როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
რევაზიშვილი-რევაზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რევაზი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და კმაყოფილს ნიშნავს.
რევაზიშვილები ისტორიულად ამილახვართა შთამომავალნი არიან, „რომელნიც განიყოფიან სხვადასხვა სახელად – რევაზიშვილებად, ქაიხოსროშვილებად, ბეჟანიშვილებად, ერასტიშვილებად, გივიშვილებად; ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა-სპასპეტობა იყო რევაზიშვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვათა აქუნდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი“.
„თავადი გურჯი რევაზიშვილნი არიან ბარათაანთ გვარისანი, გარნა გაუგვარდათ სახელი სომხობისა გამო, რომელ გურჯი რევაზად სახელდეს თათართა, ოდეს ბრძოდნენ მათ და რომელნიც ითარგმნების (გურჯი) ქართველი რევაზ და ესე გვარი მიიღო რევაზმან დროსა მეფისა ვახტანგისასა 1703 წელსა და მუნითგან იწოდებიან გურჯი რევაზიშვილებად მისნი შთამომავალნი და არიან რამდენსამე სახლად სომხეთსა შინა“.
რევაზიშვილი ნაწარმოებია კიდევ რამდენიმე წარჩინებული საგვარეულოდან.
საქართველოში 2 155 რევაზიშვილი ცხოვრობს; 314 – რევაზაშვილი.
სოლომონაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოლომონი, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და ქართულად წყნარს, მშვიდობიანს ნიშნავს.
1690 წელს ფარსადან ციციშვილის მიერ რევაზ მაღალაძისადმი მიცემულ ყმის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სოლომონ სოლომონაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: სოლომნიშვილი, სოლომონია, სოლომონიშვილი, სოლომონიძე.
საქართველოში 30 სოლომონაშვილი ცხოვრობს, თბილისში – 11, კასპში – 14, გორში – 5.
ფსუტური
ისტორიულ წყაროებში, ამ გვართან დაკავშირებით, ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იყო ვინმე, სახელად ფსუტური.
გვარ-სახელების საკუთარ სახელებად გამოყენების ტრადიციის შესახებ, მეცნიერები სვანეთში მიუთითებენ.
საქართველოში 751 ფსუტური ცხოვრობს, თბილისში – 212, გორში – 247, კასპში – 117. არიან სხვაგანაც.
სულხანიშვილი-სულხანაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულხანი.
1711 წელს ყაფლანიშვილების ყმების ნუსხაში მოიხსენიება ვინმე სულხანა.
1721 წელს მონასტრის ნუსხაში მოიხსენიება დათუნა სულხანიშვილი. ამავე წელს სოლოღაშვილი ქაიხოსროს ყმად მოიხსენიება რევაზა სულხანიშვილი.
სულხანიშვილები მეთვრამეტე საუკუნიდან ხევსურეთში ერწო-თიანეთში გადასახლებულან.
ღოუბანში მცხოვრები სოლომონ სულხანიშვილი 1826 წელს ნათლავს ვაჟს – იაკობს. მიმრქმელი ყოფილა ღოუბნელი ივანე აზარიაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი სულხანაური.
საქართველოში 1 393 სულხანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 618, მცხეთაში – 125, თეთრი წყაროში – 117. არიან სხვაგანაც.
ბერძენი
ეს გვარი მივიღეთ ფუძით – ბერძენი. ქართველებთან ის გვარად ქცეული ეთნონიმია. მისგან ასევე მიღებულია გვარები: ბერძენიშვილი, ბერძნიშვილი, ბერძენიძე, ბერძული, ბერძელიშვილი.
ბერძენასშვილი-ბერძნიშვილები იყვნენ აზნაურები და შეტანილები არიან 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატში.
რუსული კალკით კი გვხვდება გვარი ბერძენოვი.
საქართველოში 51 ბერძენი ცხოვრობს: ფოთში – 23, ქუთაისში – 17, თბილისში – 7. არიან სხვაგანაც.
ირიცხება 2 665 ბერძენიშვილი, თბილისში – 1 050, ჩოხატაურში – 389, რუსთავში – 146. არიან სხვაგანაც.
120 – ბერძენიძე. თბილისში – 40, ახალციხეში – 26, საჩხერეში – 16. არიან სხვაგანაც.
22 – ბერძენოვი. მარნეულში – 12, თბილისში – 6, რუსთავში – 4.
208 ბერძნიშვილი, გორში – 101, მცხეთაში – 45, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.
ერაძე-ერაშვილი
გვარი ერაძე დამოუკიდებლად ნაწარმოები გვარია.
ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარსახელები“ წერს: „ერაძე – ფარახეთი, ონის რაიონი; საკუთარი სახელი – ერა“.
