ნორჩი დემოკრატების ვნებანი
ანუ ბებერი დემოკრატიის დასახმარებლად
ისე მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქეების, საჯაროს ვინღა ჩივის, თვით ინტიმური ცხოვრების დეტალებიც კი ახლა უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროსთვისაა გადაშლილი წიგნივით.
ჰოდა, რაკი არის, ქართული არასამთავრობოების ნაწილი კვლავაც ჯიუტად ითხოვს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოარქივის განადგურებას. მეორე ნაწილი კი დამნაშავეთა დასჯამდე მათი, ოღონდ ცხრაკლიტულში, შენახვის მომხრეა. იმის გათვალისწინებით კი, რომ ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს (არც ჩაწერილებს და არც მაყურებლებს), რამდენი ასლი არსებობს და ვის ხელშია ისინი, კაცმა რომ თქვას, არც განადგურებას აქვს დიდი აზრი და არც შენახვას, განსაკუთრებით, ამ ციფრულ ეპოქაში.
ასეა თუ ისე, ვინაიდან „ნატოს“ ელჩები ჩვენს სამშობლოში იმყოფებოდნენ, სახელდობრ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელებმა შემთხვევით ისარგებლეს და მათაც სთხოვეს ამ ჩვენს შსს-ზე ზეწოლა შემდეგი მოტივით: „ეს ჩანაწერები საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებსაც არღვევს და ქვეყნის კანონმდებლობასაც“.
ჩვენ არ ვიცით, არიან თუ არა მომწიფებულები „ნატოელი“ ელჩები ამ თემაზე ზეწოლისთვის, თუმცა, მაგალითად, ბ-ნმა რასმუსენმა მაღალი ტრიბუნიდან მიგვითითა, რომ 17 მაისის მსგავსი ძალადობა ამ ქვეყანაში არასდროს არ უნდა განმეორდეს.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ზემოხსენებული ბ-ნი რასმუსენის აზრით, მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის მამად შემორჩება მომავალ თაობებსაც და ისტორიის ფურცლებსაც, ბ-ნ ბაიდენის ღრმა რწმენით კი, ის ქართველი ჯორჯ ვაშინგტონია, ხოლო, ზედაც, დავამატებთ, რომ ამ ჩანაწერთა არქივი სწორედ ბ-ნი სააკაშვილის მმართველობისას შეიქმნა (რამაც აგრერიგად აღაფრთოვანა ჩვენი დასავლელი პარტნიორები), არისტოტელეს ლოგიკით, ხსენებული ჩანაწერები დემოკრატიული მართვის ნიმუშია. შესაბამისად, განა უნდა განადგურდეს, „ნატოელებს“ უნდა გადავცეთ, რათა ამ უკანასკნელებმა ნორჩი დემოკრატების ვნებებით სრულყონ თავიანთი ბებერი დემოკრატია.