როგორ „აფუჭებდნენ“ ბავშვობაში ოჯახში ლექსო თორაძეს
ლექსო თორაძის, პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტის ჩანაწერი, სხვა, მსოფლიოს რანგის მუსიკოსთა 70 ჩანაწერს შორის „საუკეთესო ისტორიულ ჩანაწერად” არის დასახელებული. ქართველი პიანისტი ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც მან სწავლების ახალი მეთოდი შექმნა, რომლის მსგავსი მანამდე არ არსებობდა. ლექსო თორაძის საფორტეპიანო სტუდიის წევრები მთელ მსოფლიოში მართავენ კონცერტებს და კრიტიკოსთა უდიდეს აღიარებას იმსახურებენ. ლექსო თორაძე ახლახან სამშობლოს შვილებთან ერთად ეწვია, ოთხ დაუვიწყარ კონცერტში მიიღო მონაწილეობა და დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ინტერვიუზე დაგვთანხმდა...
– თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვიყავით საქართველოში. ჩემს შვილებს აღარ სურდათ ამერიკაში დაბრუნება. მეტსაც გეტყვით, უფროს შვილს, დავითს სასწრაფოდ უნდა საქართველოში ჩამოვიდეს, თან სასეირნოდ კი არა, არამედ სასწავლებლად... დავითი 21 წლისაა, მესამე კურსზეა ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტში. მისი პროფესია კომუნიკაციაა.
– თქვენი შვილები მუსიკას არ გაჰყვებიან?
– დავითს ყოველთვის ჰქონდა სერიოზული დამოკიდებულება მუსიკისადმი. საყვირზე უკრავდა; ბავშვობიდანვე საეკლესიო გუნდში მღერის. მონათლულები არ არიან და უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოვასწორებ ამ შეცდომას. დედის დამსახურებით, ორივე დადიოდა ეკლესიაში, ბავშვობიდან მღეროდნენ იქ და შემდეგ დავითმა უნივერსიტეტის ბიჭების გუნდში განაგრძო სიმღერა. ამ გუნდს იმდენად მაღალი დონე აქვს, რომ ხშირად სერიოზულ კონცერტზე იწვევენ, სადაც ბიჭების გუნდია საჭირო. დავითიც და ალექსანდრეც მომღერლებთან მეგობრობენ. ცხადია, იცნობენ ჩვენს ბუმბერაზ პაატა ბურჭულაძეს, ძალიან უყვართ ის. ახალგაზრდა საოპერო მომღერალი თეონა დვალი ჩვენი ახლო ნათესავია. არაჩვეულებრივი გოგოა და მასთან ძალიან მეგობრობენ. საქართველოში ბევრი გაკვეთილი მიიღო დავითმა ცნობილ პედაგოგთან გულიკო კარიაულთან, რის გამოც დავითი აღფრთოვანებულია.... ალექსანდრე არ ფიქრობს პიანისტობაზე, იცის, რომ თავი უნდა შესწიროს ამ პროფესიას, მაგრამ შარშან მშვენივრად შეასრულა გრიგის კონცერტის მესამე ნაწილი ორკესტრთან ერთად. თვითონაც მოეწონა, სხვებსაც რომ მოეწონათ მისი დაკვრა. მე ახლაც კი არ მაქვს ჩვევაში ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე როიალზე ვიმეცადინო, ალექსანდრე კი საათობით უკრავს. პროფესიით კი ბიზნესის მიმართულებით წავიდა.
– საქართველოში როგორი იყო მათი ყოველი დღე, იციან, რომ მათი ბებია – ლიანა ასათიანი საქართველოში არისტოკრატულობის და სილამაზის სიმბოლოა?
– ძალიან კარგად იციან ბებიაზეც და ბაბუაზეც. დედაჩემი ამერიკაშიც ჩამოდიოდა. უნახავთ მისი ფოტოები... ახლა რომ ჩამოვიდნენ, კიდევ უფრო კარგად შეიგრძნეს თავიანთი ფესვები. ჩემს მეგობრებსაც მათი თაობის შვილები ჰყავთ საქართველოში, რომლებიც ძალიან თბილად და ტკბილად მოეპყრნენ ჩემს შვილებს. ქართული ცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ დაიწყეს. 7 წლის წინ მყავდა საქართველოში ჩამოყვანილი, სულ ოთხი დღით, თან პატარები იყვნენ, თუმცა მაშინდელიც ყველაფერი მკვეთრად ახსოვთ. ახლა კი ძალიან სერიოზული აგური დავდეთ. მე არასოდეს მქონია მიზნად, რომ დამეძალებინა, ქართული უნდა იცოდეთ და ქართველები უნდა იყოთ-მეთქი. ვგრძნობდი, რომ უზარმაზარი დისტანცია იყო და ამერიკაში მცხოვრები ბიჭები, რაც არ უნდა მეცადა, ქართველები ვერ გახდებოდნენ. ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ ინდიანაში ბევრი ქართველი მუსიკოსი ცხოვრობს. დავითი და ალექსანდრე მათ კონცერტებს გულშემატკივრობენ.
