთის ბევრი მოქალაქე, მართლაც, გულწრფელად ამაყობს საქართველოსთან ომში გამარჯვებით და ისინი მხარს უჭერენ რუსული ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. ეს არის რუსეთის ისტორიაში ძველი, კეთილი რეცეპტი – მცირე წარმატებული ომი, როდესაც ქვეყნის შიგნით პრობლემებია. მედვედევის გაპრეზიდენტებიდან ერთ თვეში დავწერე სტატია, რომელშიც ვამბობდი, მედვედევს სჭირდება, რომ ხალხს რაღაც წარმატება უჩვენოს, რადგან წარმატებები არ იყო, საჭირო იყო პატარა ომი. მაშინ საამისოდ ორი პრეტენდენტი არსებობდა: საქართველო და ესტონეთი.
– „ნატოს“ წევრი ესტონეთი.
– დიახ, ესტონეთი „ნატოს“ წევრია, ამიტომ თქვენ არ გაგიმართლათ. ის, რაც გააკეთა მედვედევმა, ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. თუ გახსოვთ, ამჯერად პუტინის ხელმეორედ გაპრეზიდენტებისთანავე გაიშალა პროპაგანდისტული კამპანია, რომ საქართველოში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო პირადად პუტინმაო. ჯერჯერობით პუტინისა და მედვედევის მმართველობის ერთადერთი შედეგი არის ომი საქართველოსთან, მეტს ისინი მოსახლეობას ვერაფერს უჩვენებენ. როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთზე, ვგულისხმობთ კრემლის რეჟიმს, რომელიც, ერთი მხრივ, არის საბჭოეთის, მეორე მხრივ, იმპერიული რუსეთის მემკვიდრე. პუტინისთვის საქართველო ყელში ძვალია. პუტინს აქვს „ბლატნაია“ ფსიქოლოგია. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ სააკაშვილის დროს საქართველო მისი მარიონეტი იქნებოდა, მაგრამ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი კურსის გატარება დაიწყო, პუტინისთვის სააკაშვილი პირად მტრად იქცა, თუმცა ესეც არ იყო მთავარი. მთავარია ის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავის წინაშე რეალურად დააყენა ამოცანა, თავი დაეღწია საბჭოთა მემკვიდრეობისგან და აეშენებინა დასავლური ტიპის საზოგადოება და, მართლაც, გადადგა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით, რაც სასიკვდილო საფრთხეს შეიცავდა პუტინისთვის.
– რატომ?
– ის იტყოდა, აი, ჩვენ ვეცადეთ, გავმხდარიყავით დასავლური კაპიტალისტური ქვეყანა, მაგრამ ეს არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ასეთია ჩვენი ევრაზიული ცივილიზაციის სპეციფიკაო. ბალტიისპირეთს ისინი ყოველთვის უყურებდნენ როგორც არასაბჭოთა ქვეყნებს, მაგრამ საქართველო, რომელიც განიხილებოდა, როგორც რუსეთის, საბჭოთა კავშირის განუყოფელი ნაწილი, უცებ მიდის „ნატოში“, ევროკავშირში. ეს სასიკვდილო გამოწვევაა რუსეთისთვის, რადგან, თუ საქართველოს შეუძლია, გახდეს დასავლეთის ნაწილი, მაშინ რუსი მოქალაქეებიც ხომ იტყვიან, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია, ვიყოთ ევროპული სახელმწიფო?
– უნდათ რუსეთის მოქალაქეებს ევროპელობა?
– ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ იცხოვროს ნორმალურ ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს, სად მირბიან ისინი? თუმცა სიმპათიით უყურებენ მონარქიას, რატომღაც, არ მირბიან საუდის არაბეთში ან ერაყში, ისინი მირბიან ევროპულ ქვეყნებში. ნორმალური რუსი ობივატელის თვალში ევროპა ნორმალურ ცხოვრებასთან ასოცირდება. მათ შეიძლება, არ ესმით დასავლური ღირებულებები, მაგრამ უნდათ ნორმალური ცხოვრება. რუსულ ცნობიერებაში არის ასეთი ავადმყოფობა: მათ უნდათ, მიიღონ უფლებები მოვალეობების გარეშე. თუ საქართველო შეძლებდა დასავლეთისკენ გარღვევას, ეს პუტინის რეჟიმის არსებობის ბოლო გამართლებას მოსპობდა რუსეთის მოქალაქეების თვალში. ამას გარდა, რუსული ცნობიერება მარტივად უყურებს ქართველებს: ისინი მათ აღიქვამენ მხოლოდ როგორც უმცროს ძმას, საყვარელი ქართველი, „მიმინოში“ მღერის, ბაზარში რაღაცას ჰყიდის. ავიღოთ, თუნდაც, ქართული მართლდმადიდებლობა: ის უფრო ძველია, მაგრამ რა იცის საშუალო რუსმა საქართველოს შესახებ? არაფერი. თანამედროვე რუსული სახელმწიფოს იდეოლოგია ასეთია: რუსეთი მესამე რომია.
