დევიდ დათუნას არტ-პროვოკაცია
ცნობილი ამერიკელი მხატვარი-კონცეპტუალისტი დევიდ დათუნა ახალი გამოფენისთვის ემზადება. გამოფენა, სახელწოდებით „თვალი თვალში”, მსოფლიო მედიის მიერ უკვე დასახელდა წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ არტ-პროვოკაციად. არტ-პროვოკაციის მთავარი სპონსორი გალერეა „შუკინია”, ხოლო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები ვლადიმირ პუტინისა და ნიკოლოზ მეორის გამოსახულებით. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს დევიდ დათუნას მიერ შექმნილი ინსტალაცია „პუტინი – მონა ლიზა” მოსკოვში გამართულ აუქციონზე 200 ათას ევროდ გაიყიდა. დიოპტრული ლინზებისგან აწყობილი ინსტალაცია ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ პორტრეტად, რომელზეც პუტინია გამოსახული. გამოფენასთან დაკავშირებით დევიდ დათუნამ ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა ჟურნალ „თბილისელებისთვის”. წარმოშობით თბილისელ ხელოვანს ჩვენ ნიუ-იორკში დავუკავშირდით: „პუტინისა და ნიკოლოზ მეორის პორტრეტები ერთმანეთის პირისპირ იქნება წარმოდგენილი და აქედან გამომდინარეობს გამოფენის სლოგანი – „თვალი თვალში”. ამ გამოფენით სურვილი მაქვს, რუსეთის ისტორიის უკანასკნელი 100 წელი გავაერთიანო: ერთ მხარეს „პუტინის რუსეთი”, მეორე მხარეს – „ნიკოლოზის რუსეთი”. პორტრეტების გარშემო წარმოდგენილი იქნება რუსეთის დროშები სხვადასხვა ინტერპრეტაციით: რუსეთის საიმპერატორო დროშა, იმპერიის დაცემის პერიოდის თეთრი დროშა, საბჭოთა კავშირის გატეხილი დროშა. გამოფენის გამართვას სპეციალურად დავამთხვევ რომანოვების დინასტიის 400 წლის იუბილეს და, ამ კონცეპტუალურ-სკანდალური არტ-პროექტით სურვილი მაქვს, დავანახვო საზოგადოებას რუსეთის სხვადასხვა სახე – რუსეთი, რომელიც აღარ არსებობს და თანამედროვე რუსეთი”. საინტერესოა, რომ გამოფენა ოქტომბერში მოსკოვში, წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმის წინ გაიმართება და ეს იქნება წარმოშობით ქართველი მხატვრის, დევიდ დათუნას მორიგი საჩუქარი ხელოვნების მოყვარულთათვის.