– რამდენიმე წლის წინათ თბილისში დადიოდა ხმები, რომ ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის რექტორად ინიშნებოდით. არ დასთანხმდით ამ წინადადებას?
– შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ მოარული ხმები იქნებოდა. რა თანამდებობაც უნდა შემოეთავაზებინათ, ჩემთვის შეუძლებელი იქნება, შევუთავსო იმ გადატვირთულ რეჟიმს, რაც მაქვს. ძალიან კარგი რექტორი ჰყავს დღეს კონსერვატორიას – რევაზ კიკნაძე, ასევე პრორექტორი, ყოფილი რექტორი, საქართველოს მნიშვნელოვანი პიანისტი – მანანა დოიჯაშვილი. ისინი ბრწყინვალედ ხელმძღვანელობენ კონსერვატორიას.
– ცოტა უკან დავბრუნდეთ... თქვენი უკიდეგანო წარმატებების პარალელურად, ვიცით, რომ მთელმა ოჯახმა ურთულესი ცხოვრება გაიარა...
– რასაკვირველია, გავიარეთ სირთულეები, მაგრამ ასე გაიარა ბევრის ცხოვრებამ. ხომ გახსოვთ ტოლსტოის „ანა კარენინა” როგორ იწყება – „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს და ყველა არაბედნიერი ოჯახი თავისებურად უბედურია”... ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სირთულეები და ცხოვრებაც ეს არის. ამაში იბადება დრამა. ჩემს შემთხვევაში, ტრაგედია ის იყო, რომ ჩემი წასვლიდან ძალიან მალე მამა დავკარგეთ და ამით განსხვავებულად წავიდა ჩვენი ოჯახის ცხოვრება. ძალიან რთული ცხოვრება გაიარა დედამაც, ჩემმა დამ – ნინომაც და ჩვენ ყველამ. სხვამ სხვა სირთულეები გაიარა. ახლა პოლიტიკური თავისუფლებაა და სადაც გინდა, იქ წადი, თუკი გაქვს იმის ძალა, რომ სხვაგან კარიერა აიწყო. ადრე თუ ვინმე იღებდა გადაწყვეტილებას თავისი ქვეყანა დაეტოვებინა, ფაქტობრივად, უარს ამბობდა მშობლებზე, უამრავ ნათესავსა და ყველაფერზე. თუმცა არ ვამბობ, რომ ახლა უფრო ადვილია სხვაგან წასვლა და იქ დამკვიდრება. როცა იცი, რომ გამოსავალი არ არის და უკან დასახევი გზა არ არსებობს, ეს შეიძლება კიდევ დამატებითი სტიმული იყოს, გააკეთო მაქსიმუმი, შენი თავი რომ ამოწურო. უკან დასახევი გზა რომ გაქვს, ცოტა მერყევი ხდები. საერთოდ, რომ არსად წახვიდე, შენს სამშობლოში იყო, არანაირი სირთულე არ არსებობდეს, ასე საინტერესოც არ იქნებოდა ცხოვრება. მთელი ინტერესი სწორედ დრამაშია. კარგის და ცუდის შეჯახებაში და იმ ნაპერწკლებში, რომლებსაც შეჯახება იწვევს.
– ამერიკაში პატარა საქართველო შექმენით, შემოიკრიბეთ ძალიან ბევრი ქართველი მუსიკოსი, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწეობენ... როგორ იქმნებოდა პატარა საქართველო?