– რაში სჭირდება საქართველო მესამე რომად თავისი თავის წარმოჩენაში?
– მესამე რომი ნიშნავს ბიზანტიის მემკვიდრეს. მათთვის ეს გვირგვინი არავის დაუდგამს თავზე, მათ თვითონ გადაწყვიტეს, რომ ბიზანტიური ცივილიზაციის მემკვიდრეები არიან. პუტინი ამ პოლიტიკას ატარებს ეკლესიაშიც. პუტინის ერთ-ერთი მიღწევაა, ასევე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება. მან რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის ლიკვიდაცია მოახდინა. ასევე იქცევა ის კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიმართაც, უკრაინაშიც. მათი წარმოდგენით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არის ბიზანტიის ეკლესიის მემკვიდრე. სინამდვილეში კი ბიზანტიას ორი მემკვიდრე ჰყავს: საქართველო და რუსეთი და საქართველო უფროა ბიზანტიური ცივილიზაციის მემკვიდრე, ვიდრე რუსეთი. რუსულ ცნობიერებაში არის ეს გაგება, ამიტომ რუსეთის პოლიტიკა ქართული კულტურისა და ეკლესიისადმი ცალსახა იყო ყოველთვის, რაც გამოიხატებოდა კონკურენტის ლიკვიდაციაში, იმიტომ რომ ორი მემკვიდრე ვერ იქნება.
– გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ასეთი პრეტენზიები და არც მესამე რომის იდეის მასშტაბები.
– ქართველებს არ ესმით ამ მისიის, ქართველები მიეჩვივნენ მონობას.
– ამას თქვენ ამბობთ, თუ პუტინი ფიქრობს ასე?
– ჩემს აზრს გეუბნებით. ქართველები დღემდე ვერ შეეგუენ დამოუკიდებლობას. ისინი არ განიხილავენ თავიანთ დამოუკიდებლობას როგორც რაღაც ბუნებრივს. ჩემი გამოცდილებით, ქართველებს ყოველთვის ეშინოდათ, მიეღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.
– შორიდან ასე ჩანს?
– ქართველებს კოლონიურმა წარსულმა თავისი დაღი დაასვა.
– თქვენ თქვით, რომ საქართველომ დამოუკიდებელი კურსი აიღო მიხეილ სააკაშვილის წყალობით, რაც სასიკვდილო დარტყმაა რუსეთისთვის, მაგრამ ამ კურსის განხორციელებისას გამოიკვეთა ტენდენცია: ყველა გადაწყვეტილებაში საქართველოს ხელისუფლება ჯერ დასავლეთის ინტერესს ატარებდა და შემდეგ, თუ რამე დარჩებოდა, საკუთარს.
– ეს დამორჩილებულის კომპლექსია, თუმცა დასავლეთი არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს, როგორც კოლონიას. ქართველებს მოჰყვებათ მენტალური პრობლემა და დიდ წვლილს იმაში, რატომ შეიძლება, დაბრუნდეს საქართველო რუსულ ორბიტაზე, სწორედ ქართველების მენტალური მოუმზადებლობა შეასრულებს, თავად აიღონ თავიანთ დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებლობა. პუტინისთვის საქართველოს დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება ერთადერთი შიდა პოლიტიკური მიღწევა მისთვის. რუსეთს არ აქვს არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამხედრო ძალა, გამოიწვიოს დასავლეთი; არც კონკურენტუნარიანი ეკონომიკის აშენების საშუალება, ამიტომ ფსევდომიღწევები სჭირდება. რა შეიძლება, იყოს ეს? – ევრაზიული კავშირი.
