რისი ხორცით მზადდება სოსისები და ძეხვები და რა წესები უნდა დავიცვათ რძის პროდუქტის შეძენისას
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, მომხმარებელთა თხოვნითა და მითითებით, პერიოდულად იკვლევს საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხსა და შემადგენლობას. ამჯერად რძისა და ხორცპროდუქტების ავკარგიანობასა და იმაზეც, თუ როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული პროდუქციისგან, ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელთან ლია თოდუასთან ვისაუბრებთ.
– თქვენი კვლევებით, დადგინდა, რომ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი რძის პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის რძის პროდუქტი. რას ნიშნავს ეს?
– რძეს, ფაქტობრივად, არ ამოწმებს ჩვენი არც ერთი ლაბორატორია, არც ერთი მათგანი არ დაგვთანხმდა, შეგვემოწმებინა, არის თუ არა ნატურალური რძე.
– არ აქვთ საამისო ბაზა. თუ რა გახდა უარის მიზეზი?
– როდესაც მთავრობის დაკვეთაა, შემოწმება შესაძლებელი ხდება, მაგრამ ჩვენთვის ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ჩვენ, ძირითადად, რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიას ვამოწმებდით და სულ ერთხელ იყო დარღვეული ის „ეკოფუდის“ ხაჭოში. ნაყინს რძის პროდუქტად, რატომღაც, არ აღვიქვამთ, იმიტომ რომ ფხვნილებისგან მზადდება. გურჯაანის „ნაყინში“ წელსაც იყო დაბინძურება და შარშანაც, ხანდახან „თოლიაშიც“ იყო, „იოლის“ ნაყინსაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ „იოლმა“ შეწყვიტა ნაყინის გამოშვება.
– სხვა მწარმოებლების პროდუქტები უსაფრთხოა თუ რატომ ვერ მოხვდა თქვენი თვალთახედვის არეალში?
– ჩვენ ვამოწმებთ იმ პროდუქტს, რომლის შესახებაც მომხმარებელი გვაწვდის ინფორმაციას. თუ მომხმარებელი აღმოაჩენს გაფუჭებულ, ვადაგასულ პროდუქტს, რომელიც მას აწყენს, მიგვითითებს კონკრეტულ მაღაზიასა და პროდუქტს, ჩვენ ვაკეთებთ საკონტროლო შესყიდვას, მიგვაქვს ლაბორატორიაში და ვამოწმებთ. ამიტომ ყოველთვის კონკრეტულ პროდუქტზეა ლაპარაკი, რაზეც მიგვითითა მომხმარებელმა.
– ზუსტია ხოლმე ეს ინფორმაცია? ან შესაძლებელია, რომ ერთი სახეობის პროდუქტის ერთ პარტიაში ერთი იყოს დაბინძურებული და მეორე – არა?
– როდესაც ამბობენ, დაობებული იყო, შიგნით რაღაც ეგდო, ეს ერთეული დარღვევაა და ამის შესამოწმებლად აღარ მივდივართ, მაგრამ, როდესაც ლაპარაკია, რომ პროდუქტი გაფუჭებული ან ვადაგასული იყო, უსიამოვნო სუნი და გემო ჰქონდა, ან მაწყინა, ვამოწმებთ და შემთხვევების ერთი მესამედი ასეთივე პროდუქტი გვხვდება მაღაზიებში.
– რძის ნატურალურობას ვერ ამოწმებთ, რას ამოწმებთ რძის პროდუქტებში?
– ძირითადად, იზომებოდა ფალსიფიკაცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ რძის პროდუქტში რძის ცხოველური ცხიმის მაგივრად გამოყენებულია მცენარეული ცხიმი, ანუ მარგარინი. ამ ფალსიფიკაციის აღმოჩენა და ბრძოლა 2008 წლიდან დავიწყეთ. რასაც აგრესიულად შეხვდნენ მწარმოებლები და აგენტებს გვიწოდებდნენ.
