რატომ მოიქცა მარიკო ებრალიძე ფრანკფურტში უმსგავსოდ და როგორ გადაურჩა ის „დაპატიმრებას“
ცოტა ხნის წინ მარიკო ებრალიძე გერმანიაში იმყოფებოდა ცნობილი სოციალურ-კულტურული სარეაბილიტაციო ცენტრის მიწვევით, სადაც მან დიტო ქისიშვილთან ერთად საზოგადოებას ქართული მთის სიმღერები გააცნო. საქართველოში ამ ღონისძიების სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ არტ-დირექტორი თეონა ჯორბენაძეა, რომელმაც ამ ღონისძიების შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ასეთი საინტერესო რამ დაწერა: „VILLA BONN“ – აქ გაიმართა ჩვენი საღამო. ეს ფრანკფურტის ცნობილი და ელიტური კლუბია‚ რომლის წევრები იყვნენ: ალბერტ აინშტაინი‚ თომას მანი და მისი ძმა – ჰეინრიჰი. აქ იკრიბებოდა ფრანკფურტის ინტელექტუალური საზოგადოება და ბჭობდნენ ქვეყნის მომავალ განვითარებაზე. დღეს ეს კლუბი კვლავ მოქმედია‚ მის პრეზიდენტად კი ცოტა ხნის წინ აირჩიეს რუდიგერ ვონ როუზენი – საქართველოს ტრფიალი. ქართული მუსიკალური ნაწილის წარდგენისას მან თქვა: „საქართველო სამოთხეა და, შესაბამისად, ანგელოზთა ჰანგები – ამ ქვეყნის მომღერლები“.
მარიკო ებრალიძე: გერმანიაში არის დიდი სოციალურ-კულტურული, სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ეხმარება ფობიებით, სხვადასხვა დაავადებით შეპყრობილ ადამიანებს. ძირითადად, ხდება მათი ჩართვა კულტურულ-სოციალურ საქმიანობაში, სპექტაკლებში, კონცერტებში, სხვადასხვა ღონისძიებაში. ამ ცენტრის ხელმძღვანელია ვოლფგანგ ფრიკე, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია. ცენტრს აქვს თავისი დასახლება, რომელიც მდებარეობს ამაღლებულ ადგილას. ძალიან დიდი ტერიტორიაა თავისი მეურნეობით, საწარმოთი და ამ საქმიანობაში ჰყავთ ეს ადამიანები ჩართული. ყოველთვე აწყობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებას, წელიწადში ერთხელ კი‚ ჩვენ, ქართველებსაც გვიწვევენ. საქართველოდან ამ ღონისძიების ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელია თეონა ჯორბენაძე. წინა წელსაც ვიყავით, ბრეხტის ნაწარმოების მიხედვით დადგეს სპექტაკლი „კარგი დროება“, რომელშიც მე შევასრულე ორი ნაწარმოები: პირველი იყო ედიტ პიაფის „Non je ne regrette rien“ და მეორე – გერმანული „იავნანა“, რომელსაც ძალიან სამწუხარო პრეისტორია აქვს. ეს არ არის ბავშვების დასაძინებელი „იავნანა“. მას საკონცენტრაციო ბანაკში ბავშვების წაყვანისას უმღეროდნენ გერმანელი დედები შვილებს.
– წარმომიდგენია, როგორი რთული და ემოციური იქნებოდა შენთვის ამ სიმღერის შესრულება.
– მართლაც ძალიან მძიმე იყო. როდესაც რეპეტიციაზე მომისმინეს, თქვეს, ეს მომღერალი სპექტაკლში უნდა დაკავდესო. მე ჩემი პროგრამით ვიყავი ჩასული, გერმანული ბენდი დამახვედრეს, მაგრამ საბოლოოდ მითხრეს, სპექტაკლში უნდა მიიღო მონაწილეობაო. რა უნდა მექნა, უკან ხომ არ წამოვიდოდი?! ძალიან კი ავღელდი, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა. თან‚ რომ მოისმინეს ედიტ პიაფის სიმღერა, გადაწყვიტეს‚ „იავნანაც“ მე მემღერა. წარმოიდგინე, ჯერ ისტორია რომ მოვისმინე, რეპეტიციაზე ცრემლები ღვარღვარით ჩამომდიოდა, თან‚ ძალიან მალე უნდა მესწავლა. საბოლოოდ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
– წელს როგორი რეპერტუარი გქონდა?
