დევიდ დათუნას მოსკოვური გამოფენა მსოფლიო პრესის ფურცლებზე მოხვდა
მას შემდეგ, რაც ჟურნალ „თბილისელებში” ექსკლუზიურად დაიწერა ოქტომბერში მოსკოვში, წითელ მოედანზე დაგეგმილ არტ-პროვოკაციაზე, რომლის ორგანიზატორი საქართველოში დაბადებული ამერიკელი მხატვარ-კონცეპტუალისტი დევიდ დათუნაა, გავლენიანი ამერიკული და რუსული ჟურნალ-გაზეთები დაინტერესდნენ ამ თემით და, ბოლო დღეებია, აქტიურად განიხილავენ მას. „კომსომოლსკაია პრავდა”, „ჰარპერს ბაზარი”, „იზვესტია”, ცნობილი საინფორმაციო ინტერნეტ ვებ-გვერდები ამერიკიდან და რუსეთიდან დევიდ დათუნას შესახებ აქვეყნებენ სტატიებს და მათი მთავარი გზავნილია, რომ შემოდგომაზე ქართველი ხელოვანი „პუტინისთვის თვალებში ჩახედვას“ აპირებს. შეგახსენებთ, რომ გამოფენის სახელწოდებაა „თვალი თვალში” და ამ არტ-პროექტით დევიდ დათუნა გეგმავს ერთმანეთს „ჩაახედოს თვალებში” ნიკოლოზისა და პუტინის დროინდელი რუსეთი. რუსი და ამერიკელი ჟურნალისტების თქმით, ამდენი ქართველ მხატვარზე არ დაწერილა მას შემდეგ, რაც მოსკოვში ან ნიუ-იორკში გამოჩენილი ქართველი ფერმწერების – ფიროსმანის, გაბაშვილისა და გუდიაშვილის გამოფენები ჩატარდა და ამიტომ ყველა მოუთმენლად ელის ოქტომბრის დადგომას, როცა წითელ მოედანზე დევიდ დათუნა ახალი არტ-პროექტით კიდევ ერთხელ გააოცებს მსოფლიოს.