– რატომ, ისინი ხომ თავად უმატებენ მცენარეულ და არა ცხოველურ ცხიმს?
– უფრო ადვილია, ჩვენ გვიწოდონ აგენტები, ვიდრე გამოასწორონ ტექნოლოგია. იმიტომ რომ, შეუძლებელია, 200 გრამი კარაქი 2 ლარად გაყიდო. ასევე, არაჟანი ღირდეს ისე იაფი, როგორც ღირს. „სოფლის ნობათსა“ და „სანტეს“ ორ ხაზი აქვთ: ერთია მცენარეულცხიმიანი და მეორე ბავშვებისთვის ცხოველურცხიმიანი, რაც მათ აწერია. „სანტინო“ შევამოწმეთ და, მართლაც, რძის ცხიმი ჰქონდა პროდუქტს, სამაგიეროდ, მეორე ხაზში საერთოდ არ იყო რძის ცხიმი. შეიძლებოდა ცილის გაზომვაც, მაგრამ ეს ჩვენთან ვერ ხერხდება.
– ვერ ზომავენ თუ არ ზომავენ?
– ეს თითქმის ერთი და იგივეა, არ ნერგავენ მეთოდს, იმიტომ რომ იციან, არავინ დაუკვეთავს.
– ანუ ჩვენ გვგონია, რომ მაწონს, არაჟანსა თუ კარაქს მივირთმევთ და სინამდვილეში არავინ იცის, რას მივირთმევთ, ისინი მხოლოდ იერ-სახით ჰგვანან რძის პროდუქტებს?
– ეს არ არის რძის პროდუქტი, რადგან ყველას აწერია, რომ დამზადებულია მცენარეული ცხიმისგან. პროდუქტი კი, რომელშიც მცენარეული ცხიმია, არ არის რძის პროდუქტი. უბრალოდ ჩვენთან ეს ნორმა არ არის დადგენილი, ამიტომ რძის პროდუქტი შეიძლება, დაარქვა ნებისმიერ რამეს: მაგალითად, პურს დაარქვა კარაქი, იმდენად მოუწესრიგებელია ეს საკითხი. შარშან გააუქმეს ის მინიმალური სტანდარტებიც კი, რომლებიც მოქმედებდა. შარშანდლამდე ის ვალდებულება მაინც იყო, რომ მეწარმის შიდა სტანდარტი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტის შესატყვისი ყოფილიყო. დღეს არ არსებობს მეწარმის შიდა სტანდარტი და არაფრით არ ვართ დაცულნი.
– ბავშვები მძიმე დღეში გვყოლია. როდესაც დაადგენთ, რომ პროდუქტი დაბინძურებულია, რა რეაქცია მოჰყვება ამას?
– მაღაზიას ვთხოვთ, იქნებ ამოიღონ ეს პროდუქტი, რადგან ვიცით, რომ მავნეა. მეორე მხრივ, მიკრობიოლოგიურ შემოწმებებს მინიმუმ ერთი კვირა სჭირდება, ამიტომ იმის ალბათობა, რომ მაღაზიაში იმავე პარტიის პროდუქტი იყიდებოდეს, დაბალია, თუ ეს არ არის შენახვის ხანგრძლივი ვადის მქონე პროდუქტი. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ყურადღებას აქცევენ ჩვენს ინფორმაციას. ამასთანავე, შემოწმების შედეგს ვაცნობებთ საწარმოსაც. პარალელურად, ეს ყველაფერი მიდის სურსათის უვნებლობის სააგენტოში. სააგენტოში იმიტომ, რომ სწორედ სააგენტოს რეაქციაზეა დამოკიდებული მაღაზიის რეაქცია. როდესაც სააგენტოს თავიდან რეაქცია არ ჰქონდა, ხშირად გვიწევდნენ იგნორირებას და გვადანაშაულებდნენ, რომ ვიღაცის ინტერესებს ვატარებდით. თუმცა იყო გამოსწორების შემთხვევებიც საწარმოების მხრიდან ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. რამდენიმე თვეში ხელახლა ვამოწმებდით ხოლმე იმავე პროდუქტს. ზოგი პროდუქტი, რამდენჯერმე შევამოწმეთ და მუდმივად დაბინძურებული იყო. მაგალითად, „ნიკორას“ პელმენი. ახლა უკვე მნიშვნელოვნად გამოსწორდა. მთავრობის შეცვლის შემდეგ სააგენტო ძალიან ოპერატიულად რეაგირებს, მანამდე არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ ჩვენს შეტყობინებებზე. როდესაც ლაბორატორიულ დასკვნას ვუგზავნით, სააგენტო ადვილად იღებს არაგეგმიური შემოწმების გადაწყვეტილებას.
