ულიმიტო კუჭები
რათა ერთი? მაშ, რამდენი?!
ამ ჩვენი კანონების ძალით, თუკი პოლიტიკურ პარტიას გაუმართლებს და ერთხელ მაინც სადმე ორგანოში (ადგილობრივი თვითმმართველობის იქნება თუ უმაღლესი საკანონმდებლო) მოხვდება, ცხოვრების ბოლომდე (სულაც რომ ერთკაციანი იყოს და არც ასეთთა ნაკლებობას ვუჩივით) პარტიული დაფინანსება განაღდებული აქვს.
მაგრამ, როგორც ჩანს, მადა პოლიტიკურ ჭამაში ზომაზე წრეგადასულად გაღვივდა და, მაგალითად, ქდმ-ის ლიდერმა ბ-ნმა თარგამაძემ გასულ კვირას ახალი (მე ვიტყოდი – გასაძღომი) ინიციატივა გაგვიმხილა. კერძოდ, შემოგვთავაზა, რომ, იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც 4-პროცენტიან ზღვარს გადალახავენ, მილიონ-მილიონი ლარი ჩამოვურიგოთ – წინასაარჩევნო ხარჯის დასაფარავად (ანუ, თავსაც ჩვენს ხარჯზე მოგვაწონებენ?!).
როგორც ინიციატივის ავტორი განმარტავს, ეს ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. თუმცა, უნდა შევნიშნოთ, რომ ეს კონკრეტული ინიციატივა მთლად ცინცხალიც არ არის, რადგან, მოქმედი კოდექსით, იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ბარიერს გადალახავს, მილიონ ლარამდე წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯი ისედაც უნაზღაურდება, რა თქმა უნდა, პარტიული დაფინანსების პარალელურად (ბუნებრივია, ჩვენი ჯიბეებიდან).
ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებენ თუ არა მმართველები ოპონენტის ინიციატივას, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მოქმედი პოლიტიკოსების მაღალ-მაღალი ხელფასებიც ჩვენს კისერზეა, ბარიერგადალახული პარტიების პარტიული დაფინანსებაც და მათი წინასაარჩევნო ხარჯიც, ვითომ, რომ იქ, ზემოთ, ულიმიტო კუჭები აქვთ?!