ოთხთა შორის ფავორიტი
ანუ, „შენ რომ გიყვარდა …“
„გურული ქვრივი ქალი საყვარელთან წევს. ახედავს ქმრის გადიდებულ სურათს და შესტირებს: შენ რომ გიყვარდა, თორემ, ახლა მე ამის გული მაქვსო?!“
თუ თვით IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს ვერწმუნებით, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს არათუ გამარჯვების შანსი არ აქვს, მისთვის საპატიო მეორე ადგილიც კი სადავოა, , ოღონდ, ნახელისუფლარი ვერაგ წუთისოფელს არ ეპუება და თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენას შიდა პრაიმერით ცდილობს.
თუმცა, რაღა ცდილობს, უკვე ეცადა და ჯერჯერობით ოთხთა შორის (ბაქრაძე, ჯაფარიძე, მალაშხია, ბარამიძე) ფავორიტი დავით ბაქრაძეა (ეს უკანასკნელი, მიუხედავად საპრეზიდენტო მარათონში ნაჩვენები შედეგისა, ისტორიას „ჩანგლების მბრძანებლად“ უდავოდ შემორჩება).
ხოლო, რაკი არის, ბუნებრივია, პროცესების საკუთარ ხედვასაც გვამცნობს. სახელდობრ, ბრძანებს, რომ გვერდზე დგომის მორალური უფლება არ აქვს და, ამიტომაც, მზადაა, წინა წლების შეცდომების ტვირთი ატაროს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბ-ნი ბაქრაძე არ არის პირველი ნახელისუფლარი, რომელიც შეცდომების ტვირთის საკუთარი მხრებით ტარებას გვპირდება, კვლავაც უცნობია, სახელდობრ რით გამოიხატება დატვირთვა – ვითომ, პრეზიდენტად გახდომის სურვილით?!
ასეა თუ ისე, ბ-ნი ბაქრაძე გვპირდება, რომ პრეზიდენტობა სწორედ ჩვენი ბედნიერებისთვის სწადია (თორემ, აბა, ტკბილი ცხოვრება ვის დაჰკარგვია?!), ვინაიდან, ჯერ ერთი, დაინტერესებულია, დამნაშავეები დაისაჯონ (აი, იმ სიმხეცეებისთვის, რომელთა ჩამონათვალს ბოლო აღარ უჩანს) და, რაც მთავარია, სურს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.
ერთი სიტყვით, თქვენ რომ გინდათ, თორემ მე ახლა ამის გული მაქვსო?!