– წელს ამ ცენტრის ერთ-ერთ მეცენატს, ჩვენს მეგობარს, რუდიგერ ვონ როუზენს ჰქონდა საიუბილეო წელი. გარდა ამისა‚ ის ფრანკფურტში ცნობილი და ელიტური კლუბის – „ვილა ბონის“ პრეზიდენტად დანიშნეს. გარდა ამისა‚ ის არის ალპინისტი, საქართველოს მთებში ბევრჯერ ნამყოფი და ძალიან უყვარს ქართველები. რადგან წელს უნდოდათ ქართული თემის ჩატანა, ამიტომ, გადავწყვიტეთ‚ მთის სიმღერები ჩაგვეტანა: თუშური, ხევსურული. ვიყავით მე, დიტო ქისიშვილი, თეო ჯორბენაძის შვილი, ნიკუშა, რომელიც არა მხოლოდ მომღერალი, საოცარი არტისტიცაა: კითხულობს ლექსებს, მღერის. მთის ოჯახი ვიყავით: დედა, მამა და შვილი. თან, დიტოს წამოღებული ჰქონდა ერთი საუკუნისწინანდელი გარმონი, რამაც დიდი ყურადღება მიიქცია, მოდიოდნენ, ნახულობდნენ.
– თუშური და ხევსურული სიმღერები არასდროს გიმღერია, ყოველ შემთხვევაში‚ როგორც მე ვიცი, ასე, საჯაროდ არ შეგისრულებია.
– სანამ პროფესიულ ასპარეზზე გამოვიდოდი, ოჯახში ვმღეროდი ხალხურ სიმღერებს, მაგრამ, ფართო საზოგადოების წინაშე არ მიმღერია, ამიტომ, დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. შემეშინდა, მაგრამ, თეომ გამამხნევა. რეპეტიციები ღია ცისქვეშ გვქონდა, სასწაულ ადგილას, არაფერი რომ აღარ გაღელვებს: ყველგან მხოლოდ სიმწვანეა, მზე, ჩიტების ჭიკჭიკი... კონცერტი კი ფრანკფურტში გვქონდა‚ „ვილა ბონში”, სადაც, ასევე, მონაწილეობდნენ სხვა შემსრულებლებიც. ძალიან დატვირთული ღონისძიება გამოვიდა, თან‚ ღია ცისქვეშ, სასწაულ გარემოში. ვონ როუზენი გიჟდება საქართველოზე და დიდად ელოდებოდა ამ წარმოდგენას. შუაში უნდა გვემღერა „სულიკო“, ვიცოდით, რომ იცოდა ეს სიმღერა. როგორც კი თეომ თვალით მანიშნა – მიდიო, მეც პატარა ეშმაკობებით, მოხიბვლებით გამოვიწვიე, წავუმღერე: „საყვარლის საფლავს ვეძებდი“, თან ხელი გავუწოდე და ამხელა აუდიტორიის წინაშე უარი ვეღარ მითხრა. ბოლო აკორდი ჩვენთან ერთად წაიმღერა. თავიდან ძალიან ვღელავდი, რადგან, მხოლოდ ამ კაცის და ორგანიზატორების დამოკიდებულება ვიცოდი ჩვენ მიმართ; მეგონა‚ სხვები ცივად შეხვდებოდნენ ჩვენს სიმღერებს. მაგრამ, სურათი იყო შემდეგნაირი: მთელი საზოგადოება‚ ჭიქებით ხელში‚ გაღიმებული, ჩვენკენ იყო მობრუნებული და მქუხარე აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოეს – მოწონება დავიმსახურეთ. თვითონ ის ადამიანები‚ ვინც ამ სარეაბილიტაციო ცენტრში დადიან, მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებაში. მათ „პაციენტებს“ არავინ ეძახის, ჩვეულებრივი ადამიანები არიან: მიდიან, მუშაობენ, ცხოვრობენ და, რაც მთავარია‚ ნებისმიერ პროგრამაში არიან ჩართულები. ყველა ცდილობს‚ თუ ვინმეს რამეში პატარა ნიჭი აქვს, გაუღვივონ და მის განვითარებაში შეუწყონ ხელი – სწორედ ამაში პოვებენ რეაბილიტაციას, განკურნებას. სხვათა შორის‚ სწორედ აქ მკურნალობდა ირაკლი ჩარკვიანი და მისი პირველი ალბომიც მათი დახმარებით ჩაიწერა. მეორე დღეს გერმანიაში ძალიან დიდი სუპერმარკეტის – „თეგუთის“ ბიზნესპარტნიორები ჰყავდათ მოწვეული დასახლებაში, რომლებსაც საწარმო დაათვალიერებინეს და ჩვენც გვთხოვეს‚ მთლიანი პროგრამა შეგვესრულებინა. რა თქმა უნდა‚ დიდი სიამოვნებით დავთანხმდით.