– საბჭოთა კავშირი არსებობდა „რკინის ფარდის“ წყალობით. ამ ეპოქაში შესაძლებელია საბჭოთა კავშირის რეინკარნირება? მე არარეალური მგონია.
– ეს პუტინის იდეაა. მართალია, შეუძლებელია იმ ჩარჩოებში, რაც იყო, ამიტომ აუცილებელია ფსევდოსაბჭოეთის შექმნა. ყველა რესპუბლიკას ვერ დააბრუნებს, მაგრამ შეუძლია, მაგალითად, ბელორუსიის დაბრუნება, თუმცა იქ ის პრობლემაა, რომ, თუკი რუსეთი და ბელორუსია გაერთიანდება, ლუკაშენკო პუტინზე პოპულარული გახდება და მეორეა საქართველო. ახალი ევრაზიული კავშირი, აფხაზეთთან და „იუჟნაია ოსეტიასთან“ ერთად რეალური მიღწევა იქნება, რასაც აჩვენებს თავის ხალხს.
– და რას მიიღებს, თქვენი აზრით, საქართველო სამაგიეროდ?
– ყულფს კისერზე და ხელბორკილებს.
– ეს უტრირებული პასუხია, ანუ ამოგვწყვეტენ?
– იცხოვრებთ ისე, როგორც შევარდნაძის დროს ცხოვრობდით.
– შუქი და გაზი არ გვექნება? ასე ვცხოვრობდით.
– შეიძლება… იცხოვრებთ, როგორც ჩრდილოეთ კავკასია ან საბჭოთა კავშირი. ისე, როგორც ნებისმიერი კოლონია ცხოვრობს, მაგალითად, როგორც ბულგარეთი – საბჭოთა დროს. რუსეთი მზადაა, გადაიხადოს საქართველოსთვის ფასი და ეს ფასია აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დაბრუნება.
– ბოლოს და ბოლოს, ეს მაინც საქართველოს მოსახლეობის არჩევანი იქნება.
– საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დათანხმდება ამ წინადადებას. რას აკეთებს რუსეთი აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაში?! „იუჟნაია ოსეტიას“ სახელმწიფო უკვე ლიკვიდირებულია, აფხაზეთში კი რუსეთი თანდათან აქრობს სახელმწიფოებრიობას. აფხაზეთის ეკონომიკა სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე. რუსეთი მათ აცლის ყველა ბერკეტს, რაც საშუალებას მისცემდა აფხაზებს, წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთისთვის. აფხაზეთი სრულადაა დამოკიდებული კრემლის კეთილ ნებაზე და ჩვენ ვიცით, რაც ღირს ეს კეთილი ნება. პუტინისთვის საქართველოს დაბრუნება ისტორიულად მნიშვნელოვანი ფაქტია და იდეა, რომ საქართველო იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, მობილიზებას გაუკეთებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. სტრატეგიულად გასაგებია, რომ რუსეთისთვის მთლიანი საქართველოს ტერიტორია უფრო ხელსაყრელია, ვიდრე მხოლოდ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“. და მიიღებს საქართველოს, რომელშიც, როგორც მატრიოშკაში შედის აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“. კიდევ ერთი მომენტია, თუ რატომ სჭირდება რუსეთს საქართველო: რუსეთს აქვს შავი ზღვის ფლოტის პრობლემა. ის უნდა წავიდეს უკრაინიდან, ამდენად, აფხაზეთის პორტები სჭირდება, მართალია, ახლის აშენებაც შეუძლია, მაგრამ სანამ აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსი არ არის გადაწყვეტილი, რუსეთს არ შეუძლია მისი რეგულარული გამოყენება და რჩება კიდევ საქართველოს პორტები. საქართველოს დაბრუნების გარდა რუსეთს სხვა გამოსავალი არ აქვს.
– ფასი, რომლის გადახდასაც ამისთვის აპირებს რუსეთი, რეალურია, თქვენი აზრით?
– აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ ერთადერთი ფასია, რითაც შეიძლება ქართველი საზოგადოების ნაწილის ყიდვა, სხვა ეკონომიკური ბერკეტი რუსეთს არ აქვს.