– ეს დაიწყო ალექსანდრე კორსანტიას ჩამოსვლით. 1991 წელს ჩამობრძანდა ჩვენი საყვარელი საშა და ახლაც თვალნათლივ მახსოვს მისი ჩამოსვლა. მერე დიდი ჯგუფი შემოგვიერთდა – თამარ გურევიჩი, გიორგი ვაჩნაძე, შემდეგ კიდევ 8 ქართველი მუსიკოსი – მაშინ სრულიად ახალგაზრდები... ბუნებრივად დამკვიდრდა კლასის კონცერტები. არ მინდოდა ამ ბრწყინვალე მუსიკოსების გაჩერება მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის დარბაზებში და ამიტომ დავიწყეთ ჩვენი კლასის კონცერტების ჩვენება, რომელიც პირველად ნიუ-იორკში – „სტენვეის” დარბაზში შედგა. არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს კონცერტს ნიუ-იორკის პრესაში, რაც არცთუ ისე ადვილია... შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ერთი კომპოზიტორის წარმოდგენა კონცერტებში ყველაზე საინტერესო იქნებოდა და ეს ტრადიციად დავამკვიდრეთ.
– ერთხელ თქვით, რომ როიალი სულიერი არსებაა, რომელსაც ყველაფერი ესმის. თავად მინახავს თქვენი სევდიანი წარწერები როიალზე თქვენს სახლში...
– ეს წარწერები საიდუმლოდ დამალულია და საჩვენებელი არ არის... რასაკვირველია, როიალი სულიერი არსებაა, სუნთქავს და გელაპარაკება ზუსტად იმას, რასაც შენ ელაპარაკები. თუ არ გპასუხობს, მისი ბრალი არ არის. ასევეა ვიოლინოც. ვიოლინო ეს ხომ ადამიანია?! ასევე – ყველა საკრავი. ცხადია, სიმბოლური დატვირთვა აქვს ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ სინამდვილეში ღრმად რომ ჩასწვდე, სულ არ არის ეს შორს რეალობისგან. ნაწარმოებებზეც იგივე ითქმის. ისინი მოქმედი პირები არიან ცხოვრებაში. ნაწარმოებები იცვლება და სხვადასხვა დროს სხვანაირად უკრავ. შენი ბიოგრაფია რომ გახსოვს, ისევე გახსოვს ნაწარმოებებიც, ერთად რომ ვიყავით აქ ან იქ.
– სხვაგანაც ტოვებდით როიალზე წარწერებს, როცა ტკივილის გადმოცემა გსურდათ?
– არა, მაშინ არც მიმიშვებდნენ არც ერთ როიალთან. ეს სახლთან არის დაკავშირებული. ისიც ძალიან პირადულია და არც ღირს ყურადღების გამახვილება. ეს ცრუმორწმუნეობის დონეზეა.
– თქვენი და, ნინო თორაძე ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ცნობილია, რომ ის ყოველთვის ახერხებს, თქვენ გვერდით იყოს. იგრძნობა, რომ ძალიან გიდგათ გვერდში. რას იტყოდით მასზე?
– ნინო ადამიანების მოყვარულია და ამ მხრივ განუსაზღვრელი ნიჭით არის დაჯილდოებული. ეს ზერელე, სადღეგრძელოდ ნათქვამი არ არის ჩემგან. როგორ ახერხებს ამდენს, არ ვიცი... ბავშვობაში ოჯახში ძალიან „მაფუჭებდნენ”, რადგან ძალიან ბევრს ვშრომობდი. ახლაც ბევრს ვშრომობ და ნეტავ შემეძლოს, ნაკლები შრომით მოღვაწეობა, მაგრამ არ გამაჩნია ამის ნიჭი, ბოლომდე უნდა დავიხარჯო. ბავშვობიდან მეხმარებოდა დედა, მამა და ნინოც, რომელიც ჩემზე ხუთი წლით უმცროსია. შემდგომმა სირთულეებმა კიდევ უფრო გამოკვეთა ნინოს დამოკიდებულება და გაამძაფრა. რით შემიძლია ვუპასუხო მას, მისი მშვენიერი ქალიშვილის, ნინის და მეუღლის, ბაჩუკი ბეგიშვილის ასეთ დამოკიდებულებას? – როდესაც ჩემს კონცერტს ესწრებიან და კონცერტი კარგად ჩაივლის, ვიცი, ამ ფაქტს მათთვის რამხელა სიხარული მოაქვს.
– წარუმატებლობაც ყოფილა? ან თუ ყოფილა, როგორ იხსენებთ ამ კონცერტებს?
– ძალიან ხშირად ყოფილა და ამის გარეშე ვერც გაიზრდები. ყველა კარგი კონცერტი წასულია, წარუმატებელი – გრჩება მთელი ცხოვრება და გზრდის. ყველა, ვინც მოქმედებს, შემოქმედების დიდი ნაწილი უფრო წარუმატებელია, ვიდრე წარმატებული. წარუმატებლობას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მე პირადად, ძალიან დიდი დრო მჭირდება მოსამზადებლად. არ ვარ ისეთი სხარტი, როგორც საჭიროა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაჭველი ვარ. მაგალითად, ხვალ რომ კონცერტი მქონდეს, ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ვერ დავუკრავდი, რადგან ორი დღეა, როიალთან არ მივსულვარ.
– ამ ერთი თვის განმავლობაში თბილისში ოთხჯერ დაუკარით და უზარმაზარი სიამოვნება აჩუქეთ ქართველ მსმენელს...
– რასაკვირველია, მადლიერი ვარ ყველასი და ძალიან მსიამოვნებს, თუ ასეა. რაველის კონცერტი ასჯერ და მეტჯერ მაქვს შესრულებული ყველგან. 40 წლის განმავლობაში ვუკრავ და არასოდეს დამიკრავს თბილისში, როცა ერევანშიც კი დავუკარი. ამიტომაც ავირჩიე ეს კონცერტი, რადგან „გამოცდილი მეგობრები” ვართ... შემდეგ გია ყანჩელის საღამოზე ვაპირებდი ალფრედ შნიტკეს კონცერტის დაკვრას ოთხი ხელისთვის, რომელიც არაჩვეულებრივი კონცერტია კამერულ ორკესტრთან ერთად. ორი კვირის წინ სხვა პროგრამა მქონდა ლონდონში, შემდეგ პეტერბურგში, მანამდე კიდევ სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული და სათანადო დრო ვერ დავუთმე ამ ნაწარმოებს. ჩემმა პარტნიორმა, კორეელმა პიანისტმა ზეპირად ისწავლა, მე კი ნოტებითაც ვერ შევძელი დამორჩილება ამ ძალიან რთული კლავირის. შემდეგ მე და ნიკოლოზ რაჭველმა მოვითათბირეთ, თუ რა შემესრულებინა, რადგან არ მსურდა კონცერტიდან ამომეგდო ჩემი თავი. საბედნიეროდ, ყველაფერი გამოგვივიდა, ნიკოლოზ რაჭველი უნიჭიერესი მუსიკოსია, გია ყანჩელი კი – ზღაპრული კომპოზიტორი.
– დაბოლოს, 7 წლის შემდეგ საქართველო როგორი დაგხვდათ?
– ძალიან მიკვირს ასეთ შეკითხვას რომ მისვამთ ქართველ კაცს. საქართველო ძალიან შეცვლილია, ვიცი, რომ ახლა კიდევ ახალი ეტაპი დაიწყო და ალბათ, ყველაფერი კიდევ უფრო წავა წინ. რასაც ვუყურებ და რასაც ვგრძნობ, ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ყოველ წუთს. მოვლა დაეტყო ყველაფერს, მაგრამ ეს არ არის ჩემგან მაინცდამაინც ღრმა ანალიზი. ამ ყველაფრის მიღმა დრამატული შეხლა-შემოხლებია, გაჭირვება, ტკივილი და მუქი ფერები... მაინც მომწონს გალამაზებული ქუჩები, ახალი შენობები, მოვლილი ეკლესიები. ბევრი რამ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ ასევე ვიმეორებ, რომ ეს არის გათვითცნობიერებული ტურისტის დამოკიდებულება. ვადარებ, რა იყო 20, 30, ან თუნდაც 7-8 წლის წინ... რაც 17 მაისს საქართველოში მოხდა, ნეტავ, წამალი არსებობდეს, ეს ერთი დღე რომ როგორმე დავივიწყოთ. არაფრით შეიძლება ძალადობა, თან ასეთი მასობრივი სახით. ძალიან განცვიფრებული ვიყავი, სასულიერო პირები რომ იყვნენ ინიციატორები. ჩვენ მიმღები ერი ვართ, ყველას თბილად ვიღებთ, ვმასპინძლობთ და ამ დროს ჩვენივე ერის წარმომადგენლებს პირადული მიზეზების გამო, ასე ვებრძვით. უნდა გადავიდეთ განვითარების იმ ეტაპზე, როცა ყველას მივიღებთ ისეთს, როგორებიც არიან... რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, არ მინახავს და ვერც ვნახავ. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია.