რა ჭორები გაუვრცელეს ნინა სუბლატსა და ბერას და რის გამო დაშორდა ნინა შეყვარებულს
„რუსთავი 2-ის“ მუსიკალურ პროექტს, „საქართველოს ვარსკვლავს“‚ ღირსეული გამარჯვებული ჰყავს – ნინა სუბლატი, სამ საუკეთესო ფინალისტს შორის მოსახლეობამ ის თითქმის 47 პროცენტით აირჩია. თუმცა‚ ნინა გამარჯვებას ნაკლებად ელოდებოდა. მაგრამ, დღეს ის „საქართველოს ვარსკვლავია“ და უკვე ფიქრობს თავის მომავალ ალბომზე, ლონდონში სწავლაზე და, ზოგადად‚ მუსიკალურ კარიერაზე.
ნინა სუბლატი: სამიდან ყველაზე მეტად მე და მარიკო არ ველოდით გამარჯვებას. ეკრანზეც ჩანდა: ერთმანეთზე მიყუდებულები ვიდექით და ველოდებოდით‚ როდის გაიმარჯვებდა ნუკა. ნუკაც‚ სავარაუდოდ‚ ამის მოლოდინში იყო.
– რატომ გქონდათ ასეთი განწყობა? თქვენამდე მოდიოდა ხმები, რომ აუცილებლად ნუკა გაიმარჯვებდა?
– არ ვიცი‚ რატომ იყო, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ, იყო. არანაირი ხმები არ მოდიოდა, პირიქით: „ფეისბუქზე“ რომ შევდიოდი‚ საზოგადოება ორად იყოფოდა: ნუკა გვალია და ნინა სუბლატი. ნამდვილად არ დამითვლია‚ რამდენი იყო ჩემკენ, მაგრამ, მაინც ასეთი მოლოდინი მქონდა.
– უკვე იცი‚ როდის წახვალ ლონდონში?
– არა, ჯერ ალბომს უნდა მივხედო. ნახევრამდე მაინც მინდა, მივიყვანო და მერე წავალ. რომ დავბრუნდები, მერე ისევ გავაგრძელებ მუშაობას. უკვე ვადგენთ კონცეფციას, საჭირო ხალხს შევკრებ და შევუდგებით საქმეს.
– დაახლოებით წარმოდგენილი გაქვს, როგორი იქნება ალბომი?
– ალტერნატივა მინდოდა, მაგრამ, ეს მთლად ახალი და ცხელ-ცხელი არ არის; სამაგიეროდ‚ ცხელი არის დაფტები და, მინდა‚ ეს ორი დავუკავშირო ერთმანეთს. შესაფერისი ხალხი ვიპოვე, ყოველ შემთხვევაში‚ იდეის დონეზე მყავს ვიღაცეები. სავარაუდოდ‚ სამნი ვიქნებით, ვნახოთ, როგორი გამოვა.
– ადრე ისიც მითხარი, უცხოეთში მინდა წასვლა, მართალია‚ არ ვიცი, როგორ უნდა წავიდე, მაგრამ, მაინც წავალო. ეს სურვილიც შეგისრულდა.
– დიახ, კარგი შანსი გამომიჩნდა. ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე‚ ვერ მოვახერხებდი ლონდონში წასვლას და სწავლას, ამიტომ, ფანტასტიკური საჩუქარია: უფასოდ ვისწავლი 10 კვირის განმავლობაში. ამიტომაც მინდა, სანამ წავალ, ერთი-ორი სიმღერა მაინც მქონდეს რეზერვში, რომ იქ დავრჩე მომავალში და, ვინც ბენდში მეყოლება, ვინც ხელს შემიწყობს, ისინიც წავიყვანო.
– კომპიუტერის ჩუქება განსაკუთრებულად გაგიხარდა.
– ძალიან გამიხარდა, მადლობა ნიკა გვარამიას ამისთვის. კიდევ, მოვიგე ბინა „ორბი ჯგუფისგან“, რომელიც‚ მგონი‚ ჯერ არ აშენებულა, 23 კვადრატული მეტრი ჰაერია ჯერ. ძალიან გამიხარდა, მაგრამ, უფრო მინდოდა არამატერიალური რამ, ის‚ რაც ჩემს კარიერასთან იქნებოდა დაკავშირებული და ასეთი ორი ფანტასტიკური საჩუქარი მივიღე.
– არ ხარ მატერიალისტი?
– როცა ჩემს საქმეს ეხება, მატერიალური არაფერი მჭირდება. თუმცა‚ ცხოვრებაში საჭიროა და ძალიან მიხარია, რომ კომპიუტერი მაქვს, შემიძლია‚ „იუთუბიზე“ ჩემი ვიდეოები დავდო. სახარჯო ფული‚ ძირითადად‚ მაქვს ხოლმე, ვერ ვიტყვი, რომ გამოღლეტილი ჯიბეებით დავდივარ. ისე‚ ამ კუთხით საინტერესო ჭორები დადის ჩემზე: ერთი ვერსიით, ბერამ მომაგებინა ეს კონკურსი, მეორე ვერსიით კი – ჩემს ყოფილ შეყვარებულს აქვს ბევრი ფული და იმის წყალობით გავიმარჯვე. ბერას სტუდიაში მარიკო ლეჟავაც დადიოდა და, ამ ლოგიკით, მასაც ექნებოდა იმის შანსი, მეორე ადგილზე გასულიყო. თუ ჩუმად დამირეკა ბერამ, არ ვიცი, მაგრამ, ამაზე დიდად არც ვფიქრობ. ყოფილ შეყვარებულსაც ნამდვილად არ მოუგებინებია – არა მგონია, 300 ლარად მომეგო ეს კონკურსი.
– იმასაც ამბობენ, რომ დედაშენი „ბილაინში“ მუშაობს და ის დაგეხმარა მოგებაში.
– დედა მუშაობს „ბილაინში“, მაგრამ, ისიც უნდა გაიხსენონ, რომ კორპორაციული ნომრები აქვთ და ხელფასიდან ეჭრებათ ის თანხა, რასაც გაგზავნიან „საქართველოს ვარსკვლავზე“ თუ სხვაგან. არ მგონია, ვინმეს მთელი ხელფასი გაემეტებინა.
– მამასა და შენს ურთიერთობას მინდა შევეხო. მახსოვს‚ ყვებოდი, რომ არ გქონდათ კარგი ურთიერთობა და ამ პროექტში მონაწილეობით გინდოდა‚ მისთვის გეჩვენებინა, რომ არ ხარ ცუდი გოგო.
– 6 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ. მამასთან დიდხანს მქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ, როდესაც ჩემი შეხედულებები გამიჩნდა, უფრო სწორად‚ სულ მქონდა, უბრალოდ‚ როცა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ჩამომიყალიბდა ჩემი შეხედულებები, მაშინ გაგვიფუჭდა ურთიერთობა. არ მინდა ახლა მიზეზზე ხაზის გასმა, მაგრამ, ამის გამო გვქონდა არაკარგი ურთიერთობა, უფრო ნაცნობობის დონეზე. ეს‚ რა თქმა უნდა‚ არ იყო სასიამოვნო, მაგრამ, მარტივად ვიტან ყველაფერს და ვეგუები.
– თუმცა‚ ამას არ შეეგუე და ეცადე, მამასთან ურთიერთობა მოგეგვარებინა.
– არ მსიამოვნებს‚ როცა ცუდი წარმოდგენა აქვს ჩემზე იმას, ვინც მიყვარს. შესაბამისად‚ ვინც მე მიყვარს და მინდა, რომ კარგად მიცნობდეს, ვცდილობ, დავუმტკიცო, რომ არ ვარ ცუდი. იგივე იყო მამაჩემის შემთხვევაშიც. დედასთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს: დებიც ვართ, დედა-შვილიც, დაქალებიც. მამა აზიატი ნამდვილად არ არის, ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ, ჩვეულებრივ ადამიანებსაც ემართებათ ხოლმე ის, რომ მათზეც მოქმედებს ზურგსუკან ლაპარაკი. დედა ყველანაირად ცდილობდა და მხარს უჭერდა იმას, რომ‚ რაღაცეების მიუხედავად, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონოდა. თუმცა‚ ვფიქრობ, ორი ადამიანის ურთიერთობაში მესამე ვერანაირად ვერ ჩაერთვება, რა კავშირიც არ უნდა იყოს მათ შორის. ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ყველაფერს. ახლა ჩვენი ურთიერთობა ნორმალურ ეტაპზეა, ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს.
– შენი და პიტოს დაშორება ნამდვილი ამბავია და არა ჭორი? ჩემთან ინტერვიუში ამბობდი, რომ კარგი ურთიერთობა გაქვთ.
– არ არის ჭორი, დავშორდით. ჩემი აზრით, როცა შენი მეორე ნახევარი ცდილობს‚ რაღაცას მიაღწიოს, გარკვეულ ეტაპებს გადის და სხვა სიმაღლეზე დგება, ცოტა კომპლექსი გიჩნდება. ამიტომ‚ სადაც ვიყავი, ყველგან მყავდა წაყვანილი, რომ ჩრდილში არ ყოფილიყო. ჩემი გადმოსახედიდან, პიტო რომ ჩემს ადგილას ყოფილიყო, ნამდვილად გამიჩნდებოდა კომპლექსები. ამიტომაც, სწორად მოვიქეცი და ამას არ შეუშლია ხელი, თუ არ შეუწყვია. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ რაღაც კომპლექსები გაუჩნდა და, აქედან გამომდინარე‚ კონფლიქტებიც დაიწყო. ალბათ‚ ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო და მივიღეთ გადაწყვეტილება. როცა ჩვეულებრივ ამბავს არასწორად იგებენ, ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის მისაღები. თან‚ დროც არ მქონდა და, შეიძლება‚ გაუცხოებაც დაიწყო.
– ორივემ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– მე მინდოდა მეთქვა, მოდი, ცოტა ხანს არ ვიყოთ ერთად-მეთქი და, თურმე იმასაც იგივე ჰქონდა სათქმელი. მოკლედ‚ მარტივად შევთანხმდით.
– ანუ, ცოტა ხანზე შეთანხმდით?
– არა, რაღაცეების მერე შევთანხმდით, რომ „ცოტა ხანი“ აღარ იქნება და აღარ ვაპირებთ შერიგებას. თვითონ თუ აპირებს, არ ვიცი, მე ნამდვილად არ ვაპირებ. ახლა მთელი გულით, გონებით, სულით, ჩემს საქმეზე ვარ გადართული, ბევრი მაქვს საფიქრალი და სწორი გათვლები მაქვს გასაკეთებელი, არავისთვის აღარ მრჩება დრო, ფიქრისთვისაც კი; ამიტომ, დიდად არ განვიცდი ამ ამბავს.
– შენი შეყვარებული შენს სამომავლო გეგმებშიც ვერ მოჰყვა აშკარად.
– რომ ვერ მოჰყვა, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. მე ყველგან მიმყავდა და, ყველაფერს, რასაც მე მთავაზობდნენ, მასაც ვთავაზობდი. თუ არ უნდა‚ ეს მისი პრობლემაა.
– მესამე ადამიანის გამოჩენას გამორიცხავ? ანუ, შენს ცხოვრებაში ხომ არ გამოჩნდა ვინმე, ვის გამოც დაასრულე ეს ურთიერთობა?
– ჩემი მხრიდან არ არის, მისი მხრიდან – არ ვიცი, არ ვინტერესდები.
– რა ქენი ეროვნულ გამოცდებზე?
– გავედი გამოცდებზე, ქართული‚ მგონი‚ კარგად ჩავაბარე, ყოველ შემთხვევაში‚ მე კმაყოფილი ვარ. უნარებზე კი, იმის გამო, რომ ორშაბათი დილა იყო, მე კი მთელი წინა ღამე რეპეტიცია მქონდა – ტექსტებს ვიმახსოვრებდი, ტანსაცმელზე, პერფორმანსზე ვზრუნავდი, ჩამეძინა და სიზმრებიც კი ვნახე. რომ გამომეღვიძა, მაინც ვერ მოვახერხე გამოფხიზლება და გადავწყვიტე, ლოგიკითა და ინტუიციით შემომეხაზა. მარიკო ლეჟავასაც იგივე დაემართა, ოღონდ‚ სამშაბათს, კონცერტის მეორე დღეს ჰქონდა გამოცდა და დაეძინა. იმედი მაქვს‚ ზღვარს მაინც გადავლახავ.