ამავე ძირისაა გვარი ერიაშვილი.
„ერაძენი ბობოთას მცხოვრებნი. ბაგრატ მეფემ მათი შეწირულება განუახლა მთის წმიდა გიორგის ეკლესიას იმ პირობით, რომ ღაღანიძესა და ძაგანიშვილს მათზე უფლება არ ჰქონოდათ (1463-1478 წლები)“.
საქართველოში 1 455 ერაძე ცხოვრობს, თბილისში – 584, ქუთაისში – 245, ტყიბულში – 170. არიან სხვაგანაც.
საქართველოში ცხოვრობს 83 ერაშვილი: თბილისში – 38, ლაგოდეხში – 12, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც.
ჭიღვარია
გვარის ფუძეა სიტყვა ჭიღვა, რომელიც ჭიგოზე ვაზის მისაბმელ წნელს ნიშნავს.
ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, სამ ძმას ბატონი მოუკლავთ და ლეჩხუმში გადახვეწილან.
ჭიაღვარიები ლეჩხუმში, სოფელ ჭყვიშში და დარიდასანაში ცხოვრობენ.
ეს გვარი მოხსენიებულია 1766 წელს ერთ-ერთ საბუთში. „მოჯალაბე დაუსახლებიათ მაღლუდა ჭიღვარია და უდაბნოსთვის შეუწირავთ მოსამსახურედ.”
ჭიღვარიას გვარის ფუძეს ასევე მეტსახელადაც მიიჩნევენ.
ვარაუდობენ, რომ ჭიღვა ძველად ტოპონიმი უნდა ყოფილიყო. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ჭიღვარია ჭიღველს ნიშნავს.
საქართველოში 319 ჭიღვარია ცხოვრობს, ქუთაისში – 82, ამბროლაურში – 72, ცაგერში – 52. არიან სხვაგანაც.
სხირტლაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი სხირტლა.
1840-იანი წლების აღწერით, სხირტლაძეები ცხოვრობდნენ სოფლებში: გორი, კვაცხუთი, მრავალძალი, სხვავა. სოფელ გორსა და კვაცხუთში არიან საბატონო გლეხები, მრავალძალში საეკლესიო გლეხები, ხოლო სხვავაში – წერეთლის საბატონო გლეხები.
საქართველოში 2 573 სხირტლაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 220, საჩხერეში – 284, ჭიათურაში – 179. არიან სხვაგანაც.
მელელაშვილი
გვარი შედგება ორი კომპონენტისგან: მელელა და შვილი.
სიტყვა მელელას განმარტება ქართულ ლექსიკონში არ მოიძებნა.
გვარში, შესაძლოა, მე გამოყენებული იყოს როგორც ართრონი.
ართრონი ბევრი გვარის წარმოებისას გამოიყენება. ის ყველაზე ხშირად იმ გვარების წარმოებისას გვხვდება, რომლებიც ხელობა-მესაქმეობისგან არის ნაწარმოები.
საქართველოში 111 მელელაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 63, თბილისში – 43, რუსთავში – 5.
ბურნაძე
გვარი ბურ ძირიდან არის წარმოქმნილი. ასევე, ამ ფუძიდან წარმოშობილია გვარები: ბურახიშვილი, ბურდიაშვილი, ბურდული, ბურთიაშვილი, ბურძგიაშვილი, ბურძენაძე, ბურჯული და ასე შემდეგ.
„1667 წელს პაპუნა ფავლენიშვილმა ბურნაძისეული მამული დეკანოზ დავითს გაუცვალა და მიჰყიდა ვენახი, ყარაულის ბაგა და 47 ადგილი მიწა.“
„1673 წელს, ბურნაძე ოთიამ, სხვა პირებთან ერთად, პირობა მისცა დომენტი კათალიკოსს, რომ ამიერიდან ტყვეებს აღარ გაჰყოლოდა.“
საქართველოში 715 ბურნაძე ცხოვრობს: თბილისში – 221, მარნეულში – 155, გორში – 112. არიან სხვაგანაც.
სანდუხაძე
გვარის ფუძეა სიტყვა სანდუხა.
მიუხედავად დიდი ძიებისა, ჯერ არ არის გარკვეული, რას უნდა ნიშნავდეს ამ გვარის ძირი. სავარაუდოდ, საქმე უნდა გვქონდეს სიტყვა სანდოსთან, საიდანაც წარმოიშვა საკუთარი სახელი სანდუა, მისგან კი – მოფერებით-კნინობითი ფორმა – სანდუხა.
ასევეა წარმოქმნილი გვარები: სანდაძე, სანდოძე, სანდოშვილი, სანდომისაშვილი.
საქართველოში 243 სანდუხაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 150, ტყიბულში – 35, თბილისში – 26. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით