სურვილი და შესაძლებლობები
ან ზემოთ, ან ქვემოთ, ან?!
რაკი ფინანსურმა პოლიციამ შეუტია, სავსებით ბუნებრივია, რომ თანაპარტიელებსა და თანამოაზრეებს პრეზიდენტიც გამოექომაგა და მეტად ფილოსოფიური წიაღსვლებით. სახელდობრ, პირველი პირი ბრძანებს, რომ ადრე ვცხოვრობდით საზოგადოებაში, სადაც მონობა იყო ცხოვრების წესი (მომყავს ციტატა: ან უნდა ყოფილიყავი ვიღაცის ქვემოთ, ან უნდა ყოფილიყავი ვიღაცის ზემოთ“).
სწორედ ამ ზემო-ქვემოთობანას მოთხოვნილებას დაუკავშირა საზოგადოების მოთხოვნა (კვლავ ციტატას მოვიშველიებ), „რომ მეთაური უნდა იყოს რაღაც სახის მამა, ბაბუა. გახსოვთ, შევარდნაძეს, ასლან აბაშიძეს ეძახოდნენ „ბაბუს“. ჩვენ სულ ვეძებთ მამას, ბაბუას.“
თუმცა იქვე გაგვიმხილა, რომ პირადად მას არასდროს ჰქონია სურვილი, ან ვინმეს მამა, ან ერის მამა, ან მით უმეტეს, ბაბუა ყოფილიყო, თანაც, იქვე აღიარა, რომ ასეთი სურვილები არ ჰქონია – „მე, რომელსაც მქონდა სრული ძალაუფლება!“ საბოლოოდ კი, დაასკვნა, „მე ყოველთვის ვიყავი ერთ-ერთი თქვენგანი.“
ცხადია, რომ პრეზიდენტის ამგვარი თავმდაბლობა ფრიად მისასალმებელია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენი პირველი პირისა და საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქის ცხოვრების დონეებს შორის უფსკრულია, „ერთ-ერთი თქვენგანის“ ვერსია, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია.
ხოლო, რაც შეეხება ზემოჩამოთვლილი სურვილების არქონას: ვითომ მხოლოდ სურვილია საკმარისი ერის მამად გასახდომად?!