– სააგენტომ თქვენი ინფორმაცია გადაამოწმა და ის მართალი აღმოჩნდა, შემდეგ რა ხდება?
– წესით, სააგენტომ უნდა დაავალდებულოს მეწარმე, რომ ამოიღოს მთელი პარტია, თვალი უნდა მიადევნოს, რადგან მხოლოდ ერთ მაღაზიაში ხომ არ იყიდება პროდუქცია?! თუ ისეთი ტიპის დაბინძურებაა, რომელიც საწარმოდან მომდინარეობს, მაშინ მთელი პარტია უნდა ამოიღონ ყველა იმ ადგილიდან, სადაც იყიდება. თუ ასაწონი სოსისებია დაბინძურებული, ეს უფრო მაღაზიის ბრალია.
– არასწორად შეინახა პროდუქტი?
– ან ვადა გაუვიდა, გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც გვირეკავდნენ და გვაცნობებდნენ, რომ მაღაზიაში რეცხავენ სოსისებსო. სააგენტოც შევიდა, ჩვენც რამდენჯერმე შევიძინეთ სოსისები და გამოსწორებული იყო ვითარება.
– არ ეშინიათ, ამან შეიძლება ადამიანი მოკლას, კაბა ხომ არ არის, თუ ერთი ზომით პატარას მომყიდა, ბოლოს და ბოლოს, ფული მექნება ჰაერისთვის გატანებული და მეტი არაფერი?
– ეს არც მე მესმის, თუმცა ამ ბოლო დროს ასეთი შემთხვევები აღარ შეგვხვედრია, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც საკმაოდ ხარისხიანი უცხოური ძეხვი მაღაზიამ დააფასოვა და ისე გაყიდა, ის კი გაფუჭებული აღმოჩნდა. კარგია, რომ სააგენტო ამ საქმეში აგვყვა, მომხმარებელს უშუალოდაც შეუძლია, მიმართოს მათ, სააგენტო მაინც მოახდენს რეაგირებას. შარშან მთავრობამ შეცვალა კანონი და იმისთვის, რომ რეაგირება ჰქონდეს სააგენტოს, მომხმარებელმა უნდა მიიტანოს მოწამვლის ცნობა, პროდუქტის შემოწმების ცნობა, ანუ შეუძლებელი პირობები მოითხოვეს. რაც მთავრობა შეიცვალა, სააგენტო მოწამვლის ცნობას აღარ ითხოვს, ჩვენი დასკვნის საფუძველზეც შედიან შესამოწმებლად. ჩვენ კი მომხმარებელს მხოლოდ კონკრეტული მაღაზიისა და კონკრეტული პროდუქტის დასახელებას ვთხოვთ. დინამიკა ასეთია: ერთ მესამედ შემთხვევაში მაშინვე ამოიღებენ გაყიდვიდან პროდუქტს, შემთხვევების ერთი მესამედი გამოსწორებული გვხვდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვითარება იგივე რჩება.
– ყველაზე ხშირად რა სახის და რა პროდუქტშია დაბინძურება?
– ყველაზე ხშირად დაბინძურებულია ხორცი. ხორცპროდუქტებში ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე კოლიბაქტერიებით დაბინძურებას. თვითონ კოლიბაქტერია, გააჩნია შტამს, შესაძლოა, არ იყოს მავნე, მაგრამ, თუ ეს ცხოველური ნაწლავის კოლიბაქტერიაა, არის საშიშროება, იყოს მავნე, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს უკვე არაჰიგიენური პროდუქტია. ეს არის, ფაქტობრივად, ფეკალური დაბინძურების ინდიკატორი. წყარო შეიძლება იყოს ტარაკანა, ვირთხა, ვიღაცამ ხელი არ დაიბანა, ბინძური წყალი. ხორცის შემთხვევაში ხშირია არასათანადო გამოშიგვნისა და გატყავებისას ხორცის დაბინძურება.
– რას იწვევს კოლიბაქტერიებით დაბინძურებული ხორცპროდუქტების მირთმევა?
– ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაავადდები, გააჩნია შტამს, კოლიბაქტერია მხოლოდ ფეკალიებიდანაა, სხვაგან ვერ ცხოვრობს. ჩვენს დაბინძურებულ ქვეყანაში ბევრ რამეს ვართ შეგუებულნი. ჩვენთან ასეთი წესია, პროდუქტში, ზოგადად, არ უნდა იყოს კოლიბაქტერიები, რადგან ზოგადად კოლიბაქტერიებს ზომავენ, მაგრამ თვითონ კოლიბაქტერია პირობითად პათოგენურად ითვლება, შეიძლება, გამოიწვიოს დაავადება ან – არა. იმისდა მიხედვით, იყო თუ არა ჯანმრთელი ცხოველი, იქ შეიძლება, იყოს პათოგენური ვირუსები, ჭიის კვერცხები და, შესაბამისად, გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, ვირუსული დაავადებები, დიზენტერია. თბილისს გარდა, განსაკუთრებით, სადაც ჭის წყალს იყენებენ, წყალი ყველგან დაბინძურებულია. მაგალითად, ყველის ამოყვანისას ვინ გამოიყენებს ანადუღარ წყალს?! ერთი სიტყვით, პრობლემა უამრავია და ერთმანეთს გადაჯაჭვული: ერთია, რომ არ გვაქვს ნაგავსაყრელები; არ გვაქვს საკანალიზაციო კოლექტორები და თუ გვაქვს, არ გვაქვს გამწმენდი ნაგებობები, ყველგან დაძვრებიან თაგვები, ჩიტები, ამ ბაქტერიებს ატრიალებენ და ამას ემატება უკვე პირადი ჰიგიენის პრობლემები. ერთხელ დაგვირეკა ერთ-ერთმა მცირე მეწარმემ, დაინტერესდა, საიდან შეიძლება, მოხვდეს კოლიბაქტერია პროდუქტში და, როდესაც ავუხსენით, პერსონალს ვეტყვი, ხელები დაიბანონო.
– წარმოუდგენელია!
– თან, ეს არ არის ერთეული პრობლემა და განსაკუთრებით ეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს. თუმცა მე არ ვიცი, საიდან უნდა მოხვდეს „ნიკორას“ ვაკუუმშეფუთვის პროდუქციაში კოლიბაქტერია. ისინი აბრალებენ, რომ მათთან უკვე დაბინძურებული პროდუქტი მიდის. ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომ მხოლოდ სასაკლაოებზე დაიკლას საქონელი, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ ზოოდაავადებებზე შემოწმდეს ხორცი, არამედ ჰიგიენური პირობებიც დავიცვაც. ვიღაც უნდა აკონტროლებდეს, რამდენად სწორად გატყავდა, გამოიშიგნა, სისხლისგან სწორად დაიცალა და ასე შემდეგ. თუ ეს პროცედურები სწორად ჩატარდა, შემდეგ უკვე დაბინძურების გამო პასუხი შეიძლება, მოსთხოვო მწარმოებელს.