– ანუ‚ საკმაოდ დატვირთული იყავით და საინტერესო დრო გაატარეთ.
– დიახ. პირველი ხუთი დღე რეპეტიციები გვქონდა, მაგრამ, ერთ დღეს მე და თეო გავიპარეთ უძველესი ქალაქის – ალცველდის სანახავად. დიტოს საქმე ჰქონდა და დავტოვეთ. მეორედ ვიყავი და ძალიან მინდოდა წასვლა და კიდევ ნახვა, თან‚ საქმე არ გვქონდა. მაგრამ, შუა თვალიერებაში‚ დიტოს სახით‚ დიდი ღრუბელი მოგვადგა: ჩქარა მოდითო. ისე დასცხო წვიმამ, მერე დიტო გვეუბნებოდა: ჩემმა წყევლამ გიწიათო. ბოლო ორი დღეც თავისუფალი გვქონდა, თან‚ ფრანკფურტში ვიყავით და, მოკლედ‚ ბეთჰოვენის ქუჩა რომ მივტკეპნ-მოვტკეპნეთ, მერე წავედით გოეთეს სახლ-მუზეუმში. ქართველი‚ ხომ იცი‚ ყველგან არღვევს წესრიგს. იქ ეწერა, არაფერს შეეხოთო, მე კი ყველაფერს შევეხე, ფოტოებიც გადავიღე და სავარძელშიც ჩავჯექი. უმსგავსოდ მოვიქეცი, იმდენ ავეჯს შევეხე, ჯარიმა კი არა, ციხე მეკუთვნოდა, მაგრამ, გადავრჩი. ერთხელ დავიკარგე კიდეც. თეოს ძალიან უყვარს სიარული, მე – იმდენად არა, მაგრამ, ორი დღით რომ ხარ ჩასული, გინდა, ყველაფერი ნახო. თეომ მითხრა, დაღლილი ვარო და, ამიტომ, გადავწყვიტეთ, მე, დიტო და ნიკუშა წავსულიყავით. დიტო ისე გავაწამე, ერთი დღე არ მელაპარაკებოდა. მოკლედ‚ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში წავედი საშოპინგოდ. დიტომ მითხრა: 40 წუთს გაძლევ, სამის ნახევარზე დაბლა დაერჭეო. რომ დავხედე საათს, უკვე 4-ის ათი წუთი იყო, თან, ჯერ ისევ გასახდელში ვიყავი. ჩამოვედი ქვემოთ, ვიძახი: დიტო! დიტო! – მაგრამ, სად არის დიტო. მერე მიყვებოდა: ვიფიქრე‚ იქნებ ლოგიკით მაინც მიხვდეს და ყოველ მომდევნო ნახევარ საათში მოვიდესო. თვითონ ყოველ ნახევარ საათში იმ სავაჭრო ცენტრთან იყო. მოკლედ‚ ვერ ვიპოვე და დავიკარგე... არც სასტუმროს „ვიზიტკა“ მქონდა, არც რუკა. მგონი, აქ შემოვუხვიე, მგონი – აქ-მეთქი და ასე მაღაზიების ცნობით მივედი „სტარბაქსამდე“. ვიცოდი, რომ დიტოს ძალიან უყვარს და ვიფიქრე, იქნებ „სტარბაქსი“ ნახოს და აქ შემოვიდეს-მეთქი. ნახევარი საათი იქ ველოდე და ბოლოს‚ როგორც იქნა‚ მივაგენი სასტუმროს...