– ვიცით, რა ხორცია, განსაკუთრებით, ნახევარფაბრიკატებში?
– ამთავითვე უნდა გითხრათ, რომ ცხენის, ვირისა და კამეჩის ხორცი იჭმევა, მთავარია, ვიცოდეთ, რის ხორცია. თუმცა მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძროხების აცრაც არ არის მოგვარებული, არათუ ვირებისა და ცხენების. მათ შეიძლება რაღაც ისეთი დაავადებები სჭირდეთ, რაც ადამიანისთვის საშიშია. ლაბორატორიას შეუძლია, დაადგინოს, რის ხორცია, მაგრამ რაოდენობებს ვერ ამბობენ. ანუ შესაძლოა, დადგინდეს, რომ ნახევარფაბრიკატში არის ღორისა და ცხენის ხორცი, მაგრამ უცნობია, რამდენია თითოეულის წილი. რაც შეეხება ძეხვსა და სოსისს, მათი შემცველობის დადგენა ჩვენთან ვერ ხერხდება, ამიტომ მათი გაგზავნა გვიწევს უცხოეთში, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. თან პროდუქტს გაყინულს აგზავნი და ერთ-ერთი ასეთი შემოწმება 4 000 დოლარამდე დაგვიჯდა.
– და რა აღმოჩნდა ჩვენს სოსისებში?
– იმ სოსისებსა და ძეხვებში, რაც გავგზავნეთ, 11-15 პროცენტამდე ხორცი აღმოჩნდა, ეს ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება.
– დანარჩენი რა არის?
– ბევრი წყალია, სახამებელი, ჟელატინი, ერთი-ორში სოია აღმოჩნდა, რაც ცალკე პრობლემაა. მაგალითად, „გუდვილის“ პელმენში აღმოჩნდა სოია. მომხმარებელმა მოგვწერა, რომ დაემართა შოკი, რადგან სოიაზე ჰქონდა ალერგია, პროდუქტს კი არ ეწერა, რომ სოიას შეიცავდა. დღემდე ირწმუნება „გუდვილი“, რომ იმ რაოდენობის სოიაზე ადამიანს ალერგია ვერ ექნებოდა და დღემდე არ აწერია პროდუქტს, რომ სოიას შეიცავს. საერთოდ, სოიას ფართოდ იყენებენ ნახევარფაბრიკატებში, ფარშებში, წამოსცდენიათ ხოლმე თვითონ მეწარმეებს, მაგრამ პროდუქტს არ აწერენ.
– ქათმის პროდუქტისგან რა საფრთხე გველის?
– უფრო სალმონელა, რომელიც კვერცხშიც არის და ქათამშიც, ოღონდ თერმული დამუშავებისას კვდება.
– მე ჩემთვის გავაკეთე დასკვნა, რომ ასეთ ჭამას შიმშილი ჯობია, მაგრამ რას გვირჩევთ, როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული პროდუქტისგან?
– უპირველესად, როდესაც პროდუქტს ვყიდულობთ, უნდა წავიკითხოთ, რა წერია ეტიკეტზე, თუ რძის პროდუქტია და აწერია მცენარეული ცხიმი, ნუ იყიდით, იმიტომ რომ ეს რძის პროდუქტი არ არის. ამას გარდა, შეხედეთ ვადას, თუ ვადა არ აწერია, ჰკითხეთ გამყიდველს, რადგან ამ შემთხვევაში ეს უკვე მისი პასუხისმგებლობა იქნება, თუ არასწორ ინფორმაციას მოგაწოდებთ. ნუ შეიძენთ პროდუქტს ისეთ მაღაზიაში, სადაც ითიშება მაცივრები, იმიტომ რომ იქ ყველაფერი გაფუჭებულია, რადგან ტემპერატურა უწყვეტად უნდა იყოს შენარჩუნებული, სხვანაირად ვადას აზრი